ვაჟა ბერიძე - პოლიტიკური სპექტრი აშკარად გაკოტრდა, ქართულმა პოლიტიკამ „ნაციონალ–პოპულიზმის“ ეტაპი გაიარა, უახლოეს პერსპექტივაში  ფაშინიანებს და ზელენსკებს არ უნდა ველოდეთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მთავრობა მსოფლიო ბანკის მონაცემებით აგრძელებს თავის მოწონებას, რომლის კვლევებითაც საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგის ათეულშია.

მთავრობა ეკონომიკური განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს კი დგამს, მაგრამ ქართულ ეკონომიკას არც წარმოებების რიცხვის ზრდა და არც დასაქმებულთა რაოდენობის მატება არ ეტობა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგორც უნდა იგეგმებოდეს და კეთდებოდეს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა არ კეთდება ისე, რომ ეკონომიკის განვითარების ზრდის ტემპი ქვეყანაში შეუქცევადი და ხალხისთვის დასაქმების საშუალება აღმოჩნდეს?

- მოდით დავაზუსტოთ, იზრდება წარმოებების რიცხვიც, დასაქმებულთა რაოდენობაც და სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრიც. უბრალოდ, საკითხის არსი მდგომარეობს შემდეგში – რამდენად საკმარისია ეს ტემპი? ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 4–5%–იანი ზრდის პირობებში დაველოდოთ, როდის მივაღწევთ კეთილდღეობას. სოციალური ფონი არასახარბიელოა, მიმდინარეობს ქვეყნის დეპოპულაცია – ათასობით ადამიანი სამუშაოს და სარჩო–საბადებელს უცხოეთში ეძებს. ეს ვითარება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს.

ეკონომიკური ზრდის იმ ბერკეტებმა, რომლებსაც აქამდე მთავრობა იყენებდა (როგორც მოქმედი, ისე წინა მთავრობა), ვფიქრობ, თავის თავი ამოწურა. აქ ვგულისხმობ საგადასახადო პოლიტიკას, პრივატიზაციას, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას და გაელექტრონულებას და ა.შ.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 4–5%–იანი ზრდის პირობებში დაველოდოთ, როდის მივაღწევთ კეთილდღეობას. სოციალური ფონი არასახარბიელოა, მიმდინარეობს ქვეყნის დეპოპულაცია – ათასობით ადამიანი სამუშაოს და სარჩო–საბადებელს უცხოეთში ეძებს. ეს ვითარება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს

სწორედ ამ ფაქტორების გამო არის საქართველოს ბიზნესგარემო ერთ–ერთი მიმზიდველი და დაწინაურებული რეიტინგებში. მაგრამ, ფაქტია, რომ მხოლოდ ამ ფაქტორებით ვერ ვიღებთ ზრდის იმ ტემპს, რომელიც ცხოვრების დონეს მოკლევადიან პერსპექტივაში დაუახლოვებს, მაგალითად, საშუალო ევროპულ სტანდარტს.

ამდენად, გამოსავალს და საკითხის გადაწყვეტას ნამდვილად ვერ ვხედავ ტექნიკურ ბერკეტებში, თუნდაც იმაში, რამდენად სწრაფად დაიბრუნებს ბიზნესი დღგ–ს ზედმეტობას, მცირე ბიზნესს ბრუნვის გადასახადი 1%–იანი ექნება თუ 2%–იანი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალობას დიდად ვერ ცვლის.

ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდის მიღწევის გასაღები, ჩემი აზრით, ერთ, მაგრამ ძალიან ზოგად და მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება – ეს არის განათლება.

დღეს საქართველოში იდეების პრობლემა უფრო არის, ვიდრე – ფულის, დღეს გამოწვევაა მაღალი კვალიფიკაცია და არა დაბალი გადასახადები, გამოწვევაა პროფესიების დივერსიფიკაცია მხოლოდ იურისტების და ეკონომისტების ქვეყანაში, გამოწვევაა მეწარმეობრივი სულის განვითარება, ნაცვლად კარგ სამსახურზე მეოცნებე ახალგაზრდობისა.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ხელშემშლელი ფაქტორების გამოსავლენ ძალიან სასარგებლო „მრჩევლად“ გამოვიყენებდი „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მდგომარეობით საქართველო 140 ქვეყანას შორის 66–ე ადგილზეა

გარდა ამისა, თქვენ ახსენეთ რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს მოწინავე ადგილი უჭირავს, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ნებისმიერ რეიტინგზე. თქვენ ალბათ გულისხმობთ იგივე Doing Business–ის რეიტინგს, რომლის ათეულშიც საქართველოა. მაგრამ, არსებობს უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, მაგრამ არცთუ სახარბიელო პოზიციები გააჩნია.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ხელშემშლელი ფაქტორების გამოსავლენ ძალიან სასარგებლო „მრჩევლად“ გამოვიყენებდი „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მდგომარეობით საქართველო 140 ქვეყანას შორის 66–ე ადგილზეა. მაგრამ, თუ გადავხედავთ იმ საკითხებს, რომლებშიც ასეულს მიღმა ან ამ ზღვართან ახლოს ვართ, კარგად დავინახავთ იმ მიზეზებსაც, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ვერ ასცდა 5%–ს.

ინდექსის მიხედვით შეიძლება გამოიყოს შემდეგი პრობლემური მიმართულებები:

– ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე, განსაკუთრებით საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა;

– მაკროეკონომიკური სტაბილურობა;

– კვალიფიკაცია და უნარჩვევები, - უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს კვალიფიციურ მუშახელზე წვდომაში, 111-ე ადგილი 140 ქვეყანას შორის;

– ფინანსური სისტემა – კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა არის სერიოზული მუხრუჭი ჩვენი ეკონომიკისთვის, კვლავ განვითარების დაბალ საფეხურზეა სადაზღვევო სისტემა;

– ინოვაციების განვითარების დონე – სამუშაო ძალის დივერსიფიკაციის მიხედვით ვართ 116–ე ადგილზე, ანუ როგორც ზემოთ ნახევრად ხუმრობით აღვნიშნე, იურისტების და ეკონომისტების ქვეყნად ვიქეცით.

ინოვაციების განვითარების მიმართულებით, ამ მთავრობამ ნამდვილად ყველაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რომელიმე წინამორბედმა, თუმცა რამდენად საკმარისია, ეს უფრო ამ დარგის სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ

თუმცა, ოპტიმიზმისთვის, ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობას დანახული და გაცნობიერებული არ აქვს ეს პრობლემატიკა. განათლებაზე და უფრო კონკრეტულად პროფესიულ განათლებაზე ყურადღების გამახვილებაზე ჯერ კიდევ პრემიერ კვირიკაშვილის დროს დაიწყო აქტიური მუშაობა და იგი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მთავარ კომპონენტად დასახელდა. განათლების მიმართულებით ყურადღება არ განელებულა და გაძლიერდა მოქმედი პრემიერის პირობებში, მან დაასახელა, რომ განათლებაზე ბიუჯეტის არანაკლებ 25% დაიხარჯება, რაც ცალსახად მისასალმებელია, თუმცა ჯერ მკაფიოდ არ არის გაცხადებული, თუ კონკრეტულად რა რეფორმები იგეგმება.

მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, პროექტების განხორციელება და მით უმეტეს, დროულად განხორციელება, ნამდვილად არ არის ამ მთავრობის ძლიერი მხარე.

დღეს გვაქვს რეალობა, როცა ორ კონკურენტ დარგს, საბანკო სფეროს და კაპიტალის ბაზარს ერთი მარეგულირებელი ყავს და ესაა ეროვნული ბანკი. უახლესი ისტორული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეროვნულ ბანკს, რაც ფასიანი ქაღალდების სფერო მის დაქვემდებარებაში გადავიდა, არასოდეს მიუღია რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რაც საბანკო სფეროს ინტერესებს ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგებოდა

ფინანსური სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საპენსიო რეფორმის ამოქმედება, თუმცა ის ფაქტი, რომ ჯერ რეფორმა ამოქმედდა და შემდგომ დაიწყეს ფიქრი სად უნდა დაბანდებულიყო ეს ფული, ვის უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამ დაბანდებების შესახებ, აჩენს უნდობლობას ამ პროცესის მიმართ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ შედეგებს, რაც ამ რეფორმას უნდა მოეტანა.

ინოვაციების განვითარების მიმართულებით, ამ მთავრობამ ნამდვილად ყველაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რომელიმე წინამორბედმა, თუმცა რამდენად საკმარისია, ეს უფრო ამ დარგის სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ.

ამდენად, დასახელებული პრობლემატური მიმართულებების გამოსწორება ნამდვილად შეიძლება გახდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი ფაქტორები. თუმცა, სამწუხაროდ, ამ შედეგის მიღწევა რთულია დროის მოკლე პერიოდში.

საქართველომ განვითარების გრძელვადიან ფაქტორებზე ზრუნვის ნაცვლად, ზრდის ზედაპირულ და არაფუნდამენტურ ფაქტორებზე ბევრი წელი დაკარგა.

თავდაპირველად ამას ჰქონდა ეფექტი. თუმცა, ეს იყო ერთჯერადი და გრძელვადიან ზრდას მხოლოდ დაბალი გადასახადები და პრივატიზაცია ვერ უზრუნველყოფდა. დღევანდელი 4–5 პროცენტიანი ზრდა არის იმის შედეგი, რომ დასახელებულ ფუნდამენტურ ფაქტორებს დროულად არ მიექცა ყურადღება.

- აქამდე ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეკონომიკის ბევრი სფეროს განვითარებას ხელს ბანკები უშლიდნენ, რომლებსაც კაპიტალის ბაზარზე მონოპოლური მდგომარეობა ჰქონდათ.

მთავრობის მცდელობების მიუხედავად ამ თვალსაზრისით ბევრი არც არაფერი შეცვლილა. მეტიც, ეროვნულ ბანკს ევალება საფონდო ბირჟის განვითარება. თუ მთავრობას აქვს სურვილი ეკონომიკა ბანკების მიერ არ იყოს მონოპოლიზებული, თქვენი აზრით, რატომ რჩება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ საფონდო ბირჟების განვითარების საკითხი?

- მე არ მგონია, რომ ხელისუფლების ინტერესებში რეალურად შედიოდეს კაპიტალის ბაზრის განვითარება, ვინაიდან ასე რომ იყოს, ის იმგვარ გადაწყვეტილებებს მიიღებდა, რაც პრაქტიკულად რეალური საფუძველი იქნებოდა ქვეყანაში საფონდო ინდუსტრიის განვითარების. მათ შორის, თქვენ მიერ ნახსენები რეგულირების საკითხი.

დღეს გვაქვს რეალობა, როცა ორ კონკურენტ დარგს, საბანკო სფეროს და კაპიტალის ბაზარს ერთი მარეგულირებელი ყავს და ესაა ეროვნული ბანკი. უახლესი ისტორული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეროვნულ ბანკს, რაც ფასიანი ქაღალდების სფერო მის დაქვემდებარებაში გადავიდა, არასოდეს მიუღია რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რაც საბანკო სფეროს ინტერესებს ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგებოდა. მე არ მახსენდება ასეთი, ის ყოველთვის იყო და არის პირველ რიგში კომერციული ბანკების მფარველი და შემდეგ სხვა დანარჩენი მოთამაშეების.

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ საფონდო ინდუსტრიის განვითარება კომერციულ ბანკებს სეგმენტს წაართმევს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები თავიანთი საბანკო ანაბრებით ადგებიან და საფონდო ბირჟაზე რომელიმე კომპანიის ფასიან ქაღალდებს იყიდიან, ან ბიზნესი, რომელსაც კაპიტალის მოზიდვა ჭირდება, საფონდო ბირჟაზე ემისიას განახორციელებს და ამ გზით მოიზიდავს სასურველ კაპიტალს გაცილებით დაბალ პროცენტად, ვიდრე საბანკო სესხია.

ამ ვითარებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორედ რეგულატორზე. მან კანონში მკაცრად უნდა გამიჯნოს საბანკო-საკრედიტო და საფონდო საქმიანობა ერთმანეთისგან და ბანკებს აუკრძალოს ბირჟის 50%-ზე მეტი წილის ფლობა ჯამში

თავისთავად ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომელიც თავისი ეკონომიკური შინაარსით საბანკო ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე გაცილებით მიმზიდველია.

შესაბამისად, ამ ორ დარგს არ უნდა ჰყავდეს ერთი რეგულატორი, ვინაიდან ეს ინტერესთა კონფლიქტია და ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

კომერციულმა ბანკებმა თავის დროზე კარგად შეაფასეს რისკები, რაც მათთვის სამომხმარებლო სეგმენტის შესაძლო დაკარგვასთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად თავად დააფუძნეს შვილობილი საბროკერო კომპანიები საფონდო ბირჟაზე, ჭარბი ფინანსური რესურსით კარგად განავითარეს ისინი და ახლა თავად გამოდიან სხვა სააქციო საზოგადოებების კონკურენტებად. აგრეთვე თავად გახდნენ ბირჟის მთავარი აქციონერები.

არ არის ერთი ფანჯრის პრინციპი, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციული საკითხები გადამწყვეტი ფაქტორები ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში, სწრაფი ზრდის მიღწევის გასაღები ფუნდამენტური საკითხების მოგვარებაშია

დღეს საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი 6 საბროკერო კომპანიიდან 5 კომერციული ბანკის შვილობილია და მხოლოდ ერთია დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელ კონკურენციაზე და განვითარებაზეა საუბარი?

ამ ვითარებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორედ რეგულატორზე. მან კანონში მკაცრად უნდა გამიჯნოს საბანკო-საკრედიტო და საფონდო საქმიანობა ერთმანეთისგან და ბანკებს აუკრძალოს ბირჟის 50%-ზე მეტი წილის ფლობა ჯამში.

დღეს არასაბანკო მინორიტარი აქციონერების წილი საფონდო ბირჟაზე 38%-ს შეადგენს, ეს კი იმის შედეგია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ბანკებს შეუზღუდავი უფლებამოსილება მიენიჭათ დაპატრონებოდნენ საფონდო ბირჟას და მის ინფრასტრუქტურას. მოკლედ რომ გითხრათ, სანამ თანაბარი კონკურენტული შესაძლებლობები არ გაჩნდება ბაზარზე, იქამდე რეალურ განვითარებაზე საუბარი ნაადრევი იქნება.

- შესაძლოა, გათავისუფლებული ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თემა ახლა აქტუალური არ იყოს, მაგრამ, საინტერესო გახლდათ ის, რომ მინისტრობიდან გათავისუფლებული ქობულია მედიას არ დამალვია, რაც ქართულ სინამდვილეში იშვიათობაა. მეტიც, მას ჰქონდა მცდელობა პარლამენტარებისთვის ჩაებარებინა ანგარიში თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული საქმიანობის შესახებ. მართალია, მმართველმა გუნდმა მას ამის საშუალება არ მისცა, მაგრამ მისი მხრიდან რომ ეს საკმაოდ საინტერესო ნაბიჯი იყო, ფაქტია.

გათავისფლებულმა ქობულიამ მის ბევრ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ზრდას 8-9%-მდე, ანუ 2-ჯერ გაზრდიდა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ მან მთავრობას შესთავაზა ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის წესის დანერგვა, რაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა.

თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ უარი თქვა ქვეყანაში საკმაოდ მოზღვავებულ ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპით ემუშავათ კვალიფიციურ და კომპეტენტურ ადამიანებს და არა მხოლოდ დაინტერესებულ ბიზნესჯგუფებს?

- მე ნამდვილად არ მახსენდება ქობულიას მიერ გაჟღერებული კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც მისი შეფასებით 8–9 პროცენტიან ზრდას გამოიწვევდა.

მმართველ გუნდს „დრაივი“ აქვს დაკარგული და არა მარტო "დრაივი“, ინიციატივაც, მობილურობაც, საზოგადოებასთან კონტაქტიც, არასამთავრობო სექტორიც, ინტელექტუალური წრეებიც და ახალგაზრდობა. ჩართულია არა საგნობრივ დებატებში ოპოზიციასთან, არამედ კინკლაობაში

ერთი ფანჯრის პრინციპს ნამდვილად ვერ მივანიჭებ იმხელა მნიშვნელობას, რომ მასზე დიდწილად იყოს დამოკიდებული ორნიშნა ან 8–9 პროცენტიანი ზრდა. ასევე, როგორც მინიმუმ ოფიციალური განცხადებების დონეზე მთავრობამ არათუ უარი თქვა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, არამედ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და სპეციალურად ამ მიმართულებით ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე დაემატა.

მე მაინც წინა კითხვის პათოსს დავუბრუნდები, არ არის ერთი ფანჯრის პრინციპი, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციული საკითხები გადამწყვეტი ფაქტორები ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში, სწრაფი ზრდის მიღწევის გასაღები ფუნდამენტური საკითხების მოგვარებაშია.

- ახლა საშინაო პოლიტიკაში თუ რამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, ყველაფერი 19 მაისს მთაწმინდაზე, მარნეულსა და ზუგდიდში ჩასატარებელ არჩევნებს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ 19 მაისის არჩევნები 2020 წლის არჩევნების პროგნოზირებისათვის არ გამოდგება, არჩევნებში ჩართული პოლიტიკური ძალები ძალასა და რესურსებს არ იშურებენ მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვებისათვის.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე თვლის, რომ „მმართველ გუნდს დაკარგული აქვს დრაივი“. არჩევნების წინ მთლად კარგ ფორმაში მყოფს არ ოპოზიცია ჰგავს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 19 მაისის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მასში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ძალების მოქმედებას, საარჩევნო ტაქტიკასა თუ სტრატეგიას?

- თუ ზუგდიდში სანდრა რულოვსმა გაიმარჯვა, ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ საგანგაშო სიგნალი. ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიღებული გზავნილი ამომრჩევლისგან მიიღო, ცვლილებებსაც დაპირდა საზოგადოებას, მაგრამ დღემდე ბევრი არაფერი გაუკეთებია.

ზუგდიდი რომ „ქართულ ვანდეად იქცა,“ ეს აქაური ქართველობის ბრალი არ არის. ეს უნიათო პოლიტიკოსების დამსახურებაა

პოლიტიკაშიც და მედიაშიც დღის წესრიგს ქმნის ოპოზიცია და „რუსთავი 2“. მართებულად მიიჩნევს ვალერიან გორგილაძე, რომ მმართველ გუნდს „დრაივი“ აქვს დაკარგული და არა მარტო "დრაივი“, ინიციატივაც, მობილურობაც, საზოგადოებასთან კონტაქტიც, არასამთავრობო სექტორიც, ინტელექტუალური წრეებიც და ახალგაზრდობა. ჩართულია არა საგნობრივ დებატებში ოპოზიციასთან, არამედ კინკლაობაში.

„ოცნების“ წამყვანი პოლიტიკური ფიგურები აბსტრაგირებულები არიან რეალობისგან. არ არსებობს გუნდურობის განცდა, რასაც დაჯგუფებები და კლანები ვერასგზით ჩაანაცვლებენ. ასეთ ვითარებაში მარცხი ზუგდიდში შეიძლება შემობრუნების წერტილად იქცეს.

ზუგდიდი რომ ქართულ ვანდეად იქცა, ეს აქაური ქართველობის ბრალი არ არის. ეს უნიათო პოლიტიკოსების დამსახურებაა. თუ ამას დაემატა მარცხი მთაწმინდაზე, ვითარება დამძიმდება როგორც ივანიშვილისთვის, ისე მთელი ქართული საზოგადოებისთვის.

საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეფექტური არ აქვს, არც სახელისუფლოს და არც ოპიზიციურს

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ მთაწმინდაზე „წაუგებელი ფალავანი“ დააყენა და მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ლადო კახაძემ მთაწმინდა ვერ მოიგოს.

და მაინც, სამომავლო პროგნოზისთვის მთაწმინდის არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იქაური ამომრჩეველი უფრო არის იმ სოციუმის ორგანული ნაწილი, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ვინაობას განსაზღვრავს, ვიდრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ელექტორატი. მთაწმინდასთან, მარნეულთან და ზუგდიდთან გულარხეინი დამოკიდებულება ნებისმიერს შეიძლება ძვირად დაუჯდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც, თითოეულ ჩვენგანს.

საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეფექტური არ აქვს, არც სახელისუფლოს და არც ოპიზიციურს. ეს კი შემაშფოთებელია. ჩვენ ისევ ვრჩებით მყიფე საარჩევნო დემოკრატიის დონეზე, როცა ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ფორმირების გზა არ ჩანს.

პოლიტიკურ პროცესში სადღეისოდ არ არის ჩართული ელექტორატის 50–60%. ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევნების შედეგებს და გამარჯვებულის ვინაობას ჩვენი საზოგადოების სწორედ ამ ნაწილის არჩევანი განსაზღვრავს

ხელისუფლება არა იმდენად ხელისუფლების, რამდენადაც ქვეყნის პრობლემაა. ჩემთვის მოულოდნელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უღიმღამო კამპანია, მათ აშკარად ეტყობათ ფინანსური რესურსის ნაკლებობა და გაუაზრებელი მენეჯმენტის კვალი.

- ისტორიკოსმა, თსუ-ს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ «ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „მიუხედავად დიდი ხმაურისა, ხმები „ოცნების“ გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებულად მეჩვენება“.

მისივე მტკიცებით, - „თუ „ოცნება“ “ნაციონალების” მსგავსად მოქმედებს, ალბათ იმიტომ რომ მისი მხრიდან რაიმე სახის კომპრომისი „ნაციონალებთან“ გამორიცხულია.“

19 მაისის შედეგები რამდენად შეიძლება იყოს 2020 წლის რეპეტიცია და მისმა შედეგმა რამდენად შეიძლება აჩვენოს საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკურ ძალთა შორის სავარაუდო ბალანსი?

– 19 მაისის არჩევნების შედეგები 2020 წლის არჩევნების პროგნოზირებისთვის მაინც არ გამოდგება, რადგან იქამდე დარჩენილ წელიწადნახევარში ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მთაწმინდაც, ზუგდიდიც და მარნეულიც ქართული საარჩევნო პროცესის დეტერმინატორები შეიძლება აღმოჩნდნენ.

ამომრჩეველი ეძებს თავისი მისწრაფებების გამხმოვანებელს, იმ ადამიანებს და იმ ძალას, ვინც იმედს დაუბრუნებს და უკეთესი ცხოვრებისკენ წარუძღვება. ამჟამინდელი პოლიტიკური სპექტრი საამისოდ არ გამოდგება

ამას ვამბობ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პროცესში სადღეისოდ არ არის ჩართული ელექტორატის 50–60%. ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევნების შედეგებს და გამარჯვებულის ვინაობას ჩვენი საზოგადოების სწორედ ამ ნაწილის არჩევანი განსაზღვრავს.

ეს ამომრჩეველი ეძებს თავისი მისწრაფებების გამხმოვანებელს, იმ ადამიანებს და იმ ძალას, ვინც იმედს დაუბრუნებს და უკეთესი ცხოვრებისკენ წარუძღვება. ამჟამინდელი პოლიტიკური სპექტრი საამისოდ არ გამოდგება. თუნდაც სერიოზული გადაჯგუფებისა და ტრანსფორმაციის გარეშე. ახლები არ ჩანან.

იქნება ერთ–ერთი ასეთი ძალა „დაიცავი საქართველო“? შესაძლოა, თუმცა, ფილარმონიაში გამართული თავყრილობის შემდეგ მათი დიდი ხნით გაჩუმება საამისოდ არ მეტყველებს.

ჩვენი მსოფლგაგება „მრავალჟამიერია“, როცა ყველა თანასწორია, ხოლო ლიდერი Primus Inter Pares! - პირველი თანასწორთა შორის. ამიტომ, ახალი პოლიტიკოსების გამოჩენა ჩვენთვის, ქართველებისთვის, პრობლემა არ არის

ამ თავყრილობის ორგანიზატორები ეტყობა სხვას ელოდნენ და სხვა რამ მიიღეს იმ დღეს. სხვა ჯერ არავინ სჩანს, მაგრამ საზოგადოება ელის ასეთ ძალებს და ასეთ ლიდერებს და ეს მოლოდინი იმედია, „გოდოს მოლოდინად“ არ გადაიქცევა.

- საზოგადოების აქტიური ნაწილი აქტიურად განიხილავს პარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს წილხვედრ ქვეყნად გამოცხადების შესახებ.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამ თემას სოციალურ ქსელში ამგვარი კომენტარით გამოეხმაურა - „ესაა იდეოლოგიური და კონცეპტუალური სიღატაკის ნიშანი, ყოვლად ვულგარული პოპულიზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების პარალიზების ცხადი მაგალითი... დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი სრულიად აშკარად გაკოტრდა. ეს ერთნაირად ეხება სახელისუფლებო ძალებსაც და ოპოზიციასაც. უკრაინაში მსგავსმა სიტუაციამ ზელენსკის ფენომენი შვა. ჩვენშიც მალე გაეხსნებათ გზა ახალ და უცნობ აქტორებს და არავინ იცის, რა მოჰყვება ამას.“

თუ ხელისუფლების მიერ გადადგმული ამგვარი ნაბიჯები ახალ პოლიტიკურ აქტორებს უხსნის გზას, თქვენი აზრით, სავარაუდოთ, ვინ შეიძლება აღმოჩდნენ ეს „ახალი პოლიტიკური ფიგურები“?

- ბატონი ზაზა მართალს ბრძანებს, პოლიტიკური სპექტრი აშკარად გაკოტრდა, თუმცა ვერ დავეთანხმები, რომ ზელენსკის ფენომენი ჩვენთვის ნიშანდობლივია. ვფიქრობ, ქართულმა პოლიტიკამ „ნაციონალ–პოპულიზმის“ ეტაპი გაიარა. ფაშინიანებს და ზელენსკებს, ჩემი აზრით, უახლოეს პერსპექტივაში არ უნდა ველოდეთ.

„ახალ პოლიტიკურ ფიგურებს“ რატომაც არა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი მეორე ქართველი ლიდერია, პიროვნებაა, ინდივიდუალისტია. ძველ დროში, უცხო გარემოში, სამწუხაროდ, ტირანებად და დიქტატორებად გვევლინებოდნენ, მაგრამ ჩვენი ეთნიკური თვითრწმენა და მსოფლგანცდა საყოველთაო თანხმობა და უკეთესი მომავლისკენ მშვიდობიანი სვლაა.

სეკულარიზმის პრინციპების ერთგულება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია

ჩვენი მსოფლგაგება „მრავალჟამიერია“, როცა ყველა თანასწორია, ხოლო ლიდერი Primus Inter Pares! - პირველი თანასწორთა შორის. ამიტომ, ახალი პოლიტიკოსების გამოჩენა ჩვენთვის, ქართველებისთვის, პრობლემა არ არის.

რაც შეეხება საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად პარლამენტის მიერ გამოცხადებას, მე ვფიქრობ, ეს საკითხი ზედმეტი აჟიოტაჟის საფუძველი გახდა. დიახაც, სეკულარიზმის პრინციპების ერთგულება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია.

ვერც თეოკრატიისთვის და ვერც თეოდემოკრატიისთვის საქართველო მზად ვერასდროს იქნება, თუმცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლის ზრდა ქვეყნის საზოგადო ცხოვრებაში მხოლოდ მისასალმებელია.

„მიუმხრობლობის მოძრაობა“ ჩვენთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება

ვფიქრობ, ამას კონსტიტუციურ საფუძველს უქმნის ქვეყნის ძირითად კანონში დაფიქსირებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველი გუნდის ლიდერი და მმართველი გუნდი საჯარო სივრცეში ხშირ შემთხვევაში თავისი არაეფექტური მოქმედებით ნებსით თუ ინებლიეთ ხელს უწყობდნენ ე.წ. „მიუმხრობლობის“ პოლიტიკის მხარდამჭერ ლიდერებს?

- მმართველ გუნდს თავისი ცოდვებიც ეყოფა, ახალსაც ნუ ავკიდებთ. თქვენ „მიუმხრობლობაზე“ მკითხეთ. ჩვენთან კი უფრო აქტუალურია „ნეიტრალიტეტის“ თემა. მოდით, თავი გავანებოთ ამ ორი ცნების ურთიერთმიმართებას და დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში აქტუალური ნეიტრალიტეტისა და „უბლოკო სტატუსის“ თაობაზე ვთქვათ.

ნეიტრალიტეტის გამოცხადება რომელიმე ქვეყნის მიერ სამწუხაროდ, არ არის მისი უსაფრთხოების გარანტია. მოლდოვას იგი 1994 წლიდან უწერია თავის კონსტიტუციაში, მაგრამ ამან მას ვერანაირად ვერ არგო

მანამდე შევნიშნავ, რომ „მიუმხრობლობის მოძრაობა“ ჩვენთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. „მიუმხრობლობაში“ ამ ორგანიზაციას ვიგულისხმებთ - იგი, ოფიციალურად დაფუძნებული 1961 წელს, 120 ქვეყანას მოითვლის და თავისი არსებობის მანძილზე ძირითადად ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულებისადმი მიუმხრობლობას ნიშნავდა. რამდენად გაამართლა ამ ორგანიზაციამ მისი წევრების იმედები, სხვაა, ვრცელი საუბრის თემაა.

ამჯერად მხოლოდ შევნიშნავ, რომ ამ ორგანიზაციის წევრია ბელარუსი, რომელიც იმავდროულად ОДКБ-ს (სამხედრო ბლოკი რუსეთის დომინირებით) წევრია, მისი წევრები დამკვირვებლის სტატუსით ასევე არის 17 ქვეყანა, მათ შორისაა სომხეთი და სერბეთი.

სხვა თემაა, რა მოუვიდა იუგოსლავიას თავად და რაოდენ პირობითობად გადაიქცა მისი წევრობა ბევრი ქვეყნისთვის, აგრეთვე რა ბედი ეწიათ ამ ორგანიზაციის წევრებს – ლიბანს, ლიბიას, ერაყს, იემენს და ა.შ.

ამაზე იმიტომ მოგახსენეთ, რომ ბოლო დროს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მიუმხრობლობის ეს ორგანიზაციაც ახსენა, როგორც სავარაუდო მიზანი.

ახლა ჩვენთვის აქტუალურ და უფრო ხშირად პოლიტიკურ ლექსიკონში გამოყენებულ ნეიტრალიტეტზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას.

ნეიტრალიტეტის ცნება ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთან და დღეს, როგორც ჩანს, საუბარია მუდმივ ნეიტრალიტეტზე, სხვათა მიერ აღიარებულ საერთაშორისო სტატუსზე, რომლითაც ქვეყანა უარს ამბობს სამხედრო კონფლიქტებში, ომებში მონაწილეობაზე, გარდა უფლებისა და შემთხვევისა, როცა საჭიროა აგრესიისგან თავის დაცვა.

ეს „უბლოკო სტატუსსაც“ გულისხმობს, რაზეც ერთი ქართული პოლიტიკური ძალა აპელირებდა სულ ახლახანს. ანუ, უარი ნატოში გაწევრიანებაზე, ОДКБ–ში ანუ რუსეთთან სამხედრო ალიანსში შესვლაზე და ასე შემდეგ. ეს შეიძლება საერთაშორისო შეთანხმებით გაფორმდეს ან არა, როგორც ესაა შვედეთის და ფინეთის შემთხვევაში.

ნეიტრალიტეტის გამოცხადება რომელიმე ქვეყნის მიერ, სამწუხაროდ, არ არის მისი უსაფრთხოების გარანტია. მოლდოვას იგი 1994 წლიდან უწერია თავის კონსტიტუციაში, მაგრამ ამან მას ვერანაირად ვერ არგო.

და მიუხედავად ამისა, რატომაც არა! ვიმსჯელოთ საქართველოს ნეიტრალიტეტზე, ვიკამათოთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვეთათბიროთ, მეზობლებს დავეკითხოთ, რომელთაგან ორს – სომხეთს და აზერბაიჯანს წლებია სამხედრო დაპირისპირება აქვთ და ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე დავეკითხოთ რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას, როგორ შეხედავს კრემლი ჩვენს ასეთ ფერისცვალებას.

თუ მიესალმება, რა იქნება ამის შედეგი? დაუჭერს იგი მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? განსაკუთრებით, საქართველოს ფედერალიზაციის გარეშე, რომლისკენ სვლის შესაძლებლობა წინა წლებში თითქოს გაკრთა პირდაპირ თუ ირიბად რუსული ოფიციოზისგან, აგრეთვე ღია და ფარული პრორუსული ქართული პოლიტიკური ძალებისგან და პოლიტიკოსებისგან.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა