ზაალ ანჯაფარიძე - ხაზარაძის განცხადება საქართველოში ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ხელისუფლების ბოსტანში ნასროლი ქვაა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „თი-ბი-სი“ სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ იმყოფება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ „თი-ბი-სი“-ს მიმართ ეროვნული ბანკის ქმედებას საკმაო საფუძველი ჰქონდა. თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები ჯერ არც არავის წარმოუდგენია.

ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის მშენებლობას და „თი-ბი-სი"-ში დაწყებულ პროცესს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა გამოითქმის მოსაზრება, რომ ივანიშვილს სურს ხაზარაძე-ჯაფარიძეს ან ბანკი დაათმობინოს, ან ანაკლიის მშენებლობის უფლება.

თქვენი დაკვირვებით, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული „თი-ბი-სი"-სთან დაკავშირებით დაწყებული ამბავი?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევის შესახებ ამდენი იწერება და ითქმის, დღემდე არ შეიძლება დაზუსტებით ითქვას თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ არ გვაქვს რეალური ინფორმაცია და მხარეები, როგორც ჩანს, სათქმელს ბოლომდე არ ამბობენ. ამიტომაც არ ვაპირებ არსებულ უამრავ და მეტწილად დაუსაბუთებელ ვარაუდებს, კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ვარაუდი შევმატო.

თუკი გაჩნდა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომ „თი-ბი-სი“-სთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებები მამუკა ხაზარაძის დამსჯელი ოპერაციაა, მაშინ „ოცნება“ არა მარტო საკუთარ თავს მიაყენებს გამოუსწორებელ პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანს, არამედ სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს და პოლიტიკურ იმიჯს

ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, თუკი გაჩნდა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომ „თი-ბი-სი“-სთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებები არის მამუკა ხაზარაძის დამსჯელი ოპერაცია ხელისუფლების მხრიდან, მაშინ „ქართული ოცნება“ არა მარტო საკუთარ თავს მიაყენებს გამოუსწორებელ პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, არამედ სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს და პოლიტიკურ იმიჯს.

იგივე შეიძლება ითქვას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. რა მიზეზითაც არ უნდა შეფერხდეს მისი მშენებლობა, პასუხისმგებლობა და თანაც საკმაოდ მძიმე, მაინც ხელისუფლებას დაეკისრება, აქედან გამომდინარე შედეგებით.

ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, თუ პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება ამ საქმის განხილვაში, მოუსმენს ყველა მხარეს და ამით აჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მოქმედებს. ამ საქმის გამო უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ სწრაფი ქმედებებია საჭირო. ქვეყნის იმიჯი დევს ფსონზე.

- ვიდრე ჩვენ ვსაუბრობდით, ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ოფიციალურად გადადგა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, თუმცა აპირებს სამართლებრივი გზით საკუთარი უფლებების დაცვას, ასევე პარლამენტში მისვლას. თქვენი აზრით, რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება?

- ვფიქრობ, ხაზარაძემ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ცივილური გზით არჩია ბრძოლის გაგრძელება. ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობის თუნდაც ეჭვის პირობებშიც კი, ის ვერ შეძლებდა ამხელა ფინანსური ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობის შესრულებას ბანკისათვის რისკების და ზიანის გარეშე.

ხაზარაძემ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ცივილური გზით არჩია ბრძოლის გაგრძელება... არ გამოვრიცხავ, რომ ხაზარაძემ ეს გადაწყვეტილება ბანკის აქციონერებთან და ინვესტორებთან შეთანხმებით მიიღო

არ გამოვრიცხავ, რომ მან ეს გადაწყვეტილება ბანკის აქციონერებთან და ინვესტორებთან შეთანხმებით მიიღო. როგორც მე მივხვდი, ის აპირებს ბრძოლის გაგრძელებას როგორც სამართლებრივ, ასევე საზოგადოებრივ ველზე და პარლამენტში მისი ვიზიტი ალბათ ნათელს მოჰფენს გარკვეულ საკითხებს.

- რას შეიძლება ნიშნავდეს ხაზარაძის განცხადება, რომ იგი მიხვდა „საქართველოში ბიზნესის ზრდას ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული“?

- ხაზარაძის განცხადება საქართველოში ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბოსტანში ნასროლი ქვაა და ამავე დროს ძალიან ცუდი სიგნალია არსებული თუ პოტენციური ინვესტორებისათვის.

ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგანაც უფრო დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ.

- ამ თემაზე საუბრისას პარლამენტის ექსსპიკერმა დავით უსუფაშვილმა სწორად შენიშნა - “თიბისის“ საქმეთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს როგორც ხაზარაძემ, ასევე ვანო ჩხარტიშვილმა, კობა გვენეტაძემ და შალვა თადუმაძემ“. ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ბანკისათვის იბრძოლებს, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ იგი ბრძოლით კი იბრძოლებს, მაგრამ ბარიკადებზე არ დადგება. იმის გათვალისწინებით, რომ ხაზარაძემ მიიღო „ევროპელი დემოკრატების“ წინადადება ამ თემებზე პარლამენტში ესაუბრა, როგორც ჩანს, ხაზარაძეს პოლიტიკურ მოედანზე გამოჩენა მაინც მოუწევს.

თქვენი დაკვირვებით, უნდა ველოდოთ თუ არა „თიბისის“ თემაზე კითხვებზე პასუხის გაცემას ვანო ჩხარტიშვილისაგან, კობა გვენეტაძისაგან და შალვა თადუმაძისგან?

- ამ შემთხვევაში, ჩემი და ბატონი უსუფაშვილის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეხება კითხვებზე პასუხს, შალვა თადუმაძე სავარაუდოდ იტყვის, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ ყველაფერს ვერ იტყვის, კობა გვენეტაძეც ალბათ შეეცდება ზოგადი პასუხით შემოიფარგლოს იმ მოტივით, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ჩემი ვარაუდით, მმართველი გუნდი თვლის, რომ თუ მოსამართლეთა დაჯგუფებას, რომელსაც რეალურად აქვს გავლენა მოსამართლეთა კორპუსში, ასე ვთქვათ „შემოირიგებენ,“ სასამართლო კორპუსთან „ქართულ ოცნებას“ ნაკლები პრობლემები ექნება

ჩხარტიშვილმა შეიძლება განაცხადოს, რომ ის არაფერ შუაშია. თუმცა, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მისი გაწელვა და ყურადღების სხვა პრობლემებზე გადატანა ძნელად თუ გამოვა. მე მაინტერსებს, რატომ სდუმან აქამდე „თიბისი“ ბანკის უცხოელი აქციონერები. შესაძლოა ისინი ჯერ აკვირდებიან სიტუაციას და მეტ ინფორმაციას ელოდებიან.

- მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით გასული წლის ბოლოს მმართველ გუნდში დაწყებული აზრთა სხვადასხვაობა თვენახევარია გრძელდება. ბესელია და „ოცნების“ მცირე ჯგუფი კვლავ კატეგორიულად, მაგრამ უშედეგოდ მოითხოვს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას.

ისეთი პირი უჩანს, მოსამართლეების თემა იმით დასრულდება, რომ მმართველი გუნდი თავისას გაიტანს და ამაში შეიძლება ვენეციის კომისიაც დაიხმაროს.

რადგან ასეა, ახლა უფრო საინტერესო ისაა, შედეგის თვალსაზრით რას მიიღებს და როგორ აისახება მართლმსაჯულების სისტემაზე აშკარად ნდობადაკარგული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა?

- აქ მთავარი ის კი არ არის, მმართველი გუნდი მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით თავისას გაიტანს თუ არა, არამედ ის თუ საბოლოოდ რა ხარისხის მართლმსაჯულების სისტემას და სასამართლოს მივიღებთ და ექნება თუ არა მას ნდობა ხალხისგან.

„თი-ბი-სის“ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მისი გაწელვა და ყურადღების სხვა პრობლემებზე გადატანა ძნელად თუ გამოვა. მე მაინტერსებს რატომ სდუმან აქამდე „თი-ბი-სი“ ბანკის უცხოელი აქციონერები

ამ საკითხზე კი წინააღმდეგობრივი მონაცემებია. არასამთავრობო ორგანიზაციების და პარლამენტარების ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობის კუთხით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.

მეორე მხრივ, მოსახლეობის მიერ სასამართლო სისტემის აღქმაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის (IPSOS) პროფესიონალური კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, მათ შორის ისინიც, ვისაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს დადებითად აფასებს.

რაც შეეხება ზოგადად თემის პრიორიტეტულობას, ჩვენი საზოგადოებისათვის, NDI-ს გამოკითხვებით, 2017-2018 წლებში სასამართლო სისტემას უმნიშვნელოვანესი ეროვნულ საკითხების ჩამონათვალში მოქალაქეების მხოლოდ 2-3% მიუთითებდა. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს IPSOS კვლევას.

ეს მონაცემები იმიტომ მომყავს, რომ როგორც ანალიტიკოსი ექსპერტული კვლევის მონაცემებს უფრო ვენდობი, ვიდრე მედიით გაკეთებულ მჭახე განცხადებებს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ამ საკითხს სიფრთხილით და გონივრულად უნდა მოვეკიდოთ და არა ემოციებით.

როდესაც ვიყენებთ ტერმინს „ნდობადაკარგული მოსამართლეები,“ იმ პირების მიმართ, რომლებიც შეადგენენ დღეს სასამართლო სისტემის ადამიანურ რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს, საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ დამაჯერებელი კრიტერიუმები, რომლითაც ერთმანეთისგან ვარჩევთ სანდოებსა და ნდობადაკარგულებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ის უსიამოვნოდ გაოცდება როცა გაიგებს, რომ ახალი კონსტიტუციის, რომლის შექმნაშიც ის აქტიურად იყო ჩართული, ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ მასში უკვე ცვლილებების შეტანის საკითხი დგება

ამაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს და საერთო გადაწყვეტილებაზე შეჯერდეს. არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთმა ვიწრო ჯგუფმა განსაზღვროს საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ რომელი მოსამართლეა სანდო და რომელი არა.

ის, რომ მოსამართლეებს საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეთ, ეს აქსიომაა და მართლმსაჯულების სისტემის რეალური და არა კოსმეტიკური რეფორმირების მეშვეობით ვფიქრობთ მივალთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ტერმინი „ნდობადაკარგული მოსამართლეები“ აღარ იარსებებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ის უსიამოვნოდ გაოცდება როცა გაიგებს, რომ ახალი კონსტიტუციის, რომლის შექმნაშიც ის აქტიურად იყო ჩართული, ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ, მასში უკვე ცვლილებების შეტანის საკითხი დგება.

- იმ ქვეყნებში, სადაც მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან ან ირჩევიან, მათ შეუბღალავი ავტორიტეტი და უსერიოზულეს საქმეებზე გამოტანილი განაჩენები აქვთ გამოტანილი, რომ მათ პროფესიონალიზმში და წესიერებაში საზოგადოებას ეჭვი არ შეაქვს.

ჩვენთან უვადოდ დანიშნულ რომელიმე მოსამართლეს, მათ შორის მოსამართლეთა ლიდერად გამოცხადებულ და არა აღიარებულ მურუსიძეს, იგივე ჩინჩალაძე-გვრიტიშვილ-მეთოფიშვილს, ასეთი ავტორიტეტი რომ არ აქვთ, ფაქტია. როცა მართლმსაჯულების სისტემაში აშკარად ასეთი ვითარებაა, რაზე კამათობენ და მსჯელობენ, ამ თემაზე აბსოლუტურად გაუგებარია.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამ დაარწმუნა ივანიშვილი და მმართველი გუნდი რომ მოსამართლეთა ჯგუფი, რომელთა მიმართ გახმაურებულ საქმეებზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს, „გამოსწორდნენ“?

- არა მგონია, რომ მრავლის მნახველი ივანიშვილი ან თუნდაც მმართველი გუნდის ხელმძღვანელები დარწმუნდნენ მოსამართლეთა ამ ჯგუფის „გამოსწორებაში.“

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში მდგომარეობა იდეალური არ არის და გამოსასწორებელია. საკითხი დგას ასე, ეს მოხდება რევოლუციური მეთოდებით, თუ ევოლუციურად

ჩემი ვარაუდით, ისინი თვლიან, რომ თუ მოსამართლეთა ამ დაჯგუფებას, რომელსაც რეალურად აქვს გავლენა მოსამართლეთა კორპუსში, ასე ვთქვათ „შემოირიგებენ,“ სასამართლო კორპუსთან „ქართულ ოცნებას“ ნაკლები პრობლემები ექნება.

მეორე მხრივ, როგორც თავად ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, მმართველ გუნდს ჰქონდა იმედი, რომ აღნიშნული მოსამართლეები არ ჩაიდენენ ისეთ რამეებს, რაც საზოგადოებაში მძაფრ პროტესტს გამოიწვევდა.

- ძნელი დასაჯერებელია ხელისუფლებას არ ესმოდეს, რომ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეების მხარდაჭერა “ქართული ოცნებისთვის“ წამგებიანია. მოსამართლეების თემა რომ მმართველ გუნდში სერიოზული განხეთქილების საბაბი თუ მიზეზი გახდა, ფაქტია.

თქვენი დაკვირვებით. როგორ აისახება მოსამართლეების დანიშვნის საკითხის ისე გადაწყვეტა, როგორც უმრავლესობას აქვს ნავარაუდევი, ერთი მხრივ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, ხოლო მეორე მხრივ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე?

- შიდაპოლიტიკურ პროცესებზე დიდწილად გავლენას საზოგადოებრივი განწყობა ახდენს. სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების განწყობებზე უკვე მოგახსენეთ, თუმცა ეხლა ვხედავთ საზოგადოებრივი განწყობების საპროტესტო კალაპოტში წარმართვის ინტენსიურ მცდელობებს და ეს პროცესი, ვფიქრობ, გაგრძელდება ვიდრე მისი ინიციატორები სასურველ შედეგს არ მიიღებენ ან ჩაცხრება, თუკი დარწმუნდნენ, რომ ამ ეტაპზე დიდ პროტესტს ამ თემის გამო ვერ ააგორებენ.

უცხოეთში ცხოვრებას თუკი რამე უნდა ესწავლებინა ჩვენი ემიგრანტებისათვის, ეს არის ყაირათიანობა და პრაგმატიზმი. შესაბამისად, მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ სერიოზულ მოტივატორებს, რომლებმაც ემიგრანტებს შეიძლება უბიძგოს აქტიურად ჩაებან სააკაშვილის ამ მორიგ ავანტიურაში

მეორე მხრივ, თუ მოსამართლეთა დანიშვნის მეთოდი და პროცედურები საზოგადოებაში შექმნის განცდას, რომ მოსამართლეებად შესაძლოა გამწესდნენ არცთუ მაღალი რეპუტაციის და არცთუ სუფთა ბიოგრაფიის ხალხი, ბუნებრივია, ეს მმართველ გუნდის რეიტინგზე უარყოფითად აისახება.

თუმცა, მე არ მგონია, რომ ამის გამო რაღაც მასობრივ საპროტესტო აქციებს და სახალხო გამოსვლებს უნდა ველოდოთ, თუნდაც იმის გამო, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის პრიორიტეტთა რანგში სხვა თემები დომინირებს.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში მდგომარეობა იდეალური არ არის და გამოსასწორებელია. საკითხი დგას ასე, ეს მოხდება რევოლუციური მეთოდებით, თუ ევოლუციურად. „ქართულ ოცნებას“ კი მისი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოქმდების რევოლუციური სტილი არ ახასიათებს.

- მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მეშვიდე წელია რაც არაა, იგი კვლავაც აქტუალურ ფიგურად რჩება. თუ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებულ ხმებში მისი ლომის წილი არაა, ეს რეალურადა შემფასებლის პრობლემა.

ახლა ვხედავთ, რომ სააკაშვილი ემიგრანტებთან აქტიურად მუშაობს და არ მალავს, რომ ამის მიზანი 2020 წლის არჩევნებში მათი აქტიური მონაწილეობაა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გავლენას მოახდენს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ემიგრაციის ჩართვა?

- ქართული დიასპორა თუ ემიგრაცია, რომელიც ძირითადად აშშ-ში და ევროპაშია განსახლებული, დიდი პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩევა. ოფიციალური მონაცემებით, მათი მცირე ნაწილი მონაწილეობს არჩევნებში.

დაველოდოთ რამდენ ხელმოწერას შეაგროვებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რომელიც არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს

უცხოეთში ცხოვრებას თუკი რამე უნდა ესწავლებინა ჩვენი ემიგრანტებისათვის, ეს არის ყაირათიანობა და პრაგმატიზმი. შესაბამისად, მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ სერიოზულ მოტივატორებს, რომლებმაც ემიგრანტებს შეიძლება უბიძგოს აქტიურად ჩაებან სააკაშვილის ამ მორიგ ავანტიურაში მათთვის სრულიად ბუნდოვანი და მე ვიტყოდი სახიფათო პერსპექტივით, და ეს ნაწილობრივ დაადასტურა ლიეჟის შეხვედრამაც.

რატომ უნდა სურდეთ ემიგრანტებს სააკაშვილთან ერთად საქართველოში დესტრუქციულ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მონაწილეობა და საკუთარი მეტნაკლებად აწყობილი ყოფა-ცხოვრების დანგრევა?!. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის რეჟიმს გაექცა.

თავის მხრივ, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ემიგრაციის ავტორიტეტული და კვალიფიციური წარმომადგენლები მოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში კონსტრუქციული დღის წესრიგით, მათ შორის საპარლამენტო სიაში ადგილების შეთავაზებით 2020 წლის არჩევნებზე.

- საპარლამენტო და პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიცია მმართველი გუნდისაგან მოითხოვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას.

პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაზე მუშაობისას მათ ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება კი შესთავაზეს, მაგრამ, მათ ამაზე უარი თქვეს. მისივე თქმით, ახლა კი ეს თემა დახურულია.

იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციამ პარლამენტს 1 მილიონი მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, მმართველი გუნდი ამ თემას მაინც „დახურულად“ ჩათვლის?

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით იქნა მიღებული ჩანაწერი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. როდესაც ამას ეთანხმებოდა პარლამენტი, მაშინ არ იცოდნენ თუ რა შემადგენლობის მოსამართლეთა კორპუსი და იუსტიციის საბჭო ჰყავდათ?

- მოდით, ჯერ დაველოდოთ თუ რამდენ ხელმოწერას შეაგროვებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რადგანაც ამაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული შეცვლის თუ არა მმართველი პარტია მის პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით.

- მოსამართლეთა თემაზე მსჯელობისას მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტი ბესელიასა და მისი თანამოაზრეების წინადადების წინააღმდეგ იყო მათი „არაკონსტიტუციურობა.“

საუბარია იმ კონსტიტუციაზე, რომლის მიღება კონსენსუსით სულაც არ მომხდარა. ის, რომ ეს კონსტიტუცია აშკარად ნაჩქარევად იქნა მიღებული, ამას წინათ უშიშროების საბჭოზე მსჯელობამ და იგივე მოსამართლეთა საკითხმა დაგვანახა.

თუ სპიკერ ირაკლი კობახიძის განცხადებას გავიხსენებთ, რომ ოპოზიციამ კონსტიტუციაზე მუშაობისას თითქოს თავად თქვა უარი პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ოპოზიცია ამას არ ადასტურებს.

რადგან ასეა, შეიძლება ასეც იყოს - მმართველ გუნდს სჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობით კონსტიტუციის მიღება, რისთვისაც მას მაჟორიტარების მხარდაჭერა უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ოპოზიციის. მაჟორიტარებმა კონსტიტუციის მხარდაჭერის სანაცვლოდ კონსტიტუციაში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების პირობა მიიღეს. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- კონსტიტუციამ, როგორც ქვეყნის ძირითადმა კანონმა, გამოცდა რეალურ ცხოვრებასთან შეხების შედეგად უნდა გაიაროს და ასე დაადატუროს მისი ქმედითობა.

კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ კი უკვე მეორეჯერ ვერ ჩააბარა ეს გამოცდა, რაც ძალიან სამწუხაროა და ამაზე პასუხისმგებლობის აღება უნდა მოხდეს ყველას მიერ ვინც ამ კონსტიტუციაზე მუშაობდა და შემდეგ ხმა მისცა. მათ შორის იყვნენ ის „დისიდენტი“ დეპუტატებიც, რომლებსაც მაშინ კრიტიკული სიტყვაც არ დასცდენიათ.

ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა არ უნდა იყოს საპარლამენტო კენჭისყრით გადასაწყვეტი საკითხი

რაც შეეხება „არაკონსტიტუციორობას,“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით იქნა მიღებული ჩანაწერი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. როდესაც ამას ეთანხმებოდა პარლამენტი, მაშინ არ იცოდნენ თუ რა შემადგენლობის მოსამართლეთა კორპუსი და იუსტიციის საბჭო ჰყავდათ?

ვენეციის კომისიამ, რომელმაც შესაძლოა ბოლომდე არ იცოდა ჩვენს სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობა, ევროპული სტანდარტი შემოგვთავაზა. კომისიამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გამოსაცდელი ვადების განსაზღვრამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსამართლეების დამოუკიდებლობას, ვინაიდან ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ წნეხის ქვეშ და ამ გზით მიიღონ გადაწყვეტილებები.

თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე გადაიდება, მაშინ როგორ ავხსნით ამას ვენეციის კომისიის წინაშე და პირობებში მოუწევთ ფუნქციონირება მოსამართლეებს, ისევ გარკვეული ვადით?

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა არ უნდა იყოს საპარლამენტო კენჭისყრით გადასაწყვეტი საკითხი, ვინაიდან არსებობს საფრთხე პოლიტიკურმა მოსაზრებებმა გადაწონოს კანდიდატის ობიექტურად ღირებული მხარეები.

არ გამოვრიცხავ, რომ „მაჟორიტარებთან“ გარიგებას ჰქონდა ადგილი, რადგანაც მათი უმრავლესობა ე.წ. „რეგიონულ ელიტებს“ წარმოადგენს, რომელთა მხარდაჭერა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ძალიან სჭირდება როგორც არჩევნების დროს, ისე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში

ისმის კითხვა, რატომ არ გაიზიარა პარლამენტმა ეს რეკომენდაცია? სხვათა შორის, ვენეციის კომისია რეკომენდაციებში იმასაც წერდა, რომ იუსტიციის საბჭოსადმი კრიტიკულმა დამოკიდებულებამ, ინსტიტუციურად არ უნდა შეუშალოს ხელი მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის ფუნქციის განხორციელებაშიო. იუსტიციის საბჭომ კი როგორც ვხედავთ ეს სათავისოდ გამოიყენა.

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, არ გამოვრიცხავ, რომ „მაჟორიტარებთან“ გარიგებას ჰქონდა ადგილი, რადგანაც მათი უმრავლესობა ე.წ. „რეგიონულ ელიტებს“ წარმოადგენს, რომელთა მხარდაჭერა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ძალიან სჭირდება როგორც არჩევნების დროს, ისე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ჩვენ ეს ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას.

ამავე დროს, ოპოზიციის და საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე მიღებული კონსტიტუცია, რომელზედაც მუდმივად აპელირებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამომავლოდ შესაძლოა სერიოზული პოლიტიკური პრობლემების წყარო გახდეს.

- კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წევრის ირაკლი მელაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ქვეყანაში „სუროგატული თვითმმართველობის“ დამკვიდრებას ცდილობს. 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ ბევრს კი საუბრობს ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ ხდება

თქვენი აზრით, რატომ არ აძლევს ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილობრივი ქონების, ბუნებრივი რესურსების განკარგვის უფლებას?

- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია უკვე დამკვიდრებული ტრადიცია და ინერცია, რომ ცენტრმა ყველაფერი უნდა აკონტროლოს და თვითმმართველობების ნებაზე მიშვება სარისკო და სახიფათოა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

იქაური მოსახლეობა არ არის ბოლომდე ინტეგრირებული სახელმწიფოში და ტრადიციულად არსებობს შიში, რომ დამატებითი უფლებების მინიჭებით იქ ცენტრიდანულმა და სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა ისარგებლონ.

მეორე შესაძლო მიზეზია, არსებული ფინანსური სქემების შენარჩუნების სურვილი, როდესაც ცენტრისა და რეგიონული ელიტების გარიგების საფუძველზე ფული კეთდება. რეგიონული ელიტების კეთილგანწყობა და მხარდაჭერა კი არჩევნებზეა საჭირო და რეგიონებში სიტუაციის გასაკონტროლებლად.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია უკვე დამკვიდრებული ტრადიცია და ინერცია, რომ ცენტრმა ყველაფერი უნდა აკონტროლოს და თვითმმართველობების ნებაზე მიშვება სარისკო და სახიფათოა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში

გარდა ამისა, მუნიციპალურ დონეზე კვალიფიციური კადრების შიმშილია, ისინი არსებულ ფუნქციებს ვერ ასრულებენ ჯეროვნად, რის გამოც ცენტრალურ ხელისუფლებას ექმნება პრობლემები რეგიონის მოსახლეობასთან, რაც არაერთხელ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

აქედან გამომდინარე, ცენტრში შესაძლოა თვლიდნენ, რომ თვითმმართველობები უბრალოდ ვერ შეძლებენ დამატებითი ფუნქციების ეფექტურ მენეჯმენტს.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის გრძელვადიან ხედვაში 2025 წლისთვის, გათვალისწინებულია თვითმმართველობის ექსკლუზიური, დელეგირებული და გაზიარებული უფლებამოსილებების გაზრდა და გარკვეული დოზით ფისკალური დეცენტრალიზაცია, ანუ მათთვის დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემა.

რამდენადაც ვიცი, 2019 წლიდან მუნციპალიტეტების დაფინანსების ახალი სქემა ამოქმედდა, რომელმაც უკვე დაიმსახურა თვითმმართველობის ექსპერტების კრიტიკა. დეცენტრალიზაციის, მათ შორის პოლიტიკურის, სრულყოფილად განხორციელებას, საზოგადოების კონსენსუსზე დაფუძნებული მტკიცე პოლიტიკური ნება სჭირდება. აქამდე არც ერთი გვქონდა და არც მეორე.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი