ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2019

გიორგობაზე, დავითგარეჯის გარდა, შესაძლოა, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის გზაც ჩაიკეტოს

პრეზიდენტის ორი ახალი სკანდალი ორ დღეში

კვარაცხელიას სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსი ოფიცრების ვინაობა ცნობილია

***

გიორგობაზე, დავითგარეჯის გარდა, შესაძლოა, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის გზაც ჩაიკეტოს

“დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ, მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანული მხარე არ გამორიცხავს, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტოს. გარდა ამისა, გიორგობაზე შესაძლოა, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიამდე მიმავალი გზაც ჩაიკეტოს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში მდებარეობს. მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ამის შესახებ მას დავითგარეჯთან მდგარმა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უთხრეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გიორგობაზე, დავითგარეჯის გარდა, შესაძლოა, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის გზაც ჩაიკეტოს

"ქაცარავა "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დავითგარეჯში არსებულ სიტუაციას ის ადგილზე გაეცნო და ჯერჯერობით სიტუაცია მშვიდია, თუმცა ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რიცხვი ბევრად გაზრდილია. ქაცარავას თქმით, მესაზღვრეები ღია ტექსტებით საუბრობენ და ამბობენ, რომ 5 მაისიდან ქურმუხსა და დავითგარეჯში მისასვლელი გზები კვლავ ჩაიკეტება. მისივე შეფასებით, ხელისუფლების პასიურობა და ამ საკითხზე ოფიციალურ პირთა დუმილი ბადებს ეჭვს, რომ მთავრობა ამ ტერიტორიის დათმობას აპირებს. ქაცარავა მოუწოდებს ხელისუფლებას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამ გზის ჩაკეტვა მოხდება, აქციები დაიწყება და მოსახლეობა ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად თავად იბრძოლებს. "შექმნილ სიტუაციას ადგილზე გავეცანი. ჯერჯერობით სიმშვიდეა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ 5 მაისიდან ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ ჩაკეტავენ. ისინი ამაზე ღია ტექსტებით საუბრობენ და აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან პირდაპირი მითითება აქვთ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს მთავრობიდან ამ კუთხით ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ. არც ადგილზე და არც ჩვენ, არავის არ აქვს ინფორმაცია, ამ ეტაპზე რა ტიპის მოლაპარაკებები მიდის იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს. ეს არის რუსული სცენარი და მათ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა სრულიად გეოპოლიტიკურ ვაკუუმში მოხვდეს და ყველა მეზობელთან სიტუაცია გაგვიფუჭდეს. "ჩვენი ხელისუფლების ქმედება გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებასა და ეჭვს, რომ რაღაცის დათმობას აპირებენ. ასევე მოვითხოვთ საპატრიარქოსა და უწმინდესის მხრიდან მკაცრი და მკვეთრი განცხადების გაკეთებას. ასე ყველაფრის მიჩუმათება არ შეიძლება. თუ 5 მაისს ჩაიკეტება გარეჯის გზა, რისი მლოდინიც ნამდვილად გვაქვს, მაშინ ჩვენ კოლონებად დავიძრებით გარეჯის მიმართულებით და ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად ჩვენვე ვიბრძოლებთ", - აცხადებს ქაცარავა "რეზონანსთან", - განაგრძობს გამოცემა.

"სასულიერო პირებიც იმავე ინფორმაციას ავრცელებენ და ამბობენ, რომ დავითგარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზას კვლავ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ. გზა ჩაკეტილი აღარ არის, თუმცა სამხედროები ტერიტორიაზე იმყოფებიან. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მონასტერში შეიარაღებული პირების დგომა სწორი არ არის და აქ გასაკონტროლებელი არაფერია. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გაკეთდეს, რათა აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარი ისე მონიშნოს, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს. მათი მოთხოვნაა, დროულად გაეცეს პასუხი ყველა იმ პროვოკაციულ ქმედებას, რომლებსაც ადგილი აქვს დავითგარეჯში. "მეზობლობა ცალმხრივი არ არის, ამასთან გავითვალისწინოთ, რომ რა თანადგომასაც საქართველო იჩენს თუნდაც საქართველოში ჩვენივე მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან, იგივე არ ხდება ჰერეთში. ერთ მღვდელმსახურს, სანამ არ გახდა აზერბაიჯანის მოქალაქე, მღვდელმსახურების უფლება არ მიეცა, ხოლო აქეთა მხარეს ყოველგვარი მოქალაქეობის გარეშე საზღვარზე ბრმა კონტროლით მათი რელიგიური ლიდერები მიდიან-მოდიან. "საკმაოდ დიდი დიპლომატიაა ამისთვის საჭირო, რომ კეთილინებოს აზერბაიჯანმა და დაფიქრდეს ამაზე. დღემდე საქართველოს საზღვრის დამცველი ამ ზოლში საქართველოს ეკლესიაა", - აცხადებს დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"დავითგარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტარების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას ითხოვს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანის თქმით, მასაც აქვს ინფორმაცია, რომ დავითგარეჯთან მისასვლელი გზა შეიძლება, გიორგობისთვის ჩაიკეტოს. "ფაქტი ერთია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთეს საზღვარი და პასუხი არავინ არ გასცა. მე მაინტერესებს, რა წესდებით ხელმძღვანელობენ დღევანდელი ჩვენი მესაზღვრეები, რატომ ხდება ეს? ხომ არ არის რამე ფარული, ზურგს უკან გარიგება მათთან. თუ ეს ასე ხდება, ესე იგი, ჩვენთვის ეს ტერიტორიაც დაკარგული იქნება მალე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დავუძახოთ ან შინაგან საქმეთა მინისტრს, ან სასაზღვრო დეპარტამენტი ჰქვია თუ რაც ჰქვია, მის ხელმძღვანელს, რომ აგვიხსნას, რა ხდება იქ", - აცხადებს ემზარ კვიციანი. მისივე თქმით, აზერბაიჯანელები გვპირდებიან, რომ 5 მაისს გზას ისევ დაკეტავენ, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეგირება უნდა მოხდეს და ასევე აუხსნან საზოგადოებას, რა სახის მოლაპარაკებები მიდის, რომ ეს ასე არ მოხდეს“, - წერს სტატიის ავტორი.

პრეზიდენტის ორი ახალი სკანდალი ორ დღეში

"ორ დღეში დაშვებული ორი შეცდომა - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკისა" და "ტვიტერის" საკუთარ გვერდებზე განხორციელებული ქმედების შედეგად სკანდალში გაეხვია. პირველად საქართველოს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა და მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო და ის ამჟამად წაშლილია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პრეზიდენტის ორი ახალი სკანდალი ორ დღეში

"ასევე, პრეზიდენტმა ერთ-ერთი "ფეისბუკ" გვერდის - "ხელოვნება და ისტორიკოსების" პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის, ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული. პრეზიდენტი აღშფოთებული იყო და წერდა, რომ "ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ", თუმცა პოსტს თან ახლავს ანოტაცია, სადაც განმარტებულია, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნის. გვერდიდან ეს პოსტი რამდენიმე წუთში, მას შემდეგ გაქრა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პრეზიდენტს მიუთითეს, რომ პროტესტი არასწორი იყო, რადგან გვერდი, რომელიც ნამუშევრებს აქვეყნებდა, პირდაპირ წერდა, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, ადმინისტრატორის გადაცდომას, თუმცა სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით არ გამოირიცხება კიბერშეტევაც“, - აღნიშნავს გამოცემა.

„საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ ქმედებებს კი ოპოზიცია "რეზონანსთან" აფასებს. ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მსგავსი გადაწყვეტილებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტების არ სჯერათ. "ეს ადამიანი აკნინებს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს, არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რეალურად დამაზიანებელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ქალბატონ სალომეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ვერ აზროვნებენ ან არ აზროვნებენ. ძალიან კარგად ვიცით, "ტვიტერი" როგორ მუშაობს, როგორ ხდება გაზიარება ინფორმაციის. ყველა გადასარევად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან", - აცხადებს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე. ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ იგი ქვეყნის მთავარსარდალია და მისი ყოველი ნაბიჯი საქართველოს პოზიციას გამოხატავს. ამიტომაც დეკანოიძე ამბობს, რომ ის თავისი ქცევით ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და პოლიტიკურად აზიანებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები და აქტიურობა სახელმწიფებრივად დამაზიანებელია. მისი თქმით, სრულიად გაუგონარი და წარმოუდგენელი განმარტება გააკეთეს, რომ "ტვიტერზე" ტრამპის განცხადება სოციალურმა მენეჯერმა გააზიარა და ეს ტექნიკური შეცდომა იყო. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ თანამშორომელი დაჰკითხეს და "ფრჩხილები დააძრეს", ხოლო როდესაც აღმოჩნდა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო, შემდეგ მოიფიქრეს, რომ ზურაბიშვილის შეცდომა კიბერთავდასხმად გაესაღებინათ. "ერთი სიბრიყვიდან მეორეში გადადიან. ასეთი განცხადებებით საქმესა და სიტუაციას კიდევ უფრო ირთულებენ. დიაგნოზი ყოველთვის მარტივია. რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს კიბერშეტევა იყო და "ისლამური სახელმწიფო" დაესხათ, თავს უფრო სასაცილო სიტუაციაში იგდებენ. "ბევრჯერ მითქვამს და ამაზე ხელისუფლებას ვაფრთხილებდი - ზურაბიშვილი ერთი დიდი გაუგებრობაა. რაც ახლა ხდება, ამაზე, სამწუხაროდ, არაერთხელ გვისაუბრია მეც და სხვებსაც. აქ ახლა სიბრიყვესთან გვაქვს საქმე თუ შეგნებულ ქცევასთან და პროვოკაციასთან, არ ვიცი, ამაზე კომენტარს დაზუსტებით ვერ გავაკეთებ. ან ერთია, ან - მეორე, შედეგისთვის კი ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს."ბევრად უფრო მძიმეა დავითგარეჯის ირგვლივ ატეხილი სკანდალი, რომლის პროვოცირება და სიტუაციის აფეთქება, ჯერ კიდევ ზურაბიშვილის განცხადებებით, მარტში დაიწყო. მან ეს პრობლემა გააცოცხლა. ამბობს, რომ თურმე ბერებთან შეუთნხმებია და ასე შემდეგ. ჩვენ მეზობელ და პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობა საკმაოდ საშიშ ფაზაში შეიყვანა. ეს პრობლემა ახალი არ არის და ზურაბიშვილმა თავისი რიტორიკით ეს დაკონსერვებული პრობლემატიკა პოლიტიკურ იწილო-ბიწილო საგნად გადააქცია", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან". მისივე თქმით, აზერბაიჯანი ჩვენს სამეზობლოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც სერიოზული პრობლემები არ გვაქვს. დანარჩენ ყველა სხვა მეზობელთან პოტენციური პრობლემები გვაქვს. ამიტომ ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ აზერბაიჯანთანაც მოვახერხებთ და სიტუაცია გაგვირთულდება, მაშინ გეოპოლიტიკურ ფუნქციას დავკარგავთ და პირდაპირ რუსეთის ლუკმა გავხდებით. "აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა პირდაპირ რუსული სცენარია და ამას ზურაბიშვილი შეგნებულად აკეთებს თუ თავისი სიბრიყვით, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. "შედეგი ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება. ეს ქალბატონი ასეთი რომაა, მე ეს ვიცოდი და ხელისუფლებასაც ვაფრთხილებდი. მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია და არანაირი პოზიტიური ენერგიის მატარებელი არ არის. "გამოვრიცხავ, რომ ეს ქალბატონი ოდესმე რამეს მიხვდეს, მან თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა, ორზე გაამრავლა, მერე სასახლეებიც ორზე გაამრავლა და პრეზიდენტობანას თამაშობს. ერთადერთი იმის იმედი მქონდა, რომ ის სისტემურად ქვეყანას ვერ დააზიანებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამასაც ახერხებს. "ხელისუფლებას ერთადერთი რეკომენდაცია შემიძლია მივცე - დააკავონ და დააოკონ ეს ქალი და სახელმწიფო თემებში ასე ნებაზე ნუ მიუშვებენ. აგერ პასქის ცხობა სცოდნია, ერთ სასახლეშიც სამზარეულოა და მეორეშიც. აცხოს და იყოს, ჩვენ თავი დაგვანებოს", - აცხადებს ხუხაშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"ასეთი სკანდალები თავიდან რომ ავიცილოთ, ჯობია, შინაურულად ყველას ვუთხრათ, რომ ეს ქალი დამოუკიდებლად მოქმედებს და ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს", - ასე აფასებს "რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრეზიდენტის ირგვლივ ატეხილ სკანდალს. მისი თქმით, სასაცილო და კომიკური იყო იმის თქმა, რომ ვითომდა "ტვიტერზე" გაზიარებული ტრამპის პოსტი სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო. შარაშენიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი, როდესაც თქვეს, რომ მათზე კიბერთავდასხმა მოხდა. "ტრამპმა დაწერა რაღაც არასერიოზული და ზურაბიშვილმა გააზიარა. მართალია, ეს მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის პრობლემა არ არის, ეს ტრამპის პრობლემაცაა, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი თავი გვაქვს სადარდებელი. "გაცილებით უფრო სასაცილო და კომიკური იყო ის თავის მართლება, რომელიც ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდა. ჯერ ტექნიკურ შეცდომად გაასაღეს, შემდეგ არიქა, ჰაკერებმა შემოგვიტიესო. სრული კომედია იყო. ყველაზე კარგად ჩუგოშვილმა თქვა და სიტუაციიდან ის გამოძვრა - ტრამპთან უნდა გქონდეთ პრეტენზია, მან დაწერა და მას მიაკითხეთო. "შეიძლება, უცხოეთში ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს ქალი ჩვენს ქვეყანაში რაღაცას წყვეტს და მის უკან ქართველი ერი დგას. ჯობია, უცხოეთში ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს ქალი გასულია კონტროლიდან და თავის მოქმედებებს თუ განცხადებებს არავის უთანხმებს. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვისაც დიდი პრობლემაა და მმართველი გუნდისთვისაც, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. "არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი ოდესმე ადეკვატურად მოიქცევა. მეც და სხვა ბევრი ადამიანიც, ვინც მას იცნობდა, ვამბობდით, რომ მისი პრეზიდენტობა დაუშვებელი იყო და არავის როცა არ დაუჯერეს, ვხედავთ, რაც მოჰყვა ამ ყველაფერს", - აცხადებს შარაშენიძე "რეზონანსთან". ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ ქვეყანამ დანაკარგის შესამცირებლად ყველას ჩუმად, შინაურულად უნდა გააგებინოს, რომ ზურაბიშვილი არ მოქმედებს ქართველ ხალხთან შეთანხმებით და მისი პოზიცია ჩვენს სახელმწიფოს პოზიციასთან თანხვედრაში არ არის. მისი აზრით, ეს ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ სერიოზულ და მძიმე სკანდალებში არ გაეხვიოს“, - წერს სტატიის ავტორი.

კვარაცხელიას სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსი ოფიცრების ვინაობა ცნობილია

"ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან თვენახევარია გასული და ცენტრი „ემპათია" უკვე მეორედ ითხოვს, რომ შს სამინისტრომ და პროკურატურამ ბაზის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. როგორც „ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „რეზონანსთან" აცხადებს, მათ საკუთარი ძალებით შეძლეს ნაბაკევში მდებარე რუსული ბაზის ხელმძღვანელის ვინაობის დადგენა. ის სერგეი იატინია. ხოლო გალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს ალექსეი კუტკოვი ხელმძღვანელობს და ორგანიზაციამ პროკურატურას და შს სამინისტროს უკვე მეორედ ოფიციალურად მიმართა, რომ ამ კონკრეტული პირების წინაღმდეგ დაიწყოს გამოძიება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კვარაცხელიას სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსი ოფიცრების ვინაობა ცნობილია / შეიყვანენ თუ არა სერგეი იატინსა და ალექსეი კუტკოვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში

"ოფიციალურ განცხადება შევიტანეთ შს სამინისტროში, სუს-ში. ამჯერად გვარებიც მივაწოდეთ რუსული სამხედრო ბაზების სავარაუდო ხელმძღვანელების. რატომ არ ახორციელებენ სამართლებრივ დევნას, რატომ არ ახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და რატომ არ რთავენ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, ჩვენთვის ეს გაუგებარია," - აცხადებს ჯიშკარიანი. იგი ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართეს, რომ დაჩქარდეს ექსპერტიზის დასკვნა. მისივე თქმით, პირების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება, ასევე ექსპერტიზის დასკვნა აუცილებელია, რომ პროცესი დაჩქარდეს და საქმე სტრასბურგში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს. „დასკვნის გარეშე ვერ ვიტყვით სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი. ვერ ვიტყვით, ეს თვითმკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა. ასევე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჯერ გარდაიცვალა და შემდეგ ჩამოკიდეს, თუ არა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც, სამწუხაროდ, იგვიანებს. მივმართავთ მათ, რომ თუ შეიძლება დააჩქაროს დასკვნა. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟენევის ფორმატში ვთხოვეთ, რომ გამოეთხოვა სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასევე არ არსებობს და საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია. „ასევე რუსეთის პროკურატურას მოვთხოვეთ გამოეგზავნა აღნიშნული დასკვნა და განემარტა, მიმდინარეობს თუ არა ძიება და დამნაშავე პირების იდენტიფიცირება, თუმცა პასუხი არც მათგან არ მიგვიღია. „ჩვენ სწრაფი ტემპებით მოვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა ხელშეწყობა გვჭირდება ქართული მხარის გამოძიებისაგან, გვჭირდება ექსპერტიზის დასკვნები და გამოძიების მასალები და ცოტა მეტი ადეკვატურობა ამ მიმართულებით," - აცხადებს ჯიშკარიანი. მისი თქმით, შს სამინისტროში ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე გაუგებარი პასუხი მიიღეს. „შს სამინისტროდან ჩვენს პირველ წერილზე სრულიად არაადეკვატური პასუხი მოვიდა, რომ მიმდინარეობს ძიება. ამ დროს ჩვენ ვთხოვდით, მოეხდინათ იდენტიფიცირება სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის და ისინი პასუხისგებაში მიეცათ, რაც არ მოხდა“, - განაგრძობს გამოცემა.

"არაადეკვატური პასუხი მივიღეთ. ამჯერად თავად ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება. ახლა შს სამინისტრომ უნდა დაადასტუროს, არიან თუ არა ეს ადამიანები ხელმძღვანელები და პასუხისგებაშიც უნდა მისცემ. ბაზის ხელმძღვანელობაა პასუხისმგებელია იმაზე, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხდება სამოქალაქო პირების დატყვევება, თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ არის აქამდე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ეს ხელმძღვანელობა მოხვედრილი და რატომ არ მიმდინარეობს მათზე სამართლებრივი დევნა," - ამბობს ჯიშკარიანი. „რეზონანსი" შეეცადა ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ. 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 12 მარტს საღამოს გავრცელდა. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 10 მარტს დააკავეს და სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. დაურ კოვეს მტკიცებით, კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში მარტო ყოფნისას თავი ჩამოიხრჩო. „ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა", - განაცხადა დაურ კოვემ. თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ნახევარძმას პაატა უზარაშვილს. ის ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. როგორც მან „ლაივპრესს" განუცხადა, გარდაცვლილს თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნება სილურჯეები, ხოლო თვალის არეში აქვს ნახეთქი ჭრილობა. პაატა უზარაშვილის თქმით, მისი ძმა წამებისას შემოაკვდათ და შემდეგ თვითმკვლელობის სცენა დადგეს. „ნაწამებია და ნაცემია საწყალი ბიჭი. თვალთან არის დარტყმული და ნათლად ჩანს, რომ ის ადგილი დახეთქილია. მეორე თვალთანაც დალურჯებული აქვს. აქვს დაბეჟილობები შუბლზე, მუცელზე, კუჭის თავთანაც არის გაშავებული, დაახლოებით 5-10 სანტიმეტრი. შემდეგ გალურჯებულია ნეკნების მხარეც და სადაც ბარძაყი იწყება, ის ადგილიც. ასევე, ზურგზეც არის სილურჯეები. ერთი სიტყვით, ნაწამებია", - ამბობს უზარაშვილი. გარდაცვლილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში 13 მარტს გადმოასვენეს. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხსაც ნათესავები უკვე ერთ თვეზე მეტია ელოდებიან“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო