გიგი წერეთელი - ძალიან კარგად მახსოვს კრიტიკული დასკვნები, რომელიც ძალიან ბევრი კეთდებოდა მაშინ,  როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში

არჩევნები განსაზღვრავს ხარისხს, არჩევნებზე ძალიან მძიმე დასკვნებია - საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით, მეორე ტური ძალიან ცუდად ჩატარდა საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა. ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

„ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ გეგონოს, თითქოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც დაახლოებით, ოთხ ათეულ წელზე მეტია ასეთ ანგარიშებს აქვეყნებს, ამას ანალიზის, ან სერიოზული განსჯის გარეშე აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ინფორმაციის უზარმაზარი წყარო აქვს, მათ შორის, ეს არის თავად უმრავლესობა, არასამთავრობო სექტორი, მედია, მათი სააგენტოები, საელჩოები და ა.შ. საიდანაც ძალიან ბევრი ინფორმაცია იკრიბება. ამ ანგარიშში მტკიცებით ფორმაში არ არის ზოგიერთი რამ, შეფასებითი ნაწილიც არის გარკვეულწილად. უმეტეს შემთხვევაში, ეს მაინც დაყრდნობილია სერიოზულ წყაროებზე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თავი ჩვენი ქვეყნისთვის სხვა თავებთან ერთად არის ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, თვითონ ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას, ოპოზიციასთან ურთიერთობას, მედიის მდგომარეობის შეფასებას. პრაქტიკულად, არ დარჩენილა არც ერთი ფაქტი, რომელიც გასული წლის განმავლობაში მოხდა, არ ყოფილიყო განხილული. მაჩალიკაშვილის მკვლელობა, ხორავას ქუჩის საქმე, პირადი ცხოვრების სიუჟეტები, სასამართლოების თემა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო გარემოს შეფასებაა პოლიტიკის და დემოკრატიის ნაწილში. არჩევნები განსაზღვრავს ხარისხს, არჩევნებზე ძალიან მძიმე დასკვნებია. საპრეზიდენტო არჩვენები, განსაკუთრებით, მეორე ტური ძალიან ცუდად ჩატარდა საქართველოში... ეს თემები რომელ ხელისუფლებას სიამოვნებს? ძალიან კარგად მახსოვს კრიტიკული დასკვნები, რომელიც ძალიან ბევრი კეთდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში“, - განაცხადა წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო