ქეთი ხუციშვილი - უსახლკაროების ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ უცნობია, ქვეყანაში რამდენი ადამიანი საჭიროებს საცხოვრისს

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, უსახლკაროების ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ უცნობია, ქვეყანაში რამდენი ადამიანი საჭიროებს საცხოვრისს.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ 2019-2020 წლებში უსახლკარობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კონსტიტუციით აიღო გარკვეული ვალდებულება ადამიანის საცხოვრისით უზრუნველყოფის, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული ერთიანი სტრატეგია, თუ როგორ მოხდეს ამ უფლების რეალიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი სტრატეგია შემუშავდეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამისთვის საფუძველი უნდა იყოს სტატისტიკა. ერთ-ერთი მიგნება, რომელიც ამ კვლევაში გვაქვს არის ის, რომ არ არსებობს ერთიანი ნაციონალური სტატისტიკა უსახლკარობის. მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობებში ხდება რეგისტრირება და სტატუსის მინიჭება უსახლკაროსთვის. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ თვითმმართველობების ნაწილი სრულიად ვერ ახერხებს ამ საქმიანობის განხორციელებას. დღეს კიდევ არ გვაქვს მონაცემები, როგორია უსახლკაროთა საერთო რაოდენობა და როგორ უნდა მოხდეს მათი უზრუნველყოფა საცხოვრისით. კარგია, რომ სახელმწიფო ახლა იწყებს სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას, რაც თავისთავად იყო აღებული ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, მაგრამ თუ არ მოხდა საბაზისო მონაცემების დამუშავება და ასევე თავად უსახლკარობის უკეთესი დეფინიცია ისეთი, როგორც ევროპული სტანდარტებით არის მიღებული, ჩვენ ამ მიმართულებით წინ ვერ წავალთ",- განაცხადა ხუციშვილმა.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ინფორმაციით, უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ცალკეული მონაცემები სხვადასხვა კვლევებშია გაბნეული. მათივე ინფორმაციით, 2016-2017 წლებში, თბილისის მერიაში საცხოვრისის მოთხოვნით 8661 განაცხადი შევიდა.

ამასთან, ფონდის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემით, დედაქალაქში 401-მდე ობიექტში დაახლოებით 9805 ოჯახია უნებართვოდ შეჭრილი, აქედან 2764 სოციალურად დაუცველია, ხოლო 2013 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მატარებელი ოჯახია.

რაც შეეხება რეგიონებს, ფონდის ინფორმაციით, 2010-2016 წლებში ქუთაისის მერიაში საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის 1694 განაცხადი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ბათუმში 2320 განაცხადია შესული.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა