ვინაიდან, დღეს ისევ აქტუალურია უსამართლობასთან ბრძოლა, ბუნებრივია, რომ საქართველოს დაცვისაკენ მოწოდება ისევ გაისმა,- ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეკრებაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს კვლავ აქტუალურია ის პრობლემები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებობდა.
„დაიცავი საქართველო“ ეს იყო სახალხო მოძრაობა, რომელიც მკვეთრ პოზიციებს აფიქსირებდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს იყო მებრძოლი ადამიანების თავყრილობა და ის წრე, რომელიც იმ უსამართლობას უპირისპირდებოდა, რაც მაშინ ხდებოდა. ამ მოძრაობას დეკლარირებული ჰქონდა სამშობლოს დაცვა ყველა იმ უსამართლობისგან, რაც სააკაშვილის რეჟიმს თან სდევდა. ვინაიდან, უსამართლობასთან ბრძოლა დღეს ისევ აქტუალურია და სააკაშვილის უსამართლობის დამდგენი ადამიანები დღეს ისევ ძალაუფლებას ფლობენ, ბუნებრივია, რომ ისევ გაისმა საქართველოს უსამართლობისგან და ადამიანების ჩაგვრისგან დაცვის მოწოდება. მეც ვუერთდები ამ ადამიანებს, მოვედი აქ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და შევუერთდე იმ განწყობას, რომელიც დღეს ფილარმონიის დარბაზშია,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.