ჩრდილოვანი ბიზნესი და მნიშვნელოვანი სტატისტიკის არარსებობა – მენაშენეები იჯარის დაბეგვრის 1%-მდე შემცირებას ითხოვენ

ბინის გაქირავება თბილისში სარფიანი ბიზნესია. ამ სეგმენტში ჩართულ ფიზიკურ პირებს 5%-იანი გადასახადი აქვთ დაწესებული, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, ამ თანხას ძალიან ცოტა გამქირავებელი იხდის.

ასეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის დაწესებული 20%-იანი გადასახადი რამდენიმე წლის წინათ „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივით შემცირდა, თუმცა, მხოლოდ 5%-მდე.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი კოლეგების იდეა იყო იჯარის დაბეგვრის სიმბოლურ – 1%-მდე შემცირება, ვინაიდან ასეთ პირობებში გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა მაქსიმუმამდე გაიზრდება და საბიუჯეტო შემოსავლები ამ სეგმენტიდან გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს დღეს არის. „ანუ ბიზნესის ეს სფერო არ არის მოქცეული არც ბანკებში და სახელმწიფოც ვერ აღრიცხავს მას“, – მიიჩნევენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.

„მენაშენეთა ასოციაციამ“, მწირი ოფიციალური ინფორმაციის პირობებში, საკუთარი მეთოდოლოგიით გამოთვალა სტატისტიკა, რომელიც თბილისში მხოლოდ საცხოვრებელი ფართების გაქირავებას გამოსახავს:

  • გაქირავებულია 25 000 ბინა (ზოგი გათვლებით ეს რიცხვი ბევრად მეტია)
  • საშუალო ქირა არის 520 ₾ ($200). ცენტრში – $350, პერიფერიებში – $150
  • წესით, თვეში ბიუჯეტში უნდა შედიოდეს 650 000 ₾ (25000X520X5%)
  • გადასახადს, 5%-ს, იხდის მაქსიმუმ 5% (1250 გამქირავებელი), სულ რაღაც, 32 500 ₾
  • 520 ₾ - 5% არის 26 ₾

„თავის დროზე, როცა გაქირავებიდან კერძო პირს უნდა გადაეხადა ქირის ღირებულების 20%, არავინ არაფერს იხდიდა, ბევრი ბინა კი იყო გაქირავებული. ანუ ბიზნესის ეს სეგმენტი მთლიანად ჩრდილში იყო მოქცეული. შესაბამისად, ჩვენ ეს საკითხი დაახლოებით 5-6 წლის წინათ დავაყენეთ, რის შემდეგაც გადასახადი შემცირდა და ფიზიკური პირებისთვის 5% გახდა. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო ეს გადასახადი, ვითხოვდით სიმბოლურ გადასახადს“.

მენაშენეების აზრით, იმ ადამიანებს, რომლებიც ბინებს თვეში 520 ლარად აქირავებენ, უჭირთ იმ 5%-ის – 26 ლარის გადახდა, ვინაიდან ეს თანხმა ოჯახს ორი დღის განმავლობაში გამოკვებავს.

ბიზნესის ამ სეგმენტის დიდწილად ჩრდილოვან ზონაში მოქცევა (დაახლოებით 95%) უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ინფორმაციის ვერშეგროვებას ნიშნავს, მათ შორის, რამდენია ბაზარზე მოთხოვნა ბინების დაქირავებაზე, რამდენი ადამიანია შიდა მიგრაციაში (ესენი არიან ძირითადად შრომითი მიგრანტები), რომელთა ლომის წილი თბილისშია თავმოყრილი და სხვ. ასეთი სტატისტიკური მონაცემები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თბილისის სტრატეგიული განვითარების განსაზღვრის, მათ შორის სატრანსპორტო თუ სხვა ინფრასტრუქტურული რეფორმების სწორად დაგეგმვა-რეალიზაციისთვის.

შევხედოთ საქართველოში შიდა შრომითი მიგრაციის სტატისტიკას, რომლის ზუსტი მონაცემები, ისევ და ისევ ამ აღურიცხაობის გამო, არ გვაქვს. დავუშვათ, თბილისში სამუშაოდ რეგიონებიდან 100 000 ადამიანია ჩამოსული. ისიც დავუშვათ, რომ, საშუალოდ, 4 ადამიანი ერთ ბინას ქირაობს. გამოდის, გაქირავებულია 25 000 ბინა. ბინის დაქირავება თბილისში, რაიონების განსხვავებული ფასების გათვალისწინებით, საშუალოდ, 520 ლარი გამოდის თვეში. ანუ თბილისში 25 000 ბინა გაქირავებულია 520 ლარად, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. გამქირავებელი 520 ლარიდან თვეში 26 ლარს უნდა იხდიდეს, მაგრამ არ იხდის. ამიტომ ყველა, ეს 25 000 გამქირავებელიც და დამქირავებელიც, დამნაშავე გამოდის, მოქცეულია რა ჩრდილოვანი ეკონომიკის სეგმენტში.

გარდა ამისა, „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პროცესში სამართლებრივ-სოციალურ პრობლემასაც ხედავს, რადგან, მისივე თქმით, „ამ შემთხვევაში უამრავი ადამიანი თავს არიდებს კანონით დადგენილი გადასახადის გადახდას, ანუ ეს ხალხი ავტომატურად დამნაშავედ იქცევა. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუძებნო ეს დარღვევა და პასუხიც აგებინო. ანუ პრაქტიკულად დამნაშავის როლშია უამრავი მოქალაქე, როგორც გამქირავებელი, ისე მოიჯარე“.

„ჩვენი პოზიციაა, ბინის გაქირავებაზე გადასახადი გახდეს 1%, ოღონდ მასზე, ვინც ამ სიმბოლურ გადასახადს აარიდებს თავს, ისეთი საჯარიმო სანქცია უნდა გავრცელდეს, რომ მნიშვნელოვნად შეეტყოს მის პირად ბიუჯეტს“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

გარდა ამისა, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, „ბიზნესის ამ სფეროში რეგულირება საერთოდ არ ხდება, რის გამოც უამრავი ადამიანი იღუპება ნაქირავებ ბინაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ გარდაიცვალა 7 კაცი ერთი გამათბობლის არასწორად დამონტაჟების გამო. თუმცა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოხდეს გასაქირავებელი ფართების სერტიფიცირება, ან სხვა სახის მარეგულირებელი წნეხის ქვეშ მოქცევა, მაგრამ ელემენტარული, რაც უნდა დაკმაყოფილდეს – გასაქირავებელი ფართი მოიჯარის სიცოცხლეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს“.

ირაკლი როსტომაშვილის აზრით, ცხადია, ასეთ ცვლილებებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება და ბევრი იტყვის, რომ ხალხს ვზღუდავთ – არ ვზღუდავთ! პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი ნორმაში იყოს, რომ ასეთი ტრაგედიები, თუნდაც როგორიც იყო ერთ ბინაში 7 კაცის დაღუპვა, აღარ მოხდეს. „ბოლოს და ბოლოს, თუ სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერებას ვახდენთ, ბინებშიც ხომ არის უსაფრთხოების მინიმალური კომპონენტები დასაკმაყოფილებელი?!“ – ამბობს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

რაც შეეხება სტატისტიკას, ასეთი ცვლილებებით რეალურ სურათს მივიღებთ, რა ხდება დედაქალაქში მიგრაციის კუთხით. ეს ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია – მათ შორის ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად და მუნიციპალიტეტის სხვა ინფრასტრუქტურის რეფორმისთვის.

დაბოლოს, „მენაშენეთა ასოციაცია“ ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • საცხოვრებელი ფართის იჯარის გადასახადი გახდეს 1%
  • გამკაცრდეს ადმინისტრირება, არგადახდაზე დაწესდეს „დრაკონული“ ჯარიმა
  • გათეთრდება შემოსავლები (თუნდაც ბანკში სესხის მოთხოვნის დროს)...
  • შემოსავალი იქნება 130 000 ₾ თვეში (1 560 000 ₾ წელიწადში)
  • შემოსავალი გაიზრდება 4-ჯერ და ქვეყანაში შემცირდება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს