რაულ ჩილაჩავა - ზელენსკის ელექტორატი უფრო რუსეთზეა ორიენტირებული, პოროშენკოს კი მეტწილად უკრაინის პროდასავლური ძალები უჭერენ მხარს

უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და იმაზე, სავარაუდოდ როგორ წარიმართება მეორე ტური და რა შედეგით დასრულდება იგი, „ინტერპრესნიუსი“ კიევში მოღვაწე ქართველ პოეტს, მთარგმნელს, პროფესორსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, რაულ ჩალიჩავას ესაუბრა.

- ბატონო რაულ, უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ბოლომდე დაჯამებული არაა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მეორე ტურში მონაწილეობას ზელენსკი და პოროშენკო მიიღებენ.

გამართლდა ექსპერტთა უმეტესობის ვარაუდი, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდებოდა აუცილებელი, მაგრამ ბოლომდე არავის სჯეროდა, რომ მსახიობი და შოუმენი ზელენსკი ასე დამაჯერებლად გაუსწრებდა თავის კონკურენტებს. არჩევნების პირველ ტურამდე უკრაინელი ექსპერტები ზელენსკის პოპულარობას იმით ხსნიდნენ, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობა ჰქონდა დაკარგული და არ იყო გამორიცხული მათ ხმა იმათთვის მიეცათ, ვინც პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო პირველი ტურის შედეგები და თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს?

- დავიწყებ იმით, რომ უკრაინის ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ვლადიმერ ზელენსკის გამოჩენა. მართალია, სტუდია „95-ე კვარტალი“, რომელსაც ის ხელმღვანელობს და რომლის წამყვანი მსახიობიცაა, ძირითადად პოლიტიკური პაროდიებითა და სკეტჩებითაა ცნობილი, მაგრამ სცენის მიღმა მისი პოლიტიკური აქტიურობა არავის უნახავს. მით უმეტეს, არავის სმენია, რომ მას პრეზიდენტობის ამბიცია ჰქონდა.

ზელენსკის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თანამედროვე ყოფით გულგატეხილი საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით რუსულენოვანი, მიესალმა ზელენსკის გადაწყვეტილებას, ნაწილმა არასერიოზულად ჩათვალა და მხოლოდ პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაცია, სადაც გამოცდილი პროფესიონალები მუშაობენ, საკმაოდ შეაშფოთა

სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მას საამისოდ დიდი ხანია ამზადებენ. მილიარდერ იგორ კოლომოისკის კუთვნილ ტელეარხზე რამდენიმე წელია გადის სერიალი „ხალხის მსახური“, სადაც ვოვა ზელენსკი პრეზიდენტ გოლობოროდკოს როლს თამაშობს.

მე ამ სერიალის მხოლოდ ფრაგმენტები მაქვს ნანახი და მის მხატვრულ ღირსებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როგორც ამბობენ, მაყურებელს მოსწონს. სწორედ პარტია „ხალხის მსახურმა“ (არის ასეთი პარტია ანუ საარჩევნოდ სახელდახელოდ შექმნეს) წარადგინა თავის კანდიდატად ტელეპრეზიდენტი ნამდვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ზელენსკის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თანამედროვე ყოფით გულგატეხილი საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით რუსულენოვანი, მიესალმა ზელენსკის გადაწყვეტილებას, ნაწილმა არასერიოზულად ჩათვალა და მხოლოდ პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაცია, სადაც გამოცდილი პროფესიონალები მუშაობენ, საკმაოდ შეაშფოთდა.

პოროშენკოს ადმინისტრაციაში მაშინვე მიხვდნენ, რომ ზელენსკის სახით საპრეზიდენტო არჩევნებში ძნელად განსამუხტავი ნაღმი შემოუგდეს და თავიანთი შეფის მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ „კლოუნის“ წინააღმდეგ მიმართეს. მიუხედავად ამისა, პირველ ტურში „კავეენშჩიკმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და ეს არ ყოფილა დიდად მოულოდნელი.

გაჭიანურებული ომი, ინფლაცია, აუტანელი კომუნალური ტარიფები, გაჯეჯილებული კორუფცია და თითქმის გაუსაძლისი ყოფა სწორედ მის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამიტომაც ზელენსკის პირველი ადგილი თითქმის არავის გაკვირვებია.

პოროშენკოს ადმინისტრაციაში მაშინვე მიხვდნენ, რომ ზელენსკის სახით საპრეზიდენტო არჩევნებში ძნელად განსამუხტავი ნაღმი შემოუგდეს და თავიანთი შეფის მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ „კლოუნის“ წინააღმდეგ მიმართეს. მიუხედავად ამისა, პირველ ტურში „კავეენშჩიკმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და ეს არ ყოფილა დიდად მოულოდნელი

საეჭვოდ მიაჩნდათ მოქმედი პრეზიდენტის მეორე ტურში გადასვლა და, როგორც იცით, ამას საჯაროდ აცხადებდა მიხეილ სააკაშვილიც, მაგრამ აქ პროგნოზი არ გამართლდა.

ბრძოლას ეთიშება იულია ტიმოშენკო, რომელმაც უზარმაზარი რესურსი შეალია ამ არჩევნებს. დანარჩენების მეორე ტურში გადასვლა არც განიხილებოდა. 39 კანდიდატიდან უმეტესობა ხალხს საერთოდ არ სმენია და მათ თითო-ოროლა ხმა მიიღეს. უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური თითქმის მოსალოდნელი შედეგით დამთავრდა, რაც თავისთავად ბევრ კითხვას და თავსატეხს აჩენს.

- უკრაინაში პირველი ტურის შედეგებზე თქვენ სოციალურ ქსელში ამგვარი მოსაზრება გამოთქვით – „ურნებთან მისული ამომრჩევლების 65 პროცენტიდან 30%-მა ხმა მისცა ე.წ. "რუსულ სამყაროს" და ავტომატურად უარი უთხრა ნატოს, ევროკავშირს, ამერიკას, დასავლურ კურსს საერთოდ. მეორე ტურისთვის ქვეყანას კვლავ მოუწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის, რაც ბოლო ათწლეულებში უკრაინაში თითქმის ტრადიციად იქცა. ტიმოშენკომ, როგორც მოსალოდნელი იყო, წააგო. მისი ხმების ნაწილი წაიღო ზელენსკიმ“.

რა გაძლევთ იმის მტკიცების საშუალებას, რომ ზელენსკის ამომრჩეველს „რუსული სამყაროს“ ნაწილად დარჩენა სურს, არ უნდა არც ევროკავშირი და არც ნატო?

- ძნელია პირდაპირ და ხელაღებით ამის მტკიცება, თუმცა თუ პირადად ვლადიმერ ზელენსკის აქამდე ცნობილი ბიოგრაფიითა და გამონათქვამებით ვიმსჯელებთ, ის მართლაც ე.წ. „რუსული სამყაროს“ მომხრეა, თვითონაც, როგორც იტყვიან, რუსულენოვანია, თუმცა საყველპურო უკრაინული, ცხადია იცის.

ზელენსკის აქამდე ცნობილი ბიოგრაფიითა და გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებთ, ის მართლაც ე.წ. „რუსული სამყაროს“ მომხრეა, თვითონაც, როგორც იტყვიან, რუსულენოვანია, თუმცა საყველპურო უკრაინული, ცხადია იცის

უკრაინის იმ მხარეებში, - აღმოსავლეთი, სამხრეთი და ცენტრის ნაწილი, სადაც ზელენსკიმ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, რბილად რომ ვთქვათ, არ მიესალმებიან უკრაინის პროდასავლურ კურსს, შეცდომად მიიჩნევენ რუსეთთან მტრობას და სურთ აღადგინონ მასთან, როგორც თავად ესახებათ, ოდინდელი მეგობრული ურთიერთობა. ასეთი კურსის გამტარებლად კი ამ შემთხვევაში მათ სწორედ ვლადიმერ ზელენსკი ესახებათ, რომელმაც იურმალაში გამართულ კონცერტზე უკრაინას „პროსტიტუტკა“ უწოდა.

თავად პირველი ტურის გამარჯვებულს ჯერ არ გამოუთქვამს თავისი მკაფიო მოსაზრება არც ერთი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევის შესახებ. ესაა ჯერჯერობით მხოლოდ „კანდიდატი-ვარაუდი“, „კანდიდატი-იმედი“, რომელიც ან გაამართლებს ან არა

თავად პირველი ტურის გამარჯვებულს ჯერ არ გამოუთქვამს თავისი მკაფიო მოსაზრება არც ერთი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევის შესახებ. ესაა ჯერჯერობით მხოლოდ „კანდიდატი-ვარაუდი“, „კანდიდატი-იმედი“, რომელიც ან გაამართლებს ან არა.

გუშინდელ მოკლე ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე ტურის ბოლომდე საზოგადოებას წარუდგენს თავისი გუნდის პირველ ხუთეულს. ამ ხუთეულის გამოჩენის შემდეგ, ალბათ, შედარებით ადვილი იქნება დასკვნის გამოტანა თუ საით წაიყვანს გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ეს ახალი ძალა.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ზელენსკი პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქის, კოლომოისკის კრეატურაა. ცნობილია ისიც, რომ ოლიგარქმა კოლომოისკიმ, როგორც დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა, 2014 წელს რუსეთთან დაწყებულ ომში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მან შექმნა და პირადად დააფინანსა თითქმის ყველაზე ბრძოლისუნარიანი უკრაინული სამხედრო დანაყოფები.

გასაგებია, რომ კოლომოისკის პოროშენკოსთან პირადი ანგარიშები აქვს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ოლიგარქ კოლომოისკის მოქმედება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული სცენარის ნაწილი იყოს...

- იგორ კოლომოისკიმ ნამდვილად დიდი როლი შეასრულა უკრაინის დაცვაში. ეს უდავოა და დასაფასებელი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინასთან ერთად იგი იცავდა თავის მრავალმილიარდიან ქონებასაც. ანუ აქ ნაშოვნი თანხის გარკვეული ნაწილი მან დახარჯა დანარჩენი ნაწილის შესანარჩუნებლად. და მაინც, უმადურობა იქნებოდა, რომ მისი დამსახურება აქ არ დაგვენახა.

აუცილებელი არაა მაინც და მაინც რუსული სცენარის დაწერაში ღებულობდე მონაწილეობას. საკმარისია შენი მოქმედება არ ეწინააღმდეგებოდეს მასში გათვალისწინებულ მიზანსცენებს, ანუ ნებსით თუ უნებლიეთ მის ხორცშესხმას უწყობდე ხელს

რაც შეეხება რუსულ სცენარს, აუცილებელი არაა მაინცდამაინც რუსული სცენარის დაწერაში ღებულობდე მონაწილეობას. საკმარისია შენი მოქმედება არ ეწინააღმდეგებოდეს მასში გათვალისწინებულ მიზანსცენებს, ანუ ნებსით თუ უნებლიეთ მის ხორცშესხმას უწყობდე ხელს.

შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ არსებობს ასეთი ვერსიაც - ვლადიმერ ზელენსკი ერთადერთია, ვისაც გამსვლელი კანდიდატებიდან, - ტიმოშენკო, გრიცენკო, პოროშენკომ შეიძლება მოუგოს. ამიტომ, ეს სწორედ პოროშენკო-კოლომოისკის გარიგებაა იულიას წინააღმდეგ.

არსებობს ასეთი ვერსიაც - ზელენსკი ერთადერთია, ვისაც გამსვლელი კანდიდატებიდან, ტიმოშენკო, გრიცენკო, პოროშენკომ შეიძლება მოუგოს. ამიტომ ეს სწორედ პოროშენკო-კოლომოისკის გარიგებაა იულიას წინააღმდეგ

მოიგებს პოროშენკო და დაუბრუნებს კოლომოისკის წართმეულ „პრივატბანკს“ და სხვა პრეფერენციებს, ზელენსკი კიდევ უფრო ააყვავებს საკუთარ ბიზნესს და „კრებაც დარჩება მხიარული“. რაკი ჩვენ წინასწარმეტყველები არა ვართ და მხოლოდ ლოგიკას შეგვიძლია დავეყრდნოთ, ვნახოთ, რამდენად მყარი გამოდგება ეს დასაყრდენი.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ტიმოშენკო მხარს პოროშენკოს დაუჭერს. მეტიც, პოროშენკოს სხვა პროდასავლური ძალები დაუჭერენ მხარს და არ დაუშვებენ ზელისკის გაპრეზიდენტებას.

ბრძანებთ, რომ ზელისკიმ მხარდაჭერები ტიმოშენკოს წაართვა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მეორე ტურში აშკარად და მკაფიოდ პროდასავლური ძალები პოროშენკოს დაუჭერენ მხარს? მათ შორის იქნება თუ არა ტიმოშენკო, რომელიც ასევე მკვეთრადაა დაპირისპირებული პოროშენკოსთან?

- მე პირადად ვერ წარმომიდგენია პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერი იულია ტიმოშენკო. თუმცა, პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. პეტრო და იულია იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ეს თითქმის შეუძლებლად მესახება. მართალია, ეს არ გამორიცხავს იულიას მომხრეთა გარკვეული ნაწილის მიერ მეორე ტურში სწორედ პოროშენკოსთვის ხმის მიცემას.

კრემლი უკრაინაში ამჯერად უფრო შენიღბულად თამაშობს და სცენაზე საჯაროდ გამოსვლას თავს არიდებს

პროდასავლური ძალები მეტწილად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს უჭერენ მხარს და ეს გასაგებიცაა - პეტრო პოროშენკო ძლიერი დიპლომატია, მისი საგარეო კურსი პრაქტიკულად კრიტიკის გარეშეა, მას ემხრობიან ინტელიგენციისა და ძველი დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლები, რაც სპეციალური წერილით გამოხატეს კიდეც.

უკრაინის მწერალთა კავშირი, სადაც ადრე იულია ტიმოშენკოს ბლოკ „ბატკივშინას“ ერთ-ერთი შტაბ-ბინა ჰქონდა, დღეს აბსოლუტურად მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერია.

- თქვენი დაკვირვებით, მეორე ტურში ზელინსკის ღიად დაუჭერენ მხარს პრორუსულ კანდიდატებად მიჩნეული ბოიკო და სხვები? თუ ამჯერადაც კრემლი „ჩრდილში“ ყოფნას ამჯობინებს?

- მეორე ტურში, ჩემი აზრით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქვეყნის მომავლის წინაშე ამომრჩევლის პირად პასუხისმგებლობაზე. მიიღებენ იმას, რასაც აირჩევენ. ბოიკო, ვილკული, ბოგოსლოვსკაია და რეგიონების პარტიის ყოფილი წარმომადგენლები უარჰყო თვით ერთგულმა ელექტორატმაც, რაც მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობითაც დადასტურდა.

პირველი ტური იყო მოთელვა, მეორეზე კი ნამდვილ არჩევნებს უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას მიანიჭებს უპირატესობას „ერის კოლექტიური გონება“

ამიტომ მათი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს, ვფიქრობ, ვერ შეასრულებს. კრემლი კი ისედაც ჩრდილშია. ის ამჯერად უფრო შენიღბულად თამაშობს და სცენაზე საჯაროდ გამოსვლას თავს არიდებს.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ ზელენსკის გაპრეზიდენტება შესაძლოა უკრაინისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. იგულისხმება მისი გამოუცდელობა, სისუსტეები, ოლიგარქ კოლომოისკისთან სიახლოვე.

პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა პოროშენკომ ტვიტერზე დაწერა - „უკრაინის მომავალ პრეზიდენტს არა პეტროსიანთან და გალკინთან, არამედ პუტინთან მოუწევს ურთიერთობა“.

ეს ესმის პოლიტიკაში უკვე გამოცდილ პოროშენკოს, მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მეორე ტურამდე გააცნობიეროს უკრაინელმა ამომრჩეველმა?

- ამის ალბათობა არსებობს. ვფიქრობ, ეს გათვითცნობიერებული იყო აქამდეც, მაგრამ ზელენსკისთვის მხარდაჭერით ამომრჩეველმა ძლიერი ზარი შემოჰკრა და აჩვენა ხელისუფლებას, რამდენად გულგატეხილია მისი საქმიანობით.

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, უკრაინის არც ერთი პარლამენტი არ დათანხმდება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას

პირველი ტური იყო მოთელვა, მეორეზე კი ნამდვილ არჩევნებს უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას მიანიჭებს უპირატესობას „ერის კოლექტიური გონება".

- საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმერ ფესენკომ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, არც ერთი არ დათანხმდება მოსკოვის მოთხოვნას უკრაინის ფედერალიზაციასა და ოკუპირებული ტერიტორიებისთვის რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრას“.

თუ არჩევნებში მაინც ზელენსკიმ გაიმარჯვა, თქვენი აზრით, იგი უარს იტყვის თუ არა მოსკოვის მოთხოვნაზე უკრაინის ფედერაციულ ქვეყნად გადაქცევასა და რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილებისათვის რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრაზე?

- ცხადია, პრეზიდენტი ზელენსკი, თუ მსგავსი რამის მოწმენი გავხდით, ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. მით უფრო, რომ უკრაინა საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და აქ გადამწყვეტი სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის.

მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს პრინციპით - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია... უკრაინაში მიდის პოლიტიკური თამაში, იხლართება ინტრიგები. როგორც ყველგან და ყოველთვის, როცა დიდი პოლიტიკური საკითხი წყდება

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, უკრაინის არც ერთი პარლამენტი არ დათანხმდება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა-რუსეთის ომმა, რომელიც დღესაც გრძელდება, უკვე 13 ათასზე მეტი მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურისა და კიდევ რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა, გააუბედურა და მშობლიურ მიწაზე დევნილად აქცია მილიონობით ადამიანი.

- საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ტურის შემდეგ უკრაინელ ამომრჩეველს მოუწოდა მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ზელენსკის. მეტიც, მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკოს დამარცხებისა და ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში ის უკრაინაში ჩავა.

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კი პრეზიდენტობის კანდიდატმა ზელენსკიმ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ სააკაშვილი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა, ყველა მისი ნაბიჯით ის ცდილობდა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების გატარებას და მოხარული იქნება თუ იგი მასაც მისცემდა რჩევებს.

გასაგებია, რომ სააკაშვილს პოროშენკოსთან თავისი ანგარიშები აქვს, მაგრამ თუ ზელენსკის დასაყდენი ელექტორატი პრორუსული, ანტიევროპული და ანტინატოული ძალები არიან, თქვენი დაკვირვებით, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთთან ზელენსკისა და სააკაშვილს, რომელიც აშშ-ში, ევროპაში და საქართველოს გარკვეულ ნაწილში კრემთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა?

- მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს პრინციპით - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. არ ვიცი, იქნებ ფიქრობს, რომ გამოუცდელ ზელენსკის ადვილად მოაქცევს საკუთარი ქარიზმის ტყვეობაში და გააკეთებინებს მას, რასაც ეტყვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით ასევე ფიქრობს ზელენსკიც.

სააკაშვილი რომ უკრაინის პრემიერი გახდეს, საამისოდ საჭიროა სააკაშვილს აღუდგეს უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო პრეზიდენტ ზელინსკის პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდეს

მიიღებს მისგან სასარგებლო რჩევებს, დანარჩენ შემთხვევაში კი მოიქცევა საკუთარი შეხედულების შესაბამისად. მიდის პოლიტიკური თამაში, იხლართება ინტრიგები. როგორც ყველგან და ყოველთვის, როცა დიდი პოლიტიკური საკითხი წყდება.

- ამბობენ, ზელინსკი თუ გახდა პრეზიდენტი, სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდება…

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სააკაშვილი რომ უკრაინის პრემიერი გახდეს, საამისოდ საჭიროა სააკაშვილს აღუდგეს უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო პრეზიდენტ ზელინსკის პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდეს. უკრაინაში პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ნიშნავს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ამ თანამდებობაზე მისი უპირველესი მეტოქე იქნება ამჟამინდელი „მეგობარი“ იულია ტიმოშენკო, რომელსაც აქვს შანსი მომავალ რადაში უმრავლესობით შევიდეს, როგორც ეს ადრეც მომხდარა.

- ქართველი ექსპრეტთა ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში უკიდურესად დაიძაბება ურთიერთობები კიევსა და თბილისს შორის. მეტიც, ამით მხოლოდ მოსკოვი გაიხარებს, ვინაიდან საერთაშორისო ასპარეზზე კიევისა და თბილისის მოქმედებები საკმაოდ კოორდინირებულია. თქვენც ფიქრობთ, რომ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები გამწვავდება?

- არა მგონია. ზელენსკი პირადად ისეთს არაფერს იზამს, რაც მანამდე პოროშენკოს და მის ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ოფიალური თბილისის სრული დუმილი და ინდეფერენტიზმი გვახსოვს. ვფიქრობ, იგივე სურათი იქნება მაშინაც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი