რუსლან აბაშიძის ინფორმაციით, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა

ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილ 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს ფაქტების გადამოწმება. ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ყველა ფაქტს დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. ჩატარდა პირველადი ექპერტიზა, ცხედარი ამჟამად გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ვერსიებზე ვერ ვისუბრებთ, ამას დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება“, - აღნიშნა აბაშიძემ.
გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

























