თამაზ გაიაშვილი - „ტავ ჯორჯია“ ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, „ტავ ურბან ჯორჯია“ კაბალური პირობებით მუშაობს, ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს. ამის შესახებ თამაზ გაიაშვილმა „ტავ ურბან ჯორჯიასა“ და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ტავ ურბან ჯორჯიას“ მომსახურების სერვისი თბილისსა და ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. თამაზ გაიაშვილის განცხადებით, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დარღვეულია უსაფრთხოების ნორმებიც, რაც მაგალითად, ასაფრენ ბილიკთან დაკავშირებულ პრობლემებში გამოიხატება.

ამასთან, როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა განაცხადა, ის 9-მილიონიანი დავალიანება, რომელიც კომპანიას ბოლო 1 წლის განმავლობაში დაუგროვდა, მაღალი გადასახადებით არის გამოწვეული.

„ავიაკომპანიას პირველი პრეტენზია „ტავ ურბან ჯორჯიას“ მიმართ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით აქვს: როგორ მდგომარეობაშია პერონი, ასაფრენი ბილიკი და ასევე, ამა თუ იმ ავიაკომპანიას ის რა ტექნიკით ემსახურება. დღეს თბილისის აეროპორტის მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

9-მილიონიანი დავალიანება, რომელიც „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ გვაქვს, დაგროვდა ერთი წლის მანძილზე. ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ გარკვეულ შეღავათებს გვიწევენ, მაგრამ ჩვენ ამ თანხებს მაინც ვერ ვიხდით. წარმოიდგინეთ, შეღავათი რომ არ გვქონდეს, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. ერთ გამსვლელ მგზავრზე გადახდა დაახლოებით 40 დოლარი გვიჯდება. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებშიც გვაქვს გადასახადები. ჩვენ ვდავობთ, რომ ის გადასახადი, რომელიც „ტავ ურბან ჯორჯიას“ აქვს, ძალიან მაღალია. გრაფიკი კი არის შედგენილი, მაგრამ ვერ ვიხდით, ძალიან მაღალია. გვიხდება გიგანტურ ავიაკომპანიებთან კონკურენციის გაწევა, რომელთაც როგორ საკუთარ ქვეყნებში, ისე აეროპორტებშიც აქვთ მხარდაჭერა“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტში უცხოურ კომპანიას ფინანსურად ეხმარება და ხელს უწყობს, რაც „ჯორჯიან ეარვეისის“ შემთხვევაში არ ხდება.

თამაზ გაიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ შეთანხმება არ მოხდება, შესაძლოა, კომპანიამ სასამართლოსაც მიმართოს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა