​დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და განსაზღვრული აქვს ის პრიორიტეტები, რომლებიც მას, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას ექნება. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ქვეყანა აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გასწიოს. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. პირველად ვხდებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. როცა ეს მომენტი დადგება, ჩვენ, ბუნებრივია, წარვადგენთ ჩვენს პრიორიტეტებს, რომლებიც უკვე განსაზღვრულია, თუმცა, ამასაც თავისი პროცედურები აქვს. ჯერ თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი გახდება და ის წარადგენს პრიორიტეტებს და შემდგომ, უკვე საქართველო. ბუნებრივია, ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ორგანიზაციის დღის წესრიგში, იქნება ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი თავმჯდომარის რანგში“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკიში, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს.

სესია სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, ეძღვნება ორგანიზაციის დაფუძნების 70 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასასრულს, ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ფინეთისგან საფრანგეთის რესპუბლიკა გადაიბარებს, საფრანგეთის შემდგომ კი, თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს