ქართული პრესის მიმოხილვა 09.05.2019

“პუტინი აღლუმებს გამართავს თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში”

სახიფათო განვითარება საქართველოსთვის - რა ფორმით ჩაერთვება ქვეყანა აშშ-ირანის კონფლიქტში

გია ხუხაშვილი - “რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს”

* * *

“პუტინი აღლუმებს გამართავს თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში”

“9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი აქცია-მსვლელობაა დაანონსებული - ერთია რუსული პროპაგანდისტული აქცია სახელწოდებით “უკვდავი პოლკი”, ხოლო პარალელურად გაიმართება აქცია “არა პუტინის მარშს”, რომელსაც მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები აანონსებენ. “უკვდავი პოლკის” ორგანიზატორები წინასწარი ცნობით, წითელ დროშებით და ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით გეგმავდნენ მსვლელობას, თუმცა წელს პირველად ამ ზოლიანი ლენტებით მსვლელობა ოფიციალურად იკრძალება. სუს-მა “უკვდავი პოლკის” ორგანიზატორებს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ კანონით აკრძალული კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ “განხორციელდება კანონით გათავლისწინებული ზომები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პუტინი აღლუმებს გამართავს თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში” / 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე ორი აქცია გაიმართება - ერთია რუსული პროპაგანდისტული “უკვდავი პოლკი”, პარალელურად კი გაიმართება აქცია “არა პუტინის მარშს”.

“როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსი ვიკა კლიმიჩოვა “რეზონანსთან” ამბობს, ტოტალიტარულ სიმბოლიკაში შედის ე.წ. გეორგიევსკის ლენტებიც და მათი გამოყენებაც აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ხდება ზოლიანი გიორგის ბაფთების ტოტალიტარულ, აკრძალულ სიმბოლიკად აღიარება სუს-ის მიერ, რადგან გასულ წლებში 9 მაისს პრორუსული ორგანიზაციის წევრები სწორედ მკერდზე მიკრული ამ ლენტებით მართავდნენ მსვლელობას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსაც ურიგებდნენ ამ ზოლიან ლენტებს. ამ აკრძალვის მიუხედავად გამოვლენ თუ არა პრორუსული ორგანიზაციები “გიორგის ბაფთებით” და მოხდება თუ არა მათი დაჯარიმება, ეს აქციაზე გახდება ნათელი. თუკი “უკვდავი პოლკის” აქციაზე ვინმეს “გეორგიევსკის ლენტები” მაინც ექნება, პარალელური აქციის “არა პუტინის მარშის” მონაწილეები გეგმავენ, რომ ყველა ასეთი ფაქტი სუს-ს შეატყობინონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანტირუსული მსვლელობის ორგანიზატორია - მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”. “9 მაისს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ტერიტორიაზე აღლუმებს გამართავს, არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. აქციის “არა პუტინის მარშს!” მიზანი არ არის “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროევროპული და პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება. საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი, ევროპული არჩევანი. ახლა ამ არჩევანს სჭირდება დაცვა! 9 მაისი, კუს ტბის ასახვევი, ვაკე-საბურთალოს რაიონი. 9:30 საათი”,- წერენ აქციის ორგანიზატორები “ფეისბუქში”. ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლინა დოლიძე ამბობს, რომ მათი აქცია არ არის კონტრაქცია. ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პუტინის მარში აპირებს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას, შესაბამისად ისინიც ვაკის პარკში მივლენ. იქ გავაგონებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და თანამედროვე ფაშისტები არიან სწორედ ამ ძალის წარმომადგენლები. გვექნება პლაკატები - “რუსეთი ოკუპანტია”, “ჩვენი არჩევანი არის ნატო”. მსგავსი მესიჯები იქნება ინგლისურენოვანი. “ძალიან მშვიდობიანად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე გვინდა დავანახოთ მათ, რომ ჩვენ არ გვინდა გავხდეთ რუსეთის ნაწილი, რომ ნატო არის ჩვენი არჩეული მიმართულება, რომელსაც გავყვებით ბოლომდე. მიუღებელია ასე თამამად ეძლეოდეს მარშის გამართვის საშუალება იმ ორგანიზაციას, რომლის ოფიციალურ რუსულენოვან საიტზე მითითებულია, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი “სახელმწოფოებია” და ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის არ აღიარება. სწორედ ამას ვაპროტესტებთ ჩვენ”,- ამბობს დოლიძე. რაც შეეხება “უკვდავი პოლკის” მსვლელობას. ეს აქცია რამდენიმე დღის წინ დაანონსა პრორუსული ორგანიზაცია “ევრაზიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ. “უკვდავი პოლკი” რუსეთში 2012 წელს ჩამოყალიბდა. ოფიციალურად „უკვდავი პოლკის" იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად, თუმცა რეალურად, ეს მასშტაბური სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა და ამიტომაც ამ მსვლელობებს სხვადასხვა ქვეყნებში სწორედ მოსკოვი აფინანსებს”, - დასძენს გამოცემა.

“ქართული პრორუსული ორგანიზაციები “უკვდავ პოლკს” 2017 წელს შეუერთდნენ. გასულ წელს მსვლელობა გამართეს გორსა და ბათუმში, სადაც მონაწილეები საბჭოთა სიმბოლიკებითა და “გეორგიევსკის ლენტებით” იყვნენ გამოსულები. შეკრება იყო ვაკის პარკშიც. როგორც გულბაათ რცხილაძე აცხადებს, წელს თბილისში მსვლელობა პირველად გაიმართება. ეს “რუსული მარში” ასევე დაანონსებულია ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ახალციხეში. რცხილაძის თქმით, თბილისის მერიისგან მსვლელობის გამართვის ნებართვა მიიღეს. ამასთან, მერიასთან მოლაპარაკებებია, რათა აქციის ორგანიზატორებს ვაკის პარკში ბანერის აღმართვის ნება დართონ, რომელზეც საბჭოთა კავშირის 168 ქართველი გმირის პორტრეტები და გვარ-სახელები იქნება გამოსახული, თუმცა, თუ ნებართვას ვერ მიიღებენ, უზარმაზარ პლაკატს აქციაზე თავად მსვლელობის მონაწილეები ჩამოატარებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“საგულისხმოა ის, რომ “უკვდავი პოლკის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე სახელმწიფოებს შორის მითითებულია აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, როგორც სახელმწიფოები. ამასთან, “პოლკის” ქართული წარმომადგენლობა 9 მაისს დაგეგმილი მსვლელობის დასაანონსებულად იყენებს რუსულენოვან ვიდეოკლიპს, სადაც ტექსტია, რომ “ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია, მე წარმოშობით საბჭოთა კავშირიდან ვარ” და ყველას მოუწოდებს, საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას გაუფრთხილდეს. “უკვდავი პოლკის” მსვლელობები სხვა ქვეყნებშიც ტარდება. უკრაინაში განაცხადეს, რომ თუკი საბჭოთა სიმბოლიკები გამოჩნდება, შესაბამის ზომებს მიიღებენ. ბელორუსში და ყაზახეთში კი “პოლკის” მსვლელობა არ ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა “ეხო მოსკვისთან” განაცხადა, რომ კრემლი არკვევს მიზეზებს, რატომ გადაიდო მსვლელობები ბელორუსსა და ყაზახეთში და დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს. “უკვდავი პოლკის” მსვლელობა საქართველოში დაშვებულია, თუმცა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან წინააღმდეგობას მაინც წააწყდება პარალელური აქციის სახით”, - დასძენს სტატიის ავტორი.

სახიფათო განვითარება საქართველოსთვის - რა ფორმით ჩაერთვება ქვეყანა აშშ-ირანის კონფლიქტში

“სამხრეთიდან სიტუაცია თუკი იმდენად დაიძაბა, რომ საქმე საომარ მოქმედებამდე მივიდა, შესაძლოა რუსეთმა გვერდზე გადგომა არ მოინდომოს, პირიქით, მასში მონაწილეობის მიღება ისურვოს, - საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი დარტყმაც მოსალოდნელია. “თეორიულად ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია”, - აცხადებს “რეზონანსთან” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ბოლო პერიოდში აშშ-სა და ირანის გამწვავებული ურთიერთობის შესახებ საუბრისას. აშშ-სა და ირანის ურთიერთობა უფრო მეტად იძაბება - ირანი ყველა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები თავიდან აიცილოს, - ამისათვის მუქარასაც არ იშურებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სახიფათო განვითარება საქართველოსთვის - რა ფორმით ჩაერთვება ქვეყანა აშშ-ირანის კონფლიქტში / “თუკი საქმე საომარ მოქმედებამდე მივიდა, შესაძლოა რუსეთმა მასში მონაწილეობა მიიღოს, რაც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დარტყმა იქნება”.

“ირანმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით 2015 წელს საერთაშორისო საზოგადოებასთან მიღწეული შეთანხმების ცალკეული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა და შესაბამისად, არსებულ შეთანხმებაში საკუთარი ვალდებულებების შემცირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, თუ რომელი ვალდებულებების შესრულებას შეწყვეტს, ჯერ არ არის ცნობილი. ირანს 2015 წელს მიღწეული შეთანხმების სრულად გაუქმება არ სურს და ამის ნაცვლად, დოკუმენტში არსებულ გარკვეულ პუნქტებს გააუქმებენ, რაზე პასუხისმგებლობაც ხელმოწერის დროს ნებაყოფლობით აიღეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დოკუმენტის სხვა ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თეირანზე სანქციებით ზემოქმედების შეჩერება ვერ მოახერხეს. ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ირანს აშშ-ს სანქციებისგან არ დაიცავენ, მისი ქვეყანა ურანის მაღალ დონეზე გამდიდრებას განაახლებს. ირანის პრეზიდენტის ეს მიმართვა სახელმწიფო ტელევიზიით 8 მაისს გადაიცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების წლისთავზე. როგორც ვიცით, აშშ-მა საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულება დატოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მენაღარიშვილის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის დღეს არსებული ვითარება, საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. “ამ შემთხვევაში, საქართველოს როლი განისაზღვრება იმით, თუ რას მოითხოვს შექმნილი მდგომარეობა. სრულიად ბუნებრივია, რომ ეს მთელი რეგიონისთვის სახიფათო განვითარებაა, რაც შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებიდან გაჩნდეს. ეს სერიოზული დარტმა იქნება სტაბილურობაზე, - ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, - რეგიონის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ა.შ. ამოცანა არის ის, რომ ყველამ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს პრობლემა საომარი მეთოდების გარეშე მოგვარდეს”, - აღნიშნა მან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და სანაცვლოდ ერაყს ესტუმრა. “ბიბისი” იუწყება, რომ პომპეოს დედაქალაქ ბაღდადში ვიზიტი ოთხ საათს გაგრძელდა. იგი ერაყელ პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა და განხილვის მთავარ თემას ბოლო პერიოდში ირანთან გამწვავებული ურთიერთობა იყო. ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი დიპლომატიური ვიზიტის უბრალოდ გაუქმება არ ხდება, თუკი ამის აუცილებელი და მნიშველოვანი მიზეზი არ არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული ავიამზიდი “აბრაამ ლინკოლნი” განთავსდა, რაც ამერიკული მხარის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიმართ არსებული მუქარის პასუხი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რეგიონში სტრატეგიულ ბომბდამშენებს B-52-ს აგზავნის. ისეთი მნიშვნელოვანი შეიარაღების განთავსება, როგორიც თვითმფრინავი B-52 და ავიამზიდი “აბრაამ ლინკოლნია”, რისი მანიშნებელია და საერთოდაც, რამდენად მოსალოდნელია კონფლიქტის ესკალაცია მოხდეს? - მსგავს სცენარს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს: “ეს არის ზეწოლა ირანზე, რადგან თავად ირანისგანაც გაისმა მუქარა, რეგიონში არსებული ამერიკული ბაზებისა და ამერიკის მოკავშირეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების შესახებ. ეს ნაბიჯები აშშ-ს მხრიდან ამის საპასუხოდ გადაიდგა”, - განმარტავს ირაკლი მენაღარიშვილი. მისი თქმით ესკლაცია გამორიცხული არ არის, თუმცა იმედი აქვს, “ყველა მხარეს კეთილგონიერება ეყოფა, რომ ამ გამწვავებული მდგომარეობიდან მშვიდობიანი გამოსავალი მოძებნონ”, - წერს სტატიის ავტორი.

გია ხუხაშვილი - “რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს”

“მართალია, უკვე კეთდება განცხადებები, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი შეიმჩნევა, მაგრამ მე მაინც ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ქალბატონის და მესაკუთრის პირადი ინიციატივა არ არის. მგონია, რომ მსვლელობის დროს თანდათან ყველაფერი გამოჩნდება. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლოს მიმართ ბოლო დროს ნდობა იმდნად შემცირდა, რომ ყველას აქვს ლეგიტიმური უფლება მის ობიექტურობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვას. ხელისუფლების უგუნურობამ და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკამ ამ დონემდე მიგვიყავანა, რომ ეს კერძო დავაც რომ იყოს, საზოგადოებას მაინც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ეჭვი დაიტოვოს. რადიკალური განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგანაც საქმის ირგვლივ მეტი ინფორმაციაა საჭირო”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს” - ხუხაშვილი.

“მოსამართლეთა კორპუსი მთლიანად დისკრედიტირებულია. მით უმეტეს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს ერთი ტელეკომპანიის საქმეზე საეჭვო და სადავო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. “რუსთავი 2”-ის საქმემ მთლიანად სახელმწიფოს იმხელა ზიანი მიაყენა უკვე, რომ კიდევ დამატებით შეცდომა ამ ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ არ დასრულდება. რა თქმა უნდა, რომ დასავლეთში ეს საქმე კიდევ უფრო მეტ კითხვებს და პრეტენზიებს გააჩენს ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ტელევიზია და მისი სარედაქციო პოლიტიკა, დემოკრატიული ფასადის თუნდაც შესანარჩუნებლად მისი არსებობა აუცილებელია. ამიტომაც, მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და პროცესებისთვის ეს ტელეკომპანია შესაძლოა ცენტრალური თემა გახდეს და ხელისუფლებას არცთუ მცირე პრობლემები შეუქმნას. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის გარკვეული სახის პროპაგანდას ეწევა, მაგრამ როდესაც არსებობს “იმედის” სახით სახელისუფლებო პროპაგანდა, ბუნებრივია, ეს უკუქმედებას იღებს და საზოგადოება ამის საპასუხო ტელევიზიას ითხოვს. პასუხისმგებელი “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკაზე ოპოზიცია კი არ არის, არამედ ხელისუფლებაა, რომელმაც თავისი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა, რომლითაც უნდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოება კონტრზომებს იღებს - რომ არა “იმედის” სახით ხელისუფლების პროპაგანდა, შესაძლოა “რუსთვი 2”-იც თავშეკავებული ყოფილიყო. ხელისუფლებამ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო, რომ ოპონენტს სრულ ლეგიტიმურ უფლებას აძლევს, საქმის ირგვლივ პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრონ. ხელისუფლება თუ ასეთ საკითხებში არაფერ შუაშია, მაშინ სასამართლო სისტემის ირგვლივ ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა აეტეხა და მართლაც გაეთავისუფებინა ეს ინსტიტუტი საკუთარი გავლენებისგან”, - განაგრძობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “თუკი ნიკა გვარამიას ტელეკომპანიიდან ჩამოშორება მოხდება, რა იქნება პოლიტიკური ფასი, რომელსაც ხელისუფლება გადაიხდის?” - პასუხობს:

“მე არ მესმის როგორდ უნდა მოხდეს გვარამიას ჩამოშორება. ეს თავად ხელისუფლების გადასაწყვეტი უნდა იყოს. თუ ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით მენეჯმენტში ჩაერევა, ეს უკვე დიდი პრობლემაა. მე არ მესმის ეს ყველაფერი როგორ უნდა იყოს. მით უმეტეს არჩევნები მოდის და ეს თემა ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ დაასხამს. გამომდინარე იქიდან, რომ მას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის საქმემ საერთოდ გადაიყოლოს”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა