ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2019

"როდესაც სააკაშვილის დიქტატორობაზე საუბრობს, აგვიხსნას, წლების განმავლობაში რატომ აფინანსებდა მას” - ხუხაშვილი ივანიშვილის წერილზე

“ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების მოხმარებისთვის არ იყო განსაზღვრული”

***

"როდესაც სააკაშვილის დიქტატორობაზე საუბრობს, აგვიხსნას, წლების განმავლობაში რატომ აფინანსებდა მას” - ხუხაშვილი ივანიშვილის წერილზე

"წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ისტორიის ყიდვის და გადაწერის მცდელობა-ესაა შეფასებები, რომელსაც „რეზონანსთან" ანალიტიკოსები და ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით აკეთებენ. მათი აზრით, ივანიშვილი წერილში არა 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს, არამედ წინა საარჩევნო კამპანიისთვის ქულების დაწერას ცდილობს. მათი აზრით, წერილის შინაარსი ისტორიის გადაწერის უხარისხო მცდელობაა. ასევე, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, როდესაც საზოგადოების გაერთიანებაზე და წარსულის დავიწყებაზე საუბრობს, რადგანაც მთავარ პოლიტიკურ იარაღად ისევ სისხლიანი 9 წელი აქვს მომარჯვებული და წერილშიც კი წარსულს თავად არ ივიწყებს. მათივე აზრით, ივანიშვილს ჰგონია, რომ ამქვეყნად ყველაფრის მათ შორის ისტორიის ყიდვაც შეუძლია და ყველაფერი მისია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "როდესაც სააკაშვილის დიქტატორობაზე საუბრობს, აგვიხსნას, წლების განმავლობაში რატომ აფინანსებდა მას” - ხუხაშვილი ივანიშვილის წერილზე

"უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. ექსპრემიერის განცხადებით, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და "რჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ". ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია", რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა. ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ, მაინც მივიღეთ პარადოქსული ვითარება: როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია. „ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში“, - განაგრძობს გამოცემა.

"მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი. წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული. 9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!" - წერია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. ოპოზიციაში „რეზონანსთან" ბიძინა ივანიშვილის წერილს ცინიკურს უწოდებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილის წერილი, რომელიც 9 აპრილს ეძღვნება და მისი ვიზიტი სოფელ ხიბულაში მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, "ქართულ ოცნებას" შუალედური არჩევნების წინ ხმები სჭირდება. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართულ საზოგადოებას არ დავიწყნია უახლესი ისტორია და კარგად ახსოვს, რომ ივანიშვილი 9 აპრილის მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიას უფინანსებდა. "მარტივად, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხმები წინასაარჩევნოდ და ახლა ცდილობს ადამიანების გულის მოგებას, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისეთივე ყალბია ეს წერილი, როგორც ყალბი იყო მისი ვიზიტი ხიბულაში, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებაზე იყო ორიენტირებული. ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფინანსებდა გენერალ ლებედის წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც იმ სადესანტო დივიზიის მეთაური იყო, რომელიც არბევდა სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს 9 აპრილს, რა თქმა უნდა, ესეც უდიდესი ცინიზმია მისი მხრიდან და მას ჰგონია, რომ ადამიანებს უახლესი ისტორია ავიწყდებათ. არა, არ ავიწყდება ადამიანებს უახლესი ისტორია და ამ ცინიზმს წინასაარჩევნოდ ხმების მონადირების მიზნით ასეთი ეპისტოლეების გამოქვეყნებას დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები არ ირწმუნებენ მის გულწრფელობას და შესაბამისად არ მიიღებენ,"-ამბობს თინა ბოკუჩავა“, - დასძენს გამოცემა.

"ივანიშვილის წერილს მმართველ გუნდში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ მათი გუნდის ლიდერის განცხადება, საზოგადოების ერთიანობის იდეას ემხრობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია, რომლებიც წერილის შინაარსს ფარისევლობად მიიჩნევენ. ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ვოლსკისთვისაც. „არასწორი არგუმენტია, არავითარი სიღრმე ამ არგუმენტს არ გააჩნია და თუ კი კარგად გავაანალიზებთ სიტუაციას, დანგრევის პირას და ძალიან აგრესიულ რუსეთს, როდესაც სტაბილურობა არა მარტო მათ, არამედ მის სამეზობლოს ყველა ქვეყანას სჭირდებოდა, რასაკვირველია გადაწყვეტილებები იმ პერიოდში მიღებული, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიერ, რაზედაც თვითონაც ყვება, იყო რაციონალიზმიდან გამომდინარე და ამან მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მომავალში საერთოდ ამ მსოფლიოს განვითარებას," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის ისტორიის ყიდვის და მისი გადაწერის უხარისხო მცდელობა. ეს წერილი არის წყალი, რომელიც არაფრის მომცემია. მისი აზრით, ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და ყველაფერს მხოლოდ ამ კუთხიდან აფასებს. ხუხაშვილისთვის გაუგებარია რომელი საზოგადოების გაერთიანებაზე და წარსულის დავიწყებაზე საუბრობს, როდესაც წერილშიც კი ისევ სისხლიან 9 წელზე და წარსულზე ლაპარაკობს. „როდესაც სააკაშვილის დიქტატორობაზე საუბრობს, აგვიხსნას მაინც წლების განმავლობაში მას რატომ აფინანსებდა. ივანიშვილს ძალიან უნდა, რომ გვიყვარდეს და ძალიან წუხს იმაზე, რომ არ გვიყვარს. თუ უნდა, რომ შევიყვაროთ, მაშინ ლექსების წერა დაიწყოს. მას ქართველი ხალხის სიყვარულის ბუშტი გაუსკდა. "7 წელი პაემანზე დადიოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა, რომ დამოუკიდებელი საქართველო უყვარს. კარგი იქნებოდა, რომ ამ წერილისთვის ცოტა მარილი მოეყარა და თვითკრიტიკული ყოფილიყო. წერილში არანაირი თვითკრიტიკა არ არის, რაც ყველაფერს აუფასურებს. რაღაც უფრო ძალიან თავდაჯერებულია",-აცხადებს ხუხაშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების მოხმარებისთვის არ იყო განსაზღვრული”

“მას შემდეგ რაც გაზის გაჟონვის შედეგად დედაქალაქში აფეთქებების სერია გრძელდება, პარალელურად, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება, რაც კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს. რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების მოხმარებისთვის არ იყო განსაზღვრული” / შეამცირებს თუ არა გაზის დეტექტორების დაყენება ქალაქში აფეთქებების სერიას -ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება

"რამდენად სანდოა უბედური შემთხვევებისგან თავის დაცვა ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორების დახმარებით, ამასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტების დამოკიდებულება არც თუ დადებითია. „რეზონანსთან" ისინი აცხადებენ, რომ დეტექტორების გამოყენება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგანაც ეს მოწყობილობები არ არის ბოლომდე დახვეწილი და გამართული. ისინი რეაგირებენ, მაგალითად, წყლის ორთქლზე, რომელიც შეიძლება ჩაიდნიდან ამოდიოდეს. ასევე რეაგირებენ ხმაურზე, სხვა სუნებზეც და ა.შ. ასე რომ, მათ უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად საიმედოა ეს დეტექტორები. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა სპეციალისტების დასკვნა ყველა ცალკეულ მოწყობილობაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, სისტემურია თუ არა ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, რამდენად უსაფრთხოა გაზგაყვანილობის ქსელი როგორც ახალაშენებულ, ასევე ექსპლუატაციის ვადაგასულ შენობებში“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქალაქის მერი კი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. კალაძემ ეს გადაწყვეტილება დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების ფაქტზე კომენტირებისას გაახმოვანა. მისივე განმარტებით, მერიას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და რეგულაციები წლის ბოლომდე ამოქმედდება. „ჩვენ მოვითხოვეთ ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება. გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროსთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კუთხით ცვლილებებს. მათი მხრიდან თანხმობაც არის და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით ეს ცვლილებები განხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობლები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა, კორპუსებში სპეციალური სენსორები დამონტაჟდეს, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვას სიგნალიზაციით დააფიქსირებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისი სენსორების დაყენება. ეს უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. თუკი მოხდება აირის გაჟონვა, ჩაირთვება სიგნალიზაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდანაც მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა", - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, თბილისის მერის განცხადებით, მერია პირველივე წუთიდან ჩაერთო საქმეში. „მოხდა დაზარალებულების დროებით საცხოვრებელში გადაყვანა. დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რათა ყველაფერი რაც შეიძლება მალე იქნას მოწესრიგებული", - განაცხადა კახა კალაძემ“, - დასძენს გამოცემა.

"ენერგოექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაზის დეტექტორების ნაწილი, რომლებიც სამზარეულოებშია დამონტაჟებული, რეაგირებს არა ეთანზე და მეთანზე, არამედ ნებისმიერ სუნზე. ექსპერტი ამბობს, რომ როგორც კი კონცენტრაცია აიწევს და ამ დეტექტორამდე მიაღწევს, მისი ჩართვა იწყება, რაც ხშირ შემთხვევაში ცრუ განგაშის მიზეზი ხდება. თუმცა ჭაღიაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ მისი შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ის კონცენტრირებული მხოლოდ გაზის აღმოჩენაზე იყოს. მისი თქმით, დეტექტორებს კოდი მოჰყვება და მასზე არის მიწერილი თუ ისინი კონკრეტულად რომელი მოდიფიკაციის არინ და მახასიათებლებში უნდა ეწეროს რა ნივთიერებებზე რეაგირებს. „გაზის დეტექტორების დაყენება არ არის პრობლემიდან გამოსავალი და მისი გადაჭრის მთავარი გზა. ეს არის მხოლოდ პრევენცია, რომელიც რისკების შემცირებას გარკვეულ წილად მოახდენს. "საფრთხის შემცვლელობა 70%-მდე რომ შევაფასოთ, შეიძლება 50%-მდე დაიყვანოს. თუმცა, აბსოლუტურად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. გაზი არის ფეთქებადსაშიში ნივთიერება და შესაბამისად, შენობები, რომლებშიც ეს კომუნიკაციები გაყვანილი გვაქვს, გაზის მოთხოვნებს არ შეესაბამება. "როდესაც ვსაუბრობთ, რომ კუსტარულად არის გაზი დამონტაჟებული, საუბარია ყველა კორპუსის სახლებზე, გარდა კერძო საცხოვრებლების. ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების პირდაპირი მოხმარებისთვის არ იყო განსაზღვრული. შესაბამისად ჩაითვლება, რომ მხოლოდ დედაქალაქში კი არა, მთელ ქვეყანაში, რა სისტემებიც არის დაყენებული ყველა კუსტარულია",-აცხადებს ჭაღიაშვილი „რეზონანსთან". ენეგრეტიკის ექსპერტის თქმითვე, ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ახლად აშენებული კორპუსებია. აქ გვხვდება ერთი და იგივე კუსტარულად გაყვანილი ქსელები. მეორე პრობლემა, როდესაც მრიცხველები გარეთ არის გამოტანილი და თვითონ პროექტშივე არ არის განსაზღვრული გაყვანილობა. ექსპერტი ამბობს, რომ მიწისძვრის დროს, შესაძლოა კორპუსმა დეფორმაცია მიიღოს და ამ მილების დაზიანება გამოიწვიოს. ანუ, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ამორტიზირებულ უძრავ ქონებას, ასევე ფეთქებადსაშიში ზონაც შეიქმნება“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა