სერგეი უტკინი - როგორც ჩანს, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გავლით სომხეთში ტვირთების ტრანსპორტირების თემა უფრო ფართო კონტექსტით, არც მოსკოვისა და არც თბილისისთვის პრიორიტეტული ამოცანა არაა

საქართველოზე კარასინისა და შოიგუს განცხადებების სავარაუდო მიზნებსა და ამოცანებზე ”ინტერპრესნიუსი” რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სიტუაციური ანალიზის ცენტრის სტრატეგიული შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელს, სერგეი უტკინს ესაუბრა.

- ბატონო სერგეი, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა კარასინმა კარგა ხნის წინ განაცხადა - „საქართველოს სიურპრიზები ელოდება“, იმავე დღეს ბატონმა შოიგუმ გამოთქვა უკმაყოფილება უკრაინისა და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობების გამო და ასევე იმის გამო, რომ „ნატოს სამხედრო სწავლებები საქართველოში რეგიონში ძალთა ბალანსს არღვევს“, ქართული მედია ცდილობს გაერკვეს თუ რას უმზადებს რუსეთი საქართველოს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოსთვის ამ რუსულ გზავნილებს“?

- ამ განცხადებებში ახალი არაფერი გაჟღერებულა, მათში გარკვეულ თემებზე რუსული პოზიციების შეხსენებებია. ჩემი აზრით, ახლა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შესამჩნევი დინამიკა არ შეინიშნება, რაც შესაძლოა, ცუდიც არ იყოს იმ მრავალწლიანი პრობლემების გათვალისწინებით, რა პრობლემებიც არსებობს ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში უარყოფითი დინამიკა კარგი სიახლეა.

კარასინისა და შოიგუს განცხადებები თავისთავად არ ადასტურებს იმას, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები იმ გზაზეა, რომ კვლავ უფსკრულში აღმოჩნდეს ანდა ვარდნა განიცადოს

ჩემი აზრით, კარასინისა და შოიგუს განცხადებები თავისთავად არ ადასტურებს იმას, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები იმ გზაზეა, რომ კვლავ უფსკრულში აღმოჩნდეს ანდა ვარდნა განიცადოს.

შესაძლოა, ეს განცხადებები იმ კონტექსტში იყო გახმოვანებული, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკაში ახალი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო პოზიციას იკავებს. მართალია არა იმ უფლებამოსილების, რაც მანამდე ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტებს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მიუხედავად ამისა, ქალბატონი ზურაბიშვილი ახლა საჯარო ფიგურაა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს. გასაგებია, რომ იგი ამგვარ განცხადებებს საქართველოში არსებული განწყობების გათვალისწინებით აკეთებს.

შესაძლოა, კარასინ-შოიგუს განცხადებები მოსკოვისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და იმას უკავშირდება, რომ ქართულ პოლიტიკაში ადგილი აქვს პროცესების გარკვეულ ტრანსფორმაციას

ვიმეორებ, შესაძლოა, კარასინ-შოიგუს განცხადებები მოსკოვისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და იმას უკავშირდება, რომ ქართულ პოლიტიკაში ადგილი აქვს პროცესების გარკვეულ ტრანსფორმაციას.

რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოში დასავლეთის ყოფნას, ნატოსთან საქართველოს პერსპექტივებს, ეს ის საკვანძო საკითხებია, რომლებიც მოსკოვსა და თბილისს შორის შეუთანხმებლობის თემებად რჩება.

- კარასინთან პრაღის ბოლო შეხვედრის შეჯამებისას ბატონმა აბაშიძემ განაცხადა, რომ „რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხშია შესული“. რუსული მედიის მტკიცებით, ზურაბ აბაშიძემ მათთან საუბარში განაცხადა, რომ „რუსეთმა წერტილი დასვა“. თქვენი აზრით, რა საკითხში დასვა წერტილი მოსკოვმა თბილისთან ურთიერთობებში?

- ის, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხშია შესული, ამაზე საუბარი გუშინ არ დაწყებულა. რუსულ-ქართული ურთიერთობები იმგვარ ჩიხშია, რომელიც ყველაზე ცუდი ჩიხი არაა. ჩიხური ვითარებებიც სხვადასხვაგვარი არსებობს.

ის ჩიხი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ჩიხია იმ თვალსაზრისით, რომ რთულია მოიძებნოს ვარიანტები, რომელიც წინ მოძრაობის შესაძლებლობას მოგვცემდა. არ ვამბობ, რომ ამგვარი ჩიხი კომფორტულია, მაგრამ ცხოვრება შეიძლება ანუ ამ ჩიხში ყოფნა ორივე მხარისთვის შედარებით ასატანია.

რუსულ-ქართული ურთიერთობები იმგვარ ჩიხშია, რომელიც ყველაზე ცუდი ჩიხი არაა... ამგვარი ჩიხი კომფორტულია არაა, მაგრამ ამ ჩიხში ყოფნა ორივე მხარისთვის შედარებით ასატანია

ეს უპირველესად ეხება რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია 2012 წლის შემდეგ. იცით, რომ ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს გახშირებული საუბრები იმაზე, რომ შესაძლებელია ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. მხედველობაში არ მაქვს კარასინ-აბაშიძის დონეზე შეხვედრა.

მაგრამ, ორი ქვეყნის წარმომადგენლების უმაღლეს დონეზე შეხვედრა ბუნდოვან პერსპექტივად რჩება, რადგან ნებისმიერი ამგვარი შეხვედრა შინაარსით უნდა იყოს დატვირთული, მაგრამ შინაარსი იმ თვალსაზრისითაა გაურკვეველი, რომ რაში უნდა მოხდეს ურთიერთობებში გარღვევა, ჯერ არ ჩანს.

ორი ქვეყნის წარმომადგენლების უმაღლეს დონეზე შეხვედრა ბუნდოვან პერსპექტივად რჩება, რადგან ნებისმიერი ამგვარი შეხვედრა შინაარსით უნდა იყოს დატვირთული, მაგრამ შინაარსი იმ თვალსაზრისითაა გაურკვეველი, რომ რაში უნდა მოხდეს ურთიერთობებში გარღვევა, ჯერ არ ჩანს

ამაზე არც ის სქემა მიუთითებს, რომელიც შვეიცარიელებმა უნდა განახორციელონ ახალ სავაჭრო მარშრუტებთან დაკავშირებით და გადაწყვიტონ რიგი საბაჟო საკითხები.

ფაქტია, რომ ეს პროცესი უღიმღამოდ მიმდინარეობს. მაგრამ, ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომელიც ტოვებს იმის იმედს, რომ მიღწეული იქნება პროგრესი, თუმცა ორივე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ეს არ გადაწყვეტს მხარეებს შორის არსებულ ყველა პრობლემას.

- ადგილობრივი დამკვირვებლების მტკიცებით, მოსკოვი თბილისისაგან მოითხოვს სოხუმთან და ცხინვალთან სატრანზიტო შეთანხმებების გაფორმებას, რომლითაც სომხეთი რუსეთიდან ტვირთებს მიიღებს.

იმავე დამკვირვებლების მტკიცებით, მოსკოვი ღიზიანდება იმაზე საუბრით, რომ თბილისი მუდმივად სთავაზობს რუსეთს სომხეთისათვის განკუთვნილი ტვირთების ზემო ლარსით გატარებაზე გზების ძიებას...

- მე არ შეუდგები იმაზე მსჯელობას, თუ რომელი სატრანსპორტო მარშრუტებია უკეთესი. საქმე მნიშვნელოვან წილად ეხება პოლიტიკურ პრინციპებს. არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ რაც შეეხება ზემო ლარსს, ფაქტია, რომ იგი ზამთარში უამინდობის გამო ყოველთვის გახსნილი არაა. ამიტომ, მე გამიჭირდება ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ზემო ლარსზე გამტარიანობის გაზრდით შეიძლება.

თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის სომხეთის ტვირთების გატარებაზე შეთანხმების მიღწევა ძნელად მისაღწევია, მაგრამ ამ საქმეში სუფთა იურიდიული სქემის მოძებნა შესაძლებელია... შეიძლება მხარეებმა რაღაცებზე დახუჭონ თვალი, რაღაც მომენტები სადისკუსიო არ გახადონ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ მარშრუტი ამოქმედდეს

რაც შეეხება იმ მარშრუტებს, რომლებშიც ჩართული უნდა იყვნენ სოხუმი და ცხინვალი; გასაგებია, რომ საქართველოსთვის ეს მის სუვერენიტეტთან მიმართებაში მტკივნეული საკითხია და ამ საკითხში უმთავრესი პრობლემა სწორედ ესაა. მოსკოვის აზრით კი, საუბარია სუვერენულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომლის აღიარების უკან გაწვევაზე საუბარი არც შეიძლება იყოს.

რაც შეეხება თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის სომხეთის ტვირთების გატარებაზე შეთანხმებას, ამგვარი შეთანხმების მიღწევა ძნელად მისაღწევია, მაგრამ ამ საქმეში სუფთა იურიდიული სქემის მოძებნა შესაძლებელია. თუ ყველა მხარეს ექნება სურვილი უზრუნველყოს ამ მარშრუტებზე ტვირთების ტრანზიტი, შეიძლება მხარეებმა რაღაცებზე დახუჭონ თვალი, რაღაც მომენტები სადისკუსიო არ გახადონ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ მარშრუტი ამოქმედდეს.

როგორც ჩანს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანსპორტირების თემა უფრო ფართო კონტექსტით, არც მოსკოვისა და არც თბილისისთვის პრიორიტეტული ამოცანა არაა

მაგრამ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რომელიმე მხარე ჩქარობს ამ მარშრუტის ამოქმედებას. გასაგებია, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტ ინტერესს სომხეთი გამოთქვამს, მაგრამ მას არანაირი ბერკეტები არ აქვს გავლენა მოახდინოს სოხუმის, ცხინვალის, ან თბილისის გადაწყვეტილებაზე.

როგორც ჩანს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანსპორტირების თემა უფრო ფართო კონტექსტით, არც მოსკოვისა და არც თბილისისთვის პრიორიტეტული ამოცანა არაა.

- კარასინის განცხადების კომენტირებისას თბილისში ბევრმა გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ რუსეთი პრაღაში იმ გეოპოლიტიკური საკითხების დაყენებას ცდილობს, რომელიც მას ჟენევის ფორმატში არ გამოსდის, ვინაიდან ჟენევის ფორმატში მონაწილეობენ ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ.

მეტიც, მიიჩნევა, რომ მოსკოვი თბილისთან დიალოგის წარმოებას შუამავლების გარეშე ცდილობს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მოსაზრება რეალობასთან ახლოსაა?

- მე ამაში ვერ ვხედავ სუფთა რუსულ თამაშს. ჟენევისა და პრაღის ფორმატების გაჩენას ის აზრი ჰქონდა, რომ თუ ჟენევაში გაყინული კონფლიქტების თემებს განიხილავენ, მსჯელობენ იმაზე, თუ რა ურთიერთობები შეიძლება ჰქონდეთ თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს.

პრაღის ფორმატში ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე შემდგომი წინსვლა იმის გამოა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ მხარეებს შორის ძირითად და პრინციპულ საკითხზე წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები და პოზიციები რეალურად არსებობს

პრაღის დიალოგი ორმხრივი რუსულ-ქართული ურთიერთობების თემას ეხება. ამ ურთიერთობებში ჩიხი სწორედ იმის გამოა გაჩენილი, რომ ორმხრივი ურთიერთობები მხოლოდ ადამიანებზე არ გადის.

პრაღის ფორმატში რისი მოგვარებაც შესაძლებელი იყო გაკეთდა და მომავალშიც გაკეთდება. ამ თვალსაზრისით მართლაც სახეზეა გარკვეული პროგრესი.

პრაღის ფორმატში ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე შემდგომი წინსვლა იმის გამოა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ მხარეებს შორის ძირითად და პრინციპულ საკითხზე წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები და პოზიციები რეალურად არსებობს.

- ვხედავთ, რომ უკრაინასა და საქართველოსთან გართულებული ურთიერთობების ფონზე რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება. ოქტომბერში თურქეთი დაიწყებს რუსეთისაგან შეძენილი ს-400-ის დამონტაჟებას. სულ ახლახან შავ ზღვაზე ჩატარდა რუსულ-თურქული ერთობლივი სწავლებები. რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება?

- რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საქართველოსთან პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები რეგიონში კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული რეალობის გაგრძელებაა. თურქეთი რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია და ალიანსის წევრად დარჩება, ბოლო პერიოდში სულ მეტად ცხადი ხდება, რომ იგი დასავლურ ალიანსებთან მიმართებაში საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.

პუტინი და ერდოღანი თვლიან, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ის წინააღმდეგობები, ზოგჯერ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობები, რომელიც ორ ქვეყანს შორის არსებობს

ფაქტია, რომ თურქეთი რეგიონში სხვადასხვა დაფებზე საკმაოდ რთულ თამაშს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ანკარა წარმატებით ავითარებს ურთიერთობებს რუსეთთან, იგი სულაც არ ხურავს ურთიერთობების კარს უკრაინასთან. არის თემები, საკმაოდ პრინციპული საკითხები, რომლებშიც ანკარის პოზიცია უფრო კიევისას ემთხვევა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ანკარასთან ურთიერთობებში პრობლემებს არ ქმნის. რუსეთს ესმის, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის საკითხში.

ელიტების დონეზე მოსკოვსა და ანკარაში გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. პუტინი და ერდოღანი თვლიან, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ის წინააღმდეგობები, ზოგჯერ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობები, რომელიც ორ ქვეყანს შორის არსებობს.

- ჩვენთან მალე ნატოს საკმაოდ მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართება. იმ წვრთნებზეა საუბარი, რომელზეც რეაქცია ბატონ შოიგუს ჰქონდა. კარგა ხანია ნატოში განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებსა და სცენარებს საჭიროების შემთხვევაში საქართველოს დასაცავად.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ კონტექსტშია მოსალოდნელი ის „სიურპრიზები“, რომლითაც ბატონი კარასინი ქართველ კოლეგებს აფრთხილებდა და რაზეც ბატონმა შოიგუმ კიდევ ერთხელ მიუთითა?

- ამ განცხადებებიდან ჩანს, რომ კარასინმა და შოიგუმ კი არ გააკეთეს განცხადებები მოსალოდნელი სიურპრიზების შესახებ, არამედ მათ გააფრთხილეს საქართველო, რომ საქართველოს არ გაეკეთებინა სიურპრიზები.

კარასინისა და შოიგუს განცხადებები იმის შეხსენება უფრო იყო, რომ თუ ნატოსთან საქართველოს დაახლოება შეცვლის რეგიონში ძალთა ბალანსს, ეს უარყოფითად აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

კარასინისა და შოიგუს განცხადებები იმის შეხსენება უფრო იყო, რომ თუ ნატოსთან საქართველოს დაახლოება შეცვლის რეგიონში ძალთა ბალანსს, ეს უარყოფითად აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ეს ეხება იმასაც, თუ საქართველომ გადადგა პროვოკაციული ნაბიჯები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ საქართველო არც სოხუმის და არც ცხინვალის მიმართ არ აპირებს რაიმე ტიპის პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას. მეორეც, რა გამოდის - რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქვს უფლება განათავსოს თავისი სამხედრო ქვედანაყოფები, რომლითაც იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ხოლო საქართველოს თავის ტერიტორიაზე არ აქვს უფლება ჰყავდეს არც თავისი და არც თავისი მოკავშირეების სამხედრო ქვედანაყოფები?

- საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულიად დაქსაქსულები არიან, ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმაში არიან, მაინც იღებდნენ გამოცდილებასა და ტექნიკას ნატოსაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი მომზადების დონე მაღალი არაა.

- საუბარი იმაზე კი არაა, თუ როგორ დონეზე არიან ისინი ამჟამად, არამედ იმაზე, საქართველოს აქვს თუ არა უფლება ჰყავდეს თავისი შეიარაღებული ძალები?

- საქართველოს ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები და არავინ არ კამათობს იმაზე, რომ მას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, შეიძლება ისინი ჰყავდეს.

რაც შეეხება იმას, შეუძლიათ თუ არა მათ თავის დაცვა, ეს საკითხი, ანუ უსაფრთხოების თემა ყოველთვის დილემაა. ნებისმიერი ფარის წინააღმდეგ შეიძლება მოიძებნოს უფრო ძლიერი იარაღი, რაც ამ ფარის კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვს. ახლა ხშირად ეშლებათ ერთმანეთში თავდაცვითი და თავდასხმითი ტექნოლოგიები.

საქართველოს შემთხვევაში კი საკითხი ასე დგას - როგორ პოლიტიკას ჩამოაყალიბებს თბილისი სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებაში. ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის დიალოგის დაწყება და მისი შენარჩუნება. ეს გახლავთ ის პრობლემური ველი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს პროვოკაციები.

მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური წინააღმდეგობები რეალურად არსებობს. ამ თვალსაზრისით კარგი იქნებოდა მხარეებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დაწყება და მის საფუძველზე ნდობის გაღრმავებაზე დიალოგის დაწყება

ამიტომაცაა, რომ რუსული მხარე მუდმივად საუბრობს მხარეებს შორის ნდობის გაღრმავებაზე. მხედველობაში მაქვს ერთი მხრივ, რუსულ და ქართულ მხარეებს შორის ნდობის გაღრმავებაზე, ხოლო მეორე მხრივ, თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენაზე, რაზეც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ეუთო და გარკვეული ბაზა არსებობს.

ფაქტია, რომ ნდობის აღსადგენად ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ისინი იმის გამო ვერ კეთდება, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური წინააღმდეგობები რეალურად არსებობს. ამ თვალსაზრისით კარგი იქნებოდა მხარეებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დაწყება და მის საფუძველზე ნდობის გაღრმავებაზე დიალოგის დაწყება.

- დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა კარგი კია, მაგრამ ერთობ რთულია იმ ფონზე, როცა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები ანდა მათთან დაახლოებული პირები სულ იმაზე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აიძულონ ყველა უყვარდეთ „რუსული სამყარო“ და არ მალავენ იმას, რომ „უკრაინაში რუსეთის ომის მიზანი კიევია“...

- ჩვენთან ბევრი ვინმე აკეთებს მსგავს განცხადებებს, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, მაგრამ…

- უკაცრავად, მაგრამ იმავეს აცხადებს პრეზიდენტი პუტინი. მან არაერთხელ განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია. არადა, დღევანდელ უკრაინაში 25-30 მილიონი ადამიანი მაინც ცხოვრობს, რომლებიც თავს უკრაინელებად მიიჩნევენ...

- ის, რომ პუტინი რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად განიხილავს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება პოლიტიკური დასკვნები გავაკეთოთ. უკრაინასთან კონფლიქტის უმთავრესი მომენტია კონფლიქტი დონბასში. ეს თემა განიხილება და ყველა თანხმდება, რომ ამ პრობლემის ირგვლივ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა და გადაწყვეტილების მიღებაც.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხი საერთაშორისო ურთიერთობების უმწვავეს თემად რჩება, ძალიან ნიშვნელოვანია ის, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე უკრაინის საკითხი ნეგატიურად არ ასახულა

ეს სწრაფად არ მოხდება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხში შესაძლებელია. რა თქმა უნდა, საუბარი არაა იმაზე, რუსული ძალები განახორციელებენ თუ არა შეტევას კიევზე. საუბარი შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხი საერთაშორისო ურთიერთობების უმწვავეს საკითხად რჩება, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე უკრაინის საკითხი ნეგატიურად არ ასახულა.

რუსეთმა და საქართველომ შეძლეს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, კარასინ-აბაშიძის დონეზე დიალოგის შენარჩუნება. ის, რომ ამ კაპიტალის შენარჩუნება მოხერხდა, ეს არის რუსულ-ქართული ურთიერთობების მიღწევა.

- რუს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდრე თეთრ სახლში ტრამპია, პუტინი შეეცდება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას „რუსული სამყაროს“ გასაფართოებლად. ზოგი მათგანი არც იმას გამორიცხავს, რომ თუ პუტინის რეიტინგმა განაგრძო ვარდნა, იგი ბირთვული იარაღის გამოყენებასაც არ მოერიდება.

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი პუტინი ზეწოლას თბილისსა და კიევზე გააძლიერებს“? ან ვაშინგტონსა და დანარჩენ მსოფლიოს აუსრულებს თავის მუქარას „რუსული სამყაროს გასაფართოებლად“ და ამისთვის ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს?

- მეჩვენება, რომ ადამიანები, რომლებიც რუსულ პოლიტიკაზე ცდილობენ მსჯელობას, რუსეთზე ისე საუბრობენ, როგორც სსრკ-ზე. მათ შორის, სამხედრო პოტენციალზეც. დღევანდელი რუსეთი სსრკ-დან ძალიან შორსაა.

მარტო სამხედრო შესაძლებლობები რომ დავთვალოთ, ან დემოგრაფიული მდგომარეობა, ეს ასე არაა. აღარაფერს ვამბობ სხვა მონაცემებზე. ამიტომ, ასეთ ვითარებაში „რუსული მიწების შეგროვების“ თვისობრივად ახალ ეტაპზე დაწყებაზე საუბარი რთულია. ამგვარი შესაძლებლობები დღევანდელ რუსეთს უბრალოდ არ გააჩნია.

სამხრეთ კავკასიაში იმპერიული ექსპანსიის იდეები არც რეალიზებადია და არც შედის მოსკოვის გეგმებში

ყირიმის მიერთება სხვა საკითხი იყო, რადგან მანდ რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობდა. წარმოუდგენელია იმაზე ფიქრიც კი, რომ სხვაგანაც ასე უმტკივნეულოდ, „მწვანე ადამიანების“ აქტიურობით გახდება შესაძლებელი „რუსული მიწების“ შემოერთება.

ეს ეხება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც, საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს. რეგიონის ყველა ქვეყანამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ გასული ათწლეულების მანძილზე ყველა ქვეყანაში ძალიან ფასეულია ეროვნული დამოუკიდებლობა, რომ ამ ქვეყნების სუვერენიტეტი არ გახლავთ ის, რაც პოლიტიკოსებმა მოიგონეს, ეს გახლავთ ის, რომ ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ის ახლობელი და გასაგებია.

სამხრეთ კავკასიაში იმპერიული ექსპანსიის იდეები არც რეალიზებადია და არც შედის მოსკოვის გეგმებში. არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომელიც შეიძლება ითქვას 90-იან წლებშია ჩამოყალიბებული, მხედველობაში მაქვს საქართველოსთვის მტკივნეული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, ასევე მოუწესრიგებელი ყარაბაღის კონფლიქტი, ანუ ჩამოყალიბებულია სტატუს-კვო, რომელიც 100%-ით არ აკმაყოფილებს საქართველოს და აზერბაიჯანს, მაგრამ იგი არც ისე არასტაბილურია, რომ შეუძლებელი იყოს მისი შენარჩუნება.

არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომელიც შეიძლება ითქვას 90-იან წლებშია ჩამოყალიბებული, მხედველობაში მაქვს საქართველოსთვის მტკივნეული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, ასევე მოუწესრიგებელი ყარაბაღის კონფლიქტი, ანუ ჩამოყალიბებულია სტატუს-კვო, რომელიც 100%-ით არ აკმაყოფილებს საქართველოს, აზერბაიჯანს, მაგრამ იგი არც ისე არასტაბილურია, რომ შეუძლებელი იყოს მისი შენარჩუნება სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული რეალობა იქნება იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღესაა, ასე იქნება ტრამპის და პუტინის პრეზიდენტობისას და მათი მმართველობის დასრულების შემდეგაც

იმის თქმა მინდა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბებული რეალობა იქნება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი დღეისათვის არსებობს. ასე იქნება პრეზიდენტ ტრამპის და პრეზიდენტ პუტინის მმართველობისას და მათ პრეზიდენტობის დასრულების შემდეგაც. პრობლემა იმაშია, რომ თბილისი და მოსკოვი ვერ ახერხებენ იმ კონფლიქტების გადაწყვეტის გზები მოძებნონ, რომელიც მათ აცალკევებს.

მე მეჩვენება, რომ მხარეებს ვითარების ნებისმიერი ტიპის ესკალაციის თავიდან აცილება შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მოვლენათა ამგვარად განვითარების დიდი შანსები არსებობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი