როგორ მოვიზიდოთ ტრილიონი დოლარი ტრილიონი ვატი მზის ენერგიის საწარმოებლად

მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. აქედან, 430 მილიონი აზიის განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაა. ინოვაციური გზების დაუყოვნებლივი მოძიებაა საჭირო სოციალურად, ეკონომიკურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ენერგეტიკული სისტემებისა და მარტივად მოსახმარი დანადგარების შესაქმნელად.

მზე ენერგიის ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა მსოფლიოში და გაცილებით დიდი, ვიდრე ყველა სხვა რესურსი ერთად აღებული. მზის გამოსხივების ის რაოდენობა, რასაც ყოველ საათში დედამიწა იღებს, ბევრად აღემატება პლანეტის მიერ ენერგიის მთლიან, წლიურ მოხმარებას. მზის რესურსები განსაკუთრებით უხვია ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკებში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის სწორედ ის ნაწილი ცხოვრობს, რომელიც თანამედროვე ენერგეტიკულ სისტემებს არის მოკლებული.

რადგან მზის ტექნოლოგიების ღირებულება განუხრელად მცირდება, არსებული ენერგოდეფიციტიდან საიმედო გამოსავალი მზის ენერგიის გამომამუშავებელი დანადგარებია. ამ დაკვირვებებმა ბიძგი მისცა მზის საერთაშორისო ალიანსის ჩამოყალიბებას (ISA). ორგანიზაციის შექმნის იდეა ინდოეთის მთავრობას ეკუთვნის, რომელმაც მიზნად დაისახა 1 ტრილიონი აშშ დოლარის მოზიდვა განვითარებად ქვეყნებში 2030 წლისათვის 1 ტრილიონი ვატის (1 ტერავატი) მზის ენერგიის მწარმოებელი სისტემების შესაქმნელად.

განახლებადი ენერგიის ისტორიაში ISA-ს მიერ დასახული მიზანი უპრეცენდენტოა, თუმცა, არა შეუძლებელი. სხვაგვარად თუ შევხედავთ, მომდევნო 12 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ტრილიონი აშშ დოლარის მოზიდვა არც ისე ამბიციური გეგმაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ 2018 წელს მზის ენერგიაში ჩადებულმა მსოფლიოს ჯამურმა ინვესტიციამ 130 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ინდოეთში, აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში იყო თავმოყრილი და დანარჩენი მსოფლიოსთვის თითქმის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ამ წამოწყებაში ყველაზე დიდი გამოწვევა 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის განვითარებად ქვეყნებში მოზიდვაა, სადაც მზის ენერგიის წყაროები ჯერ კიდევ აღურიცხავია.

სად ვიშოვოთ 1 ტრილიონი დოლარი?

ვიცით, რომ მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე ლიკვიდურობა პრობლემას არ წარმოადგენს. ინვესტორებისგან ხშირად ისმის - სად არის პროექტი, რომელშიც ფულს ჩავდებთ? უფრო ხშირად კი პროექტების ავტორებისგან გვესმის: სად არის ფული ჩვენი პროექტისთვის?

ამ ორ მხარეს ერთმანეთისგან ფინანსური მოგების პერსპექტივა აშორებს. ინვესტორი ფულს ისეთ პროექტში ჩადებს, რომელიც ადეკვატურ მოგებას მოუტანს, ასეთი მოგება კი დამოკიდებულია ჯანსაღ მარეგულირებელ სისტემაზე, ინსტიტუციურ ქმედუნარიანობასა და ინოვაციურ ბიზნესმოდელებზე.

მზის სისტემებში ინვესტიციის მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი პოლიტიკის დანერგვაა. სწორედ პოლიტიკასა და რეგულაციებს - მათ შორის „მწვანე ტარიფის“, განახლებადი ენერგიის შესყიდვის ვალდებულებას, საგადასახადო კრედიტებსა და ნახშირბადის ფასებს - შეუძლია მზის ენერგიის ბაზრის შექმნა, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინვესტორებში ნდობის გაზრდა. მზის ენერგიის ინვესტორებისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს არა ამინდის, არამედ პოლიტიკის ცვალებადობა, რომელიც ზოგჯერ მოულოდნელად ცვლის თამაშის წესებს.

1 ტრილიონის მოზიდვა მოითხოვს განვითარებად ქვეყნებში როგორც ინვესტიციების ათვისების მასშტაბის გაზრდას, ასევე მზის ენერგიის აქტივების შექმნასა და მართვას. თუ ამ ქვეყნებში მზის სისტემების გასამართად დანადგარების ყოველი მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი გახდა საჭირო, მაშინ რით განსხვავდება ეს ისეთი წიაღისეულის იმპორტისგან როგორიც ნედლი ნავთობია?

შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთ ქვეყნებში განვითარდეს წარმოება და მზის დანადგარებისთვის საჭირო ზოგიერთი ნაწილი მისაღებ ფასად ადგილობრივად დამზადდეს და მომსახურებაც ადგილობრივად ხელმისაწვდომი გახდეს. და ბოლოს, მზის ენერგიის დანერგვა განვითარებად ქვეყნებში, სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობისთვის, ხშირად გულისხმობს მცირე მასშტაბის ქსელურ სისტემებს, მათ შორის მიკრო-სადგურებსაც.

წარმატებული ბიზნესმოდელი ასეთი სისტემებისთვის ორ მთავარ ელემენტს მოიცავს: ა) გამწევი ძალა ანუ მოზრდილი ელექტრული დანადგარი, რომელიც ისეთ მრავლობით ფუნქციას შეასრულებს, როგორიცაა წყლის ტუმბვა, ირიგაცია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამუშავება; და ბ) თემის ჩართულობა, რაც გულისხმობს მომხმარებლებს, რომლებიც „მწარმოებელ-მომხმარებლის“ ფუნქციებს ითავებენ. ისინი პირადი მოხმარების ელექტროენერგიას მზის გამანაწილებელი სისტემებით აწარმოებენ და ხელს უწყობენ თემში ელექტროენერგიის პროდუქტიულ გამოყენებას.

1 ტრილიონი აშშ დოლარი უპირველეს ყოვლისა ბანკების, ინვესტორებისა და მათ შორის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) უნდა გამოიყოს. ADB-მა 2019-2030 წლებში კლიმატის დაფინანსებაზე 80 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო საჭიროების მხოლოდ მცირე ნაწილია, ADB მზადაა ტექნიკური დახმარება გაწიოს რეგულაციების რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, რაც პოლიტიკის რეფორმებთან ერთად შექმნის კომერციული ინვესტიციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სიცხადეს, სტაბილურობასა და გამჭვირვალობას.

ADB-მა სხვა განვითარების ბანკებთან ერთად ხელი მოაწერა ISA-თან თანამშრომლობის მემორანდუმს, ჯანსაღი პოლიტიკის რეგულაციების, გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნის მიზნით, რაც კომერციული ბანკებიდან და კერძო სექტორიდან ფინანსების მოზიდვის აუცილებელი პირობაა. ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლისათვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის მოზიდვა 1 ტრილიონი ვატი მზის ენერგიის მწარმოებელი სისტემების ასაგებად დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ხელმისაწვდომი და აქტუალური იქნება.

იონგპინგ ჟაი აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ენერგეტიკის სექტორული ჯგუფის ხელმძღვანელია.

ავტორი: იონგპინგ ჟაი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს