ვიაჩესლავ ფესენკო - ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, არც ერთი არ დათანხმდება მოსკოვის მოთხოვნას უკრაინის ფედერალიზაციასა და ოკუპირებული ტერიტორიებისთვის რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრას

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებასა და სავარაუდოდ იმაზე, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვიაჩესლავ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვიაჩესლავ, მალე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას?

- წინასაარჩევნოდ უკრაინაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ ნორმალურია. უფრო სწორი ნათქვამი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის უკრაინაში საკმაოდ კარგი წინაპირობებია.

წინასაარჩევნოდ უკრაინაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ ნორმალურია... ქვეყნის ხელმძღვანელობას მიეცა საშუალება აემოქმედებინა სოციალური გადასახადების გადახდის ახალი მექანიზმები, კომუნალური სუბსიდიების მონეტიზაცია, პენსიების ინდექსაციით გაცემის დაწყება და სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებების გაცემა

ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიეცა საშუალება აემოქმედებინა სოციალური გადასახადების გადახდის ახალი მექანიზმები, კომუნალური სუბსიდიების მონეტიზაცია, პენსიების ინდექსაციით გაცემის დაწყება და სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებების გაცემა.

მიუხედავად ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებობს რისკის ფაქტორებიც, პრობლემური მომენტები. წელს უკრაინაში საგარეო ვალის გასტუმრების პიკია.

- დღეისათვის რამდენია უკრაინის საგარეო ვალი?

- ახლა საგარეო ვალის დაფარვას ბიუჯეტის მესამედი ხმარდება. საგარეო ვალის გასტუმრებას წელს ამდენი იმიტომ ხმარდება, რომ წელს საგარეო ვალებისა და ამ ვალების პროცენტების დიდი ნაწილი უნდა იქნას გასტუმრებული.

წელს უკრაინამ 7 მილიარდი აშშ დოლარის საგარეო ვალი უნდა დაფაროს. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ უკრაინის ისტორიაში წელს საგარეო ვალის დაფარვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

რამდენადაც მახსოვს წელს უკრაინამ 7 მილიარდი აშშ დოლარის საგარეო ვალი უნდა დაფაროს. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ უკრაინის ისტორიაში წელს საგარეო ვალის დაფარვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წელს უკრაინა იმაზე მეტ საგარეო ვალს დაფარავს, ვიდრე შარშან ან 2020 წელს.

- რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, იგი როგორია?

- პოლიტიკური ვითარება, რა პირობებშიც უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული და რთულია. გრძელდება დაპირისპირება პრეზიდენტ პოროშენკოსა და ოპოზიციას შორის. მათ შორის ურთიერთობა საკმაოზე მეტად კონფლიქტურია.

საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია საკმაოდ კონკურენტული და მწვავეა. გვყავს საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები, ესენი არიან - ზელენსკი, პოროშენკო და ტიმოშენკო. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა თუ რომელი მათგანი გავა მეორე ტურში, ჯერ საკმაოდ რთულია

უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კომპანია საკმაოდ კონკურენტული და მწვავეა. გვყავს საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები, ესენი არიან - ზელენსკი, პოროშენკო და ტიმოშენკო. ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, თუ რომელი მათგანი გავა მეორე ტურში ჯერ საკმაოდ რთულია.

შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტები. მეორე ტურში გამსვლელების დასახელება ისევე რთულია, როგორც შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ საპრეზიდენტო არჩევნებში.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გახლავთ იმის მიზეზი, რომ ყველა სოციოლოგიური კვლევებით ლიდერობს ზელენსკი?

- ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკრაინაში ახლა უპრეცედენტოდ დაბალია პოლიტიკოსების მიმართ ნდობა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსების მიმართ ნდობის კრიზისია. ეს ყველას ერთნაირად ეხება, როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე ხელისუფლებას მთლიანად და არა მარტო პრეზიდენტ პოროშენკოს.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს არავის მიმართ არა აქვს ნდობა... ისინი, ვინც პოლიტიკურ ლიდერებს არ ენდობიან, მზად არიან თავისი ხმა მისცენ ვინმე სხვას მაგრამ ისეთს, რომელსაც იცნობენ, მოსწონთ, ვისაც, ირიბად მაინც აქვს კავშირი პოლიტიკასთან

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს არავის მიმართ არა აქვს ნდობა. მხედველობაში მყვანან ტრადიციულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები. ისინი, ვინც პოლიტიკურ ლიდერებს არ ენდობიან, მზად არიან თავისი ხმა მისცენ ვინმე სხვას მაგრამ ისეთს, რომელსაც იცნობენ, მოსწონთ და ვისაც, ირიბად მაინც აქვს კავშირი პოლიტიკასთან.

ასეთები კი ჩვენთან მხოლოდ ორი იყო - ერთი ზელენსკი, ხოლო მეორე ცნობილი უკრაინელი მომღერალი სვიატოსლავ ბაკარჩუკი, რომელიც ასევე ცნობილი იყო თავისი სამოქალაქო პოზიციით. ის უდავოდ პოპულარული გახლავთ ხალხში, მაგრამ მაინც უარი თქვა მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში.

ზელენსკი უკრაინაში ცნობილია თავისი პაროდიებით უკრაინელ პოლიტიკოსებზე, უკრაინულ პოლიტიკაზე სატირით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან გადაიღო ფილმი-სერიალი „ხალხის მსახური“, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ ხდება უკრაინის პრეზიდენტი სკოლის უბრალო ისტორიის მასწავლებელი

საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით 15-20 ტექნიკური კანდიდატია, რომლებიც ფავორიტების პოროშენკოსა და ტიმოშენკოს სასარგებლოდ მუშაობენ

რაც შეეხება ზელენსკის. იგი უკრაინაში ცნობილია თავისი პაროდიებით უკრაინელ პოლიტიკოსებზე, უკრაინულ პოლიტიკაზე სატირით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან გადაიღო მრავალსერიანი ფილმი „ხალხის მსახური“, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ ხდება უკრაინის პრეზიდენტი სკოლის უბრალო ისტორიის მასწავლებელი.

ეს ფილმი-მითი იმაზეა, რომ ხალხის წიაღიდან გამოსული სკოლის მასწავლებელი ხდება პრეზიდენტი. უნდა ითქვას, რომ ეს ფილმი ხალხში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზელენსკის მხარდამჭერების უმრავლესობას ეს მითი სერიალიდან რეალურ ცხოვრებაში გადააქვს.

- გასაგებია, რომ უკრაინა საკმაოდ დიდი ქვეყანაა, მაგრამ ფაქტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 39 კანდიდატი იღებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების ამ სიიდან ნახევარზე მეტი იმიტომ იყრის კენს, რომ მეორე ტურის წინ რომელიმე ფავორიტს წაართვას ხმები რომელიმე ფავორიტის სასარგებლოდ. ასეა?

- უნდა ითქვას, რომ კანდიდატები მეტიც იყვნენ - 44, 5-მა მათგანმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და ახლა მართლაც 39 კანდიდატია. რატომ იღებს ასე ბევრი მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში?

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების სამი ფავორიტიდან კრემლს არც ერთი არ აწყობს, აღარაფერს ვამბობ პოროშენკოზე, რომელზეც კრემლმა კარგა ხანია იცის, რომ მასზე ფსონის დადებას აზრი არა აქვს

უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენთან შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ნახევარის მონაწილეობა სწორედ ამას უკავშირდება. ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს იყენებენ საკუთარი პერსონის გაპიარებისთვის, ცდილობენ წარმოჩნდნენ როგორც ქვეყნის მასშტაბის პოლიტიკოსები და აიმაღლონ რეიტინგი.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით 15-20 ტექნიკური კანდიდატია, რომლებიც ფავორიტების პოროშენკოსა და ტიმოშენკოს სასარგებლოდ მუშაობენ. თქვენ სწორად კი შენიშნეთ, მაგრამ ეს ასევე ემსახურება იმას, რომ სხვადასხვა საარჩევნო კომისიებში ფავორიტებმა რაც შეიძლება მეტი თავისი წევრი მოახვედრონ.

- უკრაინაში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მთავარი კითხვა ასეთია - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების სამი ფავორიტისგან ყველაზე მეტად ვისი გამარჯვება აწყობს კრემლს?

- ჩემი აზრით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების სამი ფავორიტიდან კრემლს არც ერთი არ აწყობს. კრემლის ფავორიტია იური ბოიკო, რომელიც მოსკოვს ხშირად სტუმრობს, იგი რუსეთის დედაქალაქში ამას წინათაც იყო ჩასული. მოსკოვი რომ სწორედ მასზე დადებდა ფსონს, ჯერ კიდევ შარშან იყო ცნობილი.

არც ტიმოშენკო და არც ზელენსკი არ წავლენ პუტინთან ისეთ დათმობებზე, რომელსაც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა არ მიიღებს

პრეზიდენტობის სამივე ფავორიტი უკრაინის ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს. ეს კი, კრემლის გეგმებში აშკარად არ შედის. ჩემი აზრით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი ფავორიტიდან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, კრემლს მათთან მოქმედების თავისი ტაქტიკა ექნება.

- გასაგებია, რომ სამივე ფავორიტთან მიმართებაში კრემლს თავისი მოქმედების ტაქტიკა ექნება, მაგრამ მოსკოვს აქვს როგორც ტიმოშენკოსთან, ისე პოროშენკოსთან ურთიერთობის გამოცდილება, მაგრამ ამგვარი გამოცდილება არ შეიძლება ჰქონდეს ზელენსკისთან მიმართებაში, ვინაიდან ის პოლიტიკოსი არ ყოფილა...

- ზელენსკისთან მიმართებაში მოსკოვის მთავარი ტაქტიკა ალბათ დაუკავშირდება ამ უკანასკნელის პოლიტიკურ გამოუცდელობასა და სისუსტეებს. შესაძლოა, ეს იყოს ზელენსკის გაპრეზიდენტების ყველაზე დიდი რისკიც. მაგრამ, ამაზე საუბარი ახლა რთულია, რადგან ჩვენ არ ვიცით, თუ როგორი აღმოჩნდება თავად ზელენსკი, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს.

ახლა არავის შეუძლია დარწმუნებით არა მარტო იმის თქმა თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ ვინ გავა მეორე ტურში

ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, არც ტიმოშენკო და არც ზელენსკი არ წავლენ პუტინთან ისეთ დათმობებზე, რომელსაც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა არ მიიღებს. ეს მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

სულ ტყუილად აქვთ მოსკოვში იმის იმედი, რომ ზელენსკი ან ტიმოშენკო უკრაინაში რუსული სცენარის რეალიზაციაზე იმუშავებენ. აღარაფერს ვამბობ პოროშენკოზე, რომელზეც კრემლმა კარგა ხანია იცის, რომ მასზე ფსონის დადებას აზრი არა აქვს.

- ალბათ გულისხმობთ იმას, რომ კრემლი კიევისაგან უკრაინის ფედერალიზაციას, ოკუპირებული დონეცკისა და ლუკანსკის ტერიტორიების ნაწილებისთვის რესპუბლიკების სტატუსის მინიჭებასა და უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ამ რეგიონებისთვის ვეტოს უფლებას მოითხოვს?

- დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში არც ერთი მათგანი არ დათანხმდება მოსკოვის მოთხოვნას უკრაინის ფედერალიზაციასა და ოკუპირებული ტერიტორიებისათვის რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრას.

პრეზიდენტობის სამი ფავორიტიდან ამის გაკეთება ერთ-ერთმაც რომ მოინდომოს, ამის უფლებას მათ პარლამენტი არ მისცემს.

- ვიდრე თქვენ დაგირეკავდით, უკრაინულ მედიას გადავხედე. ახლა თქვენთან აქტიურად განიხილება ის, გამარჯვების შემთხვევაში თუ როგორ დაელაპარაკება ზელენსკი პუტინს და მისი გაპრეზიდენტება იქნება თუ არა უკრაინისთვის „პოლიტიკური გაზაფხული“. რჩება შთაბეჭდილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ზელენსკი იგებს. ასეა?

- თქვენი კითხვის ვერც პირველ ნაწილზე და ვერც მეორეზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ხომ გეუბნებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკრაინაში იმგვარი ვითარებაა, რომ ახლა არავის შეუძლია დარწმუნებით თქმა იმისა, არა მარტო თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ, თუ ვინ გავა მეორე ტურში.

რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე ასევე ურთულესია იმაზე მსჯელობა, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება ზელენსკი. ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა, ვისაუბროთ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლაზე ან კიდევ სხვა სცენარებზე, მაგრამ, ალბათ აჯობებს დაველოდოთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი