ახლობლები ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებას დღეს ელოდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებას ნათესავები დღეს ელოდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი კვარაცხელიას ბებიის დამ განუცხადა.
„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით გავიგეთ. დღეს დამირეკეს სენაკიდან და მითხრეს, რომ ცხედარს დღეს გადმოგვცემენო. გარდაცვლილს სენაკში აქვს სამოთახიანი ბინა. თვითონ ობოლია. ახლო ნათესავები ორი ბიძაშვილის და დეიდის გარდა არავინ ჰყავს. დეიდა ირკუცკში ცხოვრობს. მე თბილისში ვარ და გადმოსვენებას ველოდები“, - განაცხადა ბებიის დამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

























