გია ხუხაშვილი - ივანიშვილისთვის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, რისთვისაც არანაირ მეთოდებს აღარ მოერიდება, მისი სატელევიზიო ინტერვიუ ამის დადასტურებაა

„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებსა და სატალევიზიო ინტერვიუზე თავის შთაბეჭდილებები „ინტერპრესნიუსს” პოლიტიკის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა გაუზიარა.

- ბატონო გია, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ივანიშვილმა ჯერ 9 აპრილთან დაკავშირებით გაავრცელა თავისი ვრცელი ინტერვიუ, შემდეგ ტვ „იმედზე“ ისაუბრა ვრცლად არაერთ მნიშვნელოვან თემაზე. ვინაიდან ბატონი ივანიშვილი საკმაოდ ბევრ თემას შეეხო, ჩვენც მოგვიწევს ზოგიერთ მათგანზე ყურადღების მეტად გამახვილება.

მაგრამ, მოდით, ჩვენი საუბარი ჯერ მმართველი პარტიის ლიდერის უკანასკნელი განცხადებების საერთო შეფასებებით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით მათ და თქვენი აზრით, მისი გზავნილების მთავარი აზრი სავარაუდოდ რა იყო?

- ყველაფერი დაიწყო წერილის გამოქვეყნებით. რომელშიც დაახლოებით ასეთი აზრი დომინირებდა - რევოლუციამდელი ბავშვი იყო გაუნათლებელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე იგი გამოჩნდა, ყველაფერი გამოსწორდა.

ივანიშვილის სურვილია ისტორია თავიდან დაიწეროს, თან ისე, რომ იგი მის ინტერესებზე იყოს მორგებული... იკვეთება, რომ ივანიშვილს ამის დაუოკებელი სურვილი აქვს გაჩენილი და ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება, რაც მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს

როგორც ჩანს, ივანიშვილის სურვილია ისტორია თავიდან დაიწეროს, თან ისე, რომ იგი მის ინტერესებზე იყოს მორგებული. მაგრამ, ეს ყველაფერი შესრულებაში ძალიან უხარისხოდ გამოიყურება. იკვეთება, რომ ივანიშვილს ამის დაუოკებელი სურვილი აქვს გაჩენილი და ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება, რაც მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს.

რაც შეეხება სატელევიზიო ინტერვიუს, ამის სერიოზული ანალიზიც შეუძლებელია. ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ ძალიან ჰგავდა ფოტონეგატივს, სადაც ფერები უკუღმაა წარმოდგენილი. შავი თეთრად და თეთრი კი შავად. ამ ნეგატივს გამჟღავნება აშკარად აკლდა. მისმა განცხადებებმა ასეთი განცდა დამიტოვა.

ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ ძალიან ჰგავდა ფოტონეგატივს, სადაც ფერები უკუღმაა წარმოდგენილი - შავი თეთრად და თეთრი კი შავად. ამ ნეგატივს გამჟღავნება აშკარად აკლდა

ჩემი აზრით, ივანიშვილი ახლა პოლიტიკურად ტერმინალურ მდგომარეობაშია. ეს ის ვითარებაა, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარ სამყაროში ცხოვრებას და აბსოლუტურად კარგავს რეალობის აღქმას და ჯიუტად აძალებს ყველას იმ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლონ, რომელშიც თავადაა.

- ივანიშვილი აცხადებს - „ ეკონომიკური და კრიმინოგენური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს „ოცნების ბრალი არაა“. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრაქტიკულად პასუხისმგებლობას არ აკისრებს არც მმართველ გუნდს და არც საკუთარ თავს?

- რა კომენტარის გაკეთება შეიძლება იმაზე, რომ ხელისუფლება სოციალურ და კრიმინოგენურ ვითარებაზე არაა პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ამას კომენტარი არ სჭირდება.

არადა, ივანიშვილმა თქვა, რომ სოციალურ და კრიმინოგენულ ვითარებაზე მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა არ აქვს. რადგან ასეა, მეც უკომენტაროდ დავტოვებ მის ამ განცხადებას

ხალხი ხელისუფლებას იმისთვის ქირაობს, რომ ჰქონდეს კეთილდღეობა, უსაფრთხოების გარანტიები და სამართლიანობა. მეტი ფუნქცია ხელისუფლებას არ აქვს. არადა, ივანიშვილმა თქვა, რომ სოციალურ და კრიმინოგენურ ვითარებაზე მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა არ აქვს. რადგან ასეა, მეც უკომენტაროდ დავტოვებ მის ამ განცხადებას.

- ვინაიდან სასამართლოს თემა გახდა ჯერ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებისა და რღვევის მიზეზი, ხოლო შემდეგ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გახდა გაუგებარი თუ რატომ ლობირებდა ივანიშვილი და მისი გუნდი მურუსიძე- ჩინჩალაძის დაჯგუფებას სასამართლოში, ჩვენი საუბარიც ამ თემით გავაგრძელოთ.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის განცხადება ამ თემაზე - მე-6 წელს რას შფოთავენ გაუგებარია? მურუსიძე-ჩინჩალაძის ოდიოზურობა “ნაცმოძრაობისგან“ მართული ენჯეოებისგან მოდის...

- სასამართლო სისტემაზე საუბრისას ივანიშვილის მსჯელობა წინააღმდეგობრივი და შეიძლება ითქვას აბსურდულიც კია. თუ ის ამბობს, რომ გვირგვლიანის საქმეზე მურუსიძეს სხვა გზა არ ჰქონდა, მაშინ გამოდის, რომ სააკაშვილის დროს სასამართლო თავისუფალი იყო და მოსამართლეები თავისი მრწამსით მოქმედებდნენ. თუ სასამართლო თავისუფალი იყო, მაშინ სააკაშვილი რას აშავებდა?

სასამართლოზე საუბრისას ივანიშვილს აშკარად უნდოდა მსმენელი თავის ვირტუალურ სამყაროში გადაეყვანა, სადაც ლოგიკა, როგორც ადამიანის აზროვნების ინსტრუმენტი, უბრალოდ საჭირო არაა და არც არსებობს

ვიმეორებ, სასამართლოს თემაზე ივანიშვილის ლოგიკა წინააღმდეგობრივი იყო. ერთი მხრივ უნდა თქვას, სააკაშვილის რეჟიმი აკონტროლებდა ყველაფერს, მაგრამ ამასთანავე ამბობს იმას, რომ სასამართლო თავისუფალი იყო და მურუსიძე ყოფილა ანგელოზი. პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავია ამგვარი მსჯელობა.

სასამართლოზე საუბრისას ივანიშვილს აშკარად უნდოდა მსმენელი თავის ვირტუალურ სამყაროში გადაეყვანა, სადაც ლოგიკა, როგორც ადამიანის აზროვნების ინსტრუმენტი, უბრალოდ საჭირო არაა და არც არსებობს.

- ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა გვირგვლიანის საქმეზე დავერწმუნებინეთ, რომ ყველაფერში დამნაშავე მურუსიძე კი არა ადვოკატი შავგულიძე ყოფილა. არადა, შავგულიძემ სტასბურგის სასამართლოში მოუგო ხელისუფებას დავა. სტარსბურგის სასამართლომ დაადგინა ამ საქმეში ხელისუფლების უმაღლესი პირების მონაწილეობა და ამავე საქმეში მოსამართლის თანამონაწილეობა...

- დიახ, ეს ყველას კარგად გვახსოვს, არადა ივანიშვილმა გვითხრა, რომ თურმე ადვოკატი შავგულიძე ყოფილა მოსამართლის განაჩენის დადგომაში დამნაშავე, მურუსიძეს კი ამ საქმის ფიგურანტების უმკაცრესად დასჯა უნდოდა.

გამოდის, რომ ადვოკატმა შავგულიძემ იმდენი ქნა, რომ ტკბილმა და მურაბა მურუსიძემ სათანადოდ ვერ დასაჯა ამ საქმეში დამნაშავეები. ივანიშვილი ამ თემაზე საუბრისას საკუთარ ლოგიკასთან იყო კონფლიქტში და ამიტომ იწვევს თანაგრძნობის განცდას

გამოდის, რომ ადვოკატმა შავგულიძემ იმდენი ქნა, რომ ტკბილმა და მურაბა მურუსიძემ სათანადოდ ვერ დასაჯა ამ საქმეში დამნაშავეები. ივანიშვილი ამ თემაზე საუბრისას საკუთარ ლოგიკასთან იყო კონფლიქტში და ამიტომ იწვევს თანაგრძნობის განცდას.

- ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა „თიბისი ბანკთან” დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. „მიმაჩნია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე უტევენ ხელისუფლებას და არა პირიქით“- განაცხადა მან და იქვე გაიხსენა რომ იგი „თიბისი ბანკს“ 70 მილიონს საჩუქრად მაშინ აძლევდა, როცა ისინი ანაკლიის პროექტისთვის კაპიტალს თავს ვერ უყრიდნენ.

თან ისიც თქვა, რომ ანაკლიის პორტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. აქამდე, მისივე ნათქვამიდან ვიცოდით, რომ მან „თიბისი ბანკისთვის“ 70 მილიონი ჰქონდა მიცემული, რაზეც „ხაზარაძეს წესიერი მადლობა არ ჰქონდა ნათქვამი“. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა?

- მე მიჭირს ამ დეტალებზე კომენტარის გაკეთება. ეს შეუძლებელია, ვინაიდან ძალიან ძნელია მიყვე ამ ლოგიკას თან ვერც ერთ ეპიზოდში. მე ამ 70 მილიონის შესახებ არაფერი ვიცი და შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვიტყვი.

მტკიცება, რომ „თიბისი ბანკი“ ხელშეწყობის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. როდესაც ბანკზე სისხლის სამართლის საქმეა დაკიდებული, რითაც მისი შესაძლებლობების ტორპედირება ხდება, თან მაშინ, როცა ამ ბანკს ფული აქვს შესაგროვებელი, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ბანკს ხელს არ უშლის, როგორც მინიმუმ არადამაჯერებლად გამოიყურება.

„თიბისი ბანკზე“ ივანიშვილის მსჯელობამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ იგი ღრმა პოლიტიკურ დეპრესიაშია და ცდილობს ვიღაცას მაინც დააძალოს, რომ იგი უყვარდეთ. არადა, დაძალებით სიყვარული არ გამოდის

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილი გაუგებარი, თავდაყირა ლოგიკით, რაღაც მესიჯბოქსებით ცდილობს ვიღაცისთვის ტვინის არევას. არ ვიცი სანამდე მიიყვანს ეს „თიბისი ბანკს“ და თავად ივანიშვილსაც, რადგან მისი მდგომარეობა აშკარად ტოვებს ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას.

წარმოუდგენელია, რომ ჩვეულებრივ და წელგამართულ მდგომარეობაში ადამიანი ასე საუბრობდეს. „თიბისი ბანკზე“ ივანიშვილის მსჯელობამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ იგი ღრმა პოლიტიკურ დეპრესიაშია და ცდილობს ვიღაცას მაინც დააძალოს, რომ იგი უყვარდეთ. არადა, დაძალებით სიყვარული არ გამოდის.

- ბატონო გია, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ივანიშვილის იმ მსჯელობას, რომელიც სხვებთან ერთად თქვენც გეხებათ. როგორ შეაფასებდით ივანიშვილის მიერ რიტორიკულად დასმულ კითხვას - „შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ“?

- „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობასა და თანამოაზრეობაში მადანაშაულებს ადამიანი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აფინანსებდა იმ პერიოდში, როცა ჩემს თავზე სააკაშვილი წისქვილის ქვას ატრიალებდა. მისი კონკრეტული ბრალდება ასეთია, თურმე მე ახლა სააკაშვილის ქება-დიდებით ვარ დაკავებული. სად ამოიკითხა, სად ნახა, რომ მისას ვაქებ და ვადიდებ. არ ვიცი.

„ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობასა და თანამოაზრეობაში მადანაშაულებს ადამიანი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აფინანსებდა იმ პერიოდში, როცა ჩემს თავზე სააკაშვილი წისქვილის ქვას ატრიალებდა

მე ვცდილობ ობიექტური ვიყო. სააკაშვილი ბევრს აფუჭებდა და ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ რაღაცას აკეთებდა კიდევაც. ამის აღნიშვნა თუ ქება-დიდებას ნიშნავს, ეს ივანიშვილის შინაგანი პრობლემებია. მაგრამ, არც გამოსდის, ვინაიდან, გაუგებარია მუდმივად ლანძღო სააკაშვილი და მისი მანკიერი სასამართლო სისტემა დაიცვა, არანაირად არ გამოდის.

არ გამოდის რადგან საუბარია იმ ინსტრუმენტზე, რომლითაც სააკაშვილი საზოგადობაზე ძალადობდა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მას ამ ლოგიკაში ვინმე გაჰყვეს და მისი დაიჯეროს.

- ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ არ შეიძლება გახლეჩილ საზოგადოებაში ვიმყოფებოდეთ წლების განმავლობაში. მაგრამ, შიდა პოლიტიკაში მის მთავარ ოპონენტ მიხეილ სააკაშვილზე თქვა - „სააკაშვილი თავის თავს იტყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს“. დარჩა შთაბეჭილება, რომ როგორც სააკაშვილი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს ყველასთან ივანიშვილის გარდა, ივანიშვილიც იგივეს ამბობს...

- მე ვისურვებდი, რომ ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ჩვენ, ხალხს გაგვანებონ თავი. ერთად სადმე დაჯდნენ თუნდაც პარიზში ან სადღაც ამსტერდამში და მოილაპარაკონ თანამშრომლობაზე. ასეთ ვითარებაში ჩვენ ბევრად უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ და ბევრად უკეთეს ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება.

ვისურვებდი, რომ ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ჩვენ, ხალხს გაგვანებონ თავი

დადგა დრო, სააკაშვილსა და ივანიშვილს ცალცალკე მოაქვთ ქვეყნისთვის ზიანი. ისინი იბრძვიან არა სახელმწიფოს ძლიერებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის. როგორც ჩანს, ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთთან აქვთ პრობლემა, ჰოდა, სადაც უნდათ იქ წავიდნენ და იქ არჩიონ საქმე და ხალხს თავი გაგვანებონ.

- „როდესაც წავიკითხე მაღრაძის პირველი განცხადება ვერ დავიჯერე, შეცდომა მეგონა“ - განაცხადა ივანიშვილმა დავით მაღრაძის განცხადების კომეტირებისას, რომლითაც პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ დავით მაღრაძემ ივანიშვილისა და სააკაშვილისაგან დასაცავად „დაიცავი საქართველოს“ შეკრება 13 აპრილისთვის დააანონსა.

ამ თემაზე საუბარმა დაგვარწმუნა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ივანიშვილის დასაყრდენი არც ბესელია იქნება და არც მაღრაძე და „დაიცავი საქართველო“. მაშინ ვინ შეიძლება იყოს მისი მოკავშირე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ ივანიშვილისა და „ოცნების“ ამომრჩეველი მნიშვნელოვნად შეთხელებულია, მაგრამ მას აქვს რესურსები. მარტო რესურსების იმედად ყოფნა არა მგონია ოპტიმიზმის საფუძველს ქმნიდეს „ოცნებისთვის“.

ძალიან დამაფიქრა ბექა ნაცვლიშვილზე ივანიშვილის გამონათქვამმა - შენ წესიერი კაცი ხარ და ამიტომ პოლიტიკაში შანსი არ გაქვსო, ამით ივანიშვილმა გვითხრა, რომ წესიერი პოლიტიკოსი არარაობად მიაჩნია

ჩემი აზრით, რაც დრო გადის, ივანიშვილი სულ მარტო რჩება და ამიტომ ვამბობ, რომ მისი მდგომარეობა ახლა უფრო თანაგრძნობას იწვევს. ასეა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მისი მსჯელობა აბსოლუტურად აცდენილია ყველაფერს.

ძალიან დამაფიქრა ბექა ნაცვლიშვილზე ივანიშვილის გამონათქვამმა. მან ამ თემაზე თქვა, როცა ნაცვლიშვილს ვემშვიდობებოდი ვუთხარიო - შენ წესიერი კაცი ხარ და ამიტომ პოლიტიკაში შანსი არ გაქვსო. ამით ივანიშვილმა გვითხრა შემდეგი - ივანიშვილს წესიერი პოლიტიკოსი არარაობად მიაჩნია.

- მიუხედავად იმისა, რომ ელექტორალური თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ ახლა პრობლემები აქვს, ივანიშვილმა განაცხადა - „ვთვლი, რომ 2020 წლის არჩევნებში შედეგი იოლად მისაღწევია“. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატურად აფასებს ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის შანსებს?

- გააჩნია რას გულისხმობს ივანიშვილი შედეგში - ძალაუფლებისთვის ბრძოლას, თუ სახელმწიფოს ინტერესებისთვის ბრძოლას. ესაა მთავარი. ივანიშვილი ყველაფერს ძალაუფლების პრიზმაში უყურებს და მას სახელმწიფოებრივი ამოცანები აღარ აქვს. ივანიშვილისთვის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება გახდა. როგორც ჩანს, ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე ის არანაირ მეთოდებს აღარ მოერიდება. მისი სატელევიზიო ინტერვიუ ამის დადასტურება გახლდათ.

ფაქტობრივად, ივანიშვილი ქმნის იმ რეალობას, სადაც ადამიანის ადგილი აღარაა. ამიტომ იგი შეეცდება 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით შედეგის მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით ივანიშვილი საქართველოში მონოპოლისტია, მე მაინც მეეჭვება, რომ იგი 2020 წლის არჩევნებზე ამის გაკეთებას შეძლებს. მაგრამ, ფაქტია, რომ იგი ამისთვის იბრძოლებს და ეს კიდევ ერთი დიაგნოზია.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო