ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2019

ხაზარაძის “ნაღმი აფეთქდა”

დაშლა უმცირესობაში და დაშლა უმრავლესობაში

***

ხაზარაძის “ნაღმი აფეთქდა”

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას და მის პარტნიორს ბადრი ჯაფარიძეს ხელისუფლებიდან ემუქრებოდნენ. ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბანკის წინააღმდეგ დაიწყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან ორკესტრირებული შეტევა და მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, სადაც რაღაცის შესრულებას სთხოვდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხაზარაძის “ნაღმი აფეთქდა”

"მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს, თუმცა ის არ არის პოლიტიკოსი და არ აპირებს, რომ ამ წერილის შინაარსი გაახმოვანოს და რამე სენსაციური განცხადებები გააკეთოს. „მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ, ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა. ეს იყო გიორგი გახარიასგან მოწერილი წერილი. თუმცა მის შინაარსს არ გავასაჯაროებ, რადგანაც მე პოლიტიკოსი არ ვარ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ხაზარაძე ამბობს, რომ წერილის შესახებ პროკურატურას აცნობა და ეს ფაქტი დაკითხვის ოქმშიც მიუთითა, მაგრამ არცერთ პროკურორს და არც მოსამართლეს არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს. მისივე თქმით, ამ ფაქტის შესახებ არა თუ საქმე აღიძრა, არამედ კითხვის დონეზეც არავინ დაინტერესებულა. ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ის ამ ფარგლებში მინისტრის წერილის შინაარს გაასაჯაროებს. „ვიცი ჩემს განცხადებას რაც მოჰყვება, ხვალ პროკურატურაში დამიბარებენ. აქ საუბარი წერილში იყო იმაზე, საარჩევნოდ რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მე ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი და რასაც ვამბობ, ყველაფერზე პასუხს ვაგებ", - აღნიშნა ხაზარაძემ დეპუტატ მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად, რა ეწერა გახარიას მიერ გაგზავნილ წერილში“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ასევე „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, ხდება თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე გახარიას მხრიდან ზეწოლა, ხაზარაძემ უპასუხა: „მკითხეთ ჩემგან რა უნდათ, პრაქტიკულად არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან ბანკი უნდა გადაგვეყოლა ან ჩვენ უნდა წავსულიყავით. მე ჩემი ბანკიდან ფულის აღებაც არ შემიძლია. ეს ადამიანის უფლებებს ეხება და უპრეცედენტო მოვლენაა. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომ განაწყენების გამო ვიღაცას სიკეთე დავუკარგო. "ეროვნულ ბანკთან მივედი და ვკითხე რა გინდა-თქო, ხელი აწია და მივხდი, რომ მთლად დამოუკიდებელი არ იყო. თუმცა გახარიას და გვენეტაძის ტანდემზე არაფერი მსმენია, ვერ გეტყვით. გვენეტაძემ მითხრა, რომ იქნებ წახვიდე და მიჩივლოვო, მივხვდი, რომ აქ საქმე პოლიტიკასთან მქონდა", - განაცხადა ხაზარაძემ დეპუტატ გოცირიძის კითხვის საპასუხოდ. მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მას კატეგორიულად დაუსვა საკითხი, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყვნენ. „მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვიყავით გადავმდგარიყავით თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგან ეროვნული ბანკი არის რეგულატორი. მათ თქვეს, რომ ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან მთლიანად უნდა წავსულიყავით. ამაზე ჩემი პასუხი იყო - ეს გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ უფლება, წელიწადში ოთხჯერ ნახო და მოისმინო რას აკეთებს შვილი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, კობა გვენეტაძისგან მოითხოვა მიეღო ისეთი წერილი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბანკში კრიმინალური არაფერი მომხდარა, რაც არ მოხდა. ხაზარაძე მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ის მოითხოვს, რომ პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნას, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს დეპუტატებს გააცნობს, საქმის კურსში ჩააყენებს რა ხდება ბანკის ირგვლივ. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის განცხადებით, ის აგრძელებს დავას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე პროკურატურის წინააღმდეგ და ეს დავა საქართველოს ფარგლებსაც გასცდება. მისივე თქმით, როდესაც ის პირველად დაიბარეს პროკურატურაში, მან ითხოვა, რომ უცხოელ პარტნიორებთან ხელმოწერამდე „თიბისი ბანკის" საქმე ყოფილიყო კონფიდენციალური, რადგან ხაზარაძის თქმით, „თბილისი პატარა ქალაქია და ჭორის დონეზეც ფულის გათეთრების საქმის წინ წამოწევა უზარმაზარ პროექტს ხელს შეუშლიდა". „ტყუილია, რომ ვიღაცამ გადამაყენა თანამდებობიდან. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, როდესაც კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი არ ჩამონგრეულიყო", - განაცხადა მან“, - დასძენს გამოცემა.

"შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი მამუკა ხაზარაძის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობის მცდელობა. გახარია აცხადებს, რომ ის წერილებს არ წერს და თუ რამე სათქმელი აქვს პირდაპირ ამბობს. მინისტრი აცხადებს, რომ ასეთი პრივილეგიების დრო დასრულდა და ყველამ პასუხი უნდა აგოს. ჟურნალისტების კითხვაზე, დააკავებენ თუ არა ხაზარაძეს, მინისტრი არ პასუხობს. „ხაზარაძის განცხადება იყო პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ეჭორავა. წერილებს არ ვწერ და ვისთანაც რამის თქმა მინდა, პირდაპირ ვეუბნები. დასრულდა პრივილეგიების დრო და ყველამ პასუხი უნდა აგოს. ამ კონკრეტულ ქეისთან შეხება არასდროს არ მქონია. დაიწყოს გამოძიება, მზად ვარ პროკურატურაში ყველა კითხვას პასუხი გავცე", - აცხადებს გახარია ჟურნალისტებთან. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ გახარია პარლამენტში უნდა მივიდეს და ხაზარაძის განცხადებაზე პასუხები უნდა გასცეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ გახარია უნდა გადადგეს. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ხაზარაძის განცხადებებიდანვე უკვე გარკვეული ეჭვი არსებობდა, რომ „თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან ხელისუფლების დაინტერესება იყო. მისი აზრით, ეს ყველაფერი რაც ხაზარაძის ირგვლივ ვითარდება, 2012 წელს სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს ჰგავს. ამიტომაც, კაკაჩია ვარაუდობს, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ივანიშვილი სააკაშვილის მსგავსად დაასრულებს და საქართველოს 2020 წლისთვის უკვე ახალი ხელისუფლება ეყოლება. „ეს არის ყველა ხელისუფლების დროს უკვე კარგად ნაცნობი პროცესები. „ოცნების" ხელისუფლებაც ცდილობს, რომ მეორე ვადის შემდეგ, ქვეყანაში ძალაუფლების პროცესი გაიხანგრძლივოს. ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერზე მონოპოლია დააწესონ. ეს იქნება პოლიტიკაზე თუ ბიზნესზე. „ოცნებამ" ფაქტობრივად პოლიტიკური ველი მოასუფთავა და ახალ ბიზნესს მიადგა“, - წერს გამოცემა.

"ახლა მათთვის ყველაზე მთავარ საფრთხეს უკონტროლო ბიზნესმენები წარმოადგენენ და მათი დამორჩილება გადაწყვიტეს. ბუნებრივია, „თიბისი" ბანკი და ხაზარაძე მათთვის პოტენციური მტერია, რომელიც შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს შეუამხანაგდეს და მათ პრობლემები შეუქმნას. "ხაზარაძემ განაცხადა, რომ მან გახარიასგან წერილი მეორე ტურის შემდეგ მიიღო. სავარაუდოდ, ხაზარაძეს ან სთხოვეს, რომ ფინანსურად და გავლენებით დახმარებოდა, ან კიდევ კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ოპოზიციის კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირა და მათ წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ გაებედა. ბევრი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას ყველანაირი ალტერნატიული დაფინანსება შეუზღუდოს და მოკავშირე ვერ იპოვონ",-აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან". მისივე თქმით, ასევე ხაზარაძის წაინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტიც მუშაობს, რადგანაც მას ძალიან დიდი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ხაზარაძის გვერდით გაწევა სჭირდებათ. კაკაჩია ამბობს, რომ სიტუაცია თუ კი ასე გაგრძელდება, ეს „ოცნებისთვის" ისევე დასრულდება, როგორც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. "ეს სიტუაცია ძალიან მაგონებს დროს, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის იგივე მეთოდებით თავიდან მოშორება. მსგავსი ფინანსური მეთოდებით მისი ჩაძირვა სცადა. თუმცა გვახსოვს ბოლოს ვინ ჩაიძირა და სააკაშვილმა როგორ დაამთავრა. თუ სცენარი ასე განვითარდა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ 2020 წლისთვის ახალი ხელისუფლება გვეყოლება. ეს არის საბედისწერო შეცდომა, თუ რაც ხაზარაძემ თქვა და გახარიასთან მიმართებაში ეს საზოგადოებამ დაიჯერა, საპარლამენტო არჩევნებზე ახალ ხელისუფლებას მივიღებთ", - აცხადებს კაკაჩია "რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

დაშლა უმცირესობაში და დაშლა უმრავლესობაში

"ქართული ოცნებიდან" დეპუტატების წასვლა გრძელდება. ბოლო 2 კვირაში „ოცნებას" უკვე 7-კაციანი დანაკარგი აქვს. უმრავლესობის რიგები კიდევ ორმა დეპუტატმა დატოვა - გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა, თუმცა ისინი არა ეკა ბესელიას „ამბოხებულთა" ჯგუფს უერთდებიან, რომლებსაც ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად სწორედ 2 დეპუტატი აკლდებათ, არამედ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს" და ამით „პატრიოტები" უკვე მეორედ გადაურჩებიან ფრაქციის სტატუსის დაკარგვას. უმრავლესობაში დაწყებულმა პროცესმა პარლამენტში კონფიგურაციაც შეცვალა. „ქართული ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის სტატუსის დაკარგვის შემდეგ ორი ფრაქციაც დაეშალა - „სოციალ-დემოკრატები" და „მრეწველები". ასევე ცვლილებაა ოპოზიციის ფლანგზე, სადაც უმცირესობის სტატუსი დაკარგა „ევროპულმა საქართველომ" და თუ სტატუსის დაბრუნება სურთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად უნდა შექმნან ახალი უმცირესობა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დაშლა უმცირესობაში და დაშლა უმრავლესობაში

"ამ მთელ პროცესში კი "პატრიოტთა ალიანსი" გაძლიერდა, რადგანაც ფრაქციის დაშლის პირას მდგარ ჯგუფში ორშაბათს ორი დეპუტატი შეურთდა მმართველი პარტიიდან. გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის ბიუროს ორშაბათს უკვე მიმართეს. პარლამენტის ბიუროს ასევე ორშაბათს მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა" და ფრაქციაში ამ ორი დეპუტატის გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა."მივიღეთ გადაწყვეტილება მე და მირიან წიკლაურმა და „პატრიოტთა ალიანსმა". ერთობლივად გავაგრძელოთ საპარლამენტო ფრაქცია. „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები",- აი ასეთი კონფიგურაციით გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას,"-განაცხადა ჟორჟოლიანმა. „პატრიოტების"ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ფრაქციას სახელი შეეცვლება და და დაერქმევა "პატრიოტთა ალიანსი-სოციალდემოკრატები". „მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. მე ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და ახლა მიხარია, რომ ჩვენ უკვე ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებზე, მით უმეტეს, რომ ვართ თანამოაზრეები",- განაცხადა ინაშვილმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატების წასვლა 21 თებერვლიდან დაიწყო. 115-კაციანი უმრავლესობიდან უკვე 7 დეპუტატი წავიდა. ჯერ წავიდნენ - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, და ლევან გოგიჩაიშვილი. 27 თებერვალს უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო ზვიად კვაჭანტირაძემაც. 4 მარტს კი უმრავლესობიდან გავიდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. ამჯერად მმართველ ძალას პარლამენტში 108 დეპუტატი ჰყავს. გარდა იმისა, რომ ამ პროცესით „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, ასევე უმრავლესობაში შემავალი ორი ფრაქციაც დაიშალა - ერთია ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები", რომლის წევრები იყვნენ ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. მეორე დაშლილი ფრაქცია არის „მრეწველების", რომელიც ორშაბათს დატოვა ბიზნესმენმა შოთა შალელაშვილმა, თუმცა შალელაშვილი უმრავლესობის რიგებში რჩება და ფრაქცია „ოცნებაში" გადადის. ამ პროცესით, უმრავლესობიდან წამოსული 2 დეპუტატი მეორედ აძლიერებს ოპოზიციურ ფრაქციას „პატრიოტთა ალიანსს", რომელიც გასულ კვირას დატოვა დავით ჭიჭინაძემ და ფრაქცია 5 დეპუტატით დარჩა, რითაც დაშლის საფრთხის წინაშე დადგა. ბესელიას ე.წ. ჯგუფიც ელოდება უმრავლესობიდან დეპუტატების წამოსვლას და მათთან შეერთებას, რომ ფრაქცია შექმნან. ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ, რადგანაც ამ ჯგუფში მხოლოდ 4 დეპუტატია, ბესელია, გოგიჩაშვილი, ფოფხაძე და კვაჭანტირაძე. ეს ჯგუფი „ოცნებიდან" მინიმუმ 2 დეპუტატის წამოსვლას ელოდება, რომ ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 კაცი მოგროვდეს“ , - განაგრძობს გამოცემა.

"ეკა ბესელიამ გასულ კვირას დააანონსა კიდეც, რომ უმრავლესობიდან წამოსვლები ჯერ მხოლოდ დაიწყო და უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ წამომსვლელს ვნახავთ. ჯერ უცნობია, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის რიგების დატოვებაზე და „ოცნებიდან" წამოსულები ბესელიას ე.წ. ჯგუფს აირჩევენ, „პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდებიან თუ საერთოდ ახალ ჯგუფს შექმნიან. „პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომიას თქმით, არის ინფორმაცია, რომ უმრავლესობიდან 30 დეპუტატამდე უნდა წამოვიდეს და მოხარული იქნება თუ მათი ნაწილი მის პოლიტიკურ გაერთიანებას შეურთდება. ლომიას თქმით, უკვე არის იმის მოლოდინი, რომ ახალი უმცირესობა შეიქმნას, სადაც „ოცნებიდან" წამოსულები და „პატრიოტები" ერთად იქნებიან. „ახლა წავიკითხე, რომ კიდევ 30 წევრამდე გამოაკლდება. დღევანდელი უმცირესობის დაშლა გარდაუვალია, რომც გაერთიანდნენ ეს „ევრონაცები" და „ნაცები". შესაძლებელია, რომ ახალი უმცირესობა შეიქმნას. ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,"- ამბობს ლომია. ახალი უმცირესობის შექმნის შესაძლებლობა „ნაციონალებსა" და „ევროპულ საქართველოს" აქვთ, გაერთიანების შემთხვევაში, სხვა ფრაქციებს, ჯერჯერობით, არა“, - დასძენს გამოცემა.

"კანონის მიხედვით, უმცირესობაში შეიძლება გაერთიანებული იყოს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია და წევრების საერთო რაოდენობა უნდა აჭარბებდეს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს და დღევანდლამდე საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი ჰქონდა. თუმცა „ოცნებიდან" 7 დეპუტატის წამოსვლის შემდეგ უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დეპუტატების რაოდენობა უკვე გახდა 21. მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას" 6 დეპუტატი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსს" უკვე ჰყავს 7 დეპუტატი. დამოუკიდებელი დეპუტატია - 8. მათგან 4 არის ბესელიას ე.წ. ჯგუფში. დამოუკიდებელი დეპუტატები ასევე არიან: ნატო ჩხეიძე, მამუკა ჩიქოვანი, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი. ამდენად, დღეს ახალი უმცირესობის სტატუსის მოსაპოვებლად ჯგუფს მინიმუმ 22 დეპუტატი სჭირდება, სანამ „ოცნებიდან" კიდევ არ წამოვა ვინმე. ახლა კითხვაა, გეგმავს თუ არა „ევროპული საქართველო" ყოფილ თანაგუნდელებთან ერთობის ხელახლა შექმნას. უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ „ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები არ მიმდინარეობს და „ევროპული საქართველოსთვის" უმცირესობის ფორმალური სტატუსი არ არის დიდი მნიშვნელობის მქონე", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა