გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ამ დროისთვის ჯერ არც ერთ უწყებას არ მიუმართავს

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ამ დროისთვის ჯერ არც ერთ უწყებას არ მიუმართავს

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვნების პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ამ დროისთვის ჩართული არ არის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტისთვის შესაბამისი მოთხოვნით არც ერთ უწყებას არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.