ხათუნა ლაგაზიძე - პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს გადავრჩით - ხელისუფლებისთვის ეს ძალიან სერიოზული ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს

შეცდომა თავში იყო დაშვებული, დღეს ძალიან მძიმე სიტუაციის განვითარებას გადავრჩით, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მანამდე არსებული ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, არასწორი იყო.

„მცდარი იყო თავისთავად ამ ჰესის ძალისმიერი მშენებლობის გადაწყვეტილება, რაზეც შემდეგ ეს პრობლემები ჯაჭვივით აეწყო. თავისთავად ის ფაქტი, რომ იქ სამშენებლო ტექნიკა დილით შევიდა პოლიციის გარკვეული ჯგუფის თანხლებით, ირიბად იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ იცოდა, ჰესის მშენებლობის დაწყებას რა პრობლემები მოჰყვებოდა ანუ მოლაპარაკება ბოლომდე არ იყო მიყვანილი მოსახლეობასთან. შეცდომა თავშივე დაიშვა. შესაბამისად, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი მან, ვინც სახელმწიფო ამ პროვოკაციებზე წამოკიდა. დღეს ძალიან მძიმე სიტუაციის განვითარებას გადავრჩით. ამიტომაც ხაზგასმით ვამბობ, შეცდომა თავში იყო დაშვებული. ვინც არასწორი ინფორმაცია ჩამოიტანა პანკისიდან, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და იქ მოსახლეობას მძაფრი რეაქცია არ ექნება, აი, იმის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს ვინ არის, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაცია მე არ მაქვს.

მეორე მხრივ, სამართალდამცავებზე თავდასხმა, თავისთავად არაფრით მართლდება. წარმოუდგენელი რამაა. სხვაგვარად სახელმწიფო თავზე დაგვემხობა. ნაცემმა სპეცრაზმელმა რომელი სახელმწიფო და მოქალაქის ინტერესი უნდა დაიცვას? - ეს არ ეპატიება არც პანკისის ხეობის მოსახლეობას, არც აჭარის, არც გურიის, არც იმერეთის და საქართველოს არც ერთ მოქალაქეს, ისევ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით, პრობლემის თავია ის, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ და არ ისწავლა დიალოგი საკუთარ მოსახლეობასთან.

„იმდენად არის დარწმუნებული იმაში, რომ კონკურენტი პოლიტიკური ძალა არ ჰყავს ქვეყანაში, რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს. დღევანდელი დღეც ამის ძალიან ნათელი დასტურია. დღეს კვლავ გახარიამ შეძლო ამ რთული სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ სადამდე უნდა იყოს ეს ხელისუფლება თავისივე ანთებული ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში. ასეთ რყევებს ხელისუფლებები დიდხანს ვერ უძლებენ. ხელისუფლებას ვინ ჩივის, ქვეყანა არ გადაიყოლოს ამ ტიპის რყევებმა,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ გაცილებით უფრო მწვავე პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის, რომ „სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგიული ხედვა საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.“

„ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც არ აქვს ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, მისი საფრთხეების, გამოწვევების ნუსხას. ასეთი რამ წარმოუდგენელია. ერთ-ერთ გამოწვევას დღეს სასწაულებრივად გადავურჩით. ასევე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ გვაქვს. ხელისუფლებას მოსვლის დღიდან საჭიროდ არ ჩაუთვლია, რომ ეს დოკუმენტები თურმე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა რუსულ მედიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მათი დღევანდელი გამოხმაურებები გადასახედია“.

„ძალიან სერიოზულადაა გადასახედი რუსული მედიის დღევანდელი გამოხმაურებები აქ განვითარებულ მოვლენებზე. სათაურები უკვე აჩვენებს, რა ტიპის პროვოკაცია შეიძლება განვითარებულიყო, ხელისუფლებას რომ არ მოეხერხებინა და დღევანდელი დღე საბოლოოდ მაინც მშვიდობიანად არ ჩაემთავრებინა. რაც შესაბამისმა სტრუქტურებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ ის არის, რომ აუცილებლად დააკვირდნენ მთელი დღის „ლაივებს“, ისმოდა თუ არა ფრაზებში მოწოდებები რუსეთთან და რუსულ იარაღთან დაკავშირებით.

პირდაპირი მნიშვნელობით ახლა გადავრჩით. საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ეს ძალიან სერიოზული ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს,“ - განაცხადა ექსპერტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს