გასათვალისწინებელი რჩევები „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლისგან

საქართველოში “ტოიოტას” მარკის პირველი ავტომობილი, ოფიციალურად, 1997 წელს გამოჩნდა, იმ დროს, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა და მაინც, ეს ავტომოყვარულთათვის იყო მოვლენა, რომელმაც გადაჩრდილა უშუქობაც და გაჭირვებაც. და, მთავარი: იმ დროს „ტოიოტა მოტორ კორპორაციიას“ მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის ბაზარი ჰქონდა მეტ-ნაკლებად ათვისებული, კავკასიაში კი ამ მსოფლიო ბრენდის ავტომანქანამ, ოფიციალურად, პირველად თბილისში გაიარა. რატომ თბილისში? საქმე ისაა, რომ ამერიკის საელჩოს ჩვენს მეზობლად, აზერბაიჯანში “ტოიოტას” მარკის ავტომანქანები ემსახურებოდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას ვერავინ უწევდა ერთი „უბრალო“ მიზეზით - “ტოიოტას” მომსახურების ცენტრი კავკასიაში არ არსებობდა.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 1997 წელს დავაფუძნე. ეს იყო „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში და მთლიანად კავკასიაში. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სრული ყამირია არა მხოლოდ საავტომობილო ბიზნესში, არამედ ზოგადად, ბიზნესში. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილია, ომები ახალი გადატანილია. მე დიდი ავტომობილისტი არ ვიყავი, მაგრამ დავინახე, რომ საქართველოში მოსახლეობამ “მერსედესის” და BMW-ს მარკის ავტომობილების გარდა სხვა მარკების მოდელების შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. მქონდა ინფორმაცია პრესიდან და ტელევიზიიდან, რომ „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ იყო გიგანტური საავტომობილო ბრენდი და გადავწყვიტე მათთან დაკავშირება. მარტივად, გავაგზავნე წერილი DHL-ით და, სხვათა შორის, ორ თვეში მათგან პასუხი მივიღე - როგორც აღმოჩნდა, კორპორაცია თავადაც ხედავდა კავკასიაში “ტოიოტას” ცენტრის გახსნის საჭიროებას“, - ასე იხსენებს პირველ ნაბიჯებს ირაკლი გურჩიანი.

- სწორედ ეს წერილი გახდა საფუძველი იმისა, რომ კორპორაციამ გადაწყვიტა, რადგან კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში იყო ცენტრის გახსნის მსურველი, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

„გადმომეცა ერთწლიანი ვადა და დროებითი დილერის სერთიფიკატი. ამ ერთ წელიწადში “ტოიოტას” სტანდარტის შესაბამისად უნდა გამემართა სერვისცენტრი და უნდა დამეკმაყოფილებინა კორპორაციის ყველა პირობა, რისი გაკეთება ჩემს გუნდთან ერთად შევძელი. ერთი წლის შემდეგ “ტოიოტას” ოფიციალური დილერის სერთიფიკატი მივიღე, 1998 წლის 1-ელ ნოემბერს კი უკვე „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გავხსენით იქ, სადაც დღესაც მდებარეობს (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ). „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კავკასიის რეგიონისთვის. წარმოიდგინეთ, იმ დროს ჩვენს ქვეყანაში უმსხვილესი კორპორაცია, „ტოიოტა“ შემოვიდა. მასზე დიდი უცხოური კომპანია, რომელიც მესამეა სიდიდით მსოფლიოში, ჯერ არ შემოსულა საქართველოში. ცენტრის გახსნაზე „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩამოსული საკუთარი ბოინგით. მაშინ „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო საუკეთესო სასტუმრო თბილისში და პრესკონფერენცია სწორედ „შერატონში“ მოვაწყვეთ.

- ეს იყო ზუსტად ის, რასაც ჩვენში გამართლება ჰქვია. მოულოდნელი იყო თუ არა?

- დიახ, მოულოდნელი იყო ეს რეაქცია, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში იმხანად, ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობდა. მოხდა სასწაული და მივიღე მათგან პასუხი. მათ ინტერნეტგვერდზე ვერ მოვიძევდით ვერც ტელეფონის ნომერს ან რაიმე სხვა საკონტაქტო ინფორმაციას, მითითებული იყო მხოლოდ PO-ბოქსი. დღესაც რომ მოინდომოთ იფორმაციის მოძიება, ვერ მოიპოვებთ, დღესაც ისევ PO-ბოქსზე თუ გააგზავნით წერილს. ვცადე, გავგზავნე და გახსნა ვიღაცამ ეს PO-ბოქსი და წაიკითხა ჩემი წერილი. ვთვლი, რომ გამიმართლა და ჩემი შეთავაზება კორპორაციის იმდროინდელ საჭიროებებს დაემთხვა. „ტოიოტა კორპორაციამ“ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ არაერთი დახმარება გაუწია, აბსოლუტურად ყველაფერში - პროექტირებაში, მშენებლობაში, ტექნიკოსების გადამზადებაში. მივიღეთ ყოველმხრივი დახმარება იმ მიზნით, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, როგორც „ტოიოტას“ ოფიციალურ დილერს, სრულყოფილად და გამართულად ემუშავა იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მსოფლიოში „ტოიოტას“ მიერაა აღიარებული. ჩვენ ამ პრინციპს, საერთაშორისო სტანდარტებს ვგულისხმობთ, ზედმიწევნით ვიცავთ.

- მოდი, შევადაროთ ძველი და ახალი „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები?

- მუშაობა რომ დავიწყეთ, მთავარი მიზანი იყო, პოპულარული გაგვეხადა ის ბრენდი, რომელსაც წარმოვადგენდით. 22-წლიანი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში და კავკასიაში „ტოიოტა“ ნომერ პირველი ბრენდია. რა თქმა უნდა, მიზნის მიღწევაში იაპონელები გვეხმარებოდნენ. შედეგად, დღეს საქართველოში აბსოლუტურად გამართულად ფუნქციონირებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, რომელიც „ტოიოტას“ ოფიციალური დილერია მთელ კავკასიაში, შეუძლია მომხმარებელს გაუწიოს საერთაშორსიო სტანდარტის შესაბამისი ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება. რაც მთავარია, მომხმარებელს ვთავაზობთ „ტოიოტას“ ორიგინალ ნაწილებს, ისეთივეს, როგორსაც „ტოიოტა“ თავის მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით აწვდის, და ცხადია, მომხმარებელს უახლესი მოდელის ავტომობილებს ვთავაზობთ.

- ესე იგი, ნებისმიერი ახალი მოდელი შეიძლება თქვენთან შეიძინოს მსურველმა?

- ნებისმიერი - არა, რა თქმა უნდა. მოდელები სხვადასხვა ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ავტომობილი, რომელიც ჩვენთან იყიდება, მაგალითად Land Cruiser 200, ევროპაში არ იყიდება საერთოდ. მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ იმ მოდელებს, რომელიც ტოიოტა კორპორაციის მიერ ჩვენი ბაზრისთვისაა გათვალისწინებული.

- ვფიქრობთ, ამ ბიზნესში სერვისცენტრის მუშაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კომპლექსური ცენტრია - ეს იმთავითვე იყო „ტოიოტა კორპორაციის“ მოთხოვნა. 22 წელია სერვისცენტრი მუშაობს. ჩვენი ტექნიკოსები დაარსებიდან აქ მუშაობენ და თავისი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, ყველა ტექნიკოსს წელიწადში ორ-სამჯერ ტრენინგი უტარდება. ვთქვთ, ახალი მოდელი გამოვიდა, აუცილებლად გადიან ტრენინგს. ჩვენს მომხმარებელს მაღალი კლასის პროფესიონალები უწევენ ტექნიკურ მომსახურებას - ყველამ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჩვენს ცენტრში და უსარგებლია სერვისებით, ეს იცის. ხშირია შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებელი ცდილობს თავი აარიდოს ოფიციალურ ცენტრში მისვლას და იაფფასიან ხელოსნებს მიმართავს, მაგრამ ავტომობილის პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რადგან სწორი დიაგნოსტირება ვერ კეთდება და ბოლოს ისევ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მიდის, სადაც პროფესიონალი ხელოსანი ეხმარება პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ავტომანქანის მფლობელი მაინც ზარალდება, რადგან ის ჩვენთან დაგვიანებით მოდის - ამდენი რომ არ ევლო, გაცილებით ნაკლებს დახარჯავდა დროსაც და თანხასაც.

- რა არის „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში?

- 2012 წლამდე ჩვენ ბაზრის 55%-ს ვფარავდით. შემდეგ „ტოიოტას“ კიდევ ერთი დილერი გაჩნდა ბაზარზე და ასევე, Lexus-ის გამოყოფა მოხდა, ანუ მოხდა ერთგვარი დივერსიფიკაცია. ამჟამად, ბაზრის 30%-ს ვფარავთ. ჩვენი უპირატესობა მაღალხარისხიანი ორიგინალი პროდუქციისა და ფასის კარგი თანაფარდობაა და ისიც, რომ გვაქვს დიდი გამოცდილება, გვყავს მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები და მომხმარებელს ვუწევთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება - არასდროს მოგვიტყუებია მომხმარებელი, არ მიგვიწოდებია მისთვის უხარისხო და არაორიგინალი ნაწილი, რადგან ჩვენი პრინციპია, ყოველთვის დაცული იყოს „ტოიოტა კორპორაციის“ მოთხოვნები და პირობები. ასე რომ, ნებისმიერი ავტონაწილი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ შეიძენს, გარანტირებულად ორიგინალი წარმოებისაა. ხარისხის სტანდარტის დაცვა ჩვენი მთავარი ღირებულებაა. გვაქვს სახელი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით და არც მომხმარებლის ნაკლებობას განვიცდით. მთავარია, მომხმარებელს თავად უჩნდება სურვილი, რომ ისევ და ისევ ჩვენ მოგვმართოს.

- ხშირად გაგვიგია და ეს არც არის დასამალი, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ ავტონაწილების შეძენა ძვირი ჯდება.

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ შესაძლებელია მხოლოდ ორიგინალი ავტონაწილების შეძენა. ეს ნაწილები კუსტარულად კი არ მზადდება, არამედ „ტოიოტას“ ქარხანაში იწარმოება, საიდანაც ჩვენ ვმარაგდებით. ორიგინალი ნაწილი, არა მხოლოდ „ტოიოტასი“, არამედ სხვა საავტომობილო ბრენდებისაც ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე არაორიგინალი ნაწილი. საქართველოში არსებობს უამრავი ადგილი, სადაც შესაძლებელია ჩინური, თურქული და სხვა წარმოების ნაწილების იაფად შეძენა. აი, ავიღოთ ორიგინალი წარმოების სამუხრუჭე ხუნდი, რომელიც, პირობითად, ღირს 100 აშშ დოლარი. ვიზუალურად და შეფუთვით ზუსტად ისეთივე შემოდის ჩინეთიდან და ღირს, პირობითად 15-20 დოლარი. მომხმარებლისთვის ამ ორ ფასს შორის დიდი სხვაობაა. მაგრამ, ჩინური ასე იაფი ჯდება იმიტომ, რომ დამზადებულია აზბესტისგან, ორიგინალი სამუხრუჭე ხუნდი კი არის მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და მუშაობის დროს არ ახდენს მავნე ზეგავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. აზბესტისგან დამზადებული ხუნდი ხახუნის პროცესში იშლება უწვრილეს ნაწილაკებად და ხანგრძლივად, თითქმის 1,5 მეტრის სიმაღლეზე ნისლის სქელ ფენად „დგება“ გზის პირზე. ადამიანები ვსუნთქავთ დაშლილ აზბესტს და ეს საწამლავი გველექება ფილტვებში. ყველამ ვიცით, რამდენად მავნეა აზბესტი ჯანმრთელობისთვის, ვიცით, რომ აზბესტის გამოყენება აკრძალულია მთელ მსოფლიოში, რომ აზბესტი იწვევს კიბოს და სხვა დაავადებებს.

ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის მეორადი საბურავებიც. არადა, საქართველო მეორადი საბურავების ქვეყნად იქცა! რაც ევროპაში გადაიყრება, საქართველოში შემოაქვთ. სინამდვილეში კი, 50%-იანი ცვეთის შემდეგ აი, რა ემართება საბურავს თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე: საბურავის გარე ფენა, რომელიც კაუჩუკისა და რეზინის ნაერთია, ცვეთისას დაბლა ილექება და სიმძიმის გამო ჰაერში არ ტრიალებს. გარე ფენა რომ გაცვდება, ჩნდება შიდა ფენა, რომელიც შემადგენლობით გაცილებით დაბალი ხარისხის რეზინისგანაა დამზადებული, რომელიც ცვეთის შედეგად მტვრად იქცევა და ჰაერში ტრიალებს. ჩვენ ამ ჰაერს ვსუნთქავთ!

ავიღოთ ჰაერის ფილტრები - იაფფასიანი არაორიგინალი ფილტრი, ცხადია, სათანადოდ ვერ ფილტრავს ჰაერს და ავტომანქანის სალონში დაბინძურებული ჰაერი შემოაქვს. რამდენი ერთი გითხრათ - სპექტომეტრით რომ გახედოთ გზებს, თითქმის მეტრნახევრის სიმაღლეზე დგას სმოგი, და ამ გზების პირას პატარებს ვასეირნებთ, ბავშვებს ეტლებით ვატარებთ! საშიშია ჯანმრთელობისთვის ტყვიის მზარდი შემცველობა ჰაერში, რაც უხარისხო საწვავის მოხმარებითაა გამოწვეული. ამ პრობლემას გადაჭრის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის დაწესება. ზოგადად, „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი ხარისხის საწვავის გამოყენების მხრივ, ასევე იმითაც, რომ „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ საშუალება მიეცემა, საქართველოს ბაზარზე „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავის სიტემის მქონე ავტომობილები შემოიყვანოს.

- გთხოვთ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

- წელიწადში ორჯერ, რეგულარულად, იაპონიიდან ჩამოდის „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ წარმომადგენლთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ბენზინგასამართი სადგურებიდან იღებს სხვადასხვა ტიპის საწვავის სინჯებს, უტარებს ანალიზს და აკეთებს დასკვნას, რომ საქართველოში არ არის „ევრო 4“ ან „ევრო 5“-ის სტანდარტის შესაბამისი საწვავი, არამედ მოხმარებული საწვავი შეესაბამება გაცილებით დაბალ სტანდარტს - „ევრო 1“-ს ან „ევრო 2“-ს, იშვიათად - „ევრო 3“-ს. აქედან გამომდინარე, კორპორაცია არ გვაწვდის „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავის სიტემების ძრავის მქონე ავტომანქანებს, რადგან უხარისხო საწვავის მოხმარების შემდეგ ამ ავტომანქანების ძრავებს სერიოზული პრობლემები ექმნება. სწორედ ამას ითვალისწინებს იაპონური მხარე, არ იღებს რისკს საკუთარ თავზე და გვამარაგებს უფრო დაბალი, „ევრო 1“ და „ევრო 2“ სტანდარტის ავტომობილებით. არადა, ევროპაში უკვე „ევრო 6“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი და ამ სისტემების ძრავის მქონე ავტომანქანებია.

ეს არის ძირითადი პრობლემები, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და ეს პროცესები შეუქცევადი რომ არ გახდეს, საჭიროა რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ეს საფრთხეები, ამიტომ, არც მომავალში მოვატყუებთ ჩვენს მომხმარებელს და არც ჩვენს პრინციპებს ვუღალატებთ. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ყოველთვის იმუშავებს მაღალი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილების მიწოდებაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს