ირაკლი სესიაშვილი იენს სტოლტენბერგის ვიზიტზე -  საქართველოსთვის ნატო-ს კარის სიახლოვე  მართლაც თვალშისაცემია

საქართველოსთვის ნატო-ს კარის სიახლოვე მართლაც თვალშისაცემია, - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გაცილებით მკაფიოდ იგრძნობა საქართველო-ნატო-ს პარტნიორობა და საქართველოს სიახლოვე ნატოს-თან, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ჩვენთვის ნატო-ს კარის სიახლოვე თვალშისაცემია. ჩემი აზრით, ამას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. ერთი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ნატო-ს წევრი ქვეყნები დარწმუნდნენ, რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, ყველაფერთან ერთად საქართველო სტაბილურად დემოკრატიული ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ საქართველოს კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ეს სტაბილურობა ტრადიციად იქცევა, მაგრამ ის, რომ ტენდენცია აბსოლუტურად სწორია, ყველა ავტორიტეტულ შეფასებაშია აღნიშნული. მეორე ფაქტორია ის, რომ უნიკალურია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ამას ნატო-ს უმაღლესი ლიდერები ყველა გამოსვლაში ადასტურებენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი თავდაცვის სფეროს, სადაც ჩვენ უპრეცედენტოდ ბევრ და ხარისხიან წვრთნებს ვატარებთ ნატო-სთან ერთად. იცით, რომ ამერიკელების დახმარებით JTEC გვაქვს, ასევე ტარდება ნატო-საქართველოს წვრთნები, რაც ორივესთვის უკვე მომგებიანია. ამასთან, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტს უკვე მივმართავთ თანამედროვე შეიარაღებაზე. რაც მთავარია, ამას ემატება ჩვენი მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები საქვეყნოდ გვასახელებენ. მესამე ფაქტორი ეს არის ის, რასაც ნატო კარგად გრძნობს - უნდა ვაღიაროთ, რომ წლების მანძილზე ნატო-ს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში გარკვეული არამდგრადი შეგრძნებები და ეჭვები ჰქონდა. ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ცივილიზებულ საზოგადოებას აჩვენა, რომ საქართველო, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში ცივილიზებული მოთამაშეა. ის ითვალისწინებს, როგორც თავის ეროვნულ, ისე საერთაშორისო ინტერესებს. ამ ფონზე ჩვენი აქტიური ჩართულობა იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი აქტოვობა, გამოიხატება საერთაშორისო მისიებში არამარტო ნატო-ს, არამედ ევროკავშირის მისიებში მონაწილეობით. რაც მთავარია, შიდა პოლიტიკაში ნატო გრძნობს, როგორც სტაბილურობას, ისე ერთმნიშვნელოვან დამოკიდებულებას სქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

აქედან გამომდინარე, მისივე განმარტებით, გასაკვირი არც არის ის ფაქტი, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში სტუმრად მესამედ ჩამოდის.

„ასევე არ გაგვიკვირდა, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, რომელიც არის ყველაზე მთავარი კომიტეტი საქართველოში მარტის ბოლოს ჩამოდის და უახლოეს ხანებში, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წვრთნა გვექნება. ეს არის Noble Partner-ი, რომელიც თავის მასშტაბურობით უპრეცედენტო იქნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 25 მარტს ეწვევა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია