ქართული პრესის მიმოხილვა 21.03.2019

“სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი” - რა წერია ახლად მიღებულ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში

“აშშ-ს უნდა მოვთხოვოთ აამოქმედოს სტრატეგიული შეთანხმება, რადგანაც რუსეთი პირდაპირ გვემუქრება” - მაისაია

“ისინი წავიდნენ მთელი საზოგადოების საპირისპიროდ და ჯერ არ მახსოვს, რომ ასეთ დაპირისპირებაში ხელისუფლებას გაემარჯვა” - ძაბირაძე

* * *

“სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი” - რა წერია ახლად მიღებულ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში

“უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ “ევროპული საქართველოს” კანონპროექტი ჩავარდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტმა დააგროვა. 24 მომხრე და 42 წინააღმდეგი - დეპუტატებმა ოთარ კახიძის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირეს. უმრავლესობის კანონპროექტს კი მხოლოდ 31 მოწინააღმდეგე ჰყავდა. კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ანრი ოხანაშვილმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი კახიანმა, დავით მათიკაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი” - რა წერია უმრავლესობის ახლად მიღებულ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში.

“კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას “ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას” უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ, თუმცა, კანონპროექტი უკვე მიღებულია და სავარაუდოდ, მას მხარს ბიძინა ივანიშვილიც უჭერს. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ 18 მარტს “ქართულ ოცნებაში” გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, “უმრავლესობის მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერა საბოლოოდ გადაწყდა”. - განაგრძობს გამოცემა.

“არასამთავრობო ორგანიზაციები აზრით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მათი თქმით, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებული იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში უკმაყოფილებას სახალხო დამცველიც გამოთქვამს. მისი აზით, უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები: კრიტერიუმები; კენჭისყრის ფარულობა, ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე; გარდა ამისა, შეიცვალოს ინტერესთა კონფლიქტთან; ხმათა რაოდენობასა და კანდიდატთა რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტი დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს, ვიდრე კანონპროექტის განხილვას დაიწყებდა”, - დასძენს გამოცემა.

ირაკლი კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების აღმასრულებელი ხუთოსანი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. “როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავაგებინებთ ხალხის დაკვეთას კობახიძეს. ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ, რომ ძალიან ძვირი უნდა იყოს ჩინჩალაძის და მურუსიძის დასმა უზენაეს სასამართლოში. ამაში ამ პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს. არ ვაპირებ ამ ყველაფერს თავი დავანებო და ჩინჩალაძე, მურუსიძე და გვრიტიშვილი შევაყვანინო უზენაეს სასამართლოში. სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი”, - განაცხადა ანა დოლიძემ. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორსაც. სოფო ვერძეულის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიხედვით სამართლიანი სასამართლო მხოლოდ ოცნებად დარჩება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფორმალურად დასაშვები კანდიდატურების დამტკიცების შემდეგ საბჭოს წევრები 18 ხმას, აი, ესე გადასცემენ მათთვის სასურველ ხმას ისე, რომ არც გასაუბრებას ჩაატარებენ, არც ინფორმაციას მოიძიებენ. ვისაც ვინ მოეწონება, ასე გაიყვანს გრძელ სიაში. გრძელ სიას თქვენ დაუკარგეთ აზრი. გრძელი სიის აზრი იყო ის რომ საბჭოდან პარლამენტში მოსულიყო იმაზე მეტი კანდიდატი ვიდრე არის ვაკანსია. თუ ორ მესამედს არ შეცვლიდით , მთავარი პრობლემა რაც არის, მთელი პრობლემა რაზეც ამ კლანის ძალაუფლება დგას, ეს არის 11 წევრი საბჭოში, 11 ხმა, რომელიც აქვს. და თუ თვალს არ გაუსწორებთ ამას რომ 11 ხმა ამ კლანს საბჭოში აქვს მივიღებთ აბსურდს, რაც დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე ამ ქვეყანაში”, - განაცხადა სოფო ვერძეულმა. მისი აზრით, “ეს კანონი ამ ფორმით, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა ეს კანონი, რომ დაწერო ან ძალიან არ უნდა გესმოდეთ კონტექსტი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“აშშ-ს უნდა მოვთხოვოთ აამოქმედოს სტრატეგიული შეთანხმება, რადგანაც რუსეთი პირდაპირ გვემუქრება” - მაისაია

“რუსეთის გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, მერვე არმიის შემადგენლობაში, რუსებმა 464-ე სარაკეტო ბრიგადა აღადგინეს, რომელიც დაკომპლექტებულია ისკანდერების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით, რომლებმაც, თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომში თავი გამოიჩინეს და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა ჩვენი ქართული ტერიტორიების დაბომბვაც. რუსეთი ახლა იყენებს ამ სარაკეტო კომპლექსს ნატოსთან დაპირისპირების კუთხითაც”, - ამის შესახებ ინფორმაცია ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ “რეზონანსს” მიაწოდა. მაისაიას განცხადებით, სარაკეტო ბრიგადის აღდგენა, რომელიც ამ დრომდე დაშლილი იყო, უცებ მოხდა და ეს უკვე მეორე რუსული სარაკეტო კომპლექსის ბრიგადას წარმოადგენს. ამასთანავე, მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ეს სარაკეტო ბრიგადა იქნა გამოყენებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “აშშ-ს უნდა მოვთხოვოთ, რომ აამოქმედოს სტრატეგიული შეთანხმება, რადგანაც რუსეთი პირდაპირ გვემუქრება” / მაისაიას ინფორმაციით, ჩრდილო კავკასიაში რუსებმა 464-ე სარაკეტო ბრიგადა აღადგინეს.

“ეს ბრიგადა იყო დაშლილი და ახლა უცებ ამ ბრიგადის აღდგენა მოხდა. ეს უკვე მეორე სარაკეტო ბრიგადაა. სანამ რუსეთის გენშატაბი მიიღებდა გადაწყვეტილებას, კალინინგრადში განათავსეს რუსული სარაკეტო კომპლექსის ბრიგადა. ეს ფაქტი პირდაპირ უქმნის საფრთხეს ბალტიის სახელმწიფოებს და პოლონეთს, რომელთაც რუსეთი, ფაქტობრივად, მუშტს უღერებს. ამ ოპერატიულ-ტაქტიკურ ისკანდერებს შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანაც. ეს, ამ მიმართულებით, უფრო სერიოზული გამოძახილია - კალინგრადში და ჩვენთან სარაკეტო ბრიგადები განათავსეს. კალინგრადში ამ საფრთხეს მოჰყვა ის, რომ ნატო-მ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება აამოქმედა. ნატო-მ უკვე მიიღო ზომები, - ბალტიისპირეთში სარაკეტო სისტემებს განალაგებენ. დღეს ამერიკელებმა პოლონეთში უკვე სატანკო დივიზიები და სატანკო შენაერთები გადაისროლეს. ნატო-მ აამოქმედა მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება - კოლექტიური თავდაცვის პრინციპი და ბუნებრივია, ეს ღონისძიება მიიღო, რათა გაანეტრიალოს ეს საფრთხე”, - აღნიშნა მან. მაისაიას აზრით, რუსეთს სერიოზული ბერკეტი უჭირავს უკრაინის წინაააღმდეგ, რომელიც ასევე შეუძლია საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენოს. იგი აშშ-ს მოუწოდებს საქართველო სერიოზული საფრთხისაგან დაიცვას, რომელიც ფაქტია, რუსეთისაგან იგრძნობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთი არც მალავს, რომ სარაკეტო კომპლექსის ამოქმედება შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ და არ არის გამორცხული ეს საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენონ, რადგან მერვე არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული მიმართულება ასევე საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას მოიცავს. ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზურ-რუსული ე.წ კოალიციური დაჯგუფება ამოქმედდება, თუ რუსეთმა კიდევ დაიწყო სამხედრო ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ. ორი ისკანდერებით შეიარაღებული სარაკეტო ბრიგადების განთავსება, ერთი მოზდოგში და მეორე დაღესტანში, უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ. ამერიკელებს უნდა მოვთხოვოთ, რომ აამოქმედოს სტრატეგიული შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიაზე ამის საწინააღმდეგო ზომების მიღება უნდა მოახდინონ. ამერიკელებს შეუძლიათ მიიღონ ზომები, რომ ეს საფრთხე საქართველოს მიმართულებით აცილებულ იქნას. აქ უნდა იყოს საუბარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტების განთავსებაზე საქართველოში, რადგან რუსეთი უკვე თავხედობს და პირდაპირ გვემუქრება. ეს იქნება გამოსავალი და ამერიკა დაგვეხმარება ამ საქმეში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ისინი წავიდნენ მთელი საზოგადოების საპირისპიროდ და ჯერ არ მახსოვს, რომ ასეთ დაპირისპირებაში ხელისუფლებას გაემარჯვა” - ძაბირაძე

“ქვეყანაში, სადაც სასამართლოსადმი უნდობლობა არსებობს, იქ სამართლიანი გარემო ვერ შეიქმნება. მოსამართლეების შესახებ კანონპროექტმა მიიღო უმრავლესობის 81 კაცის ხმა, დანარჩენი ყველა ამ კანონის წინააღმდეგია. გამოთვალეთ და მიიღებთ 3 მილიონზე მეტ ადამიანს. ეს მივიღეთ. ისინი წავიდნენ მთელი საზოგადოების საპირისპიროდ და ჯერ არ მახსოვს, რომ ასეთ დაპირისპირებაში ხელისუფლებას გაემარჯვა. არა მარტო საქართველოში, ზოგადად არც ერთ ქვეყანაში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელისუფლება უპირისპირდება, იქ ხელისუფლება ყოველთვის აგებს. სამწუხაროდ ასე იქნება ამჯერადაც”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ისინი წავიდნენ მთელი საზოგადოების საპირისპიროდ და ჯერ არ მახსოვს, რომ ასეთ დაპირისპირებაში ხელისუფლებას გაემარჯვა” - ძაბირაძე.

“კონკრეტულად ამ კანონპროექტის კანონად მიღება, რა თქმა უნდა, საპროტესტო მანიფესტაციებს არ გამოიწვევს. სამწუხაროდ, ჩვენ საფრანგეთი არ ვართ, მაგრამ ამ პროცესის გამო ხელისუფლებისადმი უნდობლობა და გაუცხოება კიდევ უფრო გაძლიერდა. როდესაც ეს მიაღწევს ზღვარს და ეს აუცილებად მიაღწევს ზღვარს, ამას ვგულისხმობ, მაშინ ეს გადმოიღვრება ქუჩაში და ეს დამთავრდება ხელისუფლების დასრულებით. ღმერთმა ნუ ქნას, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ორი დღის წინ ნინო გვენეტაძის ყოფილმა მრჩეველმა თქვა, რომ გვენეტაძე ე.წ. ჩინჩალაძე-მურისიძის კლანიდან დიდ წნეხს განიცდიდა და მას იუსტიციის საბჭოს წევრები ემუქრებოდნენ. უფრო მეტიც, გვენეტაძეს ჰქონდა შიში, რომ თუკი ის ე.წ კლანს ბოლომდე არ დაემორჩილებოდა, შესაძლებელი იყო მას იუსტიციის საბჭოს წევრები ფიზიკურადაც გასწორებოდნენ...” - პასუხობს:

“გვენეტაძეზე რომ წნეხი იქნებოდა, ეს იყო წინასწარვე ცნობილი და იყო გარდაუვალი. გვენეტაძე მოულოდნელად აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და იქ მყოფი მოსამართლეებისთვის დიდი ხნის წინ იყო ეს ფიგურა მიუღებელი, ამიტომაც იყო, რომ თავის დროზე, წინა ხელისუფლებს დროს ის გამოაძევეს სასამართლოდან. ახლა კი შემთხვევით მოხდა მისი გასვლა, ამიტომ მოსალოდნელი იყო რომ მასზე ზეწოლა იქნებოდა. თუმცა, სად უნდა წასულიყო და რა უნდა გაეკეთებინა, ეს არის პრობლემა. ეს უნდა სცოდნოდა. შესაძლოა არ იცოდა მასშტაბი, რამდენად ძლიერი იქნებოდა ეს წნეხი მასზე. თუ წნეხი იმდენად ძლიერი იყო, რომ უკვე მხარდაჭერა უნდა ეძებნა, პარლამენტი არ გამოდგებოდა მის მხარდამჭერად, რადგან ვხედავთ, ეს უმრავლესობა რა კანონსაც იღებს და რა თავგამოდებით იცავს სწორედ იმ ხალხს, რომელთა მხრიდანაც გვენეტაძე წნეხს განიცდიდა. როგორც ჩანს, გვენეტაძემ არც ოპოზიციისთვის, “ნაციონალებისთვის” ინდომა მხარდაჭერა ეთხოვა, იმიტომ რომ, თავს დროზე სწორედ “ნაციონალებისგან” იქნა ის გარიყული სასამართლო სისტემიდან, ამიტომ ამჯობინა უხმაუროდ წასვლა. გვენეტაძემ ნახა, რომ რეალობას ვერ შეცვლიდა, ასევე იცოდა, რომ პარლამენტი მის მხარეს არ დაიჭერდა და არჩია განზე გადადგომა... ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არაფერი შეიცვალა. ასე იყო ყოველთვის, ვინც არ ეკუთვნოდა უმრავლესობას, ის იყო შერისხული, ასეა დღესაც. ყველა დაუცველია, გარდა იმისი, ვინც უმრავლესობას არ ეკუთვნის. ასე იყო ყველა ხელისუფლების პირობებში”.

“რაც შეეხება იმას, რომ კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, ორ დეპუტატს შეიძლება მართლა შეეშალა წითელი და მწვანე ღილაკი, მაგრამ ზოგადად უმრავლესობა არ ემორჩილება კობახიძეს, კობახიძე არ არის ავტორიტეტი, უმრავლესობა ემორჩილება ივანიშვილს. ის, რომ საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა, ეს იყო ჩუმი პროტესტი სწორედ კობახიძის მიმართ. მე ასე მგონია. თუმცა, მეორე კენჭისყრაზე თუ დადგებოდა კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი, რა თქმა უნდა, მას მხარს დაუჭერდნენ. უმრავლესობამ კობახიძეს აგრძნობინა, რომ ის მისადმი მთლად ასე მორჩილი არ არის და მომავალშიც არაერთ მსგავს “გაუგებრობებს” უნდა ველოდოთ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.