ლევან ბეჟაშვილი - “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მაინცდამაინც საარჩევნო უბანზე მოუნდათ ვალების გასტუმრება

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მაინცადამაინც საარჩევნო უბანზე მოუნდათ ვალების გასტუმრება, - ამის თაობაზე ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილმა ფულის გადაცემის ფაქტებსა და სხვა სახის საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს ამომრჩეველზე ზეწოლას და ამომრჩევლის მოსყიდვას.

“ზუგდიდის მეცხრე უბანზე მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. ქალბატონები არიგებენ ფულს და ამბობებ, თითქოს ვალების გასტუმრება ხდება. ამ ადამიანებს მაინცადამაინც საარჩევნო უბანზე მოუნდათ ვალების გასტუმრება. მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს ვიდეომტკიცებულება სოფელ რუხში - მეასე საარჩევნო უბანზე, სადაც ასევე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. გაპროტესტების დროს, ეს ადამიანები აღნიშნავენ, რომ ხდება ვალის გასტუმრება. სხვადასხვა საარჩევო უბნანზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან უბნების ბლოკირება შეინიშნება. ბლოკირებაში მონაწილეობას იღებენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ე.წ. ძველი ბიჭები. სოფელ კახათში საკრებულოს წევრი ზეწოლას ახდენს ამომრჩეველზე. ეს ბატონი გახლავთ ირაკლი ზარქუა - თბილისის საკრებულოს წევრი. კომისიის წევრები უბნებზე ამომრჩეველს აიძულებენ, რომ არჩევანი ღია წესით გააკეთონ და შემოხაზული ბიულეტენი მათ დაანახონ. ეს არის კანონის დარღვევა და ასეთ ფაქტებზე სამართლწარმოება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში საპროტესტო ელექტორატი გააქტიურებულია და ეს არის მიზეზი, რის გამოც ასევე გააქტიურდა “ქართული ოცნების“ შტაბები და უბნების მიმდებარედ მყოფი “ბირჟები“.

“ჩვენ ყველა კამერის მეშვეობით - იქნება “ლაივ სტრიმები“, ჩვენი დამკვირვებლების ვიდეოკამერები თუ დრონები ყველა პროვოკაციას და დარღვევის მცდელობას დავაფიქსირებთ“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.