ანრი ოხანაშვილი IDFI-ის კვლევაზე - როცა სახელმწიფო გადაწყვეტს ებრძოლოს ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ დანაშაულს, ლოგიკურია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები მნიშვნელოვანია

როდესაც სახელმწიფო წყვეტს ებრძოლოს ქურდულ სამყაროს,ორგანიზებულ დანაშაულს, ლოგიკურია, რომ იქ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტური, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა IDFI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ფარული მიყურადების გაზრდილ მონაცემზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

„სისხლის სამართლის პოლიტიკა გამკაცრდა ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და შესაბამისად, შესაძლებელია მონაცემის მატება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ამ დანაშაულთან ბრძოლის დროს, რა თქმა უნდა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების გამოყენება არის აუცილებელი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე კვლევის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომელთა აზრით, ხელისუფლება ფარულ მიყურადებას პოლიტიკური დევნის მიზნით იყენებს.

„ეს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ილუზია იქნება, რომელთაც ეს პოლიტიკურ უმრავლესობაში ყოფნის დროს ახსოვთ, როდესაც ისინი მსგავსი ქმედებებით იყვნენ დაკავებული. ჩვენთვის ეს მიდგომა მიუღებელია, ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ IDFI -ის კვლევის თანახმად, ბოლო 5 წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე მეტი მოთხოვნით 2018 წელს მიმართეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2017-2019 წლებში გაზრდილია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც.

„ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს. გაზრდილია ასევე სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილი. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა