საქართველო-სომხეთის ურთიერთობების თანამედროვე ასპექტები

საქართველოსთვის სომხეთთან ურთიერთობები გასაგები მიზეზების გამო ყოველთვის მნიშვნელოვანია. მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკური შემადგენელი ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ იცვლება. ამის მნიშვნელოვანი ასპექტები კარგად გამოიკვეთა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მასთან შეხვედრებისას.

ამ ეტაპზე დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურება და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამისათვის რამოდენიმე სერიოზული მიზეზი არსებობს. ახალი ფორმაციის სომეხი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები კარგად აცნობიერებენ სომხეთის მჭიდრო სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთთან გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ გააღრმავებს სომხეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაგნაციას, არამედ საფრთხეს უქმნის თვით სომხეთის როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას.

მრავალი საგარეო, თუ საშინაო პრობლემებით გადატვირთულ რუსეთს მაქსიმუმ ხუთ წელიწადში აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება, გახდეს დანარჩენი თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი ან რთულად პროგნოზირებადი დროით გააგრძელოს ირანიზაციის და ჩრდილოეთ კორეიზაციის პროცესი. სომხეთის სახელმწიფო, თუ დარჩება მხოლოდ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიულ პარტნიორად უაღრესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასევე სომხეთის მეზობელი და მეორე უნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყნის ირანის იმედად ყოფნა, რომ სომხეთის სახელმწიფოსათვის სტრატეგიული პერსპექტივით ზიანის მომტანია, (ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით) რთული ანალიზის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.

სომხეთის გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა თვითონ კარნახობს ნებისმიერ პასუხისმგებელ სომეხ პოლიტიკოს, თუ რა მიმართულებით და სად უნდა ეძებონ მათ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ეს გზა და ადგილი არის ის რაც საქართველომ აირჩია დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე ეტაპიდან. მხოლოდ თავისუფალ სამყაროსთან მჭიდრო ინტეგრაციით შეუძლია სომხეთს გახდეს მშვიდობიანი და სტაბილური კავკასიის სრულფასოვანი ნაწილი. ცხადია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სტრატეგიული პოლიტიკური ვექტორის შეცვლა სომხეთს მრავალ ურთულეს, საშინაო და საგარეო პრობლემის წინაშე დააყენებს. მაგრამ ის მოცემულობა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები სომხეთს გასააქტიურებელი და ხარისხობრივად გასაუმჯობესებელი ექნება სომხური პოლიტიკის უცვლელ ამოცანად დარჩება. ნებისმიერი სტრატეგია - ტაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაა. იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე ზუსტად შეაფსებს ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესთა სფეროს და რაც აუცილებელია შესაძლებლობებს. მაშინ რთული არ იქნება გაანალიზდეს, რა მოგებასთან და რისკებთან იქნება დაკავშირებული საქართველოსთვის, სომხეთის „ახალი პოლიტიკა“ ჩვენთან მიმართებაში.

ქართული საგარეო პოლიტიკა სახელწიფოებრიობის აღდგენის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების შემდგომ სულ უფრო ქმედითი და პროფესიული ხდება. სომხეთთან მიმართებაში (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან) ერებს შორის სიმპატიასა და მეგობრობასთან ერთად პრევალირებს საკუთარი სახელმწიფოებრივი სუვერენული ინტერესები. საქართველოსთან მიმართებაში სომხური პოლიტიკის ტაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაში რამოდენიმე კონკრეტული მიზანი იკვეთება. რაც შეეხება სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2018 წლის იანვარ-ნოემბერისათვის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 581 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და როგორც სომხეთში გასული წლის სექტემბერში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ განაცხადა ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ეს მოცულობა უახლოეს პერსპექტივაში მილიარდამდე გაიზარდოს. თუ გავითვალისწინებთ სომხეთის ეკონომიკის არც თუ სახარბიელო მდგომარეობას და იმას, რომ სომხეთს საქართველოსთან დადებითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია, სომხეთის სურვილი საქართველოსთან ეკონომოკური ურთიერთობის გაღრმავებაზე ლოგიკურია. ამავე ლოგიკით საჭიროა ქართველმა და სომეხმა კოლეგებმა განიხილონ სახელწიფოებს შორის სავაჭრო დისბალანსის დარეგულირების გზები და საშუალებები.

ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში იკვეთება სომხური პოლიტიკის მცდელობა, საქართველოსთან თანამშრომლობის გზით მოძებნოს ახალი ტრანსნაციონალური სატრანსპორტო კომუნიკაციები. ეს მას შანს აძლევს შეასუსტოს, ამერიკას და ირანს შორის ურთიერთობების შემდგომი გაუარესების შემთხვევაში სომხეთის სატრანსპორტო იზოლაცია.სომხეთში და არა მარტო სომხეთში, საფუძვლიანად მიიჩნევენ, რომ აშშ და ირანს შორის ურთიერთობების გამწვავება და მითუმეტეს საომარი მოქმედებები, სომხეთის ყველაზე საიმედო სატრანსპორტო დერეფანს გაურკვეველი დროით გადაკეტავს, ამას კი სომხეთისათვის პრაქტიკულად შეუქცევადი შედეგები ექნება. ამ ფონზე სომხურ პოლიტიკურ წრეებში კიდევ უფრო მძაფრდება აღქმა, ბაქო-თბილისი-ყარსი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება როგორც სომხეთის მთავარი მოწინააღმდეგეების აზერბაიჯანის და თურქეთის სტრატეგიულ მიღწევად. ბაქო-თბილისი-ყარსი სარკინიგზო მაგისტრალი სომხეთს ჩინეთის უდიდესი პროექტის, „ერთი სარტყელი-ერთი გზას“ გარეთ ტოვებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად რუსულ-სომხურ სატრანსპორტო პროექტ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საქართველოსათვის ხელახლა შემოთავაზება მიიჩნევა. პროექტი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ ჩვენი მეზობელი სომხეთის დიდი ხნის ოცნებაა, მაგრამ ის მხოლოდ სომხეთის ინტერესებში არ შედის. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რუსული და ირანული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიული სისტემის. ასე, რომ სომხური ინიციატივების უკან ამ პროექტთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ სჩანან რუსეთი და ირანი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია მიზნად ისახავდა პროექტ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანის გახსნის მცდელობასაც. საქართველოსათვის სომხეთის ისტორიის ამ ეტაპზე სტრატეგიული მოკავშირე რუსეთის მიერ, ოკუპირებული ქართული ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე ყველასათვის ადვილად გასაგები მიზეზების გამო, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანის ( International North South Transport Corridor (INSTC )) მთავარი ელემენტია ე.წ. აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ამოქმედება. ეს სომხეთს საშუალებას აძლევს ირანიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ნაწილობრივად ჩინეთიდან მიმავალი ტვირთები საკუთარ ტერიტორიაზე გაატაროს. ასევე მეზობლებთან საომარი კონფლიკტის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთისაგან სამხედრო დახმარება მიიღოს. „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტის კონტექსტში უნდა დავინახოთ რუსულ-სომხურ-ირანული დაინტერესება ანაკლიის პროექტის და საქართველოს სხვა საზღვაო პორტებით. იმ შემთხვევაში თუ სომხეთი შეძლებს საქართველოსთან ტრანსნაციონალური სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხების თუნდაც საგნობრივი განხილვის დაწყებას ეს სომხური პოლიტიკის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

სომხეთის ახალმა ლიდერებმა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კარგად უნდა გაანალიზონ, რაც მთავარია ფუნდამენტალურად გადასინჯონ თუნდაც ბოლო ოცდაათი წლის სომხეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე ის საერთაშორისო სამართლის დანაშაულებები რომელსაც ეთნიკური წარმოშობის სომხები აფხაზეთში თავის რუს მეგობრებთან ერთად სჩადიოდნენ , „შეცდომა“ იყო დაცინვად აღიქმება. სომეხი და ქართველი ხალხების ისტორიაში მრავალი ნათელი ადგილია, ამიტომაც ქართული სახელმწიფო დადებითად აღიქვამს სომხეთის მხრიდან გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტიქართული რუსული რეზოლუციების მხარდაჭერის თუნდაც შეწყვეტას სომხეთის მხრიდან. ამას წარმატებით აკეთებენ ყაზახეთი და ბელორუსი და ბუნებრივია იგივეს ველით მეგობარი სომეხი ხალხის მიერ არჩეული მთავრობისაგან.

ამ პუბლიკაციით, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია განვიხილოთ თანამედროვე ქართულ-სომხური ურთიერთობების ასპექტების თუნდაც დიდი ნაწილი. მაგრამ სომხური პოლიტიკის ისტორიული ტრადიცია რომელსაც ბისმარკის პერეფრაზი, რომ გავაკეთოთ „კარგი მადა აქვს, მაგრამ ცუდი მონელების უნარი“, ავალდებულებს ქართველ პოლიტიკოსებს და მკვლევარებს ყურადღებით და კეთილ განწყობით დააკვირდნენ ჩვენი ისტორიული მეზობლის და მეგობარი ხალხის მთავრობის პოლიტიკას. ამჟამინდელი საქართელოს ხელისუფლება კი, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით ხელს შეუწყობს სომხეთის მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას რომელიც მიმართული იქნება ორი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის სასიკეთოდ.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო