ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2019

გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია

ქართველი ბავშვების დიდი პრობლემები ოკუპირებულ ცხინვალში - 7 ქართული სკოლიდან 2 იხურება

აშშ-ს ირანზე საჰაერო დარტყმების შემთხვევაში რა საფრთხე ელის საქართველოს

* * *

გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია

“ბრძოლა მთაწმინდის მოსაგებად - რა შანსები აქვს ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვების, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა გამოუცხდებს თუ არა შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას. ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე პირველი ტურიდან 25 დღეში უნდა გახდეს ცნობილი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადებების ფონზე და რიგი მიზეზების გათვალისწინებით, შალვა შავგულიძეს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, თუ მათ შორის მაქსიმალური კონსოლიდაცია და შეთანხმება არ მოხდა. მათი აზრით, მეორე ტურში ამომრჩეველი როგორც ყოველთვის პასიურია, მით უმეტეს მთაწმინდაზე პირველ ტურშიც საკამოდ დაბალი აქტივობა იყო. ამიტომაც ხელისუფლების ყუარდღება ახლა უკვე მთლიანად მთაწმინდისკენ იქნება გადატანილი და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ოპოზიციისგან განსხვავებით უფრო შეძლებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია.

“საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებით, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა “ევროპული-საქართველო” - “თავისუფალი-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ 36, 83 %. ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციას მთაწმინდაზე მეორე ტურში გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს კი პრინციპში ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, რადგანაც რასაც ახლა ვხედავთ, იგივე სურათს 2020-ში მივიღებთ. ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ ახლა ვერ ხერხდება მთაწმინდაზე ერთი ადამიანის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება, მაშინ ძნელად წარმოსადგენი არ უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნებისთვის რა შეიძლება მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა შალვა შავგულიძისთვის მხადაჭერა, არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის თუ ლიდერისთვის დამაზიანებელი არ იქნება. მათი განცხადებები საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლებისთვის დიდი საჩუქარია. ეს მხოლოდ “ნაციონალების” მარცხი არ იყო, რაც შუალედური არჩევნების დროს მოხდა, ეს მთლიანი ოპოზიციის წაგებას ნიშნავს. ჭიათურა ან ზესტაფონი რომ ავიღოთ, რამდენი ოპოზიციის კანდიდატი იღებდა მონაწილეობას და ამ კანდიდატებმა ის ვერ მოახერხეს, რომ ხელისუფლების კანდიდატი მაქსიმუმ მეორე ტურში მაინც გადაეყვანათ. მით უმეტეს საქართველოში მოსახლეობის მთავრობის მიმართ ასეთი საპროტესტო განწყობაა. პირველ ტურში ხელისუფლებამ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ოპოზიციის მხადასაჭერად ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა. ეს არჩევნები სრულიად ოპოზიციის მარცხი იყო და “ნაციონალებისკენ” მხოლოდ ხელის გაშვერა სწორი საქციელი არ მგონია”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“მისივე თქმით, მთაწმინდაზე მეორე ტური ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთია, რომ ხელისუფლებამ მთაწმინდას განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმო და მეორე მიზეზი ის იყო, რომ შავგულიძეს როგორც სიმბოლოს მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამით რეალურად ამომრჩეველმა პროტესტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პოლიტიკის გამო გამოხატა. ამ შემთხვევაში კი შავგულიძე ასოცირდებოდა იმ მოსამართლეებთან მებრძოლ ადამიანად, რომლებიც ხელისუფლებამ კალთის ქვეშ შეიფარა. “შავგულიძის მხარდაჭერის არ გამოცხადების პარალელურად ყველა არგუმენტი, რომელსაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ასახელებს, ქარწყლდება იმ მიზანთან შედარებით, რასაც ხელისუფლების დამარცხება ქვია”, - მიიჩნევს ლაგაზიძე და დასძენს, რომ “თუ ოპოზიციას ეს მიზანი აქვს რეალურად, მაშინ ყველა სხვა მიზეზს გვერდით გადადებს და ამ სცენარს 2020 წლისთვის გამოცდის, გაიგონ რეალურად საერთო ოპოზიციური კანდიდატი ხელისუფლებას მოერევა თუ არა”, - წერს სტატიის ავტორი.

“შავგულიძის გამარჯვება, რა თქმა უნდა, ნიშნავს “ევროპული საქართველოს” რეანიმაციას ქართულ პოლიტიკაში და “ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მთაწმინდაზე მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, როგორც გარკვეულ ოპოზიციურ წრეებში აცხადებენ, ამ არჩევნებიდან ორი რამე გაირკვევა, თუ შავგულიძე მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებს მოიგებს, იქნება სიგნალი, რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტდება, მეორე ის, რომ “ევროპული საქართველო” პოზიციებს იმყარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შავგულიძის გამარჯვება “ოცნებისთვის” დარტყმა იქნება” - გია ხუხაშვილი.

“ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილს არ მოუგია, ბიძინამ ეს არჩევნები იყიდა. საარჩევნო სურათიდან ჩანს, რომ გარდა მთაწმინდისა, სხვაგან ყველგან იყო რესურსების არჩევნები. რა თქმა უნდა, შავგულიძის გამარჯვება ნიშნავს “ევროპული საქართველოს” რეაბილიტაციას ქართულ პოლიტიკაში და “ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა. არა მგონია, რომ “ევროპულ საქართველოს” ძალაუფლების პრეტენზია ჰქონდეს, თუმცა დინამიკა მიდის იქითკენ, რომ გაძლიერდებიან. გასაყოფი ელექტორატი უკვე გაყოფილია “ნაციონალებთან”. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც არ უნდა დისკუსიები იყოს შიგნით, არაფერი შეიცვლება, არც ნიკა მელიას წასვლა შეცვლის რაიმეს. სააკაშვილი იგივეა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რაც ივანიშვილი “ოცნებისთვის”, ორივენი მონოპოლისტები არიან”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას გია ხუხაშვილი.

ქართველი ბავშვების დიდი პრობლემები ოკუპირებულ ცხინვალში - 7 ქართული სკოლიდან 2 იხურება

“ცხინვალის რეჟიმი ქართული სკოლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. მე-6 კლასამდე ქართული სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე შემორჩენილი 7 ნახევრად ქართული სკოლიდან 2-ს ხურავს. დე ფაქტო ხელისუფლება აანონსებს, რომ სექტემბრამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, დახურავს სამი სოფლის სკოლას, ქართველებით დასახლებული ახალგორისა და ზნაურის სოფლებში. დასახურად გამოცხადებული სამი სკოლიდან 2 სკოლაში, ახმაჯსა და ახალშენში (ოსურად ნოგყაუ) ქართველი ბავშვები სწავლობენ და ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ქართულად სწავლება მე-6 კლასიდან ზევით”, წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველი ბავშვების დიდი პრობლემები ოკუპირებულ ცხინვალში - 7 ქართული სკოლიდან 2 იხურება.

“ცხინვალის რეჟიმის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემორჩენილი 7 ნახევრად ქართული სკოლის ნაცვლად დარჩება მხოლოდ - 5 და 6 წელიწადში ეს სკოლებიც სრულიად რუსულენოვანი გახდება. საქმე იმაშია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შემორჩენილი ქართული სკოლების და ბაღების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა 2017 წლიდან დაიწყო. 2017 წლის სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით აკრძალა დაწყებით კლასებში -1-დან 4-კლასის ჩათვლით - ქართულად სწავლება. ქართული დარჩა მხოლოდ ერთ რიგით საგნად. ასევე 2017 წელს ახალგორში ერთი ხელის მოსმით დაიხურა ქართული საბავშვო ბაღებიც. 2018 წლის სექტემბრიდან რუსულად სწავლება ყველა ქართულ სკოლაში უკვე მე-5 კლასის ჩათვლით გაგრძელდა და ცხინვალის რეჟიმის გეგმაა, რომ როცა დღევანდელი ქართულენოვანი მე-6 კლასი სკოლას დაამთავრებს, ყველა ქართული სკოლა საბოლოოდ მთლიანად რუსულად გადაკეთდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამჟამად ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონში 6 ნახევრად ქართული სკოლაა. კიდევ ერთი ნახევრად ქართული სკოლაა ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში, რომელსაც ოსებმა სახელწოდება გადაარქვეს და ნოგყაუ დაარქვეს. ამ სკოლებში ქართულად სწავლა მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით ჯერ ისევ დაშვებულია, ოღონდ აკრძალულია გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება ქართული სახელმძღვანელოებით. როგორ დე ფაქტო განათლების სამინისტროში აცხადებენ, ისტორიისა და გეოგრაფიის ქართული წიგნები “ტენდენციური” იყო, რის გამოც სახელმძღვანელოები სასკოლო პროცესიდან გაძევებულია. ახლა კი, ჯერ ისევ შემორჩენილი 7 ნახევრად ქართული სკოლიდან ცხინვალის რეჟიმი 2 სკოლას ხურავს იმ მიზეზით, რომ სკოლებში ცოტა მოსწავლეა. სოფლის მცირერიცხოვანი სკოლების დახურვის გადაწყვეტილება დე ფაქტო განათლების მინისტრმა ნატალი გასიევამ ცხინვალში პრესკონფერენციაზე გამოაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც ოსური საინფორმაციო სააგენტო “რესი” წერს, დე ფაქტო მინისტრის თქმით, 1990-იანი წლების მოვლენებს შემდეგ სოფლები მოსახლეობისგან იცლება და მოსწავლეების არარსებობის გამო არაერთი სკოლა დაიხურა, თუმცა, მცირერიცხოვანი სკოლები პრობლემა დღესაც არსებობს. გასიევას განცხადებით, მომავალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილია ზნაურის რაიონის სოფელ ნოგყაუს (ახალშენის) და ასევე ახალგორის ორი სოფლის - აბრევისა და ახმაჯის სკოლების დახურვა. მისივე თქმით, მაგალითად, აბრევის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლეა, ამიტომ უნდა დაიხუროს და მოსწავლეებს შეუძლიათ მეზობელი სოფლის, წინაგარის სკოლაში იარონ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროს სოსო ცოტნიაშვილის თქმით, დასახურად დაანონსებული სამი სკოლიდან 2 სკოლაში, ახმაჯსა და ახალშენის სკოლებში - ეთნიკური ქართველები დადიან, აბნევრში კი - ოსები. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში ქართველ ბავშვებს ისედაც დიდი პრობლემები აქვთ ქართულად სწავლების აკრძალვის გამო, რადგან რუსული ენა სრულიად უცხოა და საგნების სწავლა ძალიან უჭირთ, ამიტომაც თვლის, რომ ახლა 2 სოფლის სკოლის დახურვა მაინცდამაინც დიდ პრობლემებს ვეღარ შექმნის - ქართული სწავლის აკრძალვის გამო ბევრმა მშობელმა შვილი ისედაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანა და ამ სკოლებში 2- მოსწავლე იყო დარჩენილი”, - დასძენს გამოცემა.

აშშ-ს ირანზე საჰაერო დარტყმების შემთხვევაში რა საფრთხე ელის საქართველოს

“აშშ-ირანს შორის მოლაპარაკების დაწყების მცდელობა ამჯერადაც უშედეგოა - ირანი უარს აცხადებს აშშ-სთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბება, “არ არის გამორიცხული, რომ საშიშროება სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად, საქართველოს საჰაერო სივრცესაც დაემუქროს”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. 21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს ირანთან მოლაპარაკების სურვილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ირანი ამისათვის მზად არ არის. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აშშ-სთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ისეთი, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს: „ჩვენი არჩევანი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევაა”, - ამბობს რუჰანი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აშშ-ს ირანზე საჰაერო დარტყმების შემთხვევაში რა საფრთხე ელის საქართველოს / “ირანის ატომური რეაქტორის დაზიანების შემთხვევაში გამოფრქვეული რადიოაქტიული ნივთიერებები შესაძლოა რეგიონის ტერიტორიაზე გაიფანტოს”

“აშშ-ირანის ურთიერთობა 1979 წლის შემდეგ, რაც ირანში რევოლუცია მოხდა, საკმაოდ დაძაბულია. ამ ახალ საუკუნეშიც დაძაბულობა პერმანენტულად რამდენჯერმე მეორდება. შედარებით ნათელი წერტილიც იყო, როდესაც ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მოხდა, ამან დაძაბულობა შედარებით შეამცირა, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ ამ შეთანხმებიდან გამოვიდა, სიტუაცია კიდევ დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ დამატებით საავაიამზიდო დაჯგუფებას აგზავნის ირანის სანაპიროსთან და ამერიკული ბომბდამშენები ირანის მეზობელ ქვეყნებშია განთავსებული, თანაც თავად ირანიდანაც საომარი რიტორიკა ისმის, მაინც მიმაჩნია, რომ საქმე უშუალოდ საბრძოლო დაპირისპირებამდე არ მივა, - ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს იქნება დამანგრეველი არა მარტო მათთვის, არამედ მეზობელი რეგიონებისთვისაც. ეს, პირველ რიგში, მსოფლიოში ნავთობის ფასზე აისახება. მიმაჩნია, რომ ეს დაძაბულობა შეიძლება სიტყვიერი იყოს და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები არ იქნება. იმედია ყველას ეყოფა ჭკუა, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ეტაპზე ბირთვული ომის რისკის საფრთხე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალია. ამის შესახებ გაერო-ს განიარაღების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი რენატა დვანი აცხადებს. რენატა დვანის განცხადებით, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები ბირთვული მოდერნიზაციის პროგრამებს ახორციელებენ და ნაწილობრივ ჩინეთს და აშშ-ს შორის სტრატეგიული კონკურენციის გამო, შეიარაღების კონტროლის ლანდშაფტი იცვლება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი ტიპის ომის გამოჩენით, იარაღის კონტროლის ტრადიციული მექანიზმები ინგრევა, რადგან სულ უფრო იზრდება შეიარაღებული ჯგუფების, კერძო სექტორის ძალებისა და ახალი ტექნოლოგიების რაოდენობა, რაც თავდასხმასა და თავდაცვას შორის ხაზს შლის და მისი თქმით, ბირთვული იარაღის საფრთხის საშიშროებას მსოფლიო სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. ალადაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გააჩნია სერიოზული ბირთვული შეიარაღება, რასაც ირანზე ვერ ვიტყვით. მისი თქმით, ბირთვული ომის წამოწყება აბსოლუტურად ყველასთვის დამღუპველი იქნება”, აღნიშნავს გამოცემა.

“ირანს აქვს ატომური რეაქტორები, სადაც ის ბირთვული იარაღისთვის საჭირო კომპონენტების გარკვეულ მარაგის შევსებას წლების განმავლობაში აპირებდა. შესაძლოა ამას კიდევაც ახორციელებდა, მაგრამ ის, რომ ირანს მოქმედი ბირთვული ან ატომური საბრძოლო მუხტი ჰქონდეს და ამ საბრძოლო მუხტის პარამეტრები რაღაც დროის შემდეგ განთავსდეს, როგორც ბომბის სახით საბრძოლო თვითმფრინავზე ან საბრძოლო ქობინის სახით ბალისტიკურ რაკეტაზე, მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. აშშ-ს დიდი ბირთვული პოტენციალი ჯერ კიდევ 1945 წლიდან აქვს. თუკი მართლაც საბრძოლო მოქმედებამდე მივიდა საქმე, მაშინ სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკამ შეიძლება ჩვეულებრივი შეიარაღება გამოიყენოს, რის შედეგადაც ირანული რომელიმე ატომური რეაქტორის დაზიანება მოხდეს და იქიდან გამოფრქვეული რადიაქტიული ნივთიერებები რეგიონის გარკვეულ ტერიტორიაზე გაიფანტოს. არ არის გამორიცხული, რომ საშიშროება სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად, საქართველოს საჰაერო სივრცეშიც გამოვლინდეს”, - დაასკვნის “არსენალის” მთავარი რედაქტორი.

“ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი “უდიდეს ძალას” შეეჯახება, თუკი იგი ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯებს გადადგამს. მან ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს სურვილი თეირანთან მოლაპარაკებების, როდესაც ირანი ამისთვის მზად იქნება. თეთრი სახლის ლიდერმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკაშირებით 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა გასულ წელს გადაწყვიტა. მან ასევე განაახლა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, რამაც ირანს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა”, - წერს სტატიის ავტორი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა