ქართული პრესის მიმოხილვა 4.03.2019

ვახტანგ ძაბირაძე - “ვფიქრობ, იქნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებები”
“მაინცდამაინც სიგარეტის მწეველების ბუნტი უნდა მოაწყოს?” - სიგარეტის შემდეგ თამბაქოც ძვირდება?!
რომან კაკულია - “დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით...”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “ვფიქრობ, იქნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებები”
“ამგვარი პროცესი ქართული პოლიტიკის ტრადიციად იქცა - როგორც წესი, ხელისუფლებაში მოდიან ჯერ ბლოკის სახით, მერე ის იშლება, რის შემდეგაც ახალი ეტაპი, ანუ პარტიაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება იწყება. "ქართულმა ოცნებამ", რომელიც კოალიცია იყო, 2016 წელს დაასრულა ამ ფორმით არსებობა. თავდაპირველად პარტიული ერთიანობის შენარჩუნება ხერხდებოდა, თუმცა 2017 წლის მიწურულს ცხადი შეიქნა, რომ პარტიაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობაში სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ეს ის გუნდია, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის საპარლამენტო სიის ფორმირების განმსაზღვრელი უნდა გახდეს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, იქნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებები” / “დღეს ქართველი საზოგადოება გულგატეხილი, იმედგაცრუებულია და ყველაფერი იქით მიდის, რომ ხვალ მძლავრი საპროტესტო მუხტი გაჩნდება. ეს უნდა ახსოვდეს “ქართულ ოცნებას”/ ქართულ პოლიტიკაში არსებობს ასეთი ტრადიციაც - როდესაც ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ძლიერ ბიზნესმენს უპირისპირდება, ეს უკანასკნელი პოლიტიკაში მიდის. ამიტომ, თუ ხაზარაძე მართლაც აიძულეს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დატოვოს, არ გამოვრიცხავ, ის პოლიტიკაში წავიდეს და აუცილებლად იქნება ანგარიშგასაწევი ლიდერი”.
“ქართული ოცნებიდან" ახლა ვინც მიდის, კარს იჯახუნებს, რაც იმის ნიშანია, რომ ის პოლიტიკაში რჩება. “ქართული ოცნებიდან" წასვლა მოუწევს დეპუტატების სხვა ნაწილსაც... მათი გვარ-სახელები არც ვიცით, ეს ხალხი ერთგვარი “პოლიტიკური ჭაობია”. თუ მათ 2020 წლის არჩევნებისთვის ვერ მიიღეს ადგილი სიაში, შეეცდებიან გარანტიები მაინც მიიღონ, მაგალითად, დასაქმების, ბიზნესის და ა.შ. ანალოგიური პროცესი დაიწყება “ქართული ოცნების” პარტიულ სტრუქტურებშიც. რა გუნდიც ჩამოყალიბდება ამის შედეგად, სწორედ ის გადაახალისებს პარტიულ სტრუქტურებსაც ქვეყანაში. ცხადია, წასულების ნაწილი ოპოზიციურ ფრთას შეუერთდება, თუმცა ზემოთ ნახსენები “პოლიტიკური ჭაობის” ხარჯზე “ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობას, ვფიქრობ, არ დაკარგავს. ჯერჯერობით ნამდვილად ასე ჩანს, რომ ივანიშვილი ფსონს დებს იმ გუნდზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ირგვლივ არის შემოკრებილი. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი, ეს ჩემთვის რთული ასახსნელია. ივანიშვილს არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება სჩვევია. შესაძლოა ისიც, რომ კობახიძე და ზოგიერთი სხვა პერსონა სულაც არ აღმოჩნდნენ ის პირები, რომელთაც 2020 წელს დაეყრდნობა. არ გამოვრიცხავ საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთ გადახალისებას და შესაძლოა 2020 წლისთვის პერსონალურად სხვა შემადგენლობა ვიხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ჩემი აზრით, საარჩევნოდ “ქართული ოცნების” შანსი ძალიან მწირი იქნებოდა, რომ არა მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ხელისუფლებისთვის მანდატების “ბეღელი” იყო ყოველთვის და არის ახლაც. გაცილებით პესიმისტურად ვიქნებოდი განწყობილი მმართველი პარტიის შანსებისადმი, რომ არა მისი კიდევ ერთი “მაშველი რგოლი” -“ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის კვლავაც საფრთხედ რჩება. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის გარდა, ვინც უნდა ყოფილიყო, აუცილებლად მოუგებდა სალომე ზურაბიშვილს. პირველ ტურზე ბევრი ამომრჩეველი არ წავიდა, სამაგიეროდ, “ნაციონალების” მობრუნების შიშით პირდაპირ მიცვივდნენ მეორე ტურზე. ამ კარტს ივანიშვილი აუცილებლად ისევ გაათამაშებს. თუ საზოგადოება შეძლებს მესამე ძალის გამოკვეთას, მაშინ უკვე პრობლემა გაუჩნდება როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”. მნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნების” ტრანსფორმაცია დროულად დასრულდეს და ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახლებურად ჩამოყალიბებულ ხელმძღვანელობასთან ერთად დაიწყოს დაპირებების შესრულება. ვფიქრობ, იქნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებებიც, მეეჭვება, ბახტაძემ პრემიერობა დიდხანს შეინარჩუნოს. კიდევ ერთი პრობლემაა - დრო აქვთ ცოტა, ამიტომ ეს პროცესი გაზაფხულის მიწურულამდე მაინც უნდა დასრულდეს, სხვა შემთხვევაში “ქართული ოცნების” რეიტინგის ვარდნა გარდაუვალი იქნება. ისე კი, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების გეგმა და პროექტები არა აქვთ, ვერანაირი საპარლამენტო თუ სამთავრობო გადახალისება ვერ უშველი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დომინირებს ორი ძალა: “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი ერთი მედლის ორ მხარედ იქცნენ. მათ შორის განსხვავება თანდათან იშლება, ცოტაც და, ტოლობის ნიშანი დაისმება. დანარჩენ ოპოზიციას თუ გადავხედავთ, საიმედოს ვერაფერს დავინახავთ - არ ჩანს არც ანგარიშგასაწევი პარტია და არც ლიდერი. მოკლედ, დღეს ოპოზიცია, თუნდაც “ნაციონალებთან” ერთად, გაცილებით სუსტია, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიცია 2009-2010 წლებში, როდესაც ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა იყო აგორებული. იმჟამინდელი ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაც საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო, რა თქმა უნდა, მაჟორიტარული წესის გაუქმების ჩათვლით, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” არ წავიდა დათმობაზე. სავარაუდოდ, ასევე მოხდება ახლაც - ოპოზიციის “აქტიურობას” “ქართული ოცნებაც” უპასუხოდ დატოვებს. ამ მოთხოვნით არც ქუჩაში გავა ვინმე. თუმცა ოპოზიცია სწორია, რომ აქტიურობს, რაც შეიძლება ბევრი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს და ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში”, - თვლის ექსპერტი.
“რაც შეეხება “ქართული ოცნებიდან” წასულებს, ნაკლებად სავარაუდოა, ოპოზიციის გაძლიერება მოახერხონ, რადგან მათი პოლიტიკური კაპიტალი ძალიან მწირია. გარდა ამისა, ისინი აქტიურ დაპირისპირებას, მგონი, არც აპირებენ. ფაქტია, ძალიან ფრთხილობს ბესელია, შედარებით უფრო მკაცრი იყო კვაჭანტირაძე. ახლა გაძლიერებული იერიში კობახიძეზე მიაქვთ, არადა, ის შესაძლოა ხვალ გადაირჩიონ, ან სადმე სხვაგან გადაიყვანონ, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. მართვის იმ სისტემას, რომელზეც ვლაპარაკობთ, ერთი უცნაური თვისება აქვს: საკმარისია გამოჩნდეს ოპოზიციაში ძლიერი ფიგურა, რომელიც ძალის რეალურ ცენტრს შექმნის, და სისტემა მაშინვე მასზე დაიწყებს “მუშაობას”. გავიხსენოთ: 2011 წელს ივანიშვილმა ახალი ოპოზიციური ძალა კი არ შექმნა, დაქსაქსულ ოპოზიციასა და საზოგადოებრივ პროტესტს მოუყარა თავი. მან შეძლო უარყოფითი მუხტის კონსოლიდირება. დღეს ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამას მოახერხებს. სააკაშვილი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ თუ გამოჩნდა სხვა ლიდერი, ამასთან, თუ ოპოზიცია სწორ აქცენტებს დასვამს და პროცესს სწორად წარმართავს, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება მესამე ძალა. ვთქვი უკვე, რომ საზოგადოებას საარჩევნო კოდექსის პრობლემები ქუჩაში ვერ გაიყვანს, არც მოსამართლეების თემის გამო გავა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ძალიან აწუხებს. დღეს ქართველი საზოგადოება გულგატეხილი, იმედგაცრუებულია და ყველაფერი იქით მიდის, რომ ხვალ მძლავრი საპროტესტო მუხტი გაჩნდება. ეს უნდა ახსოვდეს “ქართულ ოცნებას”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“რატომ ვერ ელევა ბიძინა ივანიშვილი ამ მოსამართლეებს - პასუხი ამაზე არც მე მაქვს და, ვფიქრობ, არც საზოგადოებას. “ქართული ოცნების” ქცევის მოტივი შესაძლოა მართვის ავტორიტარული სტილია. ამგვარი მართვისას სისტემას დათმობაზე წასვლა არ შეუძლია, რადგან ეს შესაძლოა დაშლად დაუჯდეს. დიახ, დღეს ავტორიტარული მმართველობაა, უბრალოდ, ჯერ რეპრესიული მექანიზმი არ ამოქმედებულა იმ მასშტაბით, როგორითაც სააკაშვილის დროს მუშაობდა. ვერ გამოვრიცხავთ იმ ვერსიასაც, რომ მოსამართლეთა ამ სკანდალური სიის წარდგენით ივანიშვილმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა: ჩამოიშორა დეპუტატების ის ჯგუფი, რომლისგანაც უკვე უნდოდა გათავისუფლება, და ამასთან მოახერხა მეორე ჯგუფის დისკრედიტაციაც, რომელსაც ახლა უჭერს თითქოს მხარს, თუმცა მომავალში მათ მოშორებასაც აპირებს. ასეთი მართვის სტილიც არსებობს: სათავეშია ერთი პირი, მაგალითად, ივანიშვილი, მერე მოდის სიცარიელე, რომლის ქვემოთაც ყველა პოლიტიკური ლიდერი დისკრედიტირებულია. თუმცა არის ერთი პოლიტიკური ფიგურა - კახა კალაძე, რომელიც ამ სქემაში არ ჯდება და რომელიც იმ პოლიტიკური ლიდერების ფონზე, რომლებსაც ვხედავთ “ქართულ ოცნებაში”, ყველაზე რესპექტაბელურად გამოიყურება. თბილისის მართვა მძიმე ტვირთია, ძალიან ძლიერი უნდა იყო, ზიდვა ღირსეულად რომ შეძლო. ეს თანამდებობა შესაძლოა პოლიტიკოსისთვის ტრამპლინადაც იქცეს და უფსკრულადაც. ჯერჯერობით კალაძეს მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია, ის ახერხებს რეიტინგის შენარჩუნებას. ვნახოთ, რა იქნება ხვალ-ზეგ”, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ბევრის აზრით, სწორედ რეპრესიების მსხვერპლია მამუკა ხაზარაძე... “ - პასუხობს:
“11 წლის წინანდელი საქმე გამოდის დღის სინათლეზე და იწყება მისი აქტუალიზაცია მაშინ, როდესაც დღეს არსებულ ვითარებაშიც უამრავი პრობლემა, დარღვევა და გადაცდომაა. ცხადია, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა, რამდენიმე განცხადება გააკეთა ივანიშვილმა “საქართველოს ბანკისა” და “თიბისი ბანკის” წინააღმდეგ, ილაპარაკა ასევე ხაზარაძისა და ჩხარტიშვილის რაღაც მორიგებაზე, რომლის დროსაც თურმე ჩხარტიშვილმა 100-ით ნული მოუგო ხაზარაძეს. როდესაც ასეთი ამბები უსწრებს ამ პროცესებს წინ, რა თქმა უნდა, ცხადად ჩანს, რომ ამ ყველაფერს სხვა ქვეტექსტი აქვს. ანაკლიის პორტის შესახებ, ძირითადად, ორი ვერსია გვესმის: პირველი - ბიძინა ივანიშვილს უნდა ამ პროექტის ხელში ჩაგდება, რაც უსაფუძვლო მგონია, რადგან ეს პროექტი რომ აინტერესებდეს, მას თავიდანვე სხვა ვერავინ გაეკარებოდა. და მეორე _ რუსეთის ინტერესი და კრემლიდან მოსული რაღაც დირექტივა. ფაქტია, რუსეთს ამ პორტის ამუშავება ხელს არ აძლევს. შესაბამისად, ეს ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს”.
“საინტერესოა ერთი რამ - ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ოპოზიციაში არ ჩანს ლიდერი, რომლის გარშემოც მესამე ძალა ჩამოყალიბდება. ქართულ პოლიტიკაში არსებობს ასეთი ტრადიციაც - როდესაც ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ძლიერ ბიზნესმენს უპირისპირდება, ეს უკანასკნელი პოლიტიკაში მიდის. გავიხსენოთ თოფაძე, პატარკაციშვილი ან თავად ივანიშვილი. ამიტომ, თუ ხაზარაძე მართლაც აიძულეს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დატოვოს, არ გამოვრიცხავ, ის პოლიტიკაში წავიდეს და აუცილებლად იქნება ანგარიშგასაწევი ლიდერი დასავლური იმიჯით, კარგი კავშირებით უცხოეთში, ანტირუსული ბექგრაუნდით, რაც ანაკლიის პროექტიდან წასვლის შემთხვევაში გარანტირებული ექნება, და ფინანსებით. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ვნახოთ, რა მოხდება. გადამწყვეტი ის იქნება, მოუწევს თუ არა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტიდან წასვლა”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“მაინცდამაინც სიგარეტის მწეველების ბუნტი უნდა მოაწყოს?” - სიგარეტის შემდეგ თამბაქოც ძვირდება?!
“მას შემდეგ, რაც საქართველოში სიგარეტის ფასი ყოველდღიურად იზრდება, მწეველებმა მისი ჩანაცვლების ალტენატიულ გზად თუთუნი ნახეს. თუმცა თამბაქოს მომხმარებლებს ახალი სიუპრიზი ელით, რადგანაც დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ თუთუნის ფასიც მოიმატებს. მისი თქმით, თუ ე.წ. გასახვევი თამბაქო, რომელიც თითქოს საბითუმოა და სინამდვილეში საცალოდ იყიდება, იაფი დარჩა, ადამიანები ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადავლენ და მოხმარება არ შემცირდება. ზოიძის განცხადებას დარგის სპეციალისტები და ანალიტიკოსები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ თამბაქოს გასაყიდი ფასი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს. მათი აზრით, სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. მოკლევადიან პერიოდში აქციზის გაზრდა კი თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს და ამისათვის მრავალმხრივი კამპანიაა საჭირო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ასე რამ გააგიჟა... მაინცდამაინც სიგარეტის მწეველების ბუნტი უნდა მოაწყოს?” / ხელისუფლებას სიგარეტის შემდეგ თამბაქოს შესაძლო გაძვირების გამო აკრიტიკებენ.
“დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. ისინი ინარჩუნებენ მოგების მარჟას, ზრდიან პროდუქციის ფასს და ამ გაზრდილ ფასს მომხმარებელი იხდის. სიგარეტი არის ის პროდუქტი, რომელზეც ერთბაშად უარის თქმა ძნელია, ამიტომ ფასნამატის მთელი ტვირთი მომხმარებელს აწვება. მათივე აზრით, დაუსაბუთებელია ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ამბობენ, რომ სიგარეტით ვაჭრობა “შავ ბაზარზე” გადაინაცვლებს და არალეგალური სიგარეტის შემოდინება გაიზრდება. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევებიც უკვე ამაზე მეტყველებს. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არალეგალური სიგარეტის შემოდინება ორი მიმართულებიდან მოხდება - რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და სომხეთიდან. აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ თუ თამბაქოს ყველა პროდუქტი არ გაძვირდა, მოხმარება ვერ დაიკლებს. დადგენილია, რომ თამბაქოზე 30%-იანი ფასის მატება იწვევს 5-8%-ით მოხმარებას შემცირებას. ეს მოხდება, თუ თანაბრად გაძვირდება თამბაქოს ყველა პროდუქტი და არა მხოლოდ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი”, - აღნიშნავს ზოიძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება არ იგეგმება, მაგრამ მომავალში თამბაქოს ყველა ნაწარმზე აქციზის გადასახადი გასაზრდელია, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროდირექტივა მოითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა იფიქროს შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისევე, როგორც კონტრაბანდული სიგარეტის პრობლემაზე. “ის ადამიანები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრებენ, გადმოდიან, გადმოაქვთ იქაური სიგარეტი და ხშირ შემთხვევაში ამაზე არ ხდება რეაგირება გასაგები მიზეზების გამო. მესმის, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ეს შემოსავლის წყაროა, მაგრამ, მეორე მხრივ, კონტრაბანდის მასშტაბები (აფხაზეთის მიმართულებით) იზრდება და ეს არის აღსაკვეთი. ზოგადად, სხვა მიმართულებით კონტრაბანდის პრობლემა არ უნდა იყოს. სულ 1,5%-იანი კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარება, რაც ძალიან დაბალი პროცენტია ევროპის მასშტაბითაც კი”, - განაცხადა ზოიძემ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი კი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ, ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია, რისი მიზანიც თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ეკონომისტი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თამბაქოსა და სიგარეტზე ფასის ზრდა მწეველების რიცხვის შემცირებას არ გამოიწვევს, პირიქით, უკუეფექტი ექნება და სოციალურად ისედაც მოწყვლად ჯგუფს ფინანსურად დაარტყამს. მისი აზრით, წარმოუდგენელია, ქვეყანაში იმაზე არ დარდობდნენ, რომ ამდენი ადამიანი შიმშილობს და სიგარეტის მწეველები ანაღვლებდეთ. ხუხაშვილი დეპუტატ აკაკი ზოიძეს მოუწოდებს, რომ სოციალური რისკები კარგად დათვალოს და გაიაზროს, რომ ფასების ზრდა კორუფციის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. მისი აზრით, ეს ქვეყანაში შავი ბაზრის არსებობას ხელს შეუწყობს და ამით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაზარალდება. თამბაქოს მწარმოებლი კომპანიები ბრუნვას გაზრდიან და მათთვის ეს პრობლემა არ იქნება, ისინი მოგებას მაინც ნახავენ. ყველაზე მთავარი ისევ ის ადამიანებია, რომლებიც სიგარეტზე დამოკიდებულები არიან და ასე ადვილად თავს ვერ დაანებებენ”, - დასძენს გამოცემა.
“ძალიან მაინტერესებს, მარიხუანის თემაზე ამ კაცს ხმა რომ არ ამოუღია, ახლა სიგარეტზე ასე რამ გააგიჟა. მაინცდამაინც ქვეყანაში სიგარეტის მწეველების ბუნტი უნდა მოაწყოს? იმას კი არ იკვლევენ, სტატისტიკურად ამდენი ადამიანი სიგარეტს რატომ ეწევა. არც იმას, მწეველთა ჯგუფის კატეგორია ასე სწრაფად რატომ იზრდება და რა უნდა ვქნათ. ზოიძემ არ იცის, რომ სიგარეტი დამოკიდებულებას იწვევს და ფასის ზრდის გამო ადამიანი მას თავს ვერ დაანებებს? ან ქვეყანაში სხვა პრობლემები არ გვაქვს? ხალხი შიმშილით რომ გვეხოცება, მაინცდამაინც თამბაქოს და სიგარეტს უნდა მივვარდეთ და ქვეყანაში ახლა ეს ნომერ პირველი პრობლემა გვაქვს? რისკები მაიტერესებს, რასაც სიგარეტის და თამბაქოს ფასის ზრდა გამოიწვევს, დათვლილი აქვს? გააანალიზა? კორუფციის რისკებს გაზრდის და აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. კომპანიები ბრუნვას გაზრდიან და მათ არაფერი ზარალიც არ მიადგებათ, ამით ისევ ხალხი ზარალდება. პოლიტიკურად "ოცნების" ნავი ყოველდღე იძირება და ამ არასერიოზული განცხადებებით ესენი ხელს კიდევ უფრო უწყობენ. იმდენს იზამენ, სიგარეტის გამო ქვეყანაში ხალხს გარეთ გამოიყვანენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ფასების ეტაპობრივი ზრდა ქვეყანაში მწეველების რაოდენობას ვერ შეამცირებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი განსაზღვრული შედეგი შეიძლება მართლაც მოიტანოს - “ვიღაცამ შეიძლება უარი თქვას მოწევაზე, მოხმარება შეამციროს, ან შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოთი ჩაანაცვლოს, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში აქციზის გაზრდა თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს”, - აღნიშნა ლექვინაძემ. ეკონომისტი ფიქრობს, რომ სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. ისინი ინარჩუნებენ მოგების მარჟას, ზრდიან პროდუქციის ფასს და ამ გაზრდილ ფასს მომხმარებელი იხდის. სიგარეტი არის ის პროდუქტი, რომელზეც ერთბაშად უარის თქმა ძნელია, ამიტომ ფასნამატის მთელი ტვირთი მომხმარებელს აწვება და ისედაც სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას დამატებით ფინანსურ პრობლემას შეუქმნის. “თამბაქოს გასაყიდი ფასი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამიტომ პირველ და მთავარ დარტყმას მწეველები მიიღებენ. სიგარეტზე ადამიანი დამოკიდებულია და მასზე ფასის ზრდა მოხმარების შემცირებას ასე სწრაფად ვერ გამოიწვევს. ეს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვიფიქროთ”, - დაასკვნის ლექვინაძე, რომლის თქმით “სიგარეტს ადამიანი მაშინ დაანებებს თავს, თუ მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდება”, - წერს სტატიის ავტორი.
რომან კაკულია - “დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით...”
“ჩემი აზრით, პროკურატურის ბოლო განცხადების მიზანი იყო, გაებათილებინა ვერსიები და მოსაზრებები, რომ “თიბისი ბანკის” საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. რამდენად გამოუვიდათ, სხვა საქმეა. კრიტიკულ ელფერს ამ საქმეს აძლევს არა ის, თუ რასთან გვაქვს საქმე, არამედ ის, თუ რატომ გაახსენდათ ის დღეს, იმაზე კი მეტ-ნაკლებად ყველა თანხმდება, რომ შესაძლოა საქმე გვაქვს ბანკის განსაზღვრული ტიპის დარღვევასთან, გადაცდომასთან. ეს შეკითხვა აძლევს პროცესს პოლიტიკურ კონტექსტს და ამყარებს არსებულ ეჭვს. მას კი მხოლოდ მაშინ გააქარწყლებ, როცა იმასაც დაასაბუთებ, რა ტიპის დარღვევასთან გვქონდა საქმე და იმასაც ახსნი, რა ლოგიკით მიხვედი დღეს ამ საქმის გამოძიებამდე. თუ ამ ორივე შეკითხვას პასუხი არ გაეცემა და ჭკვიანური სახეებით დავიწყებთ საუბარს, რომ თურმე 20 წლის წინანდელი საქმეებიც გამოუძიებიათ, ასე არ გამოვა. სულ ცოტა, დამატებითი და მყარი არგუმენტი დასჭირდება პროკურატურას, რათა ამ საქმის გამოძიების შემდეგ მმართველი გუნდი წელგამართული დატოვოს”, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომან კაკულია - “დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით...” / “იცით, „ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა რა არის? 2012 წელს ის სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” ტყუილთან, ახლა კი ეს მოცემულობა მთლად ასეთი აღარ არის / “კრიტიკულ ელფერს “თიბისი ბანკის“ საქმეს აძლევს არა ის, თუ რასთან გვაქვს საქმე, არამედ ის, თუ რატომ გაახსენდათ ის დღეს”.
“ცხადია, არიან ისეთები, ვისაც მხოლოდ სიმართლე აინტერესებს, და ისეთებიც, ვისაც უნდა, რაც შეიძლება მეტი ჯოხი გადატყდეს მთავრობის კისერზე. ვისაც მხოლოდ სიმართლე აინტერესებს, უნდა მათ ავუხსნათ, რატომ წამოსწიეს ეს საქმე დღეს. ხოლო ამ პროცესში რომ ბანკის დამფუძნებლებისა და ფინანსური ინსტიტუტის იმიჯი ზიანდება, ამას ვერ გავექცევით, ახლა მთავარია, ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმენენ, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს ჭეშმარიტების დასადგენად, საკითხავია. იმდენად გაიცვითა სიტყვები “დაველოდოთ გამოძიებას” და იმდენად მიეჩვია საზოგადოება, რომ ყველა ბრალდებული თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო ყველა ბრალმდებელი - მისი მტკიცებულებების უტყუარობას, რომ ვერ მივედით ისეთი ქვეყნის დონემდე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობი. დღევანდელი სასამართლო უკეთესია წლების წინანდელზე, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტები, დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები საკუთარ თავზე იღებენ გამოძიების ფუნქციას. მეორე მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ რაც უნდა მნიშვნელოვან პერსონებზე გვქონდეს საუბარი, ვინმე სარგებლობს ინდულგენციით, რომ თუ კითხვები გაგიჩნდა, მათ არ უნდა შეეხო. ამიტომ, თუ გინდა, რომ ამ პროცესიდან სუფთად გამოხვიდე, მოვლენები უკან უნდა გადაახვიო და ყველა კითხვას პასუხი გასცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაკლად და ხინჯად დააჩნდება ამ ხელისუფლებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან კაკულია.
“ჩემთვის პირადად კომიტეტის სხდომის ჩაშლა, სამწუხაროდ, განაპირობა ეროვნული ბანკის განცხადებამ, რომელიც ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. იმ დილით გავიგე, რომ სებ-ის პრეზიდენტი პარლამენტში აპირებდა მოსვლას. მე ვიცოდი, რომ მოვიდოდა და იმავეს განაცხადებდა, რაც წინადღეს წერილობით გაავრცელა. განცხადების შინაარსს ვეთანხმებოდი კიდეც, რადგან, ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს აქვს უფლება თქვას, რომ როგორც რეგულატორს სწორად არ მიაჩნია, საკომიტეტო მოსმენის ფორმატში განიხილოს კომერციული ბანკისთვის სანქციის დაკისრების მიზეზები. სებ-ის ამ განცხადების შემდეგ ყველა პოლიტიკურ ძალას მივცემდი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას, ბანკის წარმომადგენლებსაც მივცემდი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას და შესაბამისად, მოვიფიქრებდით იმ ფორმატს, რომელშიც შემდეგ ეროვნულ ბანკთან ერთად ყველა შეკითხვაზე მივიღებდით პასუხს. მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკითხი სულ სხვაგვარად დააყენა: მზად ვარ გითხრათ ყველაფერი და პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ამას მოჰყვება, თქვენ აიღეთო. ძალიან მძიმე ალტერნატივის წინაშე დავდექი, როგორ გადამეწყვიტა სხდომის გამართვა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მეუბნება, ამით ცუდ შედეგს მივიღებთო. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან არაპოპულარულად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ჯობდა სებ-ის პრეზიდენტი ისე წასულიყო პარლამენტიდან, არ ეთქვა ის, რაც თქვა, ან საერთოდ არ მოსულიყო და შემდეგ ერთად ჩამოვყალიბდებოდით მოსმენის ფორმატზე. სწორედ ამას ველოდები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომისგან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გასაგებია, რომ კომერციულ ბანკსა და მარეგულირებელს შორის დიალოგი პოლიტიკური შოუს ფორმატში არ უნდა წარიმართოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა ფორმატი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. თუ ამასაც თავს აარიდებს სებ-ი, მაშინ უფრო გაამძაფრებს იმ ეჭვს, რომელსაც ახლა ოპოზიცია აქტიურად ახმიანებს. საზოგადოების უფლებაა დამიჯეროს ან არა, მაგრამ სხდომის დახურვა იმიტომ კი არ გადავწყვიტე, ამას ვინმე მეუბნებოდა, არამედ იმიტომ, რომ დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რომ თუ იტყოდა ყველაფერს, რაც სათქმელი ჰქონდა, ეს საფრთხის შემცველი იქნებოდა ფინანსური სექტორისთვის. მე ხომ არ ვიცოდი, რის თქმას აპირებდა. შინაარსი რომ მცოდნოდა, შემეძლო თავად შემეფასებინა, რა რისკებს შეიცავდა მისი ინფორმაცია. ამიტომ გადავწყვიტე, დარტყმა, რომელიც სხდომის დახურვას მოჰყვებოდა, ჩემს თავზე ამეღო. ამიტომაც ვამბობ, რომ კობა გვენეტაძე ან საერთოდ არ უნდა მოსულიყო პარლამენტში, ან თუ მოვიდა, ეთქვა მხოლოდ ის, რაც წინადღეს გავრცელებულ სებ-ის განცხადებაში იყო ნათქვამი - ბოდიში, მაგრამ დიალოგში არ ჩავერთვებიო. შემდეგ სხდომას ისე წარვმართავდი, რომ მას არავინ დაახრჩობდა და იქნებოდა მხოლოდ რეაქცია მის პოზიციაზე. მაგრამ მან სულ სხვა განცხადება გაავრცელა და მე სხვა გამოსავალი ვერ დავინახე. ამიტომაც დასრულდა ასე გაუგებრად სხდომა”, - განმარტავს კომიტეტის თავმჯდომარე.
“ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ამ ამაკლიის პროექტის მხარდამჭერი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შეფერხდეს. მაგრამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანაკლიის პორტის საკითხს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. ამიტომაც მგონია, რომ ხელოვნურად ხდება ამ პრობლემის გაზვიადება და გაათმაგებული სიმძაფრით მიწოდება საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა განაგრძოს ანაკლიის პორტის მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მეორე მხრივ, როცა ხელისუფლებაზე შეტევას ცდილობენ და ამისთვის არც განსაზღვრული თემების გაზვიადებას ერიდებიან, მტყუან-მართლის გარჩევაში ქვეყნის ინტერესები არ უნდა დააზიანონ. თუმცა ინვესტორისა და ყველა დაინტერესებული პირისთვისაც ყველაზე უტყუარი ინფორმაცია პროკურატურის პასუხი იქნება კითხვაზე: რასთან გვაქვს საქმე და რატომ გახდა დღეს გამოძიებისთვის საეჭვო ტრანზაქცია? ამ საქმემ არ უნდა დატოვოს ეჭვი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი დააზიანებს არა მხოლოდ პორტის პროექტს, არამედ ვითარებას ქვეყანაში”, - მიიჩნევს რომან კაკულია და შეკითხვაზე - “ერთხელ თქვით, არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ერჩივნოს ხალხს თავი დაამახსოვროს არა როგორც ქველმოქმედმა, არამედ ისტორიაში ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარდამჭერის სახელით შევიდესო. ამ საფრთხეს კვლავ ხედავთ?” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა. დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტები ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში სწორედ ამ ორი მოსამართლის მხარდამჭერის სახელით შევიდეს... ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად დაფიქრება მართებს, რა წონა აქვს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა გადაამოწმოს ის დეტალები, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა არ ვიცით... იცით, `ქართული ოცნების~ მთავარი პრობლემა რა არის? 2012 წელს ის სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო `ნაციონალური მოძრაობა~ ტყუილთან, ახლა კი ეს მოცემულობა მთლად ასეთი აღარ არის. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააანალიზებს და ისე დაამახსოვრებს თავს ხალხს, როგორც იმსახურებს... რაც შეეხევა ჩემს წასვლას - წასვლა ყოველთვის შეიძლება. თუმცა მგონია, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე “ქართული ოცნება” ვერ დაიბრუნებს იმ იმიჯს, რომლითაც მას შეუძლია წარდგეს 2020 წლის არჩევნებზე, როგორც განახლებული და მომავალზე ორიენტირებული გუნდი. ცვლილებები უნდა იყოს არა კოსმეტიკური, არამედ ისეთი, რაც ნამდვილად ახალ სახეს შესძენს გუნდსა და მის ხედვას.”

























