ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2019

კასტინგი მმართველ გუნდში: "ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“

"მინდა ყველა დავამშვიდო, სარალიძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს“

***

კასტინგი მმართველ გუნდში: "ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“

“ახალი პოლიტიკური სახეების კასტინგი მმართველ გუნდში - ახალბედა პოლიტიკოსების უნარ-ჩვევებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამოწმებს. კასტინგი, ჯერჯერობით, განსაკუთრებული შედეგების გარეშე გრძელდება, თუმცა ახალი სახეების მოძიებას მაია მიმინოშვილი კურირებს. სწორედ ის იქნება „ოცნებაში“ გამოცხადებული პოლიტიკური კასტინგის მთავარი კურატორი. როგორ და რა ფორმით მოხდება ახალი პოლიტიკოსების შერჩჯევა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტს მმართველ გუნდში ადასტურებენ და პოზიტიურადაც აფასებენ. თუმცა ანალიტიკოსების და ოპოზიციის შეფასებები სრულიად სხვაა და მათთვის გაუგებარია როგორ შეიძლება ერთ დღეს პოლიტიკოსობა მოგინდეს, მიხვიდე გასაუბრებაზე და გარკვეული კრიტერიუმებით შეგარჩიონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კასტინგი მმართველ გუნდში: „ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“

"ანალიტიკოსები "რეზონანსთან“ ამბობენ, რომ „ოცნებაში“ ახალგაზრდებს და პროფესიონალ კადრებს გაწევრიანება არ სურთ და პარტია ახალი რესურსის მოძიებას ვერ ახერხებს. ამიტომაც გარკვეული პიარსვლა მოიფიქრა, რომლის მეშვეობითაც ფიქრობს, რომ ახალ სახეებს მიიზიდავს. მათი აზრით „ოცნება“ , როგორც პარტია 7 წელში დაბერდა და მას მომავალი აღარ გააჩნია, ამიტომაც პოლიტიკოსებისთვის მიზიდულობის ძალა დაკარგა. მათი აზრით, ახლა პარტიაში მხოლოდ მედროვეები და ფულზე დახარბებული ადამიანები თუღა მივლენ, რომელთაც საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი ანაღვლებთ. მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდში ახალი სახეების მიღებასთან დაკავშირებით სრული მზაობაა და პარტიის თითოეულ წევრს შეუძლია რეკომენდაციის გაწევა ნებისმიერი პირისთვის. „რაც შეეხება ახალ სახეებს, მათ რეკომენდატორებზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველანი ვართ აბსოლუტურად. პარტიის ყველა წევრს შეუძლია, სხვა ადამიანს გაუწიოს რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება იყოს პროფესიონალი, თავის ქვეყნის მოყვარული და ისეთი კადრი, რომელიც პარტიულ საქმიანობაში თავსი დადებით წვლილს შეიტანს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება ახალი სახეების შერჩევა-ტრენინგს, რომელსაც არსებული ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი უხელმძღვანელებს, მდინარაძე ამბობს რომ ტრენინგებში გასაკვირი არაფერია. მისი თქმით, „ოცნება“ გაჯანსაღების პროცესის გაგრძელებას გეგმავს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს,“ - ეს განცხადება მმართველი პარტიიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა. მისი თქმით, „ოცნება“ ისეთ ადამიანებს შეარჩევს, ვინც შეკვეთების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. „ოცნება“ შეეცდება, რომ ძალოვანი უწყებების დახმარებით ახალი სახეები 2020 წელს პარლამენტში დასვას. ფოფხაძე ამბობს, რომ მისი ბორჯომის მაჟორიტა დეპუტატად შერჩევის დროსაც ასე მოხდა და მან უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება გაიარა, თუმცა ისინი მისი კანდიდატურის წინააღმდეგები იყვნენ. „არანაირი მიმინოშვილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, არანაირად ის არავის არ დაატრენინგებს და არანაირ ახალ სახეებს არავის არ შესთავაზებს. რეალობა იქნება ისევ ის, რომ „ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს. უფრო მეტად ორიენტირებულს შეკვეთების შესრულებაზე და მერე ძალოვნები შეეცდებიან, რომ ეს ადამიანები უმრავლესობით მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ეს იქნება სქემა, რომელსაც მე ველოდები 2020-ში. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხისთვის ხელის გადაგრეხვის გზით, თავისუფალი ნების მიმართ განხორციელებული ტერორით და აგრესიით, „ქართული ოცნება“ შეეცდება მიიღოს მანდატები,“ - განაცხადა ფოფხაძემ“, - აცხადებს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან“ აცხადებს, რომ წარმოუდგენელია პოლიტიკსოების შერჩევა კასტინგით მოხდეს. მისითვის გაუგებარია, როგორ უნდა შეარჩიონ ადამიანები და შემქნან მათგან ხელოვნურად პოლიტიკოსები გასაუბრების მეშვეობით. პოლიტიკოსებს თავად უჩნდებათ სურვილი ამა თუ იმ პარტიაში მოხვდნენ და ამ გადაწყვეტილებას ღირებულებების და შესაძლებლობების მიხედვით იღებენ. პარტია მიზიდულობის ცენტრი უნდა იყოს და არა კარგი დასაქმების საშუალება. ამბობს, რომ მიმინოშვილი მისი კლასელია და საკმაოდ კარგი პროფესიონალია თავის საქმეში, თუმცა „ოცნებას“ როგორ დაეხმარება, მისთვის გაუგებარია. „წარმოუდგენელი და გაუგონარი რამ ხდება. პოლიტიკოსები თავად მიდიან პარტიაში და მათ პარტია პროფესიონალიზმის და მისი შესაძლებლობების მიხედვით, ანუ პოლიტიკური ბექგრაუნდის და გამოცდილების ფონზე არჩევს. ასეთი რამ არსად გამიგონია, რომ პოლიტიკოსი შენვე შექმნა და გასაუბრების საფუძველზე პარტიაში დაასაქმო. უბრალოდ „ოცნებას“ სხვა გზა არა აქვს, რადგანაც ამ პარტიაში ახალგაზრდა და კრეატიულად მოაზროვნე სახეები აღარ მიდიან. „ქართული ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში ახალ სახეებს მისვლა არ უნდათ. ამიტომაც აირჩიეს ეს გზა, რომ შეარჩიონ მედროვე ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა და ქვეყანა კი არ ადარდებთ, საკუთარ მომავალზე და ფულზე არიან ორიენტირებულები. რაც შეეხება მაი მიმინოშვილს, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ის ჩემი კლასელი იყო. თავის საქმეში საკმაოდ პროფესიონალი კადრია, მაგრამ, ივანიშვილს პოლიტიკოსების შემქნაში როგორ დაეხმარება, ეს გაუგებარია. ივანიშვილმა ხომ შექმნა უკვე სამოქალაქო პლატფორმა, სადაც ვერაფერი ვერ გააკეთა, ასე იქნება ახლაც. ეძებეს, ეძებეს და ისევ ღარიბაშვილი, კახაძე და სუს-ის ახალი სახე შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსანი შენგელი ფიცხელაური მოძებნა. ამ კაცს კი არაფერს ვერჩი, მაგრამ ახალი სახეები რომ არ მიდიან ხომ ფაქტია“,-აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, მსგავსი პრეცედენტი, ვინმეს პარტიაში კადრები კასტინგით შეერჩიოს, არ არსებობს. მისი თქმით, ეს არის საკმაოდ უცნაური და არაფრის მომცემი ტაქტიკა, რადგანაც პოლიტიკოსების შერჩევა ასე არ ხდება. ეს შესაძლოა მმართველი გუნდის ერთგვარი პიარსვლა იყოს, თუმცა რაში წაადგებათ, მისთვის გაუგებარია. არც იმას გამორიცხავს, რომ მაია მიმინოშვილის დასაქმება უნდოდათ და ახალი პოზიცია მოუძებნეს. „მგონია, რომ ეს რაღაც ახალი პიარის ნაწილია და იმის შეფუთვა, თუ მმართველი გუნდი პოლიტიკოსებს როგორ ეძებს. თუმცა ეს რაში წაადგებათ ამას ვერ ვხვდები. მაია მიმინოშვილი რომ მეტყვის მოდიო პარტიაში, მივალ? ან რაში შეამოწმებენ იქ ადამიანებს. უნარ-ჩვევებს შეუმოწმებს მიმინოშვილი, ლოგიკას როგორ საუბრობენ თუ რამდენად ერთგულები არიან?! პარტია, რა თქმა უნდა, ახალ სახეებს და ლიდერებს უნდა ეძებდეს, მაგრამ ამისთვის მთელი სისტემა უნდა იყოს აწყობილი. არსებობს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციები, საიდანაც ახალ სახეებს არჩევენ, მიზნობრივი ჯგუფები, ასევე არიან ნეიტრალური ადამიანები, რომელთა გადმობირებაზეც თავად პარტია მუშაობს. გარკვეული დამსახურების მქონე ადამაინები, რომლებსაც საზოგადოება პატივს სცემს და ა.შ... მაგრამ ასე რომ გამოაცხადო, რომ გასაუბრებაზე მობრძანდით და ტრენინგები იქნება, პირველად მესმის“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

"მინდა ყველა დავამშვიდო, სარალიძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს“

"სად არის ზაზა სარალიძე და რატომ აღარ იმყოფება ის რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება მედიაში და საზოგადოებაში მოსაზრება და ეჭვები, რომ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შორის გარკვეული დაპირსპირებაა. რა ხდება რეალურად და რატომ აიღო გარკვეული ტაიმ-აუტი სარალიძემ აქციებთან დაკავშირებით. ამ კითხვებით „რეზონანსმა“ მის ადვოკატს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "მინდა ყველა დავამშვიდო, სარალიძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს“ / „სად არის ზაზა სარალიძე და ვინ ცდილობს შვილმკვდარი მამების დაპირისპირებას

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს მაჩალიკაშვილის და სარალიძის დაპირისპირება სურთ, ინტერნეტში აქტიურად მიდის პიარი, თითქოს შვილ მკვდარ მამებს შორის უთანხმოებაა. სად არის ზაზა სარალიძე, ამ კითხვაზე ადვოკატი „რეზონანს“ პასუხობს, რომ ოჯახური საკითხების მოგვარებით არის დაკავებული და თბილისში არ იმყოფება. თუმცა ეს დროებითია და ის აქტიურ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს. ლონდარიძე ამბობს, რომ სარალიძის ინტერვიუმ და განცხადებამ იმაზე, რომ მას არ სურს იყოს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფთან ასოცირებული. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ადვოკატი ამაში გასაკვირს და უცნაურს ვერაფერს ხედავს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბოლო დროს ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, თითქოს სარალიძე დაიღალა და ბრძოლა შეწყვიტა. ეს ტყუილია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ მას ბრძოლა ერთი წუთითაც არ შეუჩერებია. ასევე, სოციალურ ქსელებში და მედიაში ვრცელდება ფეიკნიუსები თითქოს მასა და მაჩალიკაშვლს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. ესეც მტკნარი სიცრუეა. არ ვიცი ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ვინ არის დაკავებული, ხელს მტკიცებულების გარეშე ვერავის დავადებ, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ინტერეს-ჯგუფები არსებობს, რომლებსაც შვილმკვდარი მამების დაშორება უნდათ. ზაზა სარალიძე ახლა თბილისში არ იმყოფება და ის ოჯახის საქმეების მოგვარებით არის დაკავებული. ტყულია, რომ ის ბრძოლას აღარ აპირებს. ჩვენ ახლა ველოდებით სასამართლო განხილვის დასრულებას და ამის შემდეგ გადავწყვეტთ კონკრეტულად რა და როგორ მოვიმოქმედოთ. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ სარალიძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს“, - აცხადებს ადვოკატი. ამბობს, რომ "ასავალ-დასავალთან" ზაზა სარალიძის ინტერვიუმ გარკვეული სახის გაუგებრობა გაამოიწვია, თუმცა ვერ ხვდება რატომ. მისი თქმით, რადგანაც რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიოდნენ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სარალიძის დისკრედიტაცია ამ ფორმით მოეხდინა და მას „ნაციონალების“ კოორდინატორიც კი უწოდა, რაც მტკნარი სიცრუეა. ამიტომაც სარალიძემ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების დაკვეთა რაც იყო, ის გაეკეთებინა - გაემიჯნა ყველა პოლიტიკურ ძალას, რადგანაც ბრძოლას სამართლიანობის აღდგენის სახელით მოსახლეობის თავლში აზრი არ დაკარგვოდა“, - განაგრძობს გამოცემა.

"მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ არ იცის ახლა ზაზა სარალიძე სად იმყოფება. მისი თქმით, მან სარალიძეს დაღლა შეამჩნია და ალბათ აქციაზე არყოფნის მიზეზი ეს არის. მაჩალიკაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ მათ შორის რაიმე დაპირისპირებაა და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ტყუილი და ჭორებია. “ზაზა სარალიძე ორ თვეზე მეტია არ არის იმ აქციებზე, მიზეზს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს მისი პირადი საქმეა. ერთი შემიძლია გითხრათ, მე ჩამოვედი ზაზას გვერდში დასადგომად, იმ კაცში ვიგრძენი ის სიმწარე, რასაც ვგრძნობში ჩემში და იმ ადამიანის გვერდში ვიქნები, ამას წლები რომ დასჭირდეს. ჩემსა და ზაზას შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, არანაირი მითქმა-მოთქმა არ ყოფილა, როგორც ავრცელებენ, ერთი საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, უბრალოდ მე მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე, ალბათ დაიღალა, მეორე - მისი შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს, მე შვილი სახელმწიფომ მომიკლა, ”- აცხადებს მაჩალიკაშვილი. ზაზა სარალიძემ ინტერვიუ გაზეთ “ასავალ-დასავალს” მისცა, სადაც ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ის საუბრობს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კარვების აქციაა“, - დასძენს გამოცემა.

“იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ამ აქციებიდან გამომდინარე, ჩემ წინააღმდეგ ლაფის ნიაღვარი წამოვიდა, რაც ჭკუის სასწავლებლად მივიღე, აი, თუნდაც, თქვენი გაზეთის კრიტიკულმა შეფასებებმა ჩემი მოქმედება სხვა კუთხიდან დამანახა და თვალი ბევრ რამეზე ამიხილა!“ – აცხადებს ზაზა სარალიძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.“, - წერს სტატიის ავტორი.