გია ხუხაშვილი - ანაკლის პორტის მშენებლობის იდეამ უკვე ამ ეტაპზე მიიღო გამოუსწორებელი ზიანი, ჩვენ იმის იმედიც აღარ უნდა გვქონდეს, რომ „თიბისის“ საქმე 2-3 თვეში დასრულდება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს,გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, მმართველი გუნდის შეკრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართა. „ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატის გამოსვლის შემდეგ ბევრს კი საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი გუნდი დაიშალა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის მსგავსი არც არაფერი ხდება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ახალი კონფიგურაცია შეიქმნება საკანონმდებლო ორგანოში. მიუხედავად ამისა, მაინც გკითხავთ, თქვენი აზრით, ახლა რა ხდება მმართველ გუნდში?

- ფაქტია, რომ მმართველ გუნდში სერიოზული კრიზისია. „ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულ ადამიანებს თავიდანვე არ ჰქონდათ არაფერი საერთო. მასში გაერთიანებული იყვნენ აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობების, მსოფლმხედველობის, ადამიანური თვისებების და თუნდაც ბიოგრაფიის ადამიანები. მათი ერთადერთი გამაერთიანებელი ივანიშვილის ფაქტორი და რესურსები იყო..

„ქართულ ოცნებაში“ რყევები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი, როგორც ძალის ცენტრი, კეთილდღეობის მიღების წყაროდ რჩება და მმართველი გუნდის პირობითი ერთიანობა ამაზე დგას

ივანიშვილის ფაქტორი ორი ელემენტისგან შედგებოდა. ერთი გახლდათ მისი რესურსები, ანუ „ოცნებაში“ გაერთიანებული ადამიანების სხვადასხვა ტიპის კეთილდღეობის წყარო. მეორე კი იყო ივანიშვილის ავტორიტეტი და რეპუტაცია. შეიძლება ითქვას, მითი მისი უძლეველობის შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილის მომხიბლელობას ერთ-ერთი ელემენტი, უზადოდ დიდი ავტორიტეტის მითი გამოაკლდა. „ქართულ ოცნებაში“ ბევრს შეეპარა ეჭვი, რომ ივანიშვილს აქვს ლიდერული თვისებები, რომ ის არის შეუმცდარი და უძლეველი. ასე მოხდა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მისი ნიშნით მიდიოდა, მან წააგო და ამის შემდეგ მოუწია გარე ძალების მოხმობა.

„ქართულ ოცნებაში“ რყევები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი, როგორც ძალის ცენტრი, კეთილდღეობის მიღების წყაროდ რჩება და და მმართველი გუნდის პირობითი ერთიანობა ამაზე დგას. ეს ადამიანები რომ წავიდნენ, სად უნდა წავიდნენ?

- საპარლამენტო არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ სპორტულ-პოლიტიკურ ფორმაში შეხვდება „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს?

- ჩემი აზრით, ძალიან ცუდში. ფაქტობივად, დღეის მდგომარეობით “ქართულ ოცნებას“ ელექტორალური მასა აღარა ჰყავს. ვგულისხმობ გულწრფელ და მხურვალე მხარდამჭერებს. ერთადერთ მის აქტივად შეიძლება ჩაითვალოს რესურსების მონოპოლიზაციის საშუალება, რომელი მიმართულებითაც ბოლო პერიოდში აქტიური და აგრესიული ნაბიჯებიც კი გადაიდგა.

როგორც ჩანს, „ოცნებას“ აღარ აქვს იმედი, რომ ელექტორატს დაიბრუნებს, ამიტომ სჭირდება ფინანსური ნაკადების კონტროლი და მართლმსაჯულების სისტემის სრული დაქვემდებარება

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ცენტრი თვლის ასე - თუ მხარდამჭერები არა გვყავს, უნდა შევძლოთ რესურსების მონოპოლიზაცია. არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკურ ძალებში რესურსების ინვესტირება, გარე ოპოზიციას უნდა გამოეცალოს ყველა რესურსი და მარტივად და ბანალურად ვიყიდოთ არჩევნები. როგორც ჩანს, „ოცნებას“ აღარ აქვს იმედი, რომ ელექტორატს დაიბრუნებს, ამიტომ სჭირდება ფინანსური ნაკადების კონტროლი და მართლმსაჯულების სისტემის სრული დაქვემდებარება.

- ბატონო გია, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობდით, „ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. იგი მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. თქვენი აზრით რას ნიშნავს ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არც არაფერს ნიშნავს, ვინაიდან, „ოცნება“ სისტემურ კრიზისშია, ღარიბაშვილი არ არის იმ დონის ფიგურა, რომელსაც მმართველ გუნდში სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად ერთი აგურის დადება რომ შეუძლია.

„ოცნება“ სისტემურ კრიზისშია, ღარიბაშვილი არ არის იმ დონის ფიგურა, რომელსაც მმართველ გუნდში სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად ერთი აგურის დადება რომ შეუძლია

მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოჰყვეს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გახლავთ ის, რომ შეიძლება „თიბისი“ საქმის სკანდალი 2-3 დღით გადაიფაროს.

- უვადოდ უამრავი მოსამართლეა დანიშნული, მათ შორის ისეთებიც, ვის მიმართაც პრეტენზიები საზოგადოებას ჰქონდა და აქვს, ასევე დისკრედიტებული არიან “თიბისის“ დამფუძნებლები ხაზარაძე და ჯაფარიძე. თქვენ ეს იგულისხმეთ?

- დიახ, ეს ვიგულისხმე. ეს იყო „ოცნების“ ამოცანა. „თიბისი“ ბანკის ისტორიის ერთ-ერთი პოლიტიკური მიზანი სწორედ ეს იყო. „თიბისის“ ისტორია გახლდათ გზავნილი სხვა ბიზნესებისთვისაც. მის არსი კი ასეთია - ჭკვიანად იყავით, თუ არა თქვენც იგივე მოგელით!

„თიბისის“ ისტორია გახლდათ გზავნილი სხვა ბიზნესებისთვისაც. მის არსი კი ასეთია - ჭკვიანად იყავით, თუ არა, თქვენც იგივე მოგელით!

სამწუხაროდ, პოლიტიკური ბრძოლის საწარმოებლად „ოცნებამ“ ეს ტაქტიკა აირჩია. შეცდომა იმაშია, რომ ეს ტაქტიკა საქართველოში არ მუშაობს. ბევრად უფრო „ეფექტურად და მოწესრიგებულად“ ეს ყველაფერი ჰქონდა დალაგებული სააკაშვილს, მაგრამ უშველა? არ უშველა.

ამ ქვეყანაში რესურსების მონოპოლიზაცია უკუშედეგს იწვევს. სამწუხაროდ, დრამატული მოვლენების შემსწრე ვხდებით, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ ყველაფერს დაეპატრონოს, ძალიან ცუდად ამთავრებს.

- აშკარად მძიმე საყურებელი იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ხაზარაძისა და ჯაფარიძის გამოსვლა. ბევრ კითხვას კი გაეცა პასუხი, მაგრამ რაც ვიხილეთ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა...

- ჩემთვის გასაკვირი არაფერი მომხდარა. იმიტომ, რომ რაც ხაზარაძემ ისაუბრა, ისედაც ცხადი იყო. სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ისტორიაში ეს პირველად არ ხდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „თი-ბის-ის“ ქეისი არაა მარტო პრობლემა. ხელისუფლებამ, გარკვეულ წილად ბაბილონის გოდოლი ააშენა.

აღარაა დარჩენილი სფერო და ადგილი, სადაც სახელმწიფოებრივ ქსოვილში კრიზისი არაა. ყველა ინსტიტუტში გვაქვს ან ინსტიტუციური დაპირისპირება, ან შიგა დაპირისპირება. ისეთ ინსტიტუციაშიც კი, როგორიც ეკლესიაა, იქაც საკმაოდ დიდ კრიზისს ვადევნებთ თვალს.

ყველაფერი ეს არის შედეგი, გაუგებარი, მანკიერი მმართველობის კონსტრუქციული ხარვეზების ბრალი. ის, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, არანაირ კლასიკურ მმართველობით სისტემაში არ ჯდება. დემოკრატიას რომ თავი დავანებოთ, არც დიქტატურაში არ ჯდება. არც ტირანიაში და არც არაფერში არ ჯდება. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერ მმართველობით ფორმაციაში პოლიტიკური ელიტა ფორმალიზებულია. ის ინსტიტუციურ ჩარჩოშია მოქცეული.

აღარაა დარჩენილი სფერო და ადგილი, სადაც სახელმწიფოებრივ ქსოვილში კრიზისი არაა. ყველა ინსტიტუტში გვაქვს ან ინსტიტუციური დაპირისპირება, ან შიგა დაპირისპირება. ისეთ ინსტიტუციაშიც კი, როგორიც ეკლესიაა, იქაც საკმაოდ დიდ კრიზისს ვადევნებთ თვალს

მმართველობის ჩვენი მოდელი ყველაზე მეტად ჰგავს თეოკრატიას. ძალის ცენტრი აბსოლუტურად აცდენილია ინსტიტუტს. გადაწყვეტილებები ერთი კაცის მიერ მიიღება. ჩვენ ახლა ამ ისტორიაში ვცხოვრობთ.

თუმცა, ეს სისტემა კლასიკურ თეოკრატიაზეც ვერ ქაჩავს, იმიტომ რომ ფსევდორელიგიას ემყარება. ბუნებრივია, რომ ჩვენში მმართველობის არსებული კონსტრუქცია დიდხანს ვერ იარსებებს. ეხლა ეს სისტემა ნგრევის პროცესშია. ახლა არსებობენ ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ ძალაუფლებაზე. ხელისუფლება თავისი ინსტიტუციური წესრიგით აღარ არსებობს.

- ხაზარაძემ მოუწოდა პროკურატურას დროზე დაასრულოს გამოძიება, ვინაიდან ადგილი არც ფულის გათეთრებას ჰქონია, არც დამნაშავე არსებობს და არც დაზარალებული.

როგორც გაირკვა, ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელშეკრულებებს ვერ აფორმებენ კი არა, ბანკში მათი ანგარიშებიც დაყადაღებულია.

თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ „თიბისისთან“ დაკავშირებული პროცესი სწრაფად დასრულდება?

- იმ განცხადებების ფონზე, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით გაკეთდა, ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს და ფორსირებულად უნდა მიიღოს ამ საკითხზე გადაწყვეტილებები. საკომიტეტო განხილვამ მძიმე კითხვები გააჩინა.

აბსურდული ისაა, რომ ახლა გამოძიება აცხადებს - გამოძიების მეორე ეტაპზე მოვძებნით ვინ არის დაზარალებული. ამხელა კამპანია ჩატარდა, საერთაშორისო დონეზე ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლებად გამოცხადდნენ, არადა თურმე საქმე საწყის ეტაპზეა

ახლა გამოსაძიებელი მარტო ის კი არაა, რა ხდება „თიბისისთან“ დაკავშირებით. აბსურდული ისაა, რომ ახლა გამოძიება აცხადებს - გამოძიების მეორე ეტაპზე მოვძებნით ვინ არის დაზარალებული. ამხელა კამპანია ჩატარდა, საერთაშორისო დონეზე ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლებად გამოცხადდნენ, არადა, თურმე, საქმე საწყის ეტაპზეა.

ახლა ისიც გამოსაძიებელია, თუ რა ხდებოდა ხაზარაძესა და შსს მინისტრს შორის. ხაზარაძის განცხადების შემდეგ ამას ვერ გამოიძიებს ვერც პროკურატურა, ვერც შსს სამინისტრო და ვერც ეროვნული ბანკი, ვინაიდან ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სამივე ინტერესთა კონფლიქტში იმყოფება.

შესაბამისად, ერთადერთი ინსტიტუტი, სადაც ეს საქმე შეიძლება იქნას გამოძიებული, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გახლავთ. ეს დროში გაიწელება. ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეამ უკვე ამ ეტაპზე მიიღო გამოუსწორებელი ზიანი, ჩვენ იმის იმედიც აღარ უნდა გვქონდეს, რომ „თიბისის“ საქმე 2-3 თვეში დასრულდება.

- პალიტრანიუსის ეთერში თქვენ ბიზნესს მოუწოდეთ არ გაიმეორონ ის შეცდომები, რომელიც პატარკაციშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დავუშვით მდუმარებით. გაქვთ მოლოდინი, რომ ბიზნესმენები ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გამოექომაგებიან?

- ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ეს გარკვეულ წილად მათი პრობლემაცაა. თუ ბიზნესს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე რეაქცია არ ექნა, როგორც პატარკაციშვილის შემთხვევაში იყო, ისინი იგივე შედეგს მიიღებენ. შეიძლება უარესი შედეგიც კი მიიღონ.

თუ ბიზნესს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე რეაქცია არ ექნა, როგორც პატარკაციშვილის შემთხვევაში იყო, ისინი იგივე შედეგს მიიღებენ. შეიძლება უარესი შედეგიც კი მიიღონ

თუ ბიზნესმენები იფიქრებენ, რომ მხოლოდ თავად გადარჩებიან, ეს არსებული რეალობის მიამიტური გაგება იქნებოდა. მათ წინ პატარკაციშვილის მაგალითი უკვე აქვთ. პატარკაციშვილმა რომ ხაზარაძის მსგავსი განცხადებები გააკეთა, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა. ბიზნესმენებმა ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირათ პატარკაციშვილისთვის, უთხრეს იქნებ იგი გადამდგარიყო ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან, ვინაიდან შენს გამო ჩვენ გვექმნება პრობლემებიო.

- აქტუალური თემა გახლავთ კარასინი-აბაშიძის პრაღაში გამართული შეხვედრა. ასევე კარასინისა და შემდეგ შოიგუს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხშია შესული. თქვენი აზრით, რამდენად საშიშია ის მუქარები, რომელიც ჩვენ ერთი მხრივ კარასინისგან, ხოლო მეორე მხრივ შოიგუსაგან მოვისმინეთ?

- ეხლა რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ხდება, არ არის საქართველო-რუსეთის ისტორია. თუ გლობალურ პოლიტიკას შევხედავთ, საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა, მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების.

ფაქტია, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გრადუსი იზრდება. სამწუხაროდ, საქართველო ამ დაპირისპირების წინა ხაზზეა. მას შემდეგ, რაც სირიის თემა უკანა პლანზე გადავიდა, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ეპიცენტრმა შავ ზღვაზე გადაინაცვლა. ნატო შავი ზღვის აკვატორიაში ცდილობს დააბალანსოს რუსეთი. ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში წინა პლანზე უკრაინა და საქართველო არიან.

რუსეთს ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც ეჭვები აქვს გაჩენილი და ფიქრობს, რომ ეს მშენებლობა დიდი დასავლური სტრატეგიის ნაწილია. შესაძლოა, კარასინ-შოიგუს განცხადებები სწორედ ამ ეჭვების გამო გაკეთდა

ბუნებრივია, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერებას არ აპირებს. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ დავუშვით რამე შეცდომა. ობიექტური მოცემულობაა შექმნილი ისეთი, რომ ჩვენ ისტორიულ კანონზომიერებას გამოვყავართ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების წინა ხაზზე, რაც ძალიან სახიფათოა.

რუსეთი შავ ზღვაზე პოზიციების დათმობას არ აპირებს. რუსეთს ასიმეტრიული პასუხი ახასიათებს. ერთ-ერთი ასეთი ასიმეტრიული მიმართულება შეიძლება საქართველოს დაუკავშირდეს.

რახან ანაკლიის პორტზე ვისაუბრეთ, ვიტყვი იმასაც, რომ მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც ეჭვები აქვს გაჩენილი და ფიქრობს, რომ ეს მშენებლობა დიდი დასავლური სტრატეგიის ნაწილია. შესაძლოა კარასინ-შოიგუს განცხადებები სწორედ ამ ეჭვების გამო გაკეთდა.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”