ლია მუხაშავრია - „ოცნებასა“ და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შორის გარიგება დადებულია და რა დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრია ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად რჩება. ეს გასაკვირიც არაა, რადგან მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მეოთხე თვეა მიმდინარეობს მსჯელობა. ეს თემა გახდა მმართველ გუნდში სერიოზული განხეთქილების მიზეზი.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ვენეციის კომისიამ „ქართულ ოცნებას“ ყვითელი ბარათი აჩვენა. ამ ფონზე მმართველი გუნდის ლიდერშიფი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს. ფაქტია, რომ ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტისაგან 9-10 რეკომენდაციის გათვალისწინებას ითხოვს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ისინი ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, მაგრამ რომელს და რა დოზით, ჯერ მაინც ცხადი არაა.

თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად აფასებს მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს?

- ბოლო ორი ხელისუფლება იმით გამოირჩევა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ან ასრულებს ან ნაწილობრივ ასრულებს ან არ ასრულებს და მერე ამას ახსნას უძებნის, ანუ ვენეციის კომისიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის მორგებასა და გამოყენებას ცდილობს. რაც, მეტი რომ არ ვთქვათ, სამარცხვინოა ისეთი ქვეყნისათვის, რომელსაც ევროინტეგრაცია პოლიტიკურ კურსად აქვს გამოცხადებული.

ბოლო ორი ხელისუფლება იმით გამოირჩევა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ან ასრულებს ან ნაწილობრივ ასრულებს ან არ ასრულებს და მერე ამას ახსნას უძებნის, ანუ ვენეციის კომისიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის მორგებასა და გამოყენებას ცდილობს

ახლაც, ჯერ სთხოვეს ვენეციის კომისიას საერთო სასამართლოების კანონპროექტსა და პროკურატურის კანონპროექტზე დასკვნები და რეკომენდაციები და არ დაუცადეს კომისიის დოკუმენტს, ისე დაიწყეს დაჩქარებულად კანონპროექტების განხილვა კომიტეტებსა და სესიაზე.

მეჩვენება, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს ვენეციის კომისიის, როგორც ინსტიტუციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და როცა ხვდება, რომ მათი დასკვნები და რეკომენდაციები მათთვის ხელსაყრელი არ იქნება, დაჩქარებულად მიაქანებს საკუთარ კურსს. ეს ყველაფერი, სხვას რომ თავი დავანებოთ, უზრდელობად მაინც მოსჩანს.

ევროპის საბჭოს ასეთ სერიოზულ ორგანოს რომ რჩევას ეკითხები და მერე არ უსმენ ან აცხადებ, რომ ნაწილს გაითვალისწინებ და ნაწილს არა, ან რასაც გაითვალისწინებ ჯერ არ იცი. მმართველ გუნდს ძალიან პრაგმატული გათვლა აქვს, ამჟამინდელი შუალედური და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, შესაბამისად, გაყალბებებისა და უკანონობის წინააღმდეგ ყველაზე საჭირო უზენაესი სასამართლოს ის შემადგენლობაა, რომელსაც ჩვენ, არასამთავრობოები, "კლანს" ვუწოდებთ.

მმართველ გუნდს ძალიან პრაგმატული გათვლა აქვს, ამჟამინდელი შუალედური და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, შესაბამისად, გაყალბებებისა და უკანონობის წინააღმდეგ ყველაზე საჭირო უზენაესი სასამართლოს ის შემადგენლობაა, რომელსაც ჩვენ, არასამთავრობოები, "კლანს“ ვუწოდებთ

ამიტომ, ეს კლანი უნდა გავიდეს უზენაეს სასამართლოში, რომ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება მათ გამოიტანონ პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით. ამას კი მხოლოდ და მხოლოდ მურუსიძე და ძმანი მათნი უზრუნველყოფენ.

„ოცნებასა“ და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შორის გარიგება დადებულია და რა დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია, კაცმა რომ თქვას. არა, თუ ვენეციის კომისიის რაიმე რეკომენდაცია შეიძლება ამ მიზნის მოსარგებად გამოდგეს, კი ბატონო, გაითვალისწინებენ, მაგრამ თუ არ გამოდგება, არ გაითვალისწინებენ, ჰოდა, ამიტომაც წინასწარ როგორ ეცოდინებათ რას გაითვალისწინებენ და რა ზომით.

- იმ განცხადებებიდან და მსჯელობიდან გამომდინარე რაც ამ თემაზე „ოცნების“ ლიდერების მხრიდან მოვისმინეთ, თქვენი დაკვირვებით მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან სავარაუდოდ, რომელ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და რატომ?

- ასე კონკრეტულად ძალიან გამიჭირდება მითითება, რადგან მე საერთოდ ვერ ვხედავ კანონპროექტს იმ თვალსაზრისით, როგორც მას “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა უყურებს დღეს. მიზანი ერთია, დიადი ნათელი.

- იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციების ყველა პრინციპული საკითხი, რომელიც „სამართლებრივი რეკომენდაცია არ არის“.

როგორც ჩანს, პოლიტიკურ რეკომენდაციად იქნა მიჩნეული დასკვნაში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მოსამართლეობის კანდიდატს „სამართლიანობის განცდა უნდა ჰქონდეს“, რაც ირიბადაც და პირდაპირაც მიანიშნებს იმაზე, რომ ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს წევრების გარკვეულ ნაწილს მაინც თვლის იმ ტიპის მოსამართლეებად, რომლებსაც „სამართლიანობის განცდა არ აქვთ“.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ვენეციის დასკვნაში არსებული ჩანაწერი რომ მოსამართლეს სამართლიანობის განცდა უნდა ჰქონდეს და თუ ეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შეფასებაა, საქართველოს პარლამენტმა რა პოლიტიკური დასკვნები უნდა გააკეთოს ვენეციის კომისიის პოლიტიკური შეფასებებიდან?

- ვენეციის კომისიის დასკვნები, როგორც წესი, ევროპული სტილით დაწერილი დოკუმენტებია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ე.წ. ძალიან დავარცხნილი და რაფინირებული ტერმინებით გაჯერებული და მეგობრული ტონით დაწერილი ტექსტია ხოლმე, რომელსაც პოლიტიკური ელფერი არამც და არამც არ ეტყობა.

ვენეციის კომისიას სრულად აქვს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, მართლმსაჯულების სისტემაზე პოლიტიკური ზეგავლენის სიდიდეზე და სწორედ ამით იყო განპირობებული რამდენიმე რეკომენდაციის დასაბუთება გამყარებული პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების საფუძვლით

ამ დასკვნაში კი ჩემთვის საცნაური იყო ის, რომ ვენეციის კომისიას სრულად აქვს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, მართლმსაჯულების სისტემაზე პოლიტიკური ზეგავლენის სიდიდეზე და სწორედ ამით იყო განპირობებული რამდენიმე რეკომენდაციის დასაბუთება გამყარებული პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების საფუძვლით.

მაგალითად, ის, რომ არჩევნები იუსტიციის საბჭოში არ უნდა ემთხვეოდეს საპარლამენტო არჩევნების ვადებს და პერიოდს და რომ საბჭოს ნახევარი მაინც უნდა იყოს ამგვარად დაკომპლექტებული.

„სამართლიანობის განცდის არქონის“ შესახებ მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე მაღალი კომპეტენციის ორგანოს წევრზე, მეტი რომ არ ვთქვათ, მეტისმეტად მკვეთრად უარყოფითი შეფასებაა, სწორედ დოკუმენტის ევროპული ლინგვისტური შინაარსიისა და ფორმის გათვალისწინებით

ასევე აქცენტი იუსტიციის საბჭოს წევრის ვადამდე დათხოვნის შესახებ, რაც ასევე მკაფიო კრიტერიუმებით უნდა იყოს გაწერილი და რომ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც საბჭო კენჭისყრით იღებს, უნდა ჰქონდეს დასაბუთება.

ხოლო ტერმინი, „სამართლიანობის განცდის არქონის“ შესახებ მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე მაღალი კომპეტენციის ორგანოს წევრზე, მეტი რომ არ ვთქვათ, მეტისმეტად მკვეთრად უარყოფითი შეფასებაა, სწორედ დოკუმენტის ევროპული ლინგვისტური შინაარსიისა და ფორმის გათვალისწინებით.

- თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილის გაუთვალისწინებლობა ქვეყნის გარეთ?

- ვფიქრობ, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა მაშინ, როდესაც, როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, ვენეციის კომისიას, როგორც ჩანს, სრულად ესმის დღეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შიგნით შექმნილი მდგომარეობა, გამოიწვევს მეტ სიმკვეთრეს ევროპული სტრუქტურებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან და მათ მეტ ძალისხმევას გააგებინონ ამათ თუ რას აფუჭებენ რადგან, როგორც ჩანს, მურვან ყრუს ეპოქა დადგა ქვეყანაში.

არა მგონია, ამ ვითარებაში ქვეყნის რეპუტაციასა და პრესტიჟზე ვდარდობდეთ, რომელიც, რა თქმა უნდა, რომ შერყეულია. ჯერ სახელმწიფოს მეტად მნიშვნელოვანი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებაზე უნდა ვიდარდოთ

არა მგონია, ამ ვითარებაში ქვეყნის რეპუტაციასა და პრესტიჟზე ვდარდობდეთ, რომელიც, რა თქმა უნდა, რომ შერყეულია. ჯერ სახელმწიფოს მეტად მნიშვნელოვანი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებაზე უნდა ვიდარდოთ, რადგან თუ ეს პროცესი შეუქცევადი არ გახდა, ამან თვით სახელმწიფო შეიძლება გადაიყოლოს და ძალიან დიდი დრო დაგვაკარგვინოს.

- ვხედავთ, რომ მოსამართლეობის შერჩევის საკითხი შიდა პოლიტიკის დღის წესრიგზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ისე გაითვალისწინოს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე მას დარჩეს კონტროლის საშუალება.

თუ პარლამენტში „ოცნების“ მხარდამჭერთა დეპუტაციამ კანონში მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ისეთი კანონი მიიღო, რომელსაც იგი ემხრობა, ასეთ ვითარებაში რამდენად იქნება შესაძლებელი ითქვას, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლო ხელისუფლება მიიტაცა?

- აშკარაა ხელისუფლების მმართველი გუნდის მცდელობა სრულად მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, მით უფრო, მათ ვერც საკანონმდებლო ორგანოში და ვერც თავად სასამართლო სისტემაში ვერავინ უშლის ხელს. ახლა ერთადერთი იმედი საერთაშორისო საზოგადოებრიობა და მისი ზეწოლაა.

გავიხსენოთ, ამ ხელისუფლებამ შეძლო კონსტიტუციის მორგება ისე, რომ დაგვიანებით მიხვდა რა შეცდომებიც დაუშვა სიჩქარეში. ახლა, როგორც უკვე ვთქვი, ამოცანად დასახულია არჩევნების მოგება ნებისმიერ ფასად და მათ შორის კონტროლირებადი სასამართლოს მეშვეობით არჩევნების გაყალბებისა და უკანონობის გამართლება.

„ოცნება“ სიტუაციის ანალიზით კი არ მოქმედებს, არამედ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ და ასეთ შემთხვევაში კი მარცხი და შეცდომა გარდაუვალია

ამიტომ, ვფიქრობ „ოცნება“ სრულად მოახერხებს დასახული მიზნის მიღწევას მათი საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის ამ ვადაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რესურსი არ ეყოფათ ეს დიდი ხნით შეინარჩუნონ.

ჩემი აზრით ხელისუფლების არაადექვატურობა ამაში ყველაზე მკაფიოდ ჩანს. ამასთან, მათ სიტუაციის ანალიზი კი არ კარნახობთ ქმედებას, არამედ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ და ასეთ შემთხვევაში მარცხი და შეცდომა გარდაუვალია.

- თქვენი აზრით, ასეთი ვითარება სავარაუდოდ, როგორ აისახება საშინაო პოლიტიკაზე?

- საზოგადოდ ცნობილია, რომ თუკი სახელმწიფოში სასამართლო არ ფუნქციონირებს და მართლმსაჯულება არ აღსრულდება, იქ არ არის სტაბილურობა და მშვიდობა. აქსიომაა, არ არს სამართალი, არ არის მშვიდობა. ამიტომ, ბუნებრივია, შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ რეგრესი, იქნება მთავრობის წევრების გაუთავებელი ცვლა და არასტაბილურობა, ვარდნა, კრიზისი და დაუსრულებელი წარუმატებლობა. ყოველ შემთხვევაში, უდავოდ ესაა მოსალოდნელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

- როცა ვიცით, რომ უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს იუსტიციის საბჭოს წევრები ემუქრებოდნენ და ლამის ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც მისი გადადგომის მიზეზი გახდა, ბუნებრივად იბადება კითხვა - რომელი უფრო ბნელი ოთახი იყო - მარგველაშვილმა რომ პარლამენტს მოსამართლეების სია წარუდგინა თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ კონსტროლს დაქვემდებარებული იუსტიციის საბჭოს ოთახი, რომლეშიც 10 მოსამართლის სია დაიწერა?

- ვფიქრობ, საერთოდ გამოსაძიებელია რატომ და რის გამო მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე წასვლა. ბუნებრივია, ეს არ მოხდება ამ პოლიტიკური ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს არ არის ხანდაზმული საკითხი და მისი გარკვევის გარეშე მეეჭვება რამე სერიოზული ანალიზი მოხერხდეს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე. ხოლო თუ არ ვიცით ავადმყოფობის მიზეზი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მკურნალობაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

მე კარგად ვიცნობ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და მეეჭვება ის თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზით შეეშინებინოს ვინმეს. სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ, ალბათ უფრო „ქმედითი“ და საშიში ზომები გამოიყენეს და არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან. ვფიქრობ, მისი ფიზიკური განადგურების მუქარა გახდა მისი გადადგომის მიზეზი, ამასთან, ეს იქნებოდა ნამდვილი, რეალური მუქარა და არა მოჩვენებითი.

მე კარგად ვიცნობ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და მეეჭვება ის თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზით შეეშინებინოს ვინმეს... ვფიქრობ, მისი ფიზიკური განადგურების მუქარა გახდა მისი გადადგომის მიზეზი, ამასთან, ეს იქნებოდა ნამდვილი, რეალური მუქარა და არა მოჩვენებითი

გვენეტაძის იძულებით თანამდებობიდან გაშვების შემდეგ, როგორც ვხედავთ, იუსტიციის საბჭო და არა მხოლოდ საბჭო ისე გათავხედდა, რომ არსაიდან გააჩინა უზენაესში წარსადგენი მოსამართლეების სია, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად იმდენი კანდიდატისგან შედგებოდა, რამდენიც უნდა დაენიშნა პარლამენტს.

იმაზეც კი არ შეწუხდნენ, ერთ ადგილზე, ასეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც უზენაესი სასამართლოს წევრობაა, სულ მცირე ორი კანდიდატი მაინც რომ ყოფილიყო დასახელებული. ასეთ ვითარებას დავარქმევდი მე სწორედ უფრო ბნელ ოთახს კი არა კუნაპეტ ოთახს, სადაც სინათლის სხივის შეღწევის შანსიც კი არაა. სწორედ სიტუაციის კუნაპეტობით უნდა იყოს განპირობებული პარლამანეტის თავმჯდომარის კომენტარიც, რომელსაც, როგორც ჩანს, აზრისა და სინათლის სხივის შემონათების შანსიც კი დაუკარგავს სამიდღემჩიოდ.

- ვიცით, რომ თქვენ უმეტესწილად გურიაში ცხოვრობთ და იქ საქმიანობთ. აჭარის ტელევიზიას თუ ადევნებთ თვალს?

- უნდა გითხრათ, რომ ვადევნებ თვალს იმის გამო, რომ იქ გაჩნდა სიახლე და ამასთან, მაინტერესებს რა ხდება ყურისძირში, რა მოვლენებია გურიის გვერდით მდებარე აჭარაში, რადგან ბათუმშიც ხშირად მიწევს ყოფნა.

- აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- ხელისუფლებას სასამართლო ხელისუფლების და მედიის სრული კონტროლის სურვილი და პრეტენზია გააჩნია და სულ არაა გასაკვირი, რომ აჭარის ტელევიზიაში შექმნილი ვითარება სწორედ საარჩევნო გარემოსთან იყოს დაკავშირებული. ინფორმირებული არჩევანის უფლების განხორციელება ხომ მხოლოდ სანდო და სარწმუნო ინფორმაციის შედეგად შეიძლება ამომრჩეველმა გააკეთოს, ამაში კი მას დამოუკიდებელი მედია უნდა დაეხმაროს.

თუ მედიის ზღუდე მოირღვა და აჭარის ტელევიზიის შეფის გადაყენება ამ რღვევის უტყუარი ნიშანია, მერე ჩვენ მოგვადგებიან და მერე შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.

ახლა, როცა ხელისუფლებას ამის საწინააღმდეგო მიზანი ამოქმედებს, ბუნებრივია, დამოუკიდებელი და უკონტროლო მედია მისთვის საშიში და მიუღებელი ხდება. მხოლოდ და მხოლოდ ამით უნდა აიხსნას აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაყენება. იკვეთება სურათი, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ორგანო - საბჭო უკვე კონტროლირებადი ყოფილა და ასე იოლად შეასრულა დაკვეთა და ტელევიზიის ხელმძღვანელი გადააყენა.

ეს მრავლისმეტყველი და ძალიან საშიში ტენდენციის მაჩვენებელია და ამაზე ძალიან მინდა საზოგადოებამ და მედიის წარმომადგენელთა პროფესიულმა წრეებმა სათანადო რეაქცია მოახდინონ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი