პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე გამოკითხეს

პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე გამოკითხეს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ყოფილი მეუღლის ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებას.

ლევან ჩხეიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატ კახა წერეთელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა წერეთელმა განუცხადა, ლევან ჩხეიძის პოლიციის განყოფილებაში დაბარება მის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებს უკავშირდებოდა.

„გამოკითხვა ეხებოდა გარკვეულ პროცესუალურ საკითხებს. ამ შემთხვევაში გამოძიებას აინტერესებდა, რამდენად იყო ხელმისაწვდომი საქმის მასალები ადვოკატ ლევან ჩხეიძისთვის. ბუნებრივია მან მისცა განმარტება, რომ საქმის მასალებზე მას არანაირი წვდომა არ აქვს. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რის შესახებაც ლევან ჩხეიძეს ჰქონდა გარკვეული კომენტარები გაკეთებული სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში და ამის გამო შეკითხვები გაუჩნდა გამოძიებას, ხომ არ ჰქონდა ლევან ჩხეიძეს წვდომა საქმის მასალებზე, რაზეც ამომწურავი პასუხი გაეცა, რომ მას ამ ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

თავად ლევან ჩხეიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცადა, რომ ადვოკატის საქმეზე მოწმედ დაბარება არის წარმოუდგენელი რამ.

„1 აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ მტკიცებულებები ამოიღონ,“ - განაცხადა ლევან ჩხეიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე.

აღსანიშნავია, რომ ლევან ჩხაიძის დაცვის ქვეშ მყოფი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოდან რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე ის დაკითხული არ არის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს