„ნაციონალური მოძრაობა“ - ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე მიზანმიმართულ თავდასხმას ვგმობთ

ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე მიზანმიმართულ თავდასხმას, - ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რადგან იგი „რუსთავი 2“- ის მაგალითზე, ღიად ახდენს მედია საშუალებებზე მუდმივ თავდასხმას.

„დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქის მიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მედიაზე ამგვარი თავდასხმა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

კანონმდებლობით შექმნილი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიების მიუხედავად, მრავალი წელია მუდმივ წნეხს განიცდის საზოგადოებივი მაუწყებელი. კერძო მედია საშუალებებზე ასევე მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმა. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი გაცხადებულად საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების სურვილზე და იყენებს მართლმსაჯულების სისტემას ამ მიზნის მისაღწევად. ვლინდება, რომ სწორედ ტელეკომპანიებზე გავლენების მოპოვების მიზნით ახორციელებს ივანიშვილი ზეწოლას არაერთ ბიზნესმენზე.

დღეს ღია ზეწოლის მსხვერპლია ასევე აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს თანამდებობიდან გადააყენოს ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის სტანდარტით და ქვეყანაში არსებული მძიმე მედია გარემოს პირობებში ქმნის აჭარის ტელევიზიისთვის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის ყველა პირობას. ამას ადასტურებს არაერთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ანგარიში.

ვგმობთ მიზანმიმართულ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით. სწორედ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოქმედებს მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომლის პოზიციას ემიჯნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მოუწოდებს თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას.

მივმართავთ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და საქართველოს სახალხო დამცველს აღნიშნულზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორი წევრი ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბორდის ორ წევრი ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა