შალვა შავგულიძე - უმრავლესობის პასუხისმგებლობა იქნება, დაუჭერენ თუ არა მხარს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების თვალსაზრისით გამოუსწორებელი შედეგი არ დადგეს

უმრავლესობის პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება, დაუჭერენ თუ არა მხარს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების თვალსაზრისით 20-30 წლით გამოუსწორებელი შედეგი არ დადგეს, - ამის შესახებ ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მან ისაუბრა პარლამენტის ბიუროზე „ევროპული საქართველოს" საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე, რაც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული სამი პირისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს.

„პარლამენტის ბიურომ განიხილა „ევროპული საქართველოს" და „თავისუფალი დემოკრატების’’ ერთობლივი პოზიციის შესაბამისად „ევროპული საქართველოს" საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივა, რომ პარლამენტმა შეუწყვიტოს ვადამდე უფლებამოსილება პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულ სამ წევრს. ესენი არიან ბატონები: ქადაგიძე, გზირიშვილი და ხარებავა. მიზეზია, რომ ისინი არაჯეროვნად ასრულებენ იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა პოზიცია, თითქოს ამ სამი წევრის მიერ ადგილი არ აქვს უფლებამოსილებათა არაჯეროვნად შესრულებას. ამას არ ვეთანხმები. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასვე ეწინააღმდეგება ეს პოზიცია, რადგან პარლამენტმა ფაქტობრივად, დაადასტურა ამ სამი პირის მიერ უფლებამოსილებების არაჯეროვანი შესრულება იმით, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სია არ განიხილა და გადადო კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავებამდე. ეს იყო სწორი პოზიცია. იუსტიციის საბჭოში გაბატონებულმა მოსამართლე წევრების, მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანმა თვითნებურად, საბჭოს სხვა წევრებისგან ფარულად, ობიექტური კრიტერიუმების და პროცედურების გარეშე ჩამოწერა მისგან კონტროლირებადი და მისთვის ხელსაყრელი სია და წარადგინა პარლამენტის წინაშე, რასაც ამ სამმა პარლამენტის მიერ არჩეულმა წევრმა დაუჭირა მხარი. ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის ერთ ნიშანს კანონიერების პრინციპი წარმოადგენს. ასევე, ეწინააღმდეგება თავად მართლმსაჯულების სფეროს სტანდარტს, რომ მოსამართლეთა განწესება უნდა ხდებოდეს ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმებით. არ შეიძლება, სახელმწიფო ორგანოს დისკრეცია არ იყოს შეზღუდული და აღწევდეს თვითნებობის ხარისხს", - განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ის მიმართავს უმრავლესობის წევრ დეპუტატებს, რომ ინიციატივის განხილვისას მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირადი პასუხისმგებლობა იქნება.

"ეს ინიციატივა ერთადერთი ეფექტური შესაძლებლობაა, იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობამ, რომლის მიმართ საზოგადოებას ნდობა არ გააჩნია, მისთვის სასურველი მოსამართლეებით სრულად ვერ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, რის საჭიროებაზეც ვენეციის კომისიამაც მიუთითა. უმრავლესობის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს მივმართავ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება, თუ რას დაუჭერენ მხარს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს - დაუჭერენ თუ არა მხარს იმას, რომ გადარჩეს სასამართლო სისტემა და 20-30 წლით გამოუსწორებელ შედეგს არ დააყენებენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების თვალსაზრისით. იმედი მაქვს, უმრავლესობის წევრებშიც მოიძებნება მათი საკმარისი რაოდენობა, ვინც სამართლიანობის წინაააღმდეგ ნაბიჯს არ გადადგამს", - განაცხადა შავგულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა