იოსებ ბარათაშვილი - მმართველი გუნდი ვერ აცნობიერებს იმ ძალზე მძიმე შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მართლმსაჯულების სისტემაში უსამართლობის დაკანონებას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ადვოკატ იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, მოსამართელეთა დანიშვნის თემა საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით.

საქმეში ჩახედული სპეციალისტების მტკიცებით, სასამართლო სისტემის შევსება ამავე სისტემის გარეთ მყოფ პირებს ამ ეტაპზე ეზღუდებათ. მეტიც, მოსამართლეობის კანდიდატებს ის მოსამართლეები ირჩევენ, რომელთა მიმართაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს.

ფაქტია, რომ მმართველ გუნდს იმ მოსამართლეებზე აქვს ფსონი დადებული, ვის მიმართაც საზოგადოებაში ნდობა დაბალია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა იმდენად დიდია, რომ მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. თქვენ როგორ შეაფასებდით მოსამართლეთა დანიშვნის საკითხში არსებულ ვითარებას?

- მოსამართლეთა დანიშვნის საკითხში დღეისათვის არსებული ვითარება შეიძლება შეფასდეს როგორც მმართველი ძალის მიერ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების მცდელობა იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა ხელით, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს მრავალი უსამართლობა. ეს ქმნის კრიზისულ ვითარებას სასამართლო სისტემაში, რაც დღითიდღე უფრო ღრმავდება.

მოსამართლეთა დანიშვნის საკითხში დღეისათვის არსებული ვითარება შეიძლება შეფასდეს როგორც მმართველი ძალის მიერ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების მცდელობა იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა ხელით, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს მრავალი უსამართლობა

ვითარების გამოსწორებისათვის, ცხადია, აუცილებელია მმართველი გუნდის ნება. ამგვარი ნების არსებობის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიშალოს არსებული იუსტიციის საბჭო და მისი ახალი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული და პროფესიონალი იურისტებისაგან.

უნდა დაზუსტდეს და დაიხვეწოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. მოსამართლეთა არჩევის პროცედურა უნდა გახდეს გამჭვირვალე და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.

თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ვერ აცნობიერებს იმ ძალზე მძიმე შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მართლმსაჯულების სისტემაში უსამართლობის დაკანონებას.

- „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის მშენებლობის თემებმა შიდა პოლიტიკაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პროკურატურა არ ჩქარობს „თიბისი ბანკის“ საქმეზე მასალების გამოქვეყნებას. არადა, წესით ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს ამ საკითხში რაც შეიძლება სწრაფად სიცხადის შეტანა.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსის ხათუნა ლაგაზიძის აზრით - «თიბისის ბანკის“ საქმისა და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესის აღარც უხმაუროდ ჩახურვა გამოდის და აღარც უხმაუროდ გაგრძელება“ .

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით „აღარც უხმაუროდ ჩახურვა გამოდის და აღარც უხმაუროდ გაგრძელება“?

- ვფიქრობ, ,,თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ დაწყებული გამოძიება არის ერთი მხრივ გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის, მეორე მხრივ კი, შერჩევითი და შეკვეთილი მართლმსაჯულების ნიმუში, ვინაიდან დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია პროკურატურის განცხადება, თითქოსდა 11 წლის წინათ მომხდარი ფულის გათეთრების შესახებ.

„თიბისი ბანკის“ საქმე, ე.წ. ,,კაბელების საქმე“, ასევე ფონდ ,,იავნანას“ საქმე, მიზნად ისახავს ქვეყნის რეალური მმართველისათვის მიუღებელ პირთა დისკრედიტაციას

და ეს ხდება მაშინ, როდესაც გენერალურ პროკურატურაში, ფაქტობრივად რეაგირების გარეშეა დატოვებული ათასობით საჩივარი 2004 – 2012 წლებში, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა ფაქტებზე.

„თიბისი ბანკის“ საქმე, ისევე როგორც, მაგალითად, ე.წ. ,,კაბელების საქმე“ ანდა ფონდ ,,იავნანას“ საქმე, მიზნად ისახავს ქვეყნის რეალური მმართველისათვის მიუღებელ პირთა დისკრედიტაციას. ამავე დროს, მოცემულ შემთხვევაში, დაწყებული გამოძიება ასევე უკავშირდება ანაკლიის პორტის მომავალს, რასაც გააჩნია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხთან არის დაკავშირებული რამდენიმე ხნის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარასინის მუქარანარევი განცხადება და აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის კურტ ვოლკერის სასწრაფო ვიზიტი თბილისში.

,,თიბისი ბანკის“ საქმეზე ხელისუფლებამ ფაქტობრივად განახორციელა დასახული მიზნის ერთი ნაწილი და ბატონები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩამოაცილა ბანკის მმართველობას... რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ვფიქრობ, მისი მშენებლობის შეჩერება დაასუსტებს და დააზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს და ამიტომ ეს დაუშვებელია

,,თიბისი ბანკის“ საქმეზე ხელისუფლებამ ფაქტობრივად განახორციელა დასახული მიზნის ერთი ნაწილი და ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ბადრი ჯაფარიძე ჩამოაცილა ბანკის მმართველობას. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ამ მიმართულებით გამოძიება გაურკვეველი ვადით გაჭიანურდება.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ვფიქრობ, მისი მშენებლობის შეჩერება დაასუსტებს და დააზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს და ამიტომ ეს დაუშვებელია მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან, პორტის მშენებლობის გაგრძელების გამო, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გარკვეულ პროვოკაციებს.

- არ ცხრება კამათი საქართველოში არსებულ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე. მმართველი გუნდი ამ თემაზე საუბრისას ყურადღებას მისთვის მომგებიან თემებზე ამახვილებს ყურადღებას, ოპოზიცია კი ანგარიშის იმ ნაწილებზე, რომლებშიც საკმაოდ კრიტიკულადაა შეფასებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობა.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის მტკიცება, რომ ამ ანგარიშით ვაშინგტონმა ივანიშვილს წითელი ბარათი აჩვენა?

- რა თქმა უნდა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ძალზე კრიტიკულადაა შეფასებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული დარღვევები, მართლმსაჯულებაში, მედიის თავისუფლების სფეროში არსებული პრობლემები და ა. შ., თუმცა ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება იმის მტკიცება, თითქოს ,,ვაშინგტონმა ივანიშვილს წითელი ბარათი აჩვენა“.

სამწუხარო და არასერიოზულია ზოგიერთი ჩინოვნიკის, ასევე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებები იმის შესახებ, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას

ამავე დროს, სამწუხარო და არასერიოზულია ზოგიერთი ჩინოვნიკის, ასევე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებები იმის შესახებ, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას. ვფიქრობ, სწორედ ეს არის საბჭოთა ბიუროკრატიული აზროვნება, რასაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მძლავრად აქვს ფესვები გადგმული ჩვენი მოხელეების აზროვნებაში.

- მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები ისე სწრაფად ვითარდება, რომ სულ უფრო ნათელი ხდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ოცნება“ კარგ პოლიტიკურ ფორმაში ვერ შეხვდება. სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს „ოცნებაში“ დაწყებული და მიმდინარე პროცესები?

- ვფიქრობ, ხელისუფლება ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი შექმნილი ვითარების გაუმჯობესების მცირე შესაძლებლობა.

ვფიქრობ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი შექმნილი ვითარების გაუმჯობესების მცირე შესაძლებლობა

ამისთვის საჭიროა, რომ მმართველმა გუნდმა თავი დაანებოს საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრას და დაიწყოს რეალური და არა მოჩვენებითი რეფორმების განხორციელება მრავალი მიმართულებით, მათ მართლმსაჯულებასა და საარჩევნო სისტემაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები შესაძლებელია წარიმართოს ესკალაციის გზით, რაც მრავალი წლით შეაფერხებს ქვეყნის განვითარების პროცესს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი