ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2019

ბესელიამ ივანიშვილზე ღია შეტევა დაიწყო

სხვა, უკეთესი კანდიდატი თუ არ ჰყავთ, აბა, რა ქნან? - ძაბირაძე ლადო კახაძესა და ზაურ დარგალზე

***

ბესელიამ ივანიშვილზე ღია შეტევა დაიწყო

“ცეცხლი გახსნილია - ეკა ბესელია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ ის მის "კაცუნებს", ე.წ. კობახიძის ჯგუფს არ გააჩუმებს, მაშინ თავად ალაპარაკდება. "რეზონანსთან" ანალიტიკოსები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ბესელიას ორი გამოსავალი ჰქონდა - ან პოლიტიკიდან უნდა წასულიყო, ან ივანიშვილის კრიტიკა უნდა დაეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ პოლიტიკურ გვამად იქცეოდა. როგორც ჩანს, ბესელიას პოლიტიკიდან წასვლა აზრადაც არ მოსვლია და მან პოლიტიკური ბრძოლის ახალი, უფრო მძიმე ტაქტიკა აირჩია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბესელიამ ივანიშვილზე ღია შეტევა დაიწყო / "მათ კი აღარ დაველაპარაკები ამის შემდეგ, ახლა პირდაპირ ივანიშვილს დაველაპარაკები..."

"ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიაზე განაცხადა, რომ მას დახმარება სჭირდება, რასაც ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ბესელიას თქმით, სანამ ირაკლი კობახიძე პარლამენტს გადაწვავს, სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა უშველოს. ბესელია "ტვ პირველთან" პირდაპირ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ივანიშვილმა ამ "ვირთხების" გაშვებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისივე განცხადებით, ის "ვოლსკებს, ზარდიაშვილებსა და კობახიძეებს" აღარ დაელაპარაკება და ისინი საერთოდ აღარ აინტერესებს. დეპუტატი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძეს შეეშალა და შემთხვევით "ვოტსაპით" მის ნომერზე ტექსტი გაგზავნა, სადაც "ოცნების" დეპუტატებისათვის დირექტივები იყო, თუ ის როგორ გაელანძღათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მე მათზე პასუხს ვეღარ ვაგებ, მათზე პასუხი ბიძინა ივანიშვილმა აგოს. იქნებ როგორმე მართლაც უშველოს. ეს მართლა არაკაცები, დილიდან დამწკრივდნენ და ამ დარიგებულ მესიჯებს ახმოვანებენ. ზუსტად იმას ამბობენ, რაც შემთხვევით მდინარაძეს ჩემთან გამოეგზავნა. პასუხისმგებლობა ამაზე ივანიშვილმა აიღოს. მათ კი აღარ დავაელაპარაკები ამის შემდეგ, ახლა პირდაპირ ივანიშვილს დაველაპარაკები. ადრე ვერც კი ბედავდნენ, რომ ჩემთვის თვალი თვალში გაეყარათ. ახლა რა ჰგონიათ, რომ გამბედაობა აქვთ?! მე ვთქვი, რომ არ ვიქნები თავდამსხმელი ამ პარტიის. ახლა ვარკვევ, საიდან მოდის ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც ასე მოამზადეს მესიჯები და აგზავნიან, ეს სიბინძურეებიც ასე მზადდება. "ოცნების" პარტია ამით არის დაკავებული. ამ პარტიაში 7 წელი ჩავდე და როდესაც მის დამფუძნებელს ასე ექცევი, ეს არის კრახი, დაცემა და მარცხი. რად უნდა ახლა ამას 2020 წლის არჩევნები?! ესენი არიან ზღვარწაშლილი ადამიანები, რომლებიც "ნაციონალებიდან" მოდიან. ის საწყალი ბიჭი, რომელიც ივანიშვილმა ბოდიშის მოსახდელად შეშინებული თვალებით მოიყვანა, ახლა კამერებთან მედიდურად ლაპარაკობს ჩემზე, რომ ძალაუფლება დავკარგე. ძალაუფლება და კაბინეტები ისე აერიათ, როგორც წითელ და მწვანე ღილაკებს ვეღარ არჩევენ", - აცხადებს ბესელია“, - განაგრძობს გამოცემა.

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას მესიჯი შეცდომით გაუგზავნა, სადაც საუბარი ნამდვილად მის შესახებ იყო, თუმცა ეს ლანძღვა არ იყო და იყო პოზიცია, რომელიც ბესელიას მიმართ პარტიას ჰქონდა. "ნინო წილოსანმა მითხრა - რა ხდება ბესელიას თემაზე, რა პოზიციაოო და მეც დავაკოპირე და შემთხვევით "ვოტსაპში" ბესელიას გადავუგზავნე. ეს იყო დღევანდელი განცხადებების კრებული და იქ ერთი სიტყვა ლანძღვა არ იყო. "გეტყვით ტექსტს, იქ ვწერდი, რომ ბესელიას არ უნდა მივცეთ საფუძველი და საშუალება, რომ ტალახი ვასროლინოთ, რადგანაც ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვაქვს. ასეთი რამ ყველას ხშირად მოგვსვლია."ბესელია გადავიდა ოპოზიციაში და მას ნებისმიერი სახის კრიტიკა შეუძლია, განახორციელოს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფების მიყენება ყველა ზღვარს სცდება. არ შევყვები ამ ტყუილების ახსნაში. წარმოუდგენელი ამბავია და მას ცილისწამებაში ვერ წავყვები. "როდესაც, ნებსით თუ უნებლიეთ, "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაში ჯდები, მაშინ რა გამოდიხარ? მათთან ერთად როდესაც ტანდემში სატელევიზიო გადაცემებს აკეთებს და სიუჟეტის წყარო ის არის, ასეთ შემთხვევაში რა უნდა იფიქრო? "რაც არ უნდა დამაბრალოს და გამლანძღოს, მე ვიღაცას ტყუილს ვერ დავაბრალებ და კაცუნების ძახილით ვერ ვილაპარაკებ. გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ გუნდში ვიყავით და ახლა ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს. ბესელია ახლა ცდილობს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე იყოს და ომი ჩვენ გამოგვიცხადა. სამიზნე თუ ივანიშვილია, ეს ზუსტად "ნაციონალების" 7-წლიანი ბრძოლის მეთოდია. მათი ყოველდიური მესიჯები ეს არის", - აცხადებს მდინარაძე“, - დასძენს გამოცემა.

"ოცნების" ყოფილი წევრი და დეპუტატი გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ე.წ. კობახიძის გუნდის უკან, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი დგას. მისი განცხადებით, ივანიშვილს შეუძლია, რომ მათ ქმედებები და განცხადებები ან მოუწონოს ან კიდევ დაუწუნოს. ფაქტია, როდესაც ისინი ამ თავდასხმებს აგრძელებენ, მათ ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ყველა ქმედებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია. ფოფხაძე ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც მან ნინია კაკაბაძის გამო პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა, ის ივანიშვილმა თავისთან დაიბარა და უთხრა, რომ კობახიძე მას პარტიიდან ექვსი წევრის გარიცხვას სთხოვს, რათა "ოცნებაში" სიტუაცია დაალაგოს. მაშინ ეს ადამიანები იყვნენ გედევან ფოფხაძე, რომან კაკულია, ზაზა პაპუაშვილი, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე. დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ ივანიშვილი მას დაჰპირდა, რომ ის მედიატორის როლს შეასრულებდა ამ დაპირისპირებულ სიტუაციაში და მდგომარეობას განმუხტავდა, თუმცა ასე არ მოხდა. "როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეების თემაზე დისკუსიაში შემოსვლა პირადად დაიწყო, მაშინ უკვე მივხვდით, რომ ის მხარე იყო. ის ჩვენ დაგვპირდა, როდესაც უკან პოლიტიკაში დაბრუნდა, რომ მედიატორის როლს შეასრულებდა და ამ დაძაბულ სიტუაციას განმუხტავდა, თუმცა მხარე აღმოჩნდა. "კობახიძე პარტიაში სიტუაციის დასალაგებლად 6 ადამიანის გარიცხვას სთხოვდა და ეს პირადად ივანიშვილმა მითხრა. კობახიძისა და მისი მეგობრების უკან რომ ის დგას, ამას რა მიხვედრა უნდა?! მას ერთი სიტყვით შეუძლია, რომ ისინი გააჩუმოს, თუმცა ამას არ აკეთებს და ისინიც ჩვენი მისამართით თავდასხმებს აგრძელებენ. "აქამდე გვეგონა, რომ ეს სიტუაცია გაჩერდებოდა და დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ, ფაქტია, ძალიან თავშეკავებულად ვიქცევით და ასე პირდაპირ თავდასხმაზე არ გადავდივართ, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. იმის ნაცვლად, რომ საგნობრივი დისკუსია დავიწყოთ, "ნაციონალების" იარლიყს გვაკრავენ. ამ უაზრო დისკუსიაში შესვლაც აღარ მინდა. უბრალოდ, სხვა სათქმელიც აღარ აქვთ", - აცხადებს გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" საუბრისას“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„იგი არ გამორიცხავს, რომ "ოცნება" სხვა დეპუტატებმაც დატოვონ და პარტიის შიგნით დაპირისპირების ახალ ტალღას ელის. მისი აზრით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ფოფხაძე ამბობს, რომ მაქსიმუმ ერთ წელში გამოჩნდება, ვინ მედროვეა, კაბინეტების გამო ვინ ჩერდება და ქვეყნისათვის ნამდვილად ვინ იბრძოდა. ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გაფრთხილება ივანიშვილის მისამართით არა თავდასხმა, არამედ თავდაცვაა. მისი აზრით, შეტევის ობიექტი საბოლოო ჯამში ეკა ბესელია აღმოჩნდა. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ის გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა, რომ ეს საკითხი და დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებთან ივანიშვილისაგან გაემიჯნა და პასუხისმგებლობა მხოლოდ საპარლამენტო ჯგუფისათვის დაეკისრებინა, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. "ივანიშვილმა შანსი არ გამოიყენა, რომ ბესელია მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას უშუალოდ მას არ აკისრებდა. ამიტომაც დღეს უკვე მან სათანადო და ადეკვატური პასუხი მიიღო. "ის, რომ ბესელია ვიღაცას უტევს, სწორი არ მგონია. მე რასაც თვალს ვადევნებ, უფრო მგონია, რომ მას უტევენ და გამუდმებით თავს ესხმიან. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა. აბა, რომ გიტევენ, შენ რა უნდა ქნა? შენც უნდა შეუტიო. ბესელიაც ადეკვატურად იქცევა. "აქ ახლა ვის რა აწყობს და ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ამაზე საუბარი უკვე აღარ არის. ღია ზღვაშია ყველა გასული. ივანიშვილმა ბაბილონი ააშენა, რომელიც მანკიერია, გაუგებარი და მართვის კუთხით უცნაური კონსტრუქციისა. ის ახლა ნგრევის პროცესშია და ამ ყველაფრის ნაწილია ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ. "ვიღაცამ დაიწყო უკვე ღიად საუბარი, რომ ამ კონსტრუქციის ავტორი მაინცდამაინც კვალიფიციური არ ყოფილა. ზოგი ჯერ არ ამბობს და ხვალ იტყვის, ზოგიც ბოლომდე ჩაყვება", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან". მისივე თქმით, იქნება თუ არა ეს ყველაფერი ბესელიასთვის მომგებიანი და რას მოუტანს მას 2020 წლის არჩევნებისთვის, რთული სათქმელია. ხუხაშვილი ამბობს, რომ დღესდღეობით მისი ელექტორატული მხადამჭერთა რიცხვი გაზომვადი არ არის და ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია იმაში, რომ ამით ყველაზე დიდ ზიანს ივანიშვილი მიიღებს. "რა მნიშვნელობა აქვს, რომ კობახიძის კაბინეტს "პარლამენტის თავმჯდომარე" აწერია. პარლამენტის უმრავლესობას ის ეჯავრება და არანაირი ავტორიტეტი არ აქვს. ის და მისი ხუთი მეგობარია სულ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. არანაირი ავტორიტეტი არ აქვს და ივანიშვილის ზურგით სარგებლობს. მას ხომ თავისი არაფერი არ გააჩნია. ის სისტემურად არასდროს არ დაბადებულა და რაც არ ყოფილა, ის როგორ შეიძლება, დამთავრდეს?!"ვფიქრობ, რომ თავად ივანიშვილი სერიოზულ კრიზისშია და გარკვეულწილად პოლიტიკურ დეპრესიაში იმყოფება. ის პროცესებს სწორად და ადეკვატურად ვერ აფასებს, ამიტომ მგონია, რომ მას რაღაც სწორი და მწყობრი გეგმა არ აქვს", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან", - წერს სტატიის ატორი.

სხვა, უკეთესი კანდიდატი თუ არ ჰყავთ, აბა, რა ქნან? - ძაბირაძე ლადო კახაძესა და ზაურ დარგალზე

„ქართული ოცნება" ყველაგან იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის, რადგან ეს ისეთივე პრინციპული იქნება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იყო," - 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის „ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატების შესაფებისას „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. „ქართული ოცნების" მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ცნობილი ექიმისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლადო კახაძის წარდგენაზე, მმართველი გუნდის მხრიდან მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის" აქტივისტი იყო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „რეზონანსი" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სხვა, უკეთესი კანდიდატი თუ არ ჰყავთ, აბა, რა ქნან? - ძაბირაძე ლადო კახაძესა და ზაურ დარგალზე

"კორესპონდენტის კითხვაზე, „ქართული ოცნების" მიერ მარნეული მერობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, ზაურ დარგალის წარდგენა „ოცნების" რეიტინგზე როგორ იმოქმედებს და რამდენად გამოიწვევს მმართველი გუნდის ამომრჩევლის უკმაყოფილებას , ვახტანგ ძაბირაძის აზრით, გარკვეულწილად უკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს, მაგრამ ეს უკმაყოფილება რაში იქნება გამოხატული, ამას ექნება მნიშვნელობა. „ნაცმოძრაობის" წევრი რომ ახლა „ოცნებაში" გადავიდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და არა მარტო „ქართულ ოცნების", ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრისთვის ეს მეთოდი საკმაოდ მოძრავია - ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა-გადაჯგუფების თვალსაზრისით. ეს უჩვეულო არ არის, თუმცა უკმაყოფილებას რა თქმა უნდა გამოიწვევს, თუნდაც იმიტომ რომ, მარნეულში „ქართული ოცნების" ოფისში ვინმეს ექნებოდა პრეტენზია, რომ თავად გამხდარიყო ქალაქის მერი და არა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი.“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეძებენ ისეთ კანდიდატს, რომელსაც რეიტინგი და მხარდაჭერა რეგიონში ექნება. ეტყობა, „ქართულმა ოცნებამ" უკეთესი ვარიანტი ვერ მოძებნა.„ქართული ოცნება" ადამიანების რესურსების საკმაოდ სერიოზულ კრიზისს განიცდის. „ოცნებამ" შეძლო ის, რომ ყველა მოიშორა და დარჩა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში. მას კადრები არ ჰყავს და სჭირდებოდა ისეთი ადამიანი მთაწმინდის ოლქში, რომელსაც ახლა კი არ გააცნობდა, არამედ საზოგადოებისთვის ცნობადი სახე იქნებოდა. ამიტომაც, არჩევანი გააკეთეს კახაძეზე. 2016 წელს მთაწმინდის ოლქში ბურჭულაძის პარტიიდან მან დაახლოებით 600 ხმა მიიღო. თავის დროზე ლეიბორისტი, მერე „მოქალაქეთა კავშირი", შემდეგ ბურჭულაძე და ახლა „ქართული ოცნება" - ალბათ, კომუნისტიც იყო ადრე, ვერ გეტყვით. პარტიათა მთელი წყება აქვს გამოცვლილი. სხვა უკეთესი კანდიდატი თუ არ ყავთ, აბა, რა ქნან? ვიღაცა ხომ უნდა დაესახელებინათ... აქ ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა. შეძლებს დღეს ოპოზიცია, თუნდაც ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, ერთ კანდიდატზე შეთანხმებასა და შეჯერებას? მაშინ იქ სერიოზული ბრძოლა იქნება. თუ ამას ვერ შეძლებს, „ქართულ ოცნებას" წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს. როგორც ჩანს, მთაწმინდის ოლქში უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება „ქართული ოცნება", რადგან შავგულიძეს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს და საკუთარ კანდიდატურას ალბათ სხვები არ დაასახელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდის ოლქი ყურადღების ცენტრში იქნება. ეს იქნება რეპეტიცია დაახლოებით იმ სცენარის, თუ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს, თუკი ოპოზიცია მაჟორიატურ ოლქებში შეძლეს ერთი კანდიდატის შერჩევას და არ დაუყენებენ კონკურენტ კანდიდატს სხვა ოპოზიციური პარტიიდან. ამის რეპეტიცია იქნება მთაწმინდის ოლქი. შავგულიძეს საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ცნობადობა არც მას აკლია. გარდა ამისა, ის „ქართული ოცნების" რიგებში იყო და „ოცნების" გარკვეული ამომრჩეველი მისკენ იქნება. ოპოზიციური სპექტრს გაუკეთებს მობილიზებას, თუმცა მთაწმინდის რაიონი მცირერიცხოვანი რაიონია და ამიტომ უპირატესობა ამ შემთხვევაში აქვს ხელისუფლებას. არა ხელისუფლების კანდიდატს, არამედ ხელისუფლებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ რაღაც შემოვლითი გზებით ზეწოლა ამომრჩეველზე საკმაოდ გაჭირდება“, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ აისახება მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება პარტიიდან „ნაცმოძრაობის" რეიტინგზე , ძაბირაძის თქმით, არანაირი დისტანცირება არ მომხდარა. ყველა ითხოვდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და სააკაშვილის წასვლას. ფაქტობრივად, როლები გაცვალეს. ადრე ის იყო არაფრომალური, ახლა ეს არის... რეალურიად სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ და ლიდერად დარჩა. ეს პარტიის შიგნით უარყოფითად არ იმუშავებს, რადგან ყველა თვლის, რომ ვაშაძე სააკაშვილის ნაცვალია, გნებავთ მეფისნაცვალი, პარტიისნაცვალი... მეორე ფიგურა, რომელსაც სააკაშვილი ენდობა. ასე რომ, სააკაშვილი არსად არ წასულა, უბრალოდ განცხადება გააკეთა, რომ თავმჯდომარე ვაშაძე იქნება. თუკი რუსლოვს არ მოუყენებენ სხვა პარტიები კონკურენტ კანდიდატს, ალბათ სერიოზული ბრძოლა იქნება მერობისთვის ზუგდიდში“, - დასძენს გამოცემა.

"თავად ფაქტი, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისში იყო, მნიშვნელოვანია. რა განცხადებებიც გაკეთდა და ის ფაქტი, რომ თანამშრომლობა ძლიერდება, უფრო ინტენსიური ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის არა მარტო მისაღები, არამედ ერთგვარი წარმატებაც ამ გზაზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სწრაფად მუშაობა, რადგან სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს. გარდა ამისა, ძალიან საყურადღებო იყო ლაპარაკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმედი იმისა, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო. რუსეთს ნატო-ს გენერალური მდივნის სტუმრობა კი არ აღიზიანებს, ჩვენი დამოუკიდებლობა აღიზიანებს. ესაა მთავარი და ამას როგორმე უნდა მივხვდეთ, გავუწიოთ ანგარიში. ჩვენი დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი სწორედ დასავლეთია და არა რუსეთი. რუსეთი რომ იყოს დამოუკიდებლობის გარანტი, მაშინ ვითარება კავკასიაშიც სხვაგვარი იქნებოდა და თავად რუსეთშიც“, - წერს სტატიის ავტორი.