„გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა

„საქართველოს კაპიტალის“ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ „გლობალ ბიერ ჯორჯიამ“, უძველესი ქართული ლუდსახარში „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა. ამ ნიშნის ქვეშ ლუდი 1881 წლიდან იწარმოება. გარიგების თანხამ 3.65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ყაზბეგი“ საქართველოს ლუდის ბაზარზე სიდიდით მე-5 მოთამაშეა და ჰორეკას (HORECA) მიმართულებით კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. კომპანიას ლუდისა და ქართული ლიმონათის ბაზარზე 4-5%-მდე წილი უკავია. „ყაზბეგის“ გაყიდვებს ახალი მფლობელის ძლიერი დისტრიბუციის პლატფორმა გააუმჯობესებს.

გარიგება არ მოიცავს „ყაზბეგის“ საწარმო აქტივების შეძენას. კომპანიის ყოფილი დირექტორის, ირაკლი თოფაძის განცხადებით, კომპანია „ყაზბეგის“ საწარმოები მათ საკუთრებაში რჩება. საწარმოები სამომავლოდ შესაძლოა, გასხვისდეს ან სხვა საქმიანობას მოხმარდეს, თუმცა ლუდი და ლიმონათი ამ საწარმოებში აღარ იწარმოება.

„საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა, გარიგების შესახებ კომენტარი გააკეთა: „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა სასმელების კომპანიამ ადგილობრივი მაღალი ცნობადობის ბრენდის შეძენის პროცესი წარმატებით დაასრულა. ეს ტრანზაქცია ჩვენი ლუდსახარშის უტილიზაციას გაზრდის და კომპანიას საშუალებას მისცემს, შევიდეს ლიმონათის ბაზარზე, სადაც აქამდე წარმოდგენილები არ ვყოფილვართ. ასევე, ვფიქრობთ, რომ „ყაზბეგი“ შეავსებს ჩვენს საკუთრებაში არსებული ადგილობრივი ბრენდების პორტფელს, რომელშიც ლუდი „აისიც“ შედის, და კომპანია გაიფართოებს სამიზნე ბაზრის ასაკობრივი ჯგუფების დაფარვას“.

„საქართველოს კაპიტალი“ საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, „m2 უძრავი ქონება“, „ჯორჯიან გლობალ იუთილითისი“ (GGU), სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და „თელიანი ველი“. ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია არის „გლობალ ბიერ ჯორჯია“, რომელიც ქართული ლუდის ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია ადგილობრივ ლუდს 2017 წლის ივნისიდან ყიდის. „გლობალ ბიერ ჯორჯია“, როგორც „Heineken“-ის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ისახავს ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას. კომპანია ადგილობრივად აწარმოებს ლუდის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: „აისი“, „არაგველი“, „შავი ლომი“ და „Heineken“-ის ლიცენზირებული ბრენდი - „კრუშოვიცე“; ადგილობრივად წარმოებული ლუდების პორტფელს ახლა უკვე ბრენდი „ყაზბეგი“ დაემატა. უახლოეს მომავალში კომპანია ადგილობრივად აწარმოებს ლუდ „Amstel“-სა და „Heineken“-ს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა