ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2019

შეუძლია თუ არა ნატოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა გაწევრიანების გარეშე

რა მოხდა კულუარებში - რატომ გაუშვეს სინამდვილეში ქობულია მინისტრობიდან

***

შეუძლია თუ არა ნატოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა გაწევრიანების გარეშე

"2019 წელი საქართველოში ნატო-ს სამხედრო სწავლებების დიდი გააქტიურების წლად იქცა. ამჯერად, 6-17 მაისს საქართველოში პირველად ტარდება საერთაშორისო ლოჯისტიკური სწავლება "LOGDEV 2019", სადაც 12 ქვეყნის 130 სამხედეო იღებს მონაწილეობას, წვრთნები კი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ტარდება. ჯერ მარტში 12-დღიანი "ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ის მასშტაბური სწავლება გაიმართა, რომლიც 2016 წლის შემდეგ მეორედ ჩატარდა და გაცილებით უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე 3 წლის წინ. ასევე დაანონსდა, რომ აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში ჩატარდება ასევე მასშტაბური სამხედრო წვრთნები - „მტკიცე სული" და მასში წელს პირველად საზღვაო კომპონენტიც იქნება ჩართული“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეუძლია თუ არა ნატოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა გაწევრიანების გარეშე / “ჩვენთან ეს მომენტი ნაკლებად იციან - ალიანსს შეუძლია გამოიყენოს არა მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ საქართველო გახდება პირდაპირი აგრესიის მსხვერპლი”

"ორშაბათს, 6 მაისს კი სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება LOGDEV 2019 ოფიციალურად დაიწყო. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, ამ ბოლო პერიოდში ნატოს სწავლებების გააქტიურება ხდება და ეს ლოგიკურიცაა. „ლოჯისტიკური სარდლობის ამოცანები საბრძოლო ოპერაციების დროს ზურგის ოპერატიული და მართებული ფუქციონირებაა. საბრძოლო ოპერაციების პერიოდში ზურგის საკითხი, შესაბამისად ზურგის საოპერაციო ზოლი მნიშვნელოვანი და აქტუალურია. თუ ზურგი არ გაქვს საკმაოდ ძლიერი, ბუნებრივია, ოპერაციას ვერ აწარმოებ. ამაზეა საუბარი. ეს არის ისეთივე საბრძოლო ტიპის ამოცანების შესრულება, როგორიც დაუშვათ უშუალოდ პირდაპირი საბძოლო დავალებების შესრულება სწავლების დროს. ეს საბრძოლო დავალებაა. ეს საბრძოლო ოპერაციების განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სწავლებაა. „ამ ბოლო პერიოდში საქართველოში ნატო-ს სწავლებების გააქტიურება ხდება და ეს ლოგიკურცაა. ნატო კიდევ უფრო გაზრდის წვრთნების და სამხედრო მანევრების ჩატარებას, იმიტომ რომ, ახალი ცივი ომია და რუსეთი და ნატო სამხედრო მტრები არიან. შესაბამისად, ეს საკითხი გადადის ახალი ცივი ომის კონტექსტში, რომელიც თანდათანობით ცხელ ფაზაში გადადის. ასე, რომ სავსებით მოსალოდნელია ნატო-ს გააქტიურება შავი ზღვის აკვატორიაში და ჩვენი მიმართულებითაც", - აღნიშნავს მაისაია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, ჩვენთვის ნატო-ს ეს გაზრდილი აქტიურობა პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. „მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი არ ვართ და ბუნებრივია, ჩვენზე მე-5 მუხლის პრინციპი ვერ გავრცელდება, მაგრამ ჩვენთან ეს მომენტი ნაკლებად იციან და რატომღაც არ ამახვილებენ ყურადღებას, რომ ნატო-ს შეუძლია საქართველოს მიმართ გარკვეული ვალდებულება განახორციელოს, თუ ალიანსი გამოიყენებს არა მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამ კუთხით ნატო-ს შეუძლია აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს, თუ საქართველო გახდება პირდაპირი აგრესიის მსხვერპლი. "ეს არის კრიზისების მართვის ოპერაცია. ნატო-ს შეუძლია საქართველოს თავდაცვის და შეიარაღების ძალებს დაეხმაროს იგივე საზღვაო აკვატორიის კონტროლის კუთხით, კიბერთავდაცვის კუთხით. ასევე შეიძლება ოპერატიული ჯგუფების კოორდინაცია ოპერაციებისას, ამ კუთხით რჩევების სახით. "არა მე-5 მუხლის ვალდებულების კონტექსტში ნატო-ს შეუძლია ჩაერთოს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, თუკი საქართველო გახდება პირდაპირი თავდასხმის ობიექტი,"- დასძენს მაისაია“, - განაგრძობს გამოცემა.

"მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით ტარდება. სწავლება 6 მაისს დაიწყო და 17 მაისს დაიხურება. სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი ნატო-ს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატო-ს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფების ფორმირების, გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. LOGDEV 2019-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია. სწავლების გახსნის ცერემონილაზე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს და სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება", - დასძენს გამოცემა.

"განცხადება გააკეთა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7-ის ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა. „ლოჯისტიკოსების ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება მრავალფეროვნულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, იმის ფონზე, რომ მცირდება ბიუჯეტები და იზრდება ვადებულებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ლოჯისტიკას კი ამ მიმართულებით ცენტრალური ადგილი უკავია, რადგან მასზე დამოკიდებული ჯარების გადასროლა, ოპერაციების შენარჩუნება, გადაადგილება, რათა ეს ოპერაციები სათანადოდ ჩატარდეს. საქართველო შესანიშნავი პარტნიორია, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ასევე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სწავლებაში,"- განაცხადა მეტისონმა“, - წერს სტატიის ავტორი.

რა მოხდა კულუარებში - რატომ გაუშვეს სინამდვილეში ქობულია მინისტრობიდან

"რატომ გაუშვეს გიორგი ქობულია მინისტრობიდან და რა მოხდა კულუარებში - მას შემდეგ, რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მის გადაწყვეტილებებს უბლოკავდნენ, ივანიშვილთან ჰქონდა დაპირისპირება, რადგან რაღაც ობიექტი არ გაასხვისა და რომ ამის გამო აიძულებდნენ საკუთარი ნებით გადამდგარიყო მინისტრობიდან, ოპოზიცია ითხოვს, რომ ექსმინისტრი პარლამენტში მიიწვიონ და მოუსმინონ. ოპოზიციის ამ მოთხოვნას მხარდაჭერა „ოცნების" მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, რომან კაკულიამ გამოუცხადა. უმრავლესობის სხვა დეპუტატები კი ქობულიას კრიტიკული განცხადებების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ და აცხადებენ, რომ წესით, ყოფილ მინისტრს ჯერ უმრავლესობასთან და უკვე ყოფილ გუნდთან ერთად უნდა განეხილა, თუკი რამე პრეტენზია ჰქონდა და ასე საჯაროდ კრიტიკა მიუღებელია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მოხდა კულუარებში - რატომ გაუშვეს სინამდვილეში ქობულია მინისტრობიდან

"ოცნების" დეპუტატების მხრიდან ექსმინისტრის საჯაროდ გაკიცხვის შემდეგ ქობულიამ „რუსთავი 2"-თან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, კიდევ ერთხელ ახსენა სიტყვა - კონფლიქტი, თუმცა ასევე განაცხდა, რომ რაც თქვა კონფლიქტზე, ეს იყო მაქსიმუმი, რის თქმასაც აპირებდა და დატალებს საჯაროდ არ განიხილავს. „მე ეს არ მესმის, რას ნიშნავს სამინისტროს ცუდი მართვა, მე ეს ვერ ამიხსნეს და თუ ვინმე დაინტერესებული არის იმითი, თუ როგორ ვმართავდი მე სამინისტროს, თუ რა შედეგები მქონდა მე, რა ხედვები, რა გეგმები მქონდა და რას ვაკეთებდი, მე ეს ანგარიშში შემიძლია წარვადგინო. მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი და რის თქმაც მე კორექტულად მიმაჩნია. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. არც ამ ეტაპზე და არც მომავალში, იმიტომ რომ მე გონია, რომ ამაზე მეტი რომც ვთქვა კიდეც, ეს არ წაადგება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ქობულიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი ამ მეორე განცხადების შემდეგ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა, რას შეეხებოდა კონფლიქტი მასა და „ოცნების" ხელმძღვანელობას შორის, რა გადაწყვეტილებებს უბლოკავდნენ და რა მიზეზით, ასევე ბიძინა ივანიშვილი რომელი ობიექტის და ვისთვის გადაცემას მოითხოვდა მისგან და რა შიდა ინტრიგები არსებობს „ოცნების" სამთავრობო კაბინეტში. ქობულიას საპარლამენტო ფორმატში დაბარების და მოსმენის ინიციატივა ორშაბათს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დააყენა „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ. გოცირიძის თქმით, ქობულიამ ძალიან ბევრი საგანგაშო რამ თქვა, ამიტომ კომიტეტმა უნდა განიხილოს ყოფილი მინისტრის მუშაობის შედეგები, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზები. დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ქობულიას მოწვევა კომიტეტის წევრებთან განეხილა. თუმცა ქობულას დაბარების საკითხის დასმას კომიტეტზე დიდი განხილვა-ხმაური მოჰყვა და საბოლოოდ, კომიტეტის წევრების უმრავლესობამ ქობულიას დაბარებას მხარი არ დაუჭირა“, - განაგრძობს გამოცემა.

"თუ ადამიანს აქვს სურვილი და არის იმ განწყობაზე, რომ გარკვეულ სიახლეებზე და ახალ გარემოებებზე ჟურნალისტებთან, კამერის წინ ისაუბროს, შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს კომიტეტში. ამაზე თვალის დახუჭვის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, რადგან ის თავის სათქმელს მაინც იტყვის,"- ქობულიას დაბარებას მხარი დაუჭირა რომან კაკულიამ. მისი თქმით, თუკი გიორგი ქობულია დამატებითი ინფორმაციების გაჟღერებას დააპირებს, ამაში ცუდი და არაბუნებრივი არაფერია. „მე ვფიქრობ, რომ ეს სიჩუმე თუ მათი ორმხრივი შეთანხმების საგანი არ არის და ქობულია დაარღვევს ამ სიჩუმეს და რამე დამატებით სიახლეს იტყვის, ახლა, ურეაქციოდაც ვერ დავტოვებთ,"- განაცხადა კაკულიამ. ქობულიას შესაძლო მოსმენა კატეგორიულად უარყო რევაზ არველაძემ“, - დასძენს გამოცემა.

"პირადად ჩემი აზრი უარყოფითია ბატონო რომან, (გოცირიძე). მე თუ არ ვცდები, არ ვესწრებოდი იმ სხდომას, მაგრამ მან გააკეთა ანგარიში თავისი გაწეული საქმიანობის თაობაზე. თუ რაიმე ასეთი იყო, მაშინ უნდა ეთქვა... ახლა, ნაწყენი კაცის პოზიციიდან ინტერვიუების გაკეთება, ჩვენ ერთი და ორი არ გვინახავს ასეთი," - განაცხადა არველაძემ. მან ქობულიას თავმოყვარეობაც დაუწუნა. „თუ ხარ, გინდა შენი საქმის სპეციალისტი და ცოტა გაგაჩნია თავმოყვარეობაც, მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე უარყოფით მხარეებზე. ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის განაწყენებული. მე არ მიმაჩნია, რომ მისი აქ მოსვლა რაიმე დადებითს მისცემს ქვეყანას, უარყოფითს შეიძლება," - დასძინა არველაძემ. ქობულია გააკრიტიკა და მისი პარლამენტში დაბარების წინააღმდეგი წავიდა „ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ნინო წილოსანი. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ ყოფილი მინისტრი ჯერ თანაგუნდელებთან გაივლიდა კონსულტაციას. „ამ ეტაპზე ჩემთვის გაუგებარია ის შემოთავაზება, რომელიც მან გააკეთა კომიტეტზე მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო კორექტული იქნებოდა თავიდანვე ერთმანეთში საუბარი. ჩემთვის გაუგებარია, ტელევიზიით აღნიშნულ საკითხებზე საუბარი, მაშინ როდესაც ჩვენ, როგორც გუნდის წევრებთან მას არ ჰქონია ამ თემაზე კომუნიკაცია. არ ვიცი ეს ყოველივე რამდენად კორექტულია," - განაცხადა წილოსანმა“, - წერს სტატიის ავტორი.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
ახალი შესაძლებლობა საცალოდ ვაჭრობის სფეროთი დაინტერესებულთათვის - საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამა იწყება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან
2020 წელს საქართველოში ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის პირველი სარეაბილიტაციო სტაციონარის გახსნა იგეგმება
ენერგეტიკის გამოფენა და კონფერენცია “გლობალური ენერგეტიკული ტრენდები“ "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
„ლექსუსი“ 2020 წლისთვის ქართველ მომხმარებელს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს
"ლიბერთის" თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“