ამირან სალუქვაძე - ნატოს შავ ზღვაზე გააქტიურების გარდა სხვა გზა აღარ აქვს, არც საქართველოს აქვს სხვა  გზა, ვინაიდან რუსეთი სხვა არჩევანს არ ტოვებს

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას პარლამენტში გამოსვლის შედეგებსა და იმაზე, საერთაშორისო ასპარაზზე გართულებული პროცესებისა და შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს გააქტიურების ფონზე რამდენად ადეკვატურია საქართველოს თავდაცვის უწყების საქმიანობა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, “ინტერპრესნიუსი» ანალიტიკოსს სამხედრო- პოლიტიკურ საკითხებში, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბევრ აქტუალურ თემაზე გაამახვილა ყურადღება და მისი ხელმძღვანელობით უწყებაში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ამავე თემებზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თქვენ ამბობდით, რომ ბოლო 1-1,5 წლის მანძილზე თავდაცვის უწყება იმდენად დახურულია საექსპერტო საზოგადოებისთვის, რომ მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება რთულია. ამჯერად რამდენად გახსნილი აღმოჩნდა მინისტრი იზორია პარლამენტარებისთვის?

- ჩემს მაშინდელ ინტერვიუში ვიგულისხმე საექსპერტო საზოგადოებასთან გახსნილობა. რაც შეეხება პარლამენტს, ჩვენ, ყველა დროის პარლამენტში, მივეჩვიეთ მინისტრებთან არა საქმიან საუბრებს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, არამედ ერთგვარ შერკინებებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ხმაურიან და დაუსაბუთებელ ან დასაბუთებულ განცხადებებს, როცა ოპოზიცია ცდილობს ქულების დაწერას ხელისუფლებისთვის გოლების გატანის ხარჯზე.

ნებისმიერი მინისტრი, არა პრობლემების მოსაგვარებლად და საპარლამენტო მხარდაჭერისთვის მიდის პარლამენტში, არამედ პოლიტიკური შეტევების მოსაგერიებლად, ასეთ გარემოში გახსნილობის მოლოდინი, ნაკლებად უნდა გვქონდეს

ასეთ დაპირისპირებებში, როცა ნებისმიერი მინისტრი, არა პრობლემების მოსაგვარებლად და საპარლამენტო მხარდაჭერისთვის მიდის პარლამენტში, არამედ პოლიტიკური შეტევების მოსაგერიებლად, ასეთ გარემოში გახსნილობის მოლოდინი, ნაკლებად უნდა გვქონდეს. ნიშანდობლივია ნახევრად ცარიელი, თუ ნახევრად სავსე დარბაზი, მაშინ როცა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელია ტრიბუნასთან. იგივე იყო განათლების მინისტრის მოხსენებისას და სხვა შემთხვევებშიც. ესაა დაინტერესების მაჩვენებელი.

- რამდენად დაგაკმაყოფილათ მინისტრ ლევან იზორიას საუბარმა უწყებაში გაკეთებულ საქმეებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წინაშე დგას?

- ჩემი აზრით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, იმ ვითარებაში, რაც აღვწერე, სხვა ტაქტიკა უნდა აირჩიოს. უნდა ესაუბრა, ძალიან მოკლედ, ქვეყნის წინაშე არსებულ შესაძლო სამხედრო საფრთხეებზე, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის ჭრილში, მოუგვარებელ კონფლიქტებზე რეგიონში და მათ შესაძლო ესკალაციაზე.

თავდაცვა ყველას ეხება. ამიტომ, პარლამენტარებთან დაპირისპირებაში შესვლა წამგებიანია. თუ კორუფციაზე საუბარს აჰყვები, იმდენად დამაჯერებლად უნდა უპასუხო, რომ მოსახლეობას კითხვები არ დარჩეს

ამ საფრთხეების ფონზე უნდა ესაუბრა რა პრობლემები დახვდა უწყებაში, რისი მოგვარება მოახერხა და რა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული, რა საკითხებში სჭირდება მას საპარლამენტო მხარდაჭერა. თავდაცვა არის სახელმწიფოს ფუნქცია. ამ ფუნქციის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ ხელისუფლებას. ოპოზიციაც ხელისუფლებაშია, პარლამენტში სხედან, ოღონდ უმცირესობაში.

თავდაცვა ყველას ეხება. ამიტომ, პარლამენტარებთან დაპირისპირებაში შესვლა წამგებიანია. მით უმეტეს არ უნდა აჰყვე კორუფციის საკითხებში. თუ აჰყვები, იმდენად დამაჯერებლად უნდა უპასუხო, რომ მოსახლეობას კითხვები არ დარჩეს. მთავარი მიზანი ხომ ის იყო, რომ მოსახლეობის თვალში წარმოჩენილიყო უარყოფითად. ასეთ თემებზე საუბარი სჯობს პროკურატურაში, სასამართლოში, საგამოძიებო კომისიებში და ა.შ.

საპარლამენტო დისკუსიების გარეშეც ვიცი არმიის პრობლემების შესახებ და ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, - მეტი ინტენსიობაა საჭირო იმისათვის, რომ შევესაბამებოდეთ არსებულ საფრთხეებს

რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობას, გარდა მცირედი გამონაკლისისა, ინტერესი არ ყოფილა და არც საქმიანი დისკუსია შემდგარა ამ თემაზე. თუ პირად განცდაზე მეკითხებით, საპარლამენტო დისკუსიების გარეშეც ვიცი არმიის პრობლემების შესახებ და ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ - მეტი ინტენსიობაა საჭირო იმისათვის, რომ შევესაბამებოდეთ არსებულ საფრთხეებს.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ აშკარად არადამაჯერებელი იყო იზორიას პასუხები კითხვებზე, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში გამოვლინდა და მას როგორც უწყების ხელმძღვანელს პასუხი არაფერზე აუღია? საუბარია უწყებაში გამოვლენილ კორუფციის ფაქტებზე, თუნდაც ერთადერთი ქალი მფრინავის ეკატერინე ქვლივიძის სამსახურიდან გაშვებაზე...

- როგორც უკვე მოგახსენეთ, საპარლამენტო ტრიბუნიდან შეუძლებელია რაიმეს დამტკიცება კორუფციის საკითხთან დაკავშირებით. კორუფციაზე დამაჯერებელი ბრალდებებისთვის ან ბრალდებებზე პასუხების გასაცემად საჭიროა დოკუმენტების გაცნობა და წარმოდგენა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ან ექსპერტების დასკვნებით.

ოფიცრების, განსაკუთრებით მფრინავების, ინჟინრების, მეზღვაურების, საჰაერო თავდაცვის სხვა სპეციალისტების გაშვების საკითხში არც მოქმედ, არც მის წინამორბედ მინისტრებს არ ვეთანხმები. 2006 წლიდან დღემდე თავდაცვის უწყება 62-მა მფრინავმა დატოვა

რაც შეეხება ეკა ქვლივიძის საკითხს, აქ კორუფციასთან არ გვაქვს საქმე, სხვა პრობლემებია. ქვლივიძის და სხვა უამრავი ოფიცრის, განსაკუთრებით მფრინავების, ინჟინრების, მეზღვაურების, საჰაერო თავდაცვის სხვა სპეციალისტების გაშვების საკითხში არც მოქმედ, არც მის წინამორბედ მინისტრებს არ ვეთანხმები. 2006 წლიდან დღემდე თავდაცვის უწყება 62-მა მფრინავმა დატოვა. ამ საკითხის განხილვას ერთი ინტერვიუ არ ეყოფა.

- თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში მეტად საგულისხმო განცხადება გააკეთა - „იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი გეგმა“.

იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება რამდენად ეფექტური და ადეკვატური შეიძლება იყოს ის გეგმა, რომელზეც ბატონი იზორია საუბრობს?

- არ ვიცი. გეგმები ყოველთვის არსებობს. გააჩნია რა წერია ამ გეგმაში და რამდენადაა არმია მზად ამ გეგმის აღსრულებისთვის. ასეთი საკითხები ნდობის ჯგუფში უნდა განიხილონ.

ჩვენ თავდაცვის უწყების გეგმებთან წვდომა არ გვაქვს. სპეციალისტებს შეგვიძლია მხოლოდ მზადყოფნასთან დაკავშირებით გვქონდეს ჩვენი წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, გეგმის ადეკვატურობაზე შეფასებებს ვერ გავაკეთებ

ჩვენ თავდაცვის უწყების გეგმებთან წვდომა არ გვაქვს. სპეციალისტებს შეგვიძლია მხოლოდ მზადყოფნასთან დაკავშირებით გვქონდეს ჩვენი წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, გეგმის ადეკვატურობაზე შეფასებებს ვერ გავაკეთებ.

- შავი ზღვის აკვატორიაში ნატოსა და აშშ-ს გააქტიურების ფონზე ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტერბერგმა აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას განაცხადა - „რუსეთის ქცევას ნატომ მოკავშირეების საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერით უპასუხა.“

სტოლტელბერგის ამ განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება - „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკას უჭერს მხარს“. რჩება შთაბეჭდილება, რომ ნატოსა და აშშ-ში საქართველოს საფრთხეები კარგად ესმით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება მომზადებულია - საჰაერო დაზვერვა და დიდი რაოდენობის ნატო-ს გემები შავ ზღვაში შევა.

ამ თემაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ ამ საუბრებს კონკრეტიკა და წყაროს სანდოობა აშკარად აკლია. თქვენი ინფორმაციით, შავ ზღვაზე ნატოს გააქტიურების ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში სავარაუდოდ რაზეა საუბარი?

- დავიწყოთ იმით, რომ ნატო გვიან გამოფხიზლდა შავ ზღვაზე. ნატო შავ ზღვაზე მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ გააქტიურდა. არადა, 2008 წლის შემდეგ უნდა დაეწყოთ ის, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდება.

საქართველო, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ოღონდ, ამ ეტაპზე, ნატოს სამხედრო მხარდაჭერა შავ ზღვაზე შეზღუდულია

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ოღონდ, ამ ეტაპზე, ნატოს სამხედრო მხარდაჭერა შავ ზღვაზე შეზღუდულია.

- თქვენი კოლეგა ექსპერტები სამხედრო საკითხებში მიიჩნევენ, რომ კარგი იქნება, თუ ნატო საქართველოს გაუქმებული ფლოტის აღდგენაში დაეხმარება. მათივე თქმით, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ საქართველოს დღეს ესაჭიროება სანაპირო დაცვის ხომალსაწინააღმდეგო კომპლექსები, რომელიც დაიცავს სტრატეგიულ პორტებს, ბათუმს, ფოთს და ანაკლიას.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ეტაპზე ნატო და აშშ საქართველოს სწორედ სტრატეგიული ობიექტების დაცვისათვის აუცილებელი ტექნიკით დაეხმარება?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, ნატო შეზღუდულია საქართველოსთვის საზღვაო სფეროში სამხედრო დახმარების აღმოჩენის მხრივ. მაქსიმალურად ეხმარებიან ჩვენს სანაპირო დაცვას, რომლის ფუნქციები შემოიფარგლება სასაზღვრო პოლიციური ამოცანების გადაჭრით.

ნატოს დახმარებაც ამ ფარგლებშია. შესაბამისად მსგავს შეიარაღებას დასავლეთი ვერ გვაჩუქებს. შესყიდვით, სანაპირო დაცვისთვის ვერ ვიყიდით, თავდაცვის სამინისტროს კი ამ შეიარაღების მომხმარებელი არ გააჩნია.

უნდა დავსახოთ პრიორიტეტები და ისეთი საზღვაო თავდაცვის ძალები შევქმნათ, რომელიც სახმელეთო ჯარებთან და ავიაციის და საჰაერო თავდაცვის ძალებთან ერთად უზრუნველყოფს საზღვაო მიმართულებიდან მომავალი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტიან მოქმედებებს

ამიტომ ვსაუბრობ საზღვაო თავდაცვის ძალების აღდგენის აუცილებლობაზე, რაც არ ითვალისწინებს ავიამზიდების ან წყალქვეშა ხომალდების შეძენას. არც ისეთ კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, რაზეც დაუსაბუთებლად საუბრობენ ხოლმე.

უნდა დავსახოთ პრიორიტეტები და ისეთი საზღვაო თავდაცვის ძალები შევქმნათ, რომელიც სახმელეთო ჯარებთან და ავიაციის და საჰაერო თავდაცვის ძალებთან ერთად უზრუნველყოფს საზღვაო მიმართულებიდან მომავალი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტიან მოქმედებებს.

- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „შავ ზღვაში ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის გამოიწვევს ისეთ დაძაბულობას, რომ კარიბის კრიზისი გასეირნებად მოგვეჩვენება“.

სულ ახლახან ბატონმა კარასინმა განაცხადა - „საქართველოში ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა კავკასიაში მას დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.“ ფაქტია, რომ პირობითი დასავლეთის ნაბიჯებს შავი ზღვის რეგიონში მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს. რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ნატოსა და აშშ-ს წინააღმდეგ კრემლმა და სავარაუდოდ როგორ შეიძლება იგი საქართველოსაც შეეხოს?

- კარასინის განცხადება მეტყველებს, რომ წინანდელ ინტერვიუში გაჟღერებული მოლოდინები ახლოს იყო რეალობასთან. ნატო თუ აქტივობებს შეწყვეტს, ამით შავი ზღვის ქვეყნების, როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი ქვეყნების უსაფრთხოება მოიმატებს? რუსეთი შეწყვეტს საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს?

ნატო ისედაც გვიან გააქტიურდა შავ ზღვაზე. უკრაინის მოვლენების შემდეგ ნატოს შავ ზღვაზე გააქტიურების გარდა სხვა გზა აღარ აქვს. არც საქართველოს აქვს სხვა გზა. რუსეთი სხვა არჩევანს არ ტოვებს. რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონი დღეს არ არსებობს.

რაც შეეხება მუქარებს, რომ არ დაუშვებენ ნატოს გაფართოებას, ეს არაა სიახლე, არც გამორიცხულია. თუმცა, ამ საფრთხის თავიდან აცილება ნატოს შეუძლია, თუ გაფართოების, უფრო სწორად ღია კარის პოლიტიკა არ შეუცვლია. თუ ისევ ამ პოლიტიკის მომხრეა, მაშინ უნდა იმოქმედოს არსებული რეალობიდან გამომდინარე და უნდა გადახედოს ახალი წევრის მიღების პროცედურებს.

- ასეთ ურთულესსა და ტურბულენტურ პერიოდში ხშირად საუბრობენ ერთი მხრივ ანკარა-მოსკოვის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ მონტრეს კონვენციაზე, რომლის თანახმადაც არაშავიზღვისპირა ქვეყნების გემებს შავი ზღვის აკვატორიაში 21 დღეზე მეტი დიდხანს გაჩერება აკრძალული აქვთ.

ასევე იმაზე, რომ ნატოში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ანკარას არჩევანის გაკეთება მოუწევს ნატოსა და რუსულ ს-400-ს შორის.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია საფრთხე იმისა, რომ ნატოსა და ვაშინგტონის რუსეთთან დაპირისპირებაში, იმედია ჯერ მხოლოდ ვირტუალურში, ერდოღანი არჩევანს მოსკოვზე გააკეთებს?

- იმისათვის რომ კარგად გავერკვიოთ თურქეთ-აშშ-ს დაპირისპირების მიზეზებში, უნდა გავიხსენოთ არშემდგარი გადატრიალება, როცა პუტინმა ერდოღანი მასზე თავდასხმამდე 20 წუთით ადრე გააფრთხილა. ეს გაფრთხილება სხვა ქვეტესტსაც შეიცავდა. ამ საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა ერდოღანს, რადგან ინფორმაცია ვერ მიიღო პარტნიორებისგან. ამ დროს ასეთ ინფორმაციას ფლობდა კრემლი. შესაბამისად, ჰქონდა წვდომა საკმაოდ მაღალ ეშელონებში. ეს კი მიანიშნებს, რომ არა მხოლოდ გაფრთხილება, ანუ ინფორმაციის მიწოდება შეეძლო რუსეთს, არამედ ზიანის მიყენებაც.

აშშ-სა და ანკარას, ასევე ბრიუსელსა და ანკარას შორის პრობლემების მიუხედავად, ნატოში თურქეთის წევრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა და, ვფიქრობ, სანამ თავად ნატოში არ მოხდება რაიმე ცვლილებები, არც დადგება

ამას ემატება პრობლემები გიულენის გამო და სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით. თურქეთმა ევროკავშირისგან 6 მლრდ ევრო მიიღო ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. თუმცა პრობლემები მაინც არსებობს.

თურქეთი აცხადებს, რომ უკვე დახარჯა 37 მლრდ დოლარი ლტოლვილთა პროგრამებზე. ანკარა ითხოვს თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, რაზეც ვერ თანხმდებიან. არის სხვა, რეგიონალური ინტერესების დაპირისპირებები.

ყველაზე ცხელი თემაა რუსული ს-400-ების შეძინის საკითხი, რაზეც, მიუხედავად ვაშინგტონის მკაცრი გაფრთხილებისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ საკითხი შეიძლება გადაწყვეტილად ჩაითვალოს. აშშ-სა და ანკარას, ასევე ბრიუსელსა და ანკარას შორის პრობლემების მიუხედავად, ნატოში თურქეთის წევრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა და, ვფიქრობ, სანამ თავად ნატოში არ მოხდება რაიმე ცვლილებები, არც დადგება.

თურქეთი ერთდროულად გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას და ნატოს წევრობას

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები სავაჭრო მიმართულებითაც აქტიურად ვითარდება. რუსული სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ ურთიერთსანქციების ფონზე, სავაჭრო ბრუნვა მინიმუმამდე დავიდა.

დღეს ანკარა აცხადებს, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდა 100 მლრდ დოლარამდე იგეგმება. მიუხედავად ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისა, ვფიქრობ, ნატოს ქოლგიდან გამოსვლა არაა მომგებიანი თურქეთისთვის და უსაფრთხოებას არ შემატებს. პირიქით, მარტო დატოვებს როგორც რუსეთთან, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებთან. შესაბამისად, თურქეთი ერთდროულად გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას და ნატოს წევრობას.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს