გრიგოლ ვაშაძე - აშშ-ში შესანიშნავად არიან ინფორმირებულები იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება

„ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტსა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციაა საქართველოში ჩამოსული, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ჯორჯ კენტი.

„ისინი შესანიშნავად არიან ინფორმირებულები იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. აშშ-ს საელჩო კვალიფიცირებულია და ვაშინგტონს მუდმივად საქმის კურსში ამყოფებს. ისეთივე შეშფოთების მიზეზები აქვს ჩვენს მთავარ მოკავშირეს, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, რაც უპირველეს ყოვლისა შეეხება იმას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი საერთოდ გაყინულია და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ხარისხით უკან და უკან მიდის. საარჩევნო პროცესში დაშვებული შეცდომები, ზეწოლა, დანაშაულები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, „შავი ფულით“ დაფინანსება - ყველაფერ ამაზე გამახვილდა ყურადღება. ჩვენი მოკავშირე კი არის ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ცდილობს, ყველანაირად დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენ თუ არ დავეხმარებით ჩვენს თავს და თუ ქვეყანაში ის უკანონობა და უბედურება გაგრძელდება, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა, ასე ვიქნებით, ერთმანეთთან მუდმივ ჩივილში", - განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება იყო.

„ყველა ხვდება მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ არჩევნებს მოჰყვება ჩვენს სახელმწიფოში ძალიან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები. სწორედ ამიტომ, საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გზავნილებზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაუგზავნოს პირადად ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველყოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება სხვა პოლიტიკური გუნდისთვის, რაც აუცილებელად მოხდება შემდეგ არჩევნებზე. ასევე, საუბარი გვქონდა დემოკრატიის გამოწვევებზე ჩვენს ქვეყანაში. დემოკრატია საქართველოში აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ დღეს ჩვენთან დემოკატიას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს", - აღნიშნა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა