ხვალ უძღები შვილის კვირაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას კვირას, 10:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება. იგი ხვალიდან დაიწყება. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.

წმინდა სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა. ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა. დაკარგული შვილის შინდაბრუნებით გახარებულმა მამამ ლხინი გამართა. მან მსახურებს უბრძანა, მიერთმიათ მისი ვაჟისთვის "სამოსელი პირველი" და ზვარაკები დაეკლათ.

უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.

დიდმარხვის დაწყებას წინ ყველიერის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ.

დიდმარხვა წელს 11 მარტს დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კვირას, ეკლესია ასევე ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულს, წმ. პროხორე ქართველის (XI); წმ. ლუკა იერუსალიმელის (მუხაიძე, 1277) და ნიკოლოზ დვალის (1314)ხსენებას აღნიშნავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა