გიორგი გახარია - ზუგდიდში სხვებთან შედარებით არჩევნები ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად

მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, ყველაფერი არის ნორმალურად, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა, სადაც ამ წუთებში იმყოფება.

მინისტრის თქმით, საარჩევნო უბნებზე „მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“.

„მე დღეს დილით ადრე მივეცი ხმა მთაწმინდის არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება - მარნეულიდან დაწყებული, ზესტაფონი, ჭიათურა, ახლა ვარ აქ, გავაგრძელებ ზუგდიდისკენ. ზუგდიდში პირდაპირ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ აქეთა მხარესაც ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. ამიტომ აქ გავჩერდით ცოტა ხნით და ახლა წავალთ ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც, მშვიდად,

დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება აირჩიონ საკუთარი ქალაქის მერი.ასევე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში - ჩვენ მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.