ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2019

შურისმაძიებელი თუ ტერორისტი - რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე

საქართველოში შარშანდელთან შედარებით 180 ვეტერანით ნაკლებია

***

შურისმაძიებელი თუ ტერორისტი - რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე

"დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს 10 მაისს სუს-ში დაკითხვაზე მისულს და რატომ არ არის ის აქამდე დაპატიმრებული. რატომ დაიწყო გამოძიება ტერორიზმის მუხლით და არა განზრახ მკვლელობის მცდელობაზე - ესაა კითხვები, რომელსაც იურისტები "რეზონანსთან“ სვამენ და ამბობენ, რომ საქმის ირგვლივ რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ოპოზიცია კი ამ საქმის ახლა გააქტურებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე უნდა განიხილოს. თუმცა აქვე საინტერესოა რა თქვა ახალი მაჩალიკაშვილების საქმეზე 3 მაისს სუს-ის უფროსმა ვახტან გომელაურმა და რა ფაქტები გააცნო დეპუტატებს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შურისმაძიებელი თუ ტერორისტი - რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე

"სუსის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა 3 მაისს დეპუტატებს მიაწოდა მოცულობითი და სრულიად დამაჯერებელი ინფორმაცია ტერორიზმთან დაკავშირებულ ფაქტებზე და მათ შორის - თემირლან მაჩალიკაშვილზეც“ - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის ამ შინაარსის კომენტარი 7 მაისს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. დეპუტატი ამბობს, ასევე, რომ მიღებული ინფორმაციის შემდეგ აღარ გაჰკვირვებია მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსი. თქვა თუ არა სუსის ხელმძღვანელმა პარლამენტის დახურულ სხდომაზე იმაზე უფრო მეტი მაჩალიკაშვილებზე, ვიდრე მანამდე საჯაროდ თქმულა? „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დახურულ სხდომაზე გომელაურისგან მას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ახალი არაფერი მოუსმენია, რაც მედიასაშუალებებში არ გაჟღერებულა და ღია წყაროებით ცნობილი არ ყოფილა. აცხადებს, რომ გომელაურმა მათ მხოლოდ ის ინფორმაცია გააცნოთ, თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში და საქათველოსთან ერთად მისი დაკავების და გამოაშკარავების საქმეში, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობდნენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"იურიტები კი მაჩალიკაშვილის საქმეში რამდენიმე უზუსტობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აუდიო ჩანაწერი, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა, სუსის ინფორმაციით, ჩაწერილია 2019 წლის 23 მარტს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეღწევისა და თავი აფეთქების შესახებ 2018 წლის 31 მაისს განაცხადა. კანონმდებლობის თანახმად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე მოსამართლის განჩინება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში კი 2018 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 23 მარტამდე 9 თვეა გასული. სწორედ ამიტომ იურისტები სვამენ კითხვას, რამდენად კანონიერად ხდებოდა მაჩალიკაშვილის ფარული მიყურადება და კონკრეტულად როდის დაიწყო საგამოძიებო უწყებამ მისი თვალთვალი. მაჩალიკაშვილის საქმეზე კი გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. სს კოდექსის 323 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით; სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტული აქტის მომზადებას“, - განაგრძობს გამოცემა.

"სუს-ი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას მოპოვებული აქვს უტყუარი მტკიცებულებები, სუსი არაფერს ამბობს, კონკრეტულად რა მტკიცებულებებს გულისხმობს. მაგალითად იურისტები რამდენიმე ფაქტორზე მიუთითებენ. მათი აზრით, სუს-მა უნდა განმარტოს რა მოჰყვა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარს, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული აქტის განხორციელება იგეგმებოდა. ასევე, შეასრულა თუ არა მორის მაჩალიკაშვილმა ბიძის მითითებები? იმყოფებოდა თუ არა ის იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე? ამოღებულ იქნა თუ არა დანაშაულის ჩადენისათვის გამიზნული იარაღი? განცხადებაში მხოლოდ ის არის მითითებული, რომ „მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ“ - ვკითხულობთ განცხადებაში. რატომ ტერორიზმი? დეპუტატი რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ აბობს, რომ ეს არის სპეციალურად გაკეთებული, რათა მაჩალიკაშვილის, როგორც პიროვნების დისკრედიტაცია მოხდეს. მისი აზრით, უსაფრთხოების სამსახური ვერ ახერხებს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თემირლანი ნამდვილად დამნაშავეა და მაჩალიკაშვილის მიმართ თანამგრძნობა არსებობს. გოცირიძე ფიქრობს, რომ ტერორიზმში დადანაშაულებული ადამიანი საერთაშორისო სასამართლოს თუ ორგანიზაციებს ვეღარ მიმართავს და მას აღარ დაუჯერებენ. ის ვერ შეძლებს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდეს. რაც შეეხება იმას რატომ არ აკავებენ მაჩალიკაშვილს, დეპუტატი ამბობს, რომ დაპატიმრებას მყარი მტკიცებულებები სჭირდება და მხოლოდ რაღაცის თქმა, რომელიც რეალობაში არ განხორციელებულა დაპატიმრების საფუძველს არ იძლევა. ეს სასამართლოში მყარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. „პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ 3 მაისს გომელაურს დახურულ სხდომაზე მაჩალიკაშვილების საქმის ირგვლივ ახალი არაფერი არ უთქვამს. რა თქმა უნდა, დახურულზე კონკრეტულად რა და როგორ თქვა ამას ვერ გავახმაურებ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული დამატებით ინფორმაცია მას ჩვენთვის არ მოუწოდებია“, - დასძენს გამოცემა.

"მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე ტერორიზმის ხსენება კი მოსახლეობის გაბრიყვება და საერთაშორისო წრეების გაცურებაა. ეს არის მაჩალიკაშვილის კომპრომატირება, რათა მისი პიროვნების დისკრედიტაცია მოხდეს. ტერორისტული აქტის მომზადება და შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მომზადება სულ სხვაა. ვენდეტას, რომელსაც შესაძლოა შვილმკვდარი მამა აპირებდა, ტერორიზმი უწოდო, დეზინფორმაციაა. მითუმეტეს არ გვაქვს კითხვებზე პასუხი შეასრულა თუ არა ბიძის დავალება მაჩალიკაშვილის ძმიშვილმა. ამოღებულია თუ არა დანაშაულის ჩადენისთვის გამზადებული იარაღი“,- აცხადებს გოცირიძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის აქმადე არ დაკავება იმას უკავშირდება, რომ უსაფრთხოების სამსახურს საკმარისი მტკიცებულებები არა აქვს. დეპუტატის აზრით, ერთია ადამიანმა რაღაც სურვილი განაცხადა და მეორე რეალურად დაგეგმო, განახორციელო. ხოლო თუ ეს სამართლებრივად დამტკიცებული არ არის, მაშინ სასამართლო პერსპეტქივა არ ექნება. კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიზე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დასაკავებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს, რადგანაც ხელისუფლება ცდილობს, ისედაც დაძაბული სიტუაციის ფონზე გარკვეული თავშეკავება გამოიჩინოს. აცხადებს, რომ მას საქმის ირგვლივ ბევრი კითხვები აქვს და ხელისუფლების არასაკმარისმა ქცევამ გამოიწვია ის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ამდენი გაურკვევლობა გაჩნდა. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. „მგონია რომ პანკისის ხეობაში ბოლო დროს დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლება ცდილობს, მაჩალიკაშვილთან მიმართებაში უფრო ფრთხილად იყოს, რადგანაც ამ ადამიანს ბევრი მომხრე ჰყავ ს და სიტუაციის გამწვავებას ერიდებიან. მისი დაკავება კი არ მინდა, უბრალოდ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მგონია, რომ მაჩალიკაშვილის დასაპატიმრებლად ამ ეტაპზე პოლიტიკური ნება არ არსებობს. მე კითხვებს მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც მიჩენს. როგორ შეიძლება ჯერ თქვა, რომ სუს-ში შევარდნას და თავის აფეთქებას აპირებდი და მერე გადათქვა, ვითომ გადაიფიქრე. ახლა ამ აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ჯერ ამბობდა, რომ ფალსიფიცირებული იყო, შემდეგ თქვა, რომ აღარ ახსოვდა და შესაძლოა ძმისშვილთან ამაზე ილაპარაკა. ასევე დააზუსტა, რომ მსგავსი სახის აზრები მოსდის, მაგრამ არ ახორციელებს“, - აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილს ვიღაც არიგებს და იურისტების ნამუშევარი კარგად ჩანს. აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ მას ტერორიზმის ბრალდება რატომ წაუყენეს და არა შურისძიების, რა თქმა უნდა, სწორი ტაქტიკაა. არეშიძე ამბობს, რომ ტერორიზმის ბრალდება სამართლებრივად უფრო მძიმეა, ვიდრე შურისძიების მიზნით აფექტში მყოფი ადამიანის საქციელი. ამის გაგება საზოგადოებას უფრო ადვილად შეუძლია, ვიდრე ის, რომ ის ტერორისტია. აცხადებს, რომ საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა სწორად ჩნდება, რომ თუ რაღაც ელემენტარულ დანაშაულზე ადამიანს იჭერ, მაშინ რატომ არ აკავებ კაცს, რომელსაც ბრალი ტერორისტული აქტის მომზადებაში ედება. ეს ხელისუფლების იმიჯზე მძიმედ მოქმედებს და როგორი მართალიც არ უნდა იყოს, საზოგადოებას უკვე ეჭვი უჩნდება“, - წერს სტატიის ავტორი.

საქართველოში შარშანდელთან შედარებით 180 ვეტერანით ნაკლებია

“ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საქართველოში შარშანდელთან შედარებით, სამწუხაროდ, 180 ვეტერანით ნაკლებია. ამჟამად დაახლოებით ომის 490 ვეტერანია. შარშან კი - 670 იყო. მეორე მსოფლიო ომში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ომს საქართველოს სსრ-ის 300 ათასი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ქერჩთან იყო, 120 ათასი ქართველი დაიღუპა. 700 ათასი ქართველიდან 224 ათასი სხვადასხვა ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოში შარშანდელთან შედარებით 180 ვეტერანით ნაკლებია

"ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა. 9 მაისის აღნიშვნა, ტრადიციულად, თბილისში ვაკის პარკიდან დაიწყო. ვაკის პარკში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდნენ. „საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ამ ომში და მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე. მსურს განსაკუთრებით ეს დღე მივულოცო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მინდა ყველა იმ ვეტერანს, რომლებიც დღეს კიდევ ცოცხლები არიან, მივულოცო მათი იმდროინდელი გამარჯვება. ყველა ქართველს, ყველას სჯეროდა, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ყველა დაიღუპა საქართველოსთვის. მინდა იყოს მათი ხსოვნა და მათი პატივისცემა დღეს," - განაცხადა პრეზიდენტმა. ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს. პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას," - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ვაკის პარკში. ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ასევე „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, ომის ვეტერანებს უდიდესი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე“, - დასძენს გამოცემა.

"9 მაისს ჩვენ ტრადიციულად აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვებას. ეს იყო ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვევა ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა. მრავალმა ადამიანმა თავი დადო ამ ომში და ჩვენ რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას", - განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომელიც ვაკის პარკში დავით ბაქრაძესთან ერთად მივიდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავს სახელმწიფო ვეტერანების მიმართ და რაც უფრო დააფასებს მათ, ეს უკეთესია არამარტო ვეტერანთათვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, ვინაიდან მათ ყველაზე დიდი დამსახურება აქვთ," - განაცხადა შალვა შავგულიძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა