„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ საწესდებო კაპიტალი 27 მილიონ ლარამდე გაზარდა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 6 მილიონი ლარით გაიზარდა და 27 მილიონი ლარი გახდა.

ეს გადაწყვეტილება კომპანიის აქციონერებმა (“ვენის სადაზღვევო ჯგუფი“), 2018 წლის დეკემბერში მიიღეს, რომელიც იმავე თვეს აღსრულდა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, სანდო და ფინანსურად სტაბილური სადაზღვევო კომპანიაა. კაპიტალის ზრდის გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენს აქციონერებისთვის მთავარია გრძელვადიანი განვითარება და მზად არიან სამომავლო პერსპექტივაში გააკეთონ სერიოზული ინვესტიცია ჩვენს კომპანიაში და ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით მოსალოდნელი რეფორმები სადაზღვევო ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ცვლილებები უკვე ამოქმედდება - ვგულისხმობ, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონს, კონკურენციის ხელშეწყობის ღონისძიებებს და სხვა ცვლილებებს.“

მოთხოვნა საზედამხედველო კაპიტალზე 2017 წლიდან გამკაცრდა დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის დადგენილებით (ე.წ. სოლვენსი I), რასაც „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სრულად აკმაყოფილებდა ამ დროისთვის. უფრო მეტიც, როგორც წამყვანი ევროპული კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გადახდისუნარიანობის მარჟისა და ლიკვიდურობის სტანდარტები მაღალია, ვიდრე ადგილობრივი სტანდარტი, რაც მეტყველებს ფინანსური სტაბილურობისა და საიმედოობის მაღალ დონეზე. გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის თაობაზე უკავშირდება აქციონერების გრძელვადიან ხედვას და განვითარების პერსპექტივას.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს