ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2019

გადამწყვეტი ბრძოლა სასამართლოსთვის

კობახიძე “თქვენობით” მიმართვას ითხოვს - ბესელია კი გადაყენებით ემუქრება

“ივანიშვილი პროცესებს მოწყვეტილია და ხალხის მაჯისცემას ვერ გრძნობს” - გამზარდია

* * *

გადამწყვეტი ბრძოლა სასამართლოსთვის

“მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტის განხილვაზე დიდი დაპირისპირება პიკს ხუთშაბათსა და პარასკევს მიაღწევს. ეს უკვე გარდაუვალია, რადგან “ოცნება” უკან დახევას არ აპირებს, ხუთშაბათ-პარასკევს ფორსირებულად გეგმავს ყველასთვის სადავო კანონპროექტის მეორე-მესამე მოსმენით მიღებას და არ აპირებს, გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა კანონპროექტის განხილვის 2 კვირით გადადების თაობაზე, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, შესწორებული ვარიანტი გააანალიზოს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი გეგმავდნენ, ოთხშაბათს სასწრაფო წესით განეხილათ კანონპროექტი მეორე მოსმენით ისე, რომ შეცვლილი სახით წერილობითი ფორმით მზად არ იყო და არც ერთმა დეპუტატმა, მათ შორის არც “ოცნების” დეპუტატებმა, არ იცოდა მისი ჩასწორებული ვარიანტი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რის გაზიარებს აპირებდა “ოცნება” და რისას - არა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გადამწყვეტი ბრძოლა სასამართლოსთვის / “ოცნება” უკან დახევას არ აპირებს და ფორსირებულად გეგმავს ყველასთვის სადავო კანონპროექტის მიღებას.

ირაკლი კობახიძემ სესიაზე დეპუტატებს უთხრა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სიტყვასიტყვით მოჰყვებოდა ჩასწორებული მუხლების შესახებ, რამაც უკმაყოფილება და მწვავე განცხადებები გამოიწვია არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ “ოცნების” ორმა დეპუტატმაც გამოთქვა მორიდებული შენიშვნა, რომ წაუკითხავი დოკუმენტის განხილვა არასწორი იყო და უმრავლესობას ცალკე უნდა ემსჯელა. “ელემენტარულ რაღაცას გეუბნებით, რომ დაწერილი მინდა ვნახო დოკუმენტი, სანამ განვიხილავ. თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ მანდ რომ დაბრძანდით, რასაც გინდათ, იმას გააკეთებთ ამ პარლამენტში. რას ნიშნავს, არ გადავდებთ. მეუბნებით, რომ მოვუსმინო ანრი ოხანაშვილის რაღაც მონათხრობს?! პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულ ადგილზე ჯდომას, რაღაც ინსტრუქციების მიღებას და აქ გატარებას. დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი”, - ირაკლი კობახიძეს მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ. განხილვის გადადება მოითხოვეს “ოცნების” დეპუტატებმაც, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნუკრი ქანთარიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვინც იურისტები არ ვართ, ძნელია, სიტყვიერად მოვისმინოთ და გავიგოთ, იმ რეკომენდაციების შინაარსი რამდენად აისახა თუ არ აისახა კანონპროექტში. მე კენჭისყრამდე მინდა მქონდეს გარკვეული აღქმის საშუალება, განხილვის დროს მქონდეს სრული შესაძლებლობა, ვიცოდე, რა ფორმულირებით, როგორ შედის თითოეული რეკომენდაცია კანონში და შემდეგ დავიწყოთ განხილვა”, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ნუკრი ქანთარიამ კი უმრავლესობის ერთსაათიანი სხდომის ჩატარება ითხოვა. “ყველას გვაქვს რაღაც კითხვები. ხომ არ სჯობს, 1 საათით გამოცხადდეს შესვენება და უმრავლესობის სხდომა ჩავატაროთ, სადაც თქვენს პოზიციას გვეტყვით”, - თქვა ქანთარიამ. გამოცხადდა შესვენება, ჩატარდა უმრავლესობის დახურული შეკრება, სადაც გადაწყდა, რომ ხუთშაბათს, დილის 10 საათზე, ყველა დეპუტატს დაურიგდება ჩასწორებული კანონპროექტი და 2 საათი ექნებათ მის წასაკითხად, 12 საათიდან კი დაიწყება სესიაზე მისი განხილვა, ხოლო პარასკევს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ კიდეც”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასევე, დაანონსდა, რომ მოსამართლეების კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ხუთშაბათს, დილის 10 საათზე, “ოცნების” ოფისში ისევ შეიკრიბება და ამ შეკრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. “ოცნების” ლიდერების განცხადებით, ისინი ითვალისწინებენ ოპოზიციის მოთხოვნას, რომ წერილობით იყოს წარმოდგენილი კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება ასახული, მაგრამ არ ითვალისწინებენ მეორე მოთხოვნას - განხილვის 2 კვირით გადადებას. “ოცნებაში” აღნიშნავენ, რომ ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გაითვალისწინებენ მხოლოდ 2-ს: მოსამართლეობის მსურველებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას და, ასევე, იმას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი, თუკი ის მოსამართლეობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, ხმის მიცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რათა ამით ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს. ამას გარდა, “ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ისინი არ გაითვალისწინებენ იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა მოსამართლეების მხოლოდ ნაწილი დააკომპლექტოს, მეორე ნაწილი კი მომდევნო პარლამენტმა დანიშნოს, რაც, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტთა უმეტესობის აზრით, მთავარი რეკომენდაციაა”, - დასძენს გამოცემა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია და არასამთავრობოები დაადანაშაულა ვენეციის კომისიისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, რომ სასამართლოში არის კლანი, რომელსაც მფარველობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საპარლამენტო უმრავლესობა, რამაც განაპირობა პოლიტიკური რეკომენდაცია, რომ იქნებ მომავალმა პარლამენტმა დაამტკიცოს მოსამართლეების ნაწილი და რადგან ეს პოლიტიკური ნაწილია, ამიტომ არ გაითვალისწინებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სრულად დაიმორჩილოს უზენაესი სასამართლო და ამიტომ კობახიძეს აქვს დავალებული, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოს პროცესი ბოლომდე. ოპოზიციას არა აქვს მოლოდინი, რომ “ოცნება” მთავარ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. მათი აზრით, მხოლოდ ფორმალური ცვლილება იქნება და არა - ძირეული”, - წერს სტატიის ავტორი.

“ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის მითითებას. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილების გარეშე ელემენტარულ გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერავინ ამ ხელისუფლებაში”, - განაცხდა “ნაცმოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. “ევროპული საქართველოს” დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მთავარი სურვილია, ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელში სამუდამოდ ჩააგდოს ქართული მართლმსაჯულება და ოთხშაბათს სწორედ ამის დემონსტრირებას ახდენდა ირაკლი კობახიძე, როდესაც პროცედურების დარღვევით ცდილობდა მეორე მოსმენით დაუწერელი კანონპროექტის განხილვას, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. საბოლოდ, კანონპროექტის განხილვა განახლდება ხუთშაბათს 12 საათიდან. სესიაზე კანონპროექტთან დაკავშირებით მოუსმენენ სახალხო დამცველს. ოპოზიცია უკვე ემზადება მწვავე გამოსვლებისთვის. ხუთშაბათს, 3 საათზე, მოსამართლეების კანონპროექტის წინააღმდეგ, ასევე, დაგეგმილია აქცია-მსვლელობა უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე, ინიციატორი “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” ბლოკია. ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ “ოცნებამ” ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სრულად გაიზიაროს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

კობახიძე “თქვენობით” მიმართვას ითხოვს - ბესელია კი გადაყენებით ემუქრება

ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება. ამჯერად მწვავე კამათი პლენარულ სხდომაზე მოხდა, სადაც კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო “შენობით” მიმართვის გამო და უთხრა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებას მხოლოდ მას შემდეგ მისცემდა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით მიმართავდა. ამის შემდეგ კი ბესელია დაიმუქრა, რომ თუ კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან არ ჩამოაშორებენ, ის მისი პასუხისმგებლობის და გადაყენების საკითხს აუცილებლად დააყენებს”, - წერა გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კობახიძე “თქვენობით” მიმართვას ითხოვს - ბესელია კი გადაყენებით ემუქრება / “პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს, თორემ, შინაარსობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა” - ბესელია კობახიძეზე.

“ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველია, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორემ შინაარსობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა”,- სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა ბესელიამ. ბესელიამ კობახიძის შესაძლო გადაყენებაზე საუბარი ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" რიგები დატოვა. მაშინ ბესელიამ განაცხადა, რომ “არ გამორიცხავს დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა”. ამჯერად კი ბესელიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე რეგლამენტს მუდმივად არღვევს და ის ამ დარღვევების საფუძველზე დააყენებს მისი გადაყენების საკითხს. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციის ყველაზე მძიმე დარღვევაა, როცა დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევ. “მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს ვანიშნე პროცედურაზე, ჭერს უყურა იმდენი ხანი, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუპყრია ყურადღება. ყველგან გაიხედა, ოღონდ, არ შეემჩნია, რომ სიტყვის უფლებას ვითხოვდი. კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი, ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება”, - განაცხადა ბესელიამ. ამჯერად ბესელიას გაღიზიანება და მუქარა გამოიწვია იმან, რომ კობახიძემ მას სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გაუთიშა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბესელია ითხოვდა, რომ განსახილველად დაებრუნებითან მისი და კიდევ 12 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოსამართლეების არჩევის წესის შესახებ, რომელიც ორი კვირის წინ ჩააგდო “ოცნებამ” და ამ განცხადებისას კობახიძეს შენობით მიმართა. “ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ, სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია, ცოტა ახლოს მოვიდე”, - მიმართა ბესელიამ კობახიძეს. ბესელიას განცხადების შემდეგ, კობახიძემ მიკროფონის გამორთვა მოითხოვა და დეპუტატს მიმართა: “პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას”. მიკროფონის გამორთვის შემდეგ ბესელია ავიდა ტრიბუნაზე, საიდანაც კობახიძეს სხდომა მიჰყავდა, იქაც მცირე პოლემიკა გაიმართა. ბესელია-კობახიძის დაპირისპირებიდან მალევე პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შესაძლებელია თუ არა, ბესელიამ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს და კობახიძე პარლამენტის სპიკერობიდან გადააყენოს - კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე აცხადებს, რომ საკმარის 76 ხმის მოგროვებას ბესელია ვერ შეძლებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბესელიამ პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დასვას და არგუმენტად მოიყვანოს რეგლამენტის დარღვევის რაღაც ფაქტები, მაგრამ საკითხის დასმა არაფერს არ ნიშნავს, მას სჭირდება 76 დეპუტატის მხარდაჭერა, ვინც ჩათვლის, რომ დიახ, კობახიძემ დაარღვია რეგლამენტი და უნდა გადადგეს. ექნება კი მას მხარდაჭერა? ამაშია საქმე. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება კენჭისყრაზე უნდა დადგეს და მან რომ რაღაც დაარღვია, პარლამენტმა უნდა დაადასტუროს, სხვა ვერ დაადასტურებს,” - ამბობს ძაბირაძე. მისი თქმით, რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, რაც ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, რომ კობახიძე კონსტიტუციას არღვევს, ეს გამორიცხულია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე იმპიჩმენტს საერთოდ არ ექვემდებარება. მისი მხოლოდ გადარჩევაა შესაძლებელი, რასაც წყვეტს პარლამენტის 76 დეპუტატი. მისივე თქმით, ბევრჯერ თქმულა, რომ კობახიძე “ოცნებაში” დარჩენილ დეპუტატების ნაწილსაც დიდად არ მოსწონს და ალბათ, დიდი სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს მის გადარჩევას, მაგრამ ამას მაინც ვერავინ გაბედავს, რადგან ეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა იქნება. “არ მგონია, რომ ივანიშვილი კობახიძეს დაუპირისპირდეს, დღეს ეს არ მოხდება. ამიტომაც გამორიცხულია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ „ოცნების” ის დეპუტატები, ვისაც კობახიძე არ მოწონს და მის გადარჩევას დაუჭირონ მხარი. თუ ივანიშვილს მოუნდება, მაშინ, კი ბატონო, ყველაფერი რიგზეა”, - თვლის ძაბირაძე, რომლის თქმით, “მაგრამ, დღეს ეს ვერ მოხდება”, - დასძენს გამოცემა.

“ივანიშვილი პროცესებს მოწყვეტილია და ხალხის მაჯისცემას ვერ გრძნობს” - გამზარდია.

“ხელისუფლებას პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს აძლევს ოპოზიციური სპექტრის დეფიციტი და ნაკლებ ეფექტურობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან აქტიურობა შეიმჩნევა. მეორე მხრივ, საზოგადოების გულგრილობა, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს და ამდენი ხანია ჩვენ ამომრჩევლის ნების გარეშე არჩეული ხელისუფლება გვყავს. ასევე, “ქართული ოცნების” ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები, რაც უპირატესობს აძლევს მოიგოს არჩევნები. ეს სამი ფაქტორი ქმნის ხელოვნურ, მაგრამ მაინც პერსპქტივას და ამ კუთხით არის განპირობებელი ხელისუფლების პოლიტიკური იმედები”, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი პროცესებს მოწყვეტილია და ხალხის მაჯისცემას ვერ გრძნობს” - გამზარდია.

“ექსპერტთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი დღეს პოლიტიკურ დეპრესიაშია, ვერ გავიზიარებ, რადგან ივანიშივლის დეპრესიაში ჩაგდება ადვილი არ არის, თუმცა, პროცესებს მოწყვეტილია, საზოგადოების მაჯისცემას ვერ გრძნობს და მხოლოდ ძალაუფლების რეჟიმშია. ვისაც იგი მოკავშირეობას უცხადებს, ვისაც გვერდით იყენებს, ეს ადამიანები ყველანი გაბანკროტებული არიან და მათი ავტორიტეტი ნულს უახლოვდება. ასევე, არც ერთ მნივშნელოვან საკითხზე ხელისუფლებისგან საზოგადოების განწყობები არ იყო გათვალისწინებული, არც სასამართლო და არც სხვა საკვანძო თემებზე. შუალედურ არჩევნებს განსაკუთრებულ ფუნქციას არ ვანიჭებ და არც იმის შედეგების მოლოდინში ვარ, რომ რაიმე გარდამტეხი იქნება. ოპოზიციის გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით, კერძოდ სანდრა რულოვსის, ზუგდიდის მოსახლეობის განწყობები არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, რომ მას ისეთი პერსპექტივა ჰქონდეს, რომლის წარმოჩენასაც ასე ცდილობენ. ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება სანდრა რულოვსს გამარჯვება, მესმის რომ პოლიტიკური ფუნქცია ექნება და პირველი მერცხალი იქნება ხელისუფლების დანაკარგის, მაგრამ საერთო ჯამში ეს გამარჯვება მას არაფერს აძლევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“ახლად შექმნილ მოძრაობებს, ან პარტიებს, რომლის შექმნასაც გარკვეული პოლიტიკოსები აანონსებენ, არა მგონია, რომ ამ ეტაპზე რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ, რადგან ისეთი სახეები ტრიალებს, რომელიც საზოგადოებისთვის მომაბეზერებლია. შეიძლება ხვალ რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს აძლევთ, თუ ხელისუფლების დისკრადიტაციაზე მუშაობენ, ხელისუფლება ისედაც დისკრედიტირებულია. მთავარი არის ის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდეს თვისობრივი სიახლე, რომელიც დღეს არ გვაქვს და ეს მოწადინებები, მაინც ხელოვნური გაერთიანებებია”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა