დიმიტრი შველიძე - მაშინაც და ახლაც ვინც ამბობს, რომ 1989 წლის აპრილში უფრო გონივრულად უნდა მოვქცეულიყავით - მეჩვენება რომ ეს ფუჭი სინანულია

9 აპრილის როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში, 30 წლის წანადელი მოვლენების გაკვეთილებსა და დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მსგავსებსა და განსხვავებაზე „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ტრაგედია დატრიალდა და ეს ფაქტი ისტორიის ნაწილად იქცა.

ვისაც იმდროინდელი პროცესები ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რომ ამ მოვლენაზე მაშინაც და შემდგომაც აზრთა სხვადასხვაობა იყო, ახლა ამაზე ნაკლებად საუბრობენ, რადგანაც დრომ ბევრ რამეს თავისი ადგილი მიუჩინა და უმრავლესობის მეხსიერებაში 9 აპრილი დარჩა, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლთა დაღუპვის დღე, რომლებიც სსრკ-მ სამაგალითოდ დასაჯა.

ამ დღეებში ამ თემაზე ბევრი რამ ითქმება, მაგრამ თქვენ როგორც ისტორიკოსი, როგორ შეაფასებდით 30 წლის წინანდელ მოვლენებს და მათ გავლენას შემდგომ განვითარებულ პროცესებზე?

- ცხადია, 9 აპრილის ხსენებისას პირველ რიგში რუსთაველზე მომხდარი ტრაგედია წარმოგვიდგება თვალწინ. საზოგადოება შეაძრწუნა ჯერ საერთო საფრთხემ და შემდეგ საერთო ტკივილმა დროებით გააერთიანა საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ვგულისხმობ, ეროვნული ხსნის კომიტეტს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თანხმობით ფუნქციონირებდა. მაგრამ, მთავარი ეს არაა.

9 აპრილმა პოლიტიკური სპექტრის საბოლოო რადიკალიზაცია გამოიწვია. ეროვნული მოძრაობის ცალსახა ლიდერები რადიკალები გახდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა ერთადერთი ლოზუნგი და მიზანი გახდა. ამ მხრივ - 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი თარიღია

მთავარი ის იყო, რომ 9 აპრილმა პოლიტიკური სპექტრის საბოლოო რადიკალიზაცია გამოიწვია. ეროვნული მოძრაობის ცალსახა ლიდერები რადიკალები გახდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა ერთადერთი ლოზუნგი და მიზანი გახდა. ამ მხრივ - 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი თარიღია.

საერთოდ, თუ გვინდა რომ 30 წლის წინანდელი მოვლენების ისტორიული მნიშვნელობა შევაფასოთ - დღევანდელი მდგომარეობიდან უნდა გადავხედოთ განვლილ პერიოდს. დღეს საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში არ შედის. ესაა 1989 წლის 9 აპრილს დაწყებული ბრძოლის მთავარი მონაპოვარი და განვლილი ისტორიული პერიოდიც ამ ნიშნით - დამოუკიდებლობისათვის და მისი საერთაშორისო გარანტიების მოპოვებისათვის ბრძოლის ნიშნით უნდა შეფასდეს.

- 1989 წლის მოვლენების გახსენებისას ის, რაც ყველაზე მეტად შემორჩა მეხსიერებას, ალბათ საზოგადოებაში არსებული ერთსულოვნებაა. თავისუფლებისათვის დაღუპულთა საერთო-სახალხო გლოვა, საზოგადოების უდიდეს ნაწილში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ერთბაშად გაჩენილი სწრაფვა და ამ იდეის ირგვლის კონსოლიდირებული დამოკიდებულება.

დამკვირვებელთა უმეტესობა შენიშნავს, რომ სამწუხაროდ, 1989 წლის შემდეგ ქართული საზოგადობა ისეთი კონსოლიდირებული არასოდეს ყოფილა.

ახლა როცა ამ მოვლენებს 30 წელი გვაშორებს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია იმაზე მსჯელობა, თუ რა გაკვეთილები შემოგვთავაზა მაშინ ისტორიამ და რამდენად შეძლო ჩვენმა საზოგადოებამ ამ გაკვეთილების ათვისება და გათვალისწინება ტრაგიკული 9 აპრილის შემდგომ?

- 9 აპრილის მწარე გაკვეთილში ის იგულისხმება, რომ ალბათ შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა ეს ტრაგედია. ვერ გეტყვით, რომ დარწმუნებული ვიყო ამგვარ შესაძლებლობაში. ჩვენი ისტორია სავსეა თავგანწირული აჯანყებებით, რომლებიც წინასწარვე განწირული იყო დამარცხებისათვის.

მარტო ანტირუსული აჯანყებების წლებს დავასახელებ - 1802, 1804, 1810, 1812, 1819-1820, 1832, 1841, 1857, 1876, 1878, 1905-1907, 1922, 1924, 1956... 1989 წელი ერთ-ერთი იმათგანია. აღარ გავიხსენებ ანტისპარსულ, ანტიარაბულ, ანტიმონღოლურ, ანტიოსმალურ, ანტიირანულ აჯანყებათა გრძელ სერიას. ეტყობა ეგეთი ხალხი ვართ - მაინც კავკასიელები.

საზოგადოების უფრო გონიერი ავანგარდის პრეტენზიის მქონე ნაწილმა - ინტელიგენციამ, კულტურულ-სამეცნიერო ელიტამ, ვერ გაბედა მოვლენებს სათავეში ჩადგომოდა და ვერ წაიყოლია საზოგადოება

მაშინაც და ახლაც ვინც ამბობს რომ უფრო გონივრულად უნდა მოვქცეულიყავით - მეჩვენება რომ ეს ფუჭი სინანულია. საზოგადოების უფრო გონიერი ავანგარდის პრეტენზიის მქონე ნაწილმა - ინტელიგენციამ, კულტურულ-სამეცნიერო ელიტამ, ვერ გაბედა მოვლენებს სათავეში ჩადგომოდა და ვერ წაიყოლია საზოგადოება.

ჩვენი მწერლები შესანიშნავ მხატვრულ ნაწარმოებებს ქმნიდნენ, რეჟისორები ბრწყინვალე ფილმებს იღებდნენ და სპექტაკლებს დგამდნენ, სხვები მუსიკას, ხელოვნების ნიმუშებს, სამეცნიერო შრომებს, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლას სხვა ენერგია და რესურსი სჭირდებოდა და ეს მათ ბუნებრივია, ვერ შეძლეს, რადგან ეს მათი საქმე არ იყო. აქედან გამომდინარეობდა ჩვენი ეროვნული მოძრაობის წარმატებებიც და წარუმატებლობაც.

- ფაქტია, რომ დღევანდელ საქართველოს 30 წლის წინანდელ საქართველოსაგან ბევრი რამ განასხვავებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვინდა თუ არა, მსგავსებაც ბევრია და პარალელებიც სახეზეა, უბრალოდ მათზე საჯაროდ არც არავინ საუბრობს. უპირველესად ეს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე გაუგებარ, ცოტა უცნაურ, ხშირ შემთხვევაში ალოგიკურ, მეტიც კანონზომიერებებიდან ამოვარდნილ პროცესებს ეხება.

იგულისხმება ანტიდასავლური პოლიტიკური ჯგუფების გააქტიურება, ამ პროცესში ეროვნული მოძრაობიდან წამოსული ადამიანების აქტიურობა, რუსეთთან მიმართებაში, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარებისადმი რბილად რომ ვთქვათ, მიმტევებლურ-შემრიგებლური განწყობების გაჩენა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ქართული ფაშიზმის“ სამიზნე რუსეთის ნეოიმპერიალიზმი სულაც არაა. „ქართველ ფაშისტთა“ დედისერთა ლიდერმა პროდასავლურ ძალებთან ბრძოლა „ბრუტალური მეთოდებით“ დაანონსა. მეტიც, 30 წლის შემდეგაც ძნელი გასარკვევია ვინაა მემარცხენე, ვინ მემარჯვენე, ვინ სოციალისტი, ვინ ლიბერალი, ვინ კონსერვატორი, ვინ პროდასავლელი და ვინ იბრალებს პროდასავლურობას.

მესმის რომ გაუგებრობა-ჩამოუყალიბებლობის საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი გამომივიდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს სამწუხაროდ, ასე იყო 30 წლის წინათაც. თუ თქვენი დაკვირვებითაც მსგავსება რეალურად არსებობს დღევანდელ ვითარებასა და შორეული 1989 წლის აპრილთან, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ამგვარი მსგავსება ვითარებაში, როცა ჩვენს ირგვლივ საკმაოდ სახიათო ტურბულენტური გარემოა?

- დღეს ბევრად უფრო ქაოტური ვითარებაა ვიდრე 30 წლის წინ. მაშინ საქართველოში დაახლოებით 40 პარტია და პოლიტიკური დაჯგუფება არსებობდა. დღეს მათი რიცხვი ბევრად მეტია. ესენი უმეტეს შემთხვევაში ნაცნობ-მეგობართა საძმოებს წარმოადგენდნენ და ეს უკუღმართობა დღესაც შენარჩუნდა. რა ასაზრდოებს ამ წვრილფეხა საძმოებს? ჯერ ერთი - დიდი თუ მცირე პოლიტიკა კვლავ რჩება შემოსავლისა და გადარჩენის უმთავრეს რესურსად.

ხანგრძლივმა ეკონომიკურმა და სოციალურმა გაჭირვებამ ახალი ძალა შთაბერა პრორუსულ განწყობებს და მოსახლეობაში გააძლიერა სკეპსისი დასავლეთისადმი. ეს ცუდი ნიშანია, თუმცა არა მგონია რომ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს

მეორეც - საქართველო კვლავ რჩება გაუყოფელ ტერიტორიად. ის ჯერჯერობით არც დასავლეთის ნაწილია და არც რუსეთის. ამ ტერიტორიას ფხიზლად უდარაჯებენ ჩვენს მეზობლად წამოწოლილი, როგორ ეძახიან? - აზიის პატარა ვეფხვები: ირანი და თურქეთი. ამგვარ გაუყოფელ ქვეყნებში მუდამ ქაოსია, მუდამ წინააღმდეგობრივი პოლიტიკური მოვლენები.

საქართველო კვლავ რჩება გაუყოფელ ტერიტორიად. ის ჯერჯერობით არც დასავლეთის ნაწილია და არც რუსეთის

თქვენ ამბობთ, რომ პრორუსული ჯგუფები გააქტიურდნენ. ხანგრძლივმა ეკონომიკურმა და სოციალურმა გაჭირვებამ ახალი ძალა შთაბერა პრორუსულ განწყობებს და მოსახლეობაში გააძლიერა სკეპსისი დასავლეთისადმი. ეს ცუდი ნიშანია, თუმცა არა მგონია რომ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს.

- ვხედავთ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ ისეთივე არაკონსტრუქციული და ხისტია, როგორც ოპოზიციის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.

ოპოზიცია ცდილობს ყველა ხერხებით ხელისუფლების დისკრედიტაციას, ამ საქმეში მას არც ხელისუფლება ჩამორჩება. სულ უფრო მეტად შესამჩნევია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის დეფიციტი და ეს მაშინ, როცა სულ უფრო სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საზოგადოებაში კონსენსუსის არარსებობა. ისეთ საკითხებშიც კი, რომლებშიც უკვე კარგა ხნის ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ.

ზოგი განვლილ 30 წელს ტყუილად გაფლანგულ წლებად მიიჩნევს. ზოგიც თვლის, რომ ნელა, მაგრამ მაინც წინ მივდივართ. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატურად აფასებენ ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორები ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სადღეისოდ ქვეყნის წინაშე არსებილ პრობლემებს?

- ბუნებრივია რომ ჩვენი გეოპოლიტიკურად ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი დგომა, გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის კონფიგურაციაზე. მთავარ აქტორებში ალბათ ხელისუფლებას და მთავარ ოპოზიციურ ძალებს გულისხმობთ - „ნაციონალებს“ და „ევროპულ საქართველოს.“

მმართველ გუნდსა და „ნაციონალებსა“ და ევროპულ საქართველოს“ შორის მორიგება და თანამშრომლობა წარმოუდგენელია... ერთნი ხელისუფლების მოპოვებისათვის იბრძვიან, მეორენი შენარჩუნებისათვის. ამ ორ ძალას შორის მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა ოპოზიციას აქვს. მათი მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში უფრო მეტი შენდებოდა, ვიდრე უკანასკნელ შვიდ წელიწადში

გადაწყვეტით შემიძლია ვთქვა, რომ მმართველ გუნდსა და „ნაციონალებსა“ და ევროპულ საქართველოს“ შორის მორიგება და თანამშრომლობა წარმოუდგენელია. გარდა ცალკეულ პირთა მორიგება-გარიგებისა. ერთნი ხელისუფლების მოპოვებისათვის იბრძვიან, მეორენი შენარჩუნებისათვის. ამ ორ ძალას შორის მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა ოპოზიციას აქვს. მათი მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში უფრო მეტი შენდებოდა, ვიდრე უკანასკნელ შვიდ წელიწადში.

ხალხს კი ეს ერთი საკითხი აინტერესებს უპირველესად - სოციალური და ეკონომიკური პრობლემები... მგონი ეკონომიკის მინისტრისაგან გავიგონე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიაო. ეს განცხადება შინაარსით უფრო დამანგრეველია, ვიდრე ოპტიმისტური. თუ ასეთი პერსპექტივა გქონდა და შვიდი წლის განმავლობაში ვერ გამოიყენე ე. ი. ვერ ივარგე.

ამგვარ ვითარებაში ოპოზიცია უფრო მომგებიან ვითარებაშია - ადვილია აკრიტიკო თუნდაც ჯერჯერობით მაინც - წარუმატებელი ხელისუფლება.

- 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისწინანდელ მოვლენებს ღია წერილით გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ფაქტიურად, ივანიშვილის გზავნილი ასეთია - გავერთიანდეთ ქაოსის წინააღმდეგ, არ დავბრუნდეთ 90-იანი წლების სიბნელეში, არ გავცვალოთ რაციონალიზმი და სამოქალაქო მშვიდობა ემოციებზე და ბარიკადებზე. უნდა დასრულდეს პოლიტიკური წარსულის მუდმივად შეხსენება. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ამ წერილს და თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს იგი საზოგადობაზე?

- იცით, რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ივანიშვილის გზავნილი საზოგადოებისადმი, იგი ვერ გახდება რაიმე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე დოკუმენტად. მას უფრო ვიწრო პარტიული მნიშვნელობა ექნება.

რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ივანიშვილის გზავნილი საზოგადოებისადმი, იგი ვერ გახდება რაიმე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე დოკუმენტად

ასე მივმართავდი დღევანდელ ხელისუფლებსაც და მომავლებსაც - ბატონებო, ააშენეთ 100 დაპირებული ქარხანა და ყველაფერი კარგად იქნება.

- თქვენი აზრით, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლის თავზე ქართული პოლიტიკის მთავარი და ყველაზე პრობლემური საკითხი რაა?

- გახსოვთ, ედუარდ შევარდნაძე ყოველ ორშაბათს გამოდიოდა ხოლმე რადიოთი და ასახელებდა პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებიც პირველ რიგში უნდა გადაწყვეტილიყო. ყოველკვირეულად ის ათ-ოც და მეტ პრიორიტეტს ჩამოთვლიდა ხოლმე. შეიძლება ამდენ პრობლემას ერთად გაუმკლავდე?

ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა, მაგრამ მათგან უპირველეს პრიორიტეტად დავასახელებდი სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას. ისტორია ცალსახად გვეუბნება, რომ ღატაკ ქვეყანაში არაფერი ღირებული არ იქმნება და ასეთ ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია

ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა - ტერიტორიული, სამეურნეო-სამრეწველო, გეოპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საგარეო-პოლიტიკური, და ა. შ

მათგან ერთ და უპირველეს პრიორიტეტს დავასახელებდი - სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას. ისტორია ცალსახად გვეუბნება, რომ ღატაკ ქვეყანაში არაფერი ღირებული არ იქმნება და ასეთ ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია.

ასეთი ქვეყანა ვართ ჩვენ დღეს და პირადად მე არ მჯერა რომ ასეთ ქვეყანას ან კულტურამ უშველოს ან განათლებამ, რაზეც ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხელისუფლები... სამაგიეროდ, არავინ არ ლაპარაკობს ასი ქარხნის შესახებ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს