ირაკლი კობახიძე - კანონპროექტის ტექსტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან

ირაკლი კობახიძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება, პროცესი ერთ წამში იქნება მოგებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის ტექსტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან. მისივე თქმით, კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 98 წლის შემდეგ პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც კონსტიტუციის ტექსტს ეწინააღმდეგება.

“კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც შეგახსენებთ, არის ადამიანის ძირითადი უფლება, აქ საუბარია არამხოლოდ გარდამავალ დებულებებზე, არამედ საუბარია ადამიანის ძირითად უფლებებზე, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაზე. წარმოიდგინეთ, ამ ჩანაწერით გვაქვს ასეთი მოცემულობა - არის ადამიანი პირობითად დანიშნული ორი წლის წინ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით და ეს ვადა გასდის მომავალ წელს. ამ ჩანაწერის მიხედვით შეუძლებელია მისი დანიშვნა 2025 წლამდე. ანუ, ადამიანმა შეიცვალა პროფესიული საქმიანობის მიმართულება, იყო დავუშვათ აკადემიურ სფეროში დასაქმებული, გადმოვიდა სასამართლოში, ამისთვის ჩააბარა გამოცდა, დატოვა ძველი სამსახური, ყველაფერი და ამ ადამიანს ეუბნები: მომავალ წელს შენ არამარტო დაგიმთავრდება სამოსამართლეო ვადა, არამედ ამ ვადის გაგრძელებაც არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, რომ წაიღებს ამას საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთ წამში მოიგებს ის ამ დავას. არ არის საუბარი რაღაც წიაღსვლებზე. არის ცალსახა ტექსტობრივი წინააღმდეგობა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 21 თებერვალს, 98 წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან შეიძლება ჩვენ მივიღოთ ისეთი კანონი, რომლის ტექსტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს