ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი - მინდა, მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოვუწოდო, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა.

გიორგი ჩიქოვანის აზრით , რომ „მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ ჰესები არ აშენდეს“.

„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებული ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე, ელექტრომომარაგებასა თუ გაზით მომარაგებაზე, რამდენჯერ, გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენთან ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა შეჩერებულია და ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები. უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორ შევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე, მაგრამ „არ აშენდეს ჰესი“ - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

მისი ინფორმაციით, ინვესტორი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა, გუშინ მოხდა პროვოკაცია.

„ვფიქრობ, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიმაჩნია, რომ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა“, - აღნიშნა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

გიორგი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავატიანი ჰესი არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

„20 მეგავატიანი ჰესი რომ დგას ორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს? თუ 5-მეგავატიანი ჰესი არის საფრთხის შემცველი, მაშინ უნდა დავანებოთ თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდა გამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე“ , - განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კონსტრუქციულად წავიდეს დიალოგზე ინვესტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიმე კომპანიის ბიზნესინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა.

მისი შეფასებით, კეთდება უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო