სოფიო ხორგუანი - გამარჯვების და მოქალაქეების აქტიურობის იმედი მაქვს

შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და ზოგიერთი კანდიდატის საარჩევნო კამპანია ქვეყნის რეგიონში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. 19 მაისს დედაქალაქში საარჩევნო ეპიცენტრი მთაწმინდის ოლქი იქნება, სადაც ერთმანეთს რამდენიმე კანდიდატი დაუპირისპირდება, მათ შორისაა სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხორგუანი, რომელიც მთაწმინდის ოლქში დამოუკიდებლად იყრის კენჭს. წინასაარჩევნო გარემოზე, მოქალაქეების განწყობასა და მათ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ სოფიო ხორგუანს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში? არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვხედავთ, რომ სამეგრელოში ვითარება დაიძაბა. ამ მხრივ პრობლემა ხომ არ შეგექმნათ თქვენს საარჩევნო ოლქში?

- უნდა მომიტევოთ, ზუგდიდზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან ამ შემთხვევაში ჩემი საარჩევნო კამპანია და ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. დაშინება და დაპირისპირება ჩემს საარჩევნო ოლქში ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მინდა ვილაპარაკო იმ პრობლემებზე, რაზეც მოსახლეობა წუხს. ეს არის იმედგაცრუება და უნდობლობა პოლიტიკასადმი, პოლიტიკური პროცესებისადმი, არჩევნებისადმი. ყოველდღე ვხვდები როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებაზე გაბრაზებულ მოქალაქეებს. ნიჰილიზმი, უნდობლობა მთელი პოლიტიკური პროცესისადმი - ეს მართლა სერიოზული პრობლემაა, ამაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, ვინც ოდესმე იყვნენ ან არიან ხელისუფლებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების დაქირავებული მოსამსახურეები საკუთარ საქმეს ჯეროვნად არ ასრულებენ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის, რომ პოლიტიკოსი არის მოსამსახურე. ბევრს არ მოსწონს ეს სიტყვა, მაგრამ მსახურებაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და მსახურება არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა შენი ქვეყნისთვის გაწიო.

საარჩევნო კამპანიის პროცესში იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობები, მაგრამ არა დაშინება. ხელისუფლების წარმომადგენელი სთხოვს მოქალაქეს, მხარი დაუჭიროს სახელისუფლო კანდიდატს, ამის სანაცვლოდ კი რაღაცას ჰპირდება.

- ანუ ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლადო კახაძის მხარდაჭერას სთხოვენ?

- დიახ. შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მსგავსი თხოვნით მიმართავდა მოქალაქეებს. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე დააშინეს, ეს არის მთაწმინდა, სადაც ის ხალხი ცხოვრობს, რომელთა დაშინება შეუძლებელია. სხვა სახის ზეწოლის ფაქტები არ შემხვედრია. ასევე სერიოზული პრობლემაა ის, რომ საინფორმაციო ველში ყურადღებას ამახვილებენ ორ პოლიტიკურ კანდიდატზე. ვამბობთ, რომ გვინდა რაღაცის შეცვლა, მაგრამ მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მხოლოდ ეს ორი პოლიტიკური ძალა გამოგვყავს იმ კანდიდატებად, რომელთაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. რეალურად ასე არ არის, გადაწყვეტილებას დღეს ქვეყანაში ვიღებთ მოქალაქეები.

- გულისხმობთ ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს?

- დიახ, ვგულისხმობ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ გარდა არიან სხვა კანდიდატებიც, რომელთაც ძალუძთ მოსახლეობის მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა, ამის დიდი სურვილი აქვთ და სწორედაც რომ ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის.

პოლიტიკაში ჩემი დაბრუნებაც სწორედ ამან განაპირობა. მინდა გავაკეთო რაღაცა იმისთვის, რომ მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს და პოლიტიკამ შინაარსი დაიბრუნოს. თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტულ პირებს დაავალონ მათი მსახურება და როცა ეს კონკრეტული პირები თავიანთ დავალებას არ ასრულებენ, მაშინ ისინი იმ ადგილებს არ იმსახურებენ. ჰკითხეთ მოქალაქეებს, 150 დეპუტატიდან 20-ის სახელსა და გვარს თუ დაგისახელებენ? დღეს გვაქვს ის კონსტიტუცია, რომელიც ყველაზე ძლევამოსილ პოლიტიკურ ხელისუფლებას - პარლამენტს განსაზღვრავს, პარლამენტი კი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა და მე ვამბობ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს ხალხის, მოქალაქეების სამსახურში. როცა ვამბობ, რომ დღეს გვაქვს ფასადური მმართველობა, ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკოსები მოქალაქეებს მხოლოდ პირდებიან და საქმეს არ აკეთებენ. არავის სჭირდება ფუჭი, პოპულისტური დაპირებები.

- თქვენი განცხადებით, ხმაურის აკრძალვის შესახებ მოქმედი კანონი არ მუშაობს...

- სამწუხაროდ, მივიღებთ რაღაცა კანონს და მერე ეს კანონები არ მუშაობს. კანონებს ვიღებთ იმიტომ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მოაწესრიგოს, თუ კანონი ამას ვერ ახერხებს, მაშინ საჭიროა მუშაობა, ცვლილების შეტანა. მე თუ ჩავატარე კვლევა და ვნახე, რამ და როგორ იმუშავა ევროპაში, თვითონაც ხომ უნდა მოახერხონ ეს? აიღონ ევროპული გამოცდილება და ჩვენთანაც გადმოიღონ. როდესაც შენ, საჯარო მოხელეს აძლევ კანონს, იმ კანონში იმას კი არ უნდა ეძებდეს, როგორ გითხრას უარი და თავიდან მოგიშოროს, ის იმას უნდა ეძებდეს, შენ როგორ მოგეხმაროს, თუ კანონი არ მუშაობს, იმისთვის ხარ შენ საკრებულო თუ პარლამენტი, რომ ხარვეზი გამოასწორო, არ შეგიძლია ამის გაკეთება? მაშინ შენი ადგილი იქ არ არის. როცა ერთი, ორი, სამი და მეტი ადამიანი ჩივის ამ კანონის უმოქმედობაზე, რატომ ვერ ხდება გადაწყვეტილების მიღება? ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ არ გინდა ან არ იცი, მე შედეგი მჭირდება, რომელიც ჩემს ყოველდღიურობას უკეთესს გახდის.

- ჯანდაცვის სფეროს რომ შევეხოთ, არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, როგორც სწორი დიაგნოსტირების, ისე მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე წინადადება, რაც სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს?

- 2012 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ ჯანდაცვა გამხდარიყო საყოველთაო და იმის გამო, რომ ადამიანებს ოპერაციის ფული არ ჰქონდათ, არ დაღუპულიყვნენ. ეს გაკეთდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამის მერე გავიდა 6 წელი და უკვე დროა, სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეთ.

ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები სამკურნალოდ თუ ოპერაციის გასაკეთებლად მეზობელ თურქეთში მიდიან, მაშინ, როდესაც საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ექიმებით, ჩვენი ჯანდაცვის სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო. ძველ თაობას რომ თავი დავანებოთ, დღეს ფანტასტიური ახალი თაობები გვყავს, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული, და აქაც ბევრი კადრი გვყავს.

დღეს საჭიროა, აქცენტი გაკეთდეს პირველად ჯანდაცვაზე. თუ პირველადი ჯანდაცვა სწორად იქნა დაგეგმილი, სისტემას ამდენი პრობლემა აღარ ექნება. ამიტომ, რეფორმა აუცილებელია, რათა პირველადი ჯანდაცვა იყოს უფრო მაღალ დონეზე.

- თქვენს კონკურენტებზე გკითხავთ, როგორია თქვენი შანსები?

- მე გამარჯვების იმედი მაქვს იმიტომ, რომ მაქვს მოქალაქეების აქტიურობის იმედი. მე ვლაპარაკობ და ვითხოვ იმას, რასაც ითხოვს ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ მოსახლეობა კი არა, მოქალაქეები ვართ. არ მინდა თქვენი კინკლაობისა და ერთმანეთის ლანძღვის მოსმენა, მე მინდა შედეგი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა. დღეს შიში არ არის, არის ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ ქვეყანას რაღაცა ეშველოს. კარგად გვახსოვს, ვინ რა გააკეთა ამ ქვეყანაში, ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგად შეუძლიათ შეაფასონ რა არის პოპულისტური და რა რეალისტური. მჯერა, რომ არჩევნებზე იქნება მაღალი აქტივობა, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მაქვს გამარჯვების იმედი.

თეა ბეჟიტაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს